საქმე №ას-56-2023 28 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ–ნა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოპასუხე“, „შემსყიდველი“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ლ–ნას“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მიმწოდებელი“) სარჩელი (სარჩელით მოთხოვნილი იყო მოსარჩელესა და მოპასუხე შორის 22.07.2020წ. დადებული N82 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 12.2 მუხლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის 0,1%-ის 0,01%-მდე შემცირება და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ უკანონოდ დაკავებული 8 834,76 ლარის გადახდის დაკისრება) მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 22.07.2020წ. N82 ხელშეკრულების 12.2 მუხლით განსაზღვრული პირგასამტეხლო 0,1%-ის ოდენობით შემცირდა 0,02%-მდე და პირგასამტეხლო განისაზღვრა - 1 963,28 ლარით; ასევე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დაკავებული 7 853,12 ლარის გადახდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მხარეთა შორის 2020 წლის 22 ივლისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N82 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 106 700 ლარით (მე-2 მუხლი); მიმწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში, 2020 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით (3.1 მუხლი); მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაოები დაეწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 03 კალენდარული დღის ვადაში (3.2 მუხლი); ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების, შესრულებული სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და შესრულების ვადების დაცვის კონტროლს განახორციელებდა შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უფლებამოსილი სამსახური (10.1 მუხლი); მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით (12.2 მუხლი) (იხ. ს.ფ. 19-26).
2.2. მოსარჩელემ 2020 წლის 21 დეკემბერს მოპასუხეს შეატყობინა, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N82 ხელშეკრულების შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებული იყო, რის დასტურადაც წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა და მოითხოვა შესაბამისი ანგარიშსწორება. მოსარჩელის მიერ წარდგენილი შპს „ე–ა, მ–ბა, დ–ის“ 22.12.2020წ. N1-IO/02-1053-20 ინსპექტირების ანგარიშის მიხედვით, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 100 463,84 ლარი. შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაში იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან. ობიექტის ვიზუალური დათვალიერებით, ფოტოფიქსირებით შესრულებული სამუშაოები დამაკმაყოფილებელი იყო (იხ. ს.ფ. 29-35).
2.3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიღება-ჩაბარების N159 აქტის თანახმად, ერთი მხრივ, მოსარჩელის დირექტორმა ტ. კ–ძემ და, მეორე მხრივ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის 10.12.2018წ. ბრძანებით შექმნილმა ჯგუფმა, შპს „ე–ზა, მ–ბა, დ–ის“ მიერ 22.12.2020წ. მომზადებული 1-IO/02-1053-20 ინსპექტირების ანგარიშის საფუძველზე, მოახდინეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2020 წლის 22 ივლისს დადებული N82 ხელშეკრულებით გათვალისწინებული, კერძოდ: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების, მიღება-ჩაბარება, ღირებულებით 100 463,84 ლარი (იხ. ს.ფ. 37).
2.4. მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ნაცვლად 2020 წლის 20 სექტემბრისა, დაასრულა 2020 წლის 21 დეკემბერს, შესაბამისად, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 92 დღე. ამდენად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 12.2 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხემ მოსარჩელეს დააკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, რამაც 9 816,40 ლარი შეადგინა (იხ. ს.ფ. 38-39, 65-66).
3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციული, ისე სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მისი გავრცელება ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის იმ ნაწილზე, რა ნაწილშიც მოხდა ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, ხოლო, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც. აღნიშნული მიდგომა არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის დაანგარიშება მოხდა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან და არა იმ კონკრეტული შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების ვადაგადაცილების გათვალისწინებით, რომლის შედეგადაც ამოქმედდა აღნიშნული სანქცია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არცერთ მხარეს არ მიუთითებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის ამოწურვისას შეუსრულებელი სამუშაოს მოცულობაზე.
4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ: პირაგასამტეხლოს დაანგარიშება მოხდა ნარდობის ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან და არა სამუშოების შესრულების ვადის ამოწურვისას შეუსრულებელი სამუშაოს მოცულობიდან; მოპასუხის მიერ სადავო არ გამხდარა ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა (92 დღე); ამასთან, არ დგინდება ვალდებულების დაგვიანებით შესრულების გამო რაიმე სახის ზიანის წარმოშობის ფაქტი; შემსყიდველს რაიმე სახის პრეტენზია შესრულებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს, პირიქით, სამუშოების დასრულებისთანავე ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე ჩაიბარა იგი, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, არაგონივრულია და გამოიწვევს მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებას, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,02%-ის ოდენობით, რაც 1 963,28 ლარს შეადგენს, სრულად უზრუნველყოფს მოსარჩელის ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას.
5. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
6.1. მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 12.2 მუხლის თანახმად, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენდა მხარეთა შეთანხმებას, რის გამოც არ არსებობდა მისი შემცირების საფუძველი. ვინაიდან ხელშეკრულება მხარეთა წერილობითი შეთანხმებაა, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა აღნიშნულის შესახებ პრეტენზია ხელშეკრულების დადების დროს გამოეთქვა. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს აძლევს 03 სამუშაო დღეს ხელშეკრულების ხელმოწერისათვის, ანუ აძლევს გონივრულ ვადას, რათა მან კარგად გაიაზროს შესასრულებელი სამუშაო, აღებული ვალდებულება და მისი დარღვევით გამოწვეული პირგასამტეხლოს ოდენობაც. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე დაუსაბუთებელი და არამართებულია;
6.2. წინამდებარე საქმეში არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები განსხვავდება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
14. ამდენად, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ასეთ დროს სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ასევე, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიც არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1560-1463-2012, 28 დეკემბერი, 2012 წელი; Nას-1200-1145-2013, 16 მაისი, 2014 წელი; Nას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; Nას-1511-2018, 26 მარტი, 2019 წელი).
15. საკასაციო სასამართლო აგრეთვე განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იყოს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს (იხ. სუსგ საქმე Nას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი).
16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე Nას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი).
17. მოცემულ შემთხვევაში დარღვეული ვალდებულების ხასიათისა (სადავო არაა ხელშეკრულების შესრულების ხარისხი, არამედ დარღვეულია მხოლოდ სამუშაოს შესრულების ვადა) და მოცულობის, ხელშეკრულების საერთო ღირებულების (106 700 ლარი), დარღვევით გამოწვეული შესაძლო ზიანისა და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%, ჯამში 8 834,76 ლარი), ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პირგასამტეხლოს დაანგარიშება მოხდა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან და არა არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს მოცულობიდან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,02%-ის ოდენობით, ჯამში 1 963,28 ლარი, გონივრულ და სამართლიან ოდენობას წარმოადგენს.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შესაბამისობაშია პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-349-2019, 11 ივნისი, 2019 წელი; Nას-1164-2019, 22 ნოემბერი, 2019 წელი; Nას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი; Nას-1716-2019, 19 თებერვალი, 2021 წელი), ხოლო კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არის არაკვალიფიციური და დაუსაბუთებელი. კასატორმა ვერ დაადასტურა პირგასამტეხლოს შემცირების არამართლზომიერება და საკასაციო პალატა ვერ დაარწმუნა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობების არსებობაში.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
20. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი