25 აპრილის, 2024 წელი,
საქმე №ას-102 -2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ნ.მ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ზ.ო–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.მ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, კასატორი ან ბავშვის დედა) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც ზ.ო–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან ბავშვის მამა) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და, საქმე მომზადების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, სახელდობრ:
კასატორის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე სამოქალაქო საპროცესო ნორმების დაცვით განიხილა, მოპასუხის უფლება არ დარღვეულა, შესაბამისად, საქმის ხელახლა განხილვის მიზნით, საქალაქო სასამართლოში დაბრუნების თაობაზე ქვემდგომი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც დაუსაბუთებელია.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. 1997 წლის 11 იანვრიდან 2021 წლის 30 მარტამდე მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 1106-ე და 1151-ე მუხლები, (იხ. ქორწინების მოწმობა)).
4.4. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი - 2007 წლის 11 ნოემბერს დაბადებული ლ. (შემდეგში მოხსენიებული, როგორც ბავშვი, მოსარჩელისა და მოპასუხის შვილი ან არასრულწლოვანი (იხ. დაბადების მოწმობა)), 2001 წლის 15 იანვარს დაბადებული გ. და 1998 წლის 30 მაისს დაბადებული გ.
4.5. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან.
4.6. 2020 წლის 17 მაისს მოსარჩელის სიტყვიერი შეურაცყოფის გამო, მოპასუხის მიმართ შემაკავებელი ორდერი გაიცა.
4.7. არასრულწლოვანი სსიპ ვლადიმერ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის #199-ე საჯარო საღამოს სკოლის მოსწავლეა, რომლის სწავლის საფასური, 600-600 ლარი, 2020 წლის 23 ოქტომბერსა და 2021 წლის 10 თებერვალს მოპასუხემ აანაზღაურა.
4.8. არასრულწლოვნის ცეკვის შესწავლის საფასურს - 50 ლარს, მოპასუხე იხდის, ცეკვისთვის საჭირო ჩუსტებსაც ის ყიდულობს.
4.9. მოსარჩელის მარცხენა წვივის მიდამოს ზედაპირი, გიგანტურუჯრედული სიმსივნის სურათს შეესაბამება (იხ. 2022 წლის 21 იანვრის გამოკვლევა). კასატორს ჰქონდა ძვლის სარკომა. გაიკეთა ოპერაცია და ჩაიტარა ერთ წლიანი მკურნალობა.
4.10. მოპასუხე შპს „ბ–ია“ დასაქმებული.
4.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მხარეთა მიერ 2021 წლის 1 ივლისიდან მიმდინარე პერიოდამდე როგორც ფიზიკური პირის, ასევე, როგორც ინდივიდუალური მეწარმისა და საწარმოს პარტნიორის მიერ მიღებული ყველანაირი შემოსავლისა (დივიდენდის, ხელფასის, პრემიისა და სხვა დანამატების) და შემოსავლის წყაროს შესახებ.
4.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის გაჩინებით, მოსამზადებელი სხდომა 2023 წლის 28 თებერვალს, 11:00 სთ-ზე დაინიშნა, რომლის თაობაზეც მხარეებს იმავე წლის 30 იანვარს ეცნობათ (იხ. სატელეფონო შეტყობინებები).
4.13. 2023 წლის 2 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 1 თებერვლის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ 2023 წლის 31 იანვრის მონაცემებით გადმოგზავნილია ინფორმაცია მოპასუხის მიერ 2021 წლის 1 ივლისიდან დღემდე მიღებული შემოსავლების (ხელფასი, პრემია, სხვა) შესახებ. ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღნიშნულ პირს სხვა სახის შემოსავალი არ უფიქსირდება.
4.13.1. წერილს ერთვის ცხრილი, შპს „ბ–გან“ მოპასუხისთვის ჩარიცხული ხელფასის ოდენობების შესახებ. მოსარჩელეს 2021 წლის 1 ივლისიდან დღემდე სხვა შემოსავალი არ უფიქსირდება.
4.14. 2023 წლის 22 თებერვალს მოსარჩელემ წარდგენილი შუამდგომლობით, სარჩელის აღძვრის შემდგომ ბავშვის საჭიროებების გაზრდისა და მოპასუხის შემოსავლის ზრდის საფუძვლით, მოთხოვნა დააზუსტა და საბოლოოდ მოპასუხისთვის ალიმენტის - 1000 ლარის დაკისრება ითხოვა.
4.15. სასრჩელო მოთხოვნის გაზრდის შესახებ შუამდგომლობა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 1 თებერვლის წერილი, მოპასუხეს არ ჩაჰბარებია.
4.16. თბილისის საქალაქო სასამართლოში 2023 წლის 28 თებევალს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მას შემდგომ რაც სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 1 თებერვლის წერილი გადაეცა, მარწმუნებლის ხარჯების წარმოდგენის საფუძვლით, სხდომის გადადების თაობაზე იშუამდგომლა, რაც საქალაქო სასამართლოს მიერ უარყოფილ იქნა. მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი 300 ლარის ნაწილში ცნო.
4.17. თბილისის საქალაქო სასამართლოში 2023 წლის 28 თებერვალს დანიშნული მოსამზადებელი სხდომა მთავარ სხდომაში გადაიზარდა, სწორედ ამის შემდგომ ეცნობა მოპასუხის წარმომადგენელს სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის თაობაზე.
საქმე განხილული იქნა არსებითად და სათათბირო ოთახში გაუსვლელად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბავშვის მამას არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ალიმენტის - 700 ლარის გადახდა ყოველთვიურად, ბავშვის დედის სასარგებლოდ, 2021 წლის 25 ივნისიდან, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია თუ რამდენად მართებულად გააუქმა სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, კერძოდ, არსებობდა თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის მომზადების ეტაპიდან საქმის განხილვისათვის დაბრუნების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპებია, რაც პირველ რიგში გულისხმობს მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობების მინიჭებას. შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.09.2016წ. გადაწყვეტილება საქმეზე №1/8/594; ასევე, 01.12.2017წ. გადაწყვეტილება საქმეზე №2/6/746).
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია შეჯიბრებითობის პრინციპის არსი, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
6.2. შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს. სასამართლო ვერ გადაწყვეტს ვერცერთ სამოქალაქო საქმეს, თუ მან წინასწარ არ დაადგინა გარკვეული ფაქტები. ამ ფაქტების დადგენა ხორციელდება უმთავრესად დამტკიცების გზით, შესაბამისი მტკიცებულებების გამოყენებით.
6.3. მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი. მხარეთა პროცესუალური თანასწორობის პრინიციპით არის გამსჭვალული საპროცესო კანონმდებლობის თითქმის ყოველი ნორმა, დაწყებული საქმის მომზადების სტადიით და დამთავრებული გადაწყვეტილების გამოტანითა და მისი გასაჩივრებით (იხ. სუსგ საქმე №ას-313-2021, 30 ივნისი, 2021 წელი).
6.4 შეჯიბრებითობის პრინციპი წარმოადგენს რა სამოქალაქო საქმის გადაწყვეტის ქვაკუთხედს, მისი არა მხოლოდ მხარეთა, არამედ, სასამართლოს მხრიდან განუხრელი დაცვა პირდაპირ და უშუალო ინდიკატორად გვევლინება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებისა. სწორედ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე ხდება მხარეთა შედავების საფუძვლიანობის კვლევა და მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების სადავო და უდავო ფაქტებად კვალიფიცირება.
7. პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულია ყველა ის არგუმენტი, რომელიც ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების თაობაზე.
სახელდობრ, დადგენილია, რომ 2023 წლის 2 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 1 თებერვლის წერილი მოპასუხის შემოსავლის თაობაზე, ამასთან 2023 წლის 22 თებერვალს მოსარჩელემ სარჩელის აღვრის შემდგომ ბავშვის საჭიროებების გაზრდისა და მოპასუხის შემოსავლის ზრდის საფუძვლით, მოთხოვნა დააზუსტა და საბოლოოდ მოპასუხისთვის ალიმენტის სახით, ნაცვლად 500 ლარისა, 1000 ლარის დაკისრება ითხოვა. ასევე დადგენილია, რომ სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის შესახებ შუამდგომლობა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 1 თებერვლის წერილი მოპასუხეს არ ჩაბარებია.
8. განსახილველ შემთხვევაში, სსსკ-ის 83.2. (მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისთვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასრჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს) მუხლის ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ცალსახა იყო, ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებით დამატებითი პოზიციებისა და მტკიცებულებების წარდგენის საჭიროება და ამის საფუძველზე მოსამზადებელი სხდომის გადადების წინაპირობა არსებობდა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა, კერძოდ, 2023 წლის 28 თებერვლის მოსამზადებელი სხდომა მთავარ სხომაში გადაზარდა და არსებითად იმსჯელა დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში წარდგენილ მოთხოვნაზეც, ისე, რომ მოპასუხისათვის არც მოთხოვნის დაზუსტების შესახებ შუამდგომლობა და არც სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 1 თებერვლის წერილი არ ჩაუბარებია. აღნიშნული გარემოება გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპროცესო და მატერიალური ასპექტების კანონიერების შემოწმებას შეუძლებელს ხდის.
9. დასახელებული ფაქტების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზე იყო მოპასუხის შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში 2023 წლის 28 თებერვალს გამართული სხდომის გადადების საფუძველი;
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების არგუმენტაციას სასამართლო სხდომამდე გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნის შუამდგომლობის მხარისთვის გადაცემის აუცილებლობის ნაწილშიც.
საკასაციო პალატა, მტკიცებულების სწორი ანალიზისა და საქმეში არსებულ გარემოებათა სათანადო იურიდიული კვალიფიკაციის მიზნით, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 385-ე მუხლზე, რომლითაც განისაზღვრება ის სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა არსებობაც გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად უკან დაბრუნების საფუძველია: სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ: ა) ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს; ბ) გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით არასწორად ეთქვა უარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე შეტანილი საჩივრის დაშვებაზე; გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ სარჩელის დასაშვებობას; დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორად გამოტანილი განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ. მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის სრულფასოვნად რეალიზაციის კონტექსტში, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
11. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხ. „ნიდეროსტ-ჰუბერი შვეიცარიის წინააღმდეგ“, (Nideröst-Huber v. Switzerland), 18/02/1997, §23, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა კრებული 1997-I; „კრესი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Kress v. France) [დიდი პალატა], no. 39594/98, § 72, ECHR 2001-VI; „ეივონი საფრანგეთის წინააღმდეგ“(Yvon v. France), no. 44962/98, § 31, ECHR 2003- V; და „გორაიზი და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“(Gorraiz Lizarraga and Others v. Spain), no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III). სასამართლო ხაზს უსვამს ეროვნული ორგანოების ვალდებულებას - უზრუნველყოს „სამართლიანი განხილვის“ მოთხოვნები თითოეულ საქმეზე (იხ. Dombo Beheer B.V. ნიდერლანდების წინააღმდეგ (Dombo Beheer B.V. v. the Netherlands), 27/10/1993, §33, Series A no. 274); 17.01.2017წ. გადაწყვეტილება საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ (GAKHARIA v. GEORGIA), განაცხადი №30459/13, პარ. 32).
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
13. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე