2 თებერვალი, 2024 წელი,
საქმე №ას-753 -2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
I კასატორები - ა., დ.გ–ები, ნ.ლ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
II კასატორი - სს „ს.ბ–ი“
მოწინააღმდეგე მხარეები - ა., დ.გ–ები, ნ.ლ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განჩინება
I კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
II კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია, მოთხოვნის სრულად დასაფარად, სააღსრულებო წარმოების მიქცევა მოვალის კუთვნილ სხვა ქონებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2017 წლის 13 ნოემბერს სს „ს.ბ–სა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, II აპელანტი, II კასატორი, კრედიტორი ან ბანკი) და ა.გ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც I მოპასუხე, I აპელანტი, I კასატორი, კრედიტის ამღები, მსესხებელი ან მესაკუთრე) შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება №GCL 6608017-ა, რომლითაც მსესხებელზე გამოიყო 150 000 აშშ დოლარის საკრედიტო ლიმიტი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 300 თვით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 867-ე, 868-ე და 623-ე მუხლები).
2. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის 2018 წლის 23 მაისს საკრედიტო ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვით პირველმა მოპასუხემ სესხად მიიღო - 41 100 აშშ დოლარი 120 თვით, წლიური 8% - იანი სარგებლით.
2.1. ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო - 0.5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლები).
2.2. საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა სიცოცხლის დაზღვევის მართვის საკომისიო - 8 აშშ დოლარი.
3. 2017 წლის 13 ნოემბერს მოსარჩელეს და პირველ მოპასუხეს, დ.გ–სა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც III მოპასუხე, I აპელანტი, I კასატორი ან მესაკუთრე) და ნ.ლ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც II მოპასუხე, I აპელანტი, I კასატორი, ან მესაკუთრე) შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებითა და მის ფარგლებში დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, შესაბამისად, იპოთეკით დაიტვირთა თბილისში, ....... მდებარე #5 ბინა, საკადასტრო კოდით #....... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც, იპოთეკის საგანი). შეთანხმება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა.
4. შეთანხმებით, ნებისმიერი დავა მოლაპარაკებით გადაწყდებოდა, ხოლო დავის მოუგვარებლობისას მხარეები მიმართავდნენ სასამართლოს. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება კი, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცეოდა (იხ. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ შეთანხმების 5.2. პუნქტი).
5. იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, სააღსრულებო წარმოება მოპასუხეთა კუთვნილ სხვა ქონებაზეც მიექცეოდა (იხ. იპოთეკის ხელშეკრულების 8.4 პუნქტი). ამავე შეთნხმებთ, ნებისმიერი დავა მოლაპარაკებით გადაწყდებოდა, ხოლო დავის მოუგვარებლობისას მიმართავდნენ სასამართლოს. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება კი, შესაძლებელია მიქცეულიყო დაუყოვნებლივ აღსასრულებლად (15.2. პუნქტი).
6. სესხი და სარგებელი საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და შეთანხმებაზე თანდართული გრაფიკით უნდა დაფარულიყო.
7. მსესხებელმა კრედიტით სარგებლობისას ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და 2019 წლის 31 მაისის შემდგომ თანხა არ გადაუხდია.
8. კრედიტზე სარგებელი და პირგასამტეხლო ბოლო გადახდის მომდევნო თვიდან - 2019 წლის 3 ივნისიდან, დავალიანების თაობაზე ცნობის გაცემამდე, დაირიცხა.
9. 2020 წლის 13 იანვრის მონაცემებით, პირველი მოპასუხის დავალიანება - 43 144.37 აშშ დოლარია, აქედან ძირითადი თანხა - 38 622.35 აშშ დოლარი, პროცენტი - 2148.14 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2310.92 აშშ დოლარი, საკომისიო - 62.96 აშშ დოლარი.
10. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით.
11. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ უცილოდ ბათილი იყო იპოთეკის ხელშეკრულების 8.4, 15.2 და გენერალური ხელშეკრულების 5.2 პუნქტები, შესაბამისად, არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით, პირველ მოპასუხეს 2018 წლის 23 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა:
ძირითადი თანხა - 38 622.35 აშშ დოლარი, სარგებელი - 2148,14 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 500 აშშ დოლარი და საკომისიოს - 62.96 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ;
პირველ მოპასუხეს 2018 წლის 23 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2020 წლის 13 იანვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს სამი წლისა, მოსარჩელის სასარგებლოდ, ძირითადი თანხის - 38 622.35 აშშ დოლარის წლიური 8%-ის გადახდა დაეკისრა;
ფულადი ვალდებულების დაფარვა დადგინდა მოპასუხეების საკუთრებაში არსებული თბილისში, ...... მდებარე #5 ბინის, (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი #........) იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.
სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 930-ე, 115-ე, 286-ე, 301-ე, 319-ე, 342-ე, 346-ე, მე-400, 408-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 867-ე და 873-ე მუხლები გამოიყენა.
13. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
15. განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
15.1. პირველი კასატორების მტკიცებით, არასწორად დადგინდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები არასწორად შეფასდა, რამაც მათი კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების უკანონო ხელყოფა განაპირობა.
ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ პირველ მოპასუხეს არასწორად დააკისრა მიუღებელი შემოსავლის გადახდა და ვალდებულების არაჯერვანი შესრულებაც არასწორად დადგინდა. გარდა ამისა, კასატორების მოსაზრებით, თანხის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის უსაფუძვლობა სახეზეა, რაც იპოთეკის საგნის სარეალიზაციოდ მიქცევასაც გამორიცხავს (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
15.2. მეორე კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და უხეშად არღვევს კეთილსინდისიერი მხარის ინტერესებს, საფუძველს უკარგავს ხელშეკრულებას, როგორც იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პირველი კასატორების საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია და ნაწილობრივ ექვემდებარება დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მეორე კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები, ნაწილობრივ არგუმენტირებულია.
18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველ სარჩელს პროცესუალურ-სამართლებრივი და მატერიალურ-სამართლებრივი მხარე გააჩნია. დარღვეული უფლების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვა წარმოადგენს სარჩელის პროცესუალურ - სამართლებრივ გამოვლინებას, ხოლო მოპასუხისადმი მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მხარეა. ეს იმას გულისხმობს, რომ სარჩელს პროცესუალური თვალსაზრისით არ ექნება წარმატება, თუ მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით მოთხოვნა ნამდვილი, ან განხორციელებადი არ იქნება.
სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის განვრცობითი, და არა სიტყვა-სიტყვითი, განმარტების მიხედვით, მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის უფლება წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე პირის ან პირების (კრედიტორი/ები) უფლებას ხელშეკრულებიდან ან კანონიდან გამომდინარე ვალდებულების ძალით, მეორე პირისგან ან პირებისგან (მოვალე/ები) მოითხოვოს გარკვეული ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა – მოქმედებისაგან თავის შეკავება) განხორციელება.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს მატერიალურ-სამართლებრივი გაგებით უნდა გააჩნდეს მოთხოვნის უფლება, ანუ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმიდან/ნორმებიდან უნდა გამომდინარეობდეს სწორედ ის შედეგი, რომლის მიღწევაც მას სურს.
19. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სესხის, სარგებლის, პირგასამტეხლოსა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით) 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 868-ე (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი), 873-ე (კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა) 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 286.1 (უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა)) და 301.11 (მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი) ასევე 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 411-ე და-412-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო; ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) მუხლები.
20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, დომინანტ შემთხვევაში სარგებლიან გარიგებას წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისას, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე - ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს. საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (იხ. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტი).
21. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები შესრულებულია. კერძოდ, ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული თანხა პირველ მოპასუხეს სრულად არ დაუბრუნებია და მისი დავალიანება მე-9 პუნქტში მითითებული თანხას უტოლდება.
ამასთან, ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყო მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ ქონებაზე გამოყენებული იპოთეკით. მხარეთა შეთანხმებით, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნებოდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, აღსრულება მიექცეოდა მოვალის სხვა ქონებაზე. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სარგებელი სესხით სარგებლობისათვის, ხოლო ამავე ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულების დარღვევისათვის - პირგასამტეხლო, კერძოდ:
22. დადგენილია, რომ მხარეები წლიურ საპროცენტო სარგებელზე შეთანხმდნენ, იმავე ხელშეკრულებით, მოპასუხეებმა სესხის პროცენტისა და საკომისიოს გადახდის ვალდებულებაც იკისრეს, რომლის სრულად ანაზღაურების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ წარდგენილა. ამავდროულად, გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია გარიგების ნეგატიური, კანონსაწინააღმდეგო ან ამორალური შედეგის დადგომა. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული წლიური პროცენტი კი, ისეთი მოცულობის საპროცენტო ნიშნულს არ წარმოადგენს, რომელიც მომხმარებელს უკიდურესად რთულ მდგომარეობაში ჩააყენებდა და შესაბამისად ამორალური გარიგების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდა. აქედან გამომდინარე, პირველ მოპასუხეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლისა და საკომისიოს გადახდა მართებულად დაეკისრა.
23. საკასაციო სასამართლო პირველი კასატორის/მოპასუხის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული.
"ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...",
“პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).
23.1. ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება;
დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან...
პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);
23.2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ პირგასამტეხლო - 500 აშშ დოლარი, არ არის შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა ძირითადი ვალდებულების დარღვევის მოცულობასა და ვადაგადაცილებით გამოწვეულ შესაძლო ზიანთან მიმართებით; შესაბამისად, მისი დამატებით შემცირების სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობს.
24. რაც შეეხება 2020 წლის 13 იანვრიდან ვალდებულების შესრულებამდე დავალიანების ძირითადი თანხის - 38 622.35 აშშ დოლარის წლიური 8%-ის სარგებლის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის კანონიერებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ზიანის, როგორც მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ტვირთი, მოსარჩელეს ეკისრება; თუმცა, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, მიდგომა განსხვავებულია, რაც განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვითიუნარიანობის მაღალი ხარისხით, რაც, ყველა შემთხვევაში, ფულს სარგებლის მოტანის უნარს ანიჭებს.
ფული ყოველთვის შემოსავლის წყაროა, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და, სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტისა და არც მისი ოდენობის დადგენას (შდრ. სუსგ №ას-992-950-2013, 04.03, 2014 წ; №ას-1843-2018, 05.04.2019წ).
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მიუღებელი შემოსავალი არის ის თანხა, რასაც კრედიტორი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, ანუ ამგვარი ზიანის მოთხოვნის უფლებას კრედიტორს მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება წარმოუშობს.
24.1. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, ბანკს, გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა.
ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან ან, თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება“ (იხ. სუსგ # ას-1385 -1307-2012, 07.02.2013წ.).
ამდენად, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, გამსესხებელი მსესხებლის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა (იხ. სუსგ. საქმე №ას-1385-1307-2012, 07.02.2013წ; №ას-725-693-2014, 03.07.2015წ.).
24.2. მოვალემ/პირველმა მოპასუხემ ვალდებულება დაარღვია და დავალიანება - 43 144.37 აშშ დოლარია, აქედან ძირითადი თანხა შეადგენს 38 622.35 აშშ დოლარს, რომლის სახელშეკრულებო ვადებში დაბრუნების შემთხვევაშიც ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებელ სარგებელსაც მიიღებდა ფულადი თანხის კრედიტის სახით კვლავ გაცემის გზით და ეს გარემოება მოვალისათვის მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების (სსკ-ის 411-ე მუხლი) დაკისრების საფუძველს განაპირობებს.
25. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია იპოთეკის ხელშეკრულების 8.4, 15.2 და გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 5.2 პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის განმარტების საკითხიც.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც გარიგების მხარე გაცნობიერებულად კისრულობს საკრედიტო დაწესებულების წინაშე კონკრეტულ ვალდებულებას, ასევე იმ პირობებშიც კი, როდესაც მხარე ხელშეკრულებას სავარაუდოდ მისი შინაარსის დეტალურად გაუცნობლად აწერს ხელს, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის საჭიროა პირის მიერ შესაბამისი ნამდვილი ნების გამოვლენის დადგენა.
26.1. ზეპირი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, წერილობითი გარიგების დადებისას მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით. კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელის მოწერა წარმოქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ მხარე გაეცნო გარიგების შინაარსს და სურს, დადგეს ადეკვატური სამართლებრივი შედეგი. მართალია, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამგვარი ვარაუდის გაქარწყლების შემთხვევებსაც, როგორიცაა - თუნდაც გარიგების დადება მოტყუებით, შეცდომით და სხვ. თუმცა ეს გარემოებები უნდა დადასტურდეს შესაბამისი რელევანტური მტკიცებულებებით (შდრ. სუსგ.ას-728-696-2016, 3.10.2016წ). განსახილველ შემთხვევაში გარიგების მხარის მიერ სს "ს.ბ–თან" გაფორმებული ხელშეკრულებების მართლსაწინააღმდეგო ხასიათის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარდგენილა და აქედან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს მოსაზრებას, რომ მათი შინაარსი ზუსტად შეესაბამება მხარეთა გამოვლენილ ნამდვილ ნებას.
26.2. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული თანხა პირველ მოპასუხეს სრულად არ დაუბრუნებია და მისი დავალიანება მე-9 პუნქტში მითითებული თანხას უტოლდება. ასევე მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, სააღსრულებო წარმოება მოპასუხეთა კუთვნილ სხვა ქონებაზეც მიექცეოდა (იხ. იპოთეკის ხელშეკრულების 8.4 პუნქტი).
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებითაც. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც შეეხება ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთს, საკასაციო პალატა მიუთითებს რომ როგორც საპროცესო, ისე - მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, იგი მოვალის ვალდებულებას წარმოადგენს (სსსკ-ის 102-ე მუხლი, ასევე, სკ-ის 429-ე მუხლი).
26.3. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებისა და მხარეთა შეთანხმების თანახმად, იპოთეკარს უფლება აქვს, მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გამოიყენოს კანონმდებლობით და გარიგებით გათვალისწინებული ზომები და გადახდა მიაქციოს მოვალის სხვა ქონებაზეც.
27. საკასაციო სასამართლო მეორე კასატორის ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის დანაწესზე (თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებული უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში) რომელიც სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დაადგინოს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრული წესი და ვადა, ან მიიღოს ზომები გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად. საპროცესო ღონისძიებები აისახება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.
იმავე კოდექსის 263.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. 264.3 (გადაწყვეტილების აღსრულების გადადების ან განაწილვადების შესახებ, აგრეთვე გადაწყვეტილების აღსრულების საშუალების ან წესის შეცვლის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა) ნაწილის მიხედვით კი, განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, იმ ნაწილში რომლითაც შეიცვალა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების წესი და საშუალება, მოსარჩელეს არა სააპელაციო, არამედ კერძო საჩივრით უნდა გაესაჩივრებინა, რაც არ უკავშირდება საპელაციო საჩივრის წარდგენის ვადას და არ შეიძლება გახდეს კანონით განსაზღვრული გასაჩივრების ვადის სხვაგვარად ათვლის საფუძველი.
27.1. ამდენად, მხარის მიერ კერძო საჩივრის წარუდგენლობის პირობებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება მისი დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის ნაწილში, შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო სასამართლო უფლებამოსილი არ არის იმსჯელოს დასახელებულ საკითხზე.
28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
29. სსსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამდენად, მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელეებს უნდა დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6 920 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408-ე, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ანა, დ.გ–ებისა და ნ.ლ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განჩინება გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
4. ფულადი ვალდებულების დაფარვა დადგინდეს თბილისში, ......... მდებარე ა. და დ.გ–ებისა და ნ.ლ–ძის კუთვნილი #5 ბინის (ს/კ-ით #......), იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ა.გ–ის კუთვნილი სხვა ქონება.
5. ა., დ.გ–ებსა და ნ.ლ–ძეს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6 920 ლარის გადახდა.
6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე