Facebook Twitter

21 დეკემბერი, 2023 წელი,

საქმე №ას-1181-2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ო.ვ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს ,,ბ.ს.ნ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2011 წლიდან ო.ვ–ძე (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი ან დასაქმებული) შპს „ბ.ს.ნ–ში“ (შემდეგში - მოპასუხე, დამსაქმებელი ან საწარმო) სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 2017 წლის 1 მარტიდან მოსარჩელე სანავსადგურო ფლოტის განყოფილების წყლის ჩამომსხმელი ბარჟა „ჭ–ის“ კაპიტანი იყო და მისი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად 1 250 ლარს შეადგენდა.

2. მხარეთა შორის 2017 წლის 1 მარტს დადებული შრომითი ხელშეკრულების (შემდეგში - შრომითი ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) შესაბამისად, დასაქმებულის უფლება-მოვალეობები ხელშეკრულებით, თანამდებობრივი სარგოს შესახებ ხელშეკრულების დანართი N-1-ით, შრომის შინაგანაწესით, თანამდებობრივი ინსტრუქციითა და სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით განისაზღვრა.

3. ხელშეკრულების მიხედვით, დასაქმებული ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია შრომითი ხელშეკრულების თანამდებობრივი სარგოს შესახებ ხელშეკრულების დანართ N1-ის, შრომის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციისა და/ან დებულების შინაარსი, ამ დოკუმენტებით განსაზღვრული მისი მოვალეობები, აღიარებს მათ და, თანახმაა, რომ აღნიშნული დოკუმენტები წინამდებარე შრომის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს (1.2 მუხლი) წარმოადგენდენ.

4. ხელშეკრულების თანახმად, დამსაქმებელს უფლება აქვს:

- დასაქმებულისგან სამუშაოს კვალიფიციურად შესრულება მოითხოვოს და გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიში გაუწიოს;

- ვადამდე შეუწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, თუ დასაქმებული არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს წინამდებარე შრომითი ხელშეკრულებით, შრომის შინაგანაწესით, თანამდებობრივი ინსტრუქციით ან/და დებულებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს (2.1 მუხლი);

ამავდროულად, დასაქმებული მოვალეა:

- კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულოს მასზე დაკისრებული შრომითი მოვალეობები;

- დაიცვას შრომის დისციპლინა;

- დაიცვას შრომის ხელშეკრულების, შრომის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციის და/ან დებულების მოთხოვნები;

- გაუფრთხილდეს ,,დამსაქმებლის" ქონებას და, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს ზომები ზიანის თავიდან ასაცილებლად;

- მკაცრად დაიცვას შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, სახანძრო, უსაფრთხოების, სამუშაოს წარმოებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედი ყველა წესი თუ მოთხოვნა (2.4 მუხლი).

5. ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით დაიდო, რომლის ვადამდე შეწყვეტა ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებშია დასაშვები (6.1-6.2 მუხლი).

6. მხარეებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ხელშეკრულებით, თანამდებობრივი სარგოს შესახებ ხელშეკრულების დანართ N1-ით, შრომის შინაგანაწესით, თანამდებობრივი ინსტრუქციით, დებულებით და/ან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების დარღვევისას (7.1 მუხლი).

7. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია, დასაქმებულის მიერ მისთვის წინამდებარე შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით ან/და თანამდებობრივი ინსტრუქციით ან/და დებულებით დაკისრებული ვალდებულების უხეშად დარღვევა.

მხარეები თანხმდებიან, რომ დასაქმებულის მხრიდან ვალდებულების უხეშ დარღვევად ითვლება, მათ შორის და, არა მხოლოდ: დასაქმებულის მიერ შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, სახანძრო უსაფრთხოების, სამუშაოს წარმოებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედი წესისა თუ მოთხოვნის დარღვევა, რომელმაც გამოიწვია ან შეეძლო გამოეწვია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, დამსაქმებლისა და/ან ნებისმიერი მესამე პირის ქონების, გარემოს დაზიანება და/ან დამსაქმებლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის მატერიალური სახის სანქციები (ჯარიმა, საურავი, ქონების ჩამორთმევა და ა. შ.) (7.2.7 მუხლი).

8. მოპასუხე საწარმოს დირექტორის 2013 წლის 18 სექტემბრის ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის შესაბამისად, ნავსადგურში შინაგანაწესის, შრომისა და მომსახურეობის მაღალი ხარისხის, სანიტარული და შრომის უსაფრთხოების წესების უზრუნველყოფის მიზნით, ნავსადგურის ყოველი დასაქმებული ვალდებული იყო დაეცვა შრომითი ხელშეკრულებით და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნები (1.1 მუხლი); წინამდებარე შინაგანაწესი არეგულირებს საწარმოში დასაქმებულ პირთა შრომით ურთიერთობებს დამსაქმებელთან და შრომის ხელშეკრულებასთან ერთად სავალდებულოა შესასრულებლად საწარმოში დასაქმებული ყველა დასაქმებულისათვის (1.2 მუხლი); შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია: დასაქმებულის მიერ მისთვის შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით ან/და თანამდებობრივი ინსტრუქციით ან/და ქვეგანყოფილების დებულებით დაკისრებული ვალებულების უხეში დარღვევა;

დასაქმებულის მხრიდან ვალდებულების უხეშ დარღვევად ითვლება - დასაქმებულის მიერ შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, სახანძრო უსაფრთხოების, სამუშაოს წარმოებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედი წესისა თუ მოთხოვნის დარღვევა, რომელმაც გამოიწვია ან შეეძლო გამოეწვია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, დამსაქმებლისა და/ან ნებისმიერი მესამე პირის ქონების, გარემოს დაზიანება და/ან დამსაქმებლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მატერიალური სახის სანქციები (ჯარიმა, საურავი, ქონების ჩამორთმევა და ა. შ.) (2.6 მუხლი);

საწარმოო უბანში და ოფისში მოწევა აკრძალულია, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა (3.4 მუხლი); ყოველი დასაქმებული ვალდებულია, კეთილსინდისიერად შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები, დაიცვას შრომის დისციპლინა, დაიცვას შრომის დაცვის და ხანძარსაწინააღმდეგო წესების მოთხოვნები, სამუშაო ადგილზე დაიცვან წესრიგი, მაქსიმალური მონდომებით შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები (3.7 მუხლი);

შრომითი მოვალეობის შეუსრულებლობისას ან არაჯეროვნად შესრულებისათვის დასაქმებული პასუხს აგებს შრომითი ხელშეკრულებისა და წინამდებარე შრომის შინაგანაწესის შესაბამისად (8.1 მუხლი). ინდივიდუალური შრომის ხელშეკრულების, წინამდებარე შრომის შინაგანაწესით განსაზღვრული წესების, შრომითი და საწარმოო დისციპლინის, უსაფრთხოების ტექნიკის წესების დარღვევისას დამსაქმებელი უფლებემოსილია გამოიყენოს დისციპლინური პასუხიმგებლობის შემდეგი სახეები: შენიშვნა; საყვედური; სასტიკი საყვედური; შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა (8.2 მუხლი).

9. საწარმოს დირექტორის 2018 წლის 18 მაისის ბრძანებით, ნავსადგურის შენობა-ნაგებობებში, ტერიტორიასა და ობიექტებზე თამბაქოს მოწევაზე კონტროლი გაძლიერდა. შესაბამისად, ცვლილებები შევიდა ,,შპს ,,ბ.ს.ნ–ის ობიექტებზე ხანძარ-საწინააღმდეგო რეჟიმის შესახებ“ ინსტრუქციაში, თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებული წესების დამატებით. აღნიშნული წესები უნდა განთავსებულიყო ნავსადგურის შენობა-ნაგებობების შესასვლებებში და საამქროებში.

10. მოსარჩელის 2020 წლის 10 აპრილის განმარტებითი ბარათის თანახმად, 2020 წლის 9 აპრილს, 23:15საათზე, მოწევისათვის სპეციალურად განკუთვნილ ადგილას სიგარეტს ეწეოდა. ამის შემდეგ სიგარეტი საფერფლეში ჩააქრო, თავსახური დააფარა და საფერფლე კაიუტ კომპანიაში სკამზე დადო. 23:30 წუთზე გემზე პორტის გენერალური დირექტორი ამოვიდა და საფერფლესთან დაკავშირებით შენიშვნა მისცა.

11. საწარმოს უსაფრთხოების ცვლის უფროსის 2020 წლის 13 აპრილის განმარტებითი ბარათის მიხედვით, 09.04.2020წ.-10.04.2020წ. ცვლაში იმყოფებოდა. 23:00 საათზე გენერალურ დირექტორთან ერთად პორტის ფლოტის გემების შემოწმებას აწარმოებდა. N10, N11 მისადგომებზე ,,ჭ–ის“ შემოწმებისას კაიუტ კომპანიაში სიგარეტის კვამლის სუნი იდგა და, გვერდით, სიგარეტის ნამწვავებით თუნუქის დახურული ქილა იდო. შენიშვნის დროს თავის გასამართლებლად მოსარჩელემ ვერაფრის თქმა ვერ შეძლო.

12. დასაქმებულის მიერ 2020 წლის 9 აპრილს შრომითი დისციპლინის დარღვევის საკითხი საწარმოს პერსონალის მართვის კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის 10 აპრილს განიხილეს და გადაწყვიტეს, რომ მოსარჩელისთვის სანავსადგურო ფლოტის განყოფილების მცურავ ერთეულზე მატროსის სამუშაო ადგილის შეთავაზება მიზანშეწონილი იქნებოდა.

13. საწარმოს გენერალური დირექტორის 2020 წლის 29 აპრილის ბრძანებით (შემდეგში - სადავო ბრძანება ან გასაჩივრებული ბრძანება), საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაქმებულთან შრომის ხელშეკრულება შეწყდა, ამ ხელშეკრულებითა და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო.

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიეთითა: „2020 წლის 09 აპრილს, წყლის ჩამომსხმელი ბარჟა „ჭ–ის“ კაპიტნის ო.ვ–ძის იახტაზე დგომის დროს, კაპიტნის კაიუტაში იდგა თამბაქოს კვამლი და სუნი, რაც მიუთითებდა, რომ მის მიერ ადგილი ჰქონდა კაიუტაში თამბაქოს მოწევას.

მოგეხსენებათ, თამბაქოს მოწევა აკრძალულია ნავსადგურში, შენობებში, ტერიტორიასა და მცურავ საშუალებებზე, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა. აღნიშნული გარემოება მიუთითებდა, რომ კაპიტან ო.ვ–ძის მიერ დარღვეული იქნა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, აგრეთვე, შრომის ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით ნაკისრი ვალდებულება, უხეშად იქნა დარღვეული შრომის დისციპლინა, შრომის ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით მასზე დაკისრებული მოვალეობები“.

ამავე ბრძანებაში მიეთითა, რომ „ო.ვ–ძე, როგორც კაპიტანი, ვალდებული იყო უზრუნველეყო მცურავ საშუალებაზე შრომის დისციპლინის დაცვა, მცურავი საშუალების ეკიპაჟის სხვა წევრთა საქმიანობის კოორდინაცია, მათ მიერ შრომითი მოვალეობის შესრულების კონტროლი. ამის ნაცვლად, ო.ვ–ძემ თავად უხეშად დაარღვია შრომის დისციპლინა, შრომის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც საეჭვოს ხდიდა მისი მხრიდან კაპიტნის უფლებამოსილების სათანადოდ შესრულების შესაძლებლობას - მცურავი საშუალების ეკიპაჟის მიერ შრომითი მოვალეობების შესრულების კონტროლსა და სამუშაო პროცესის ეფექტურ მართვას, ეკიპაჟის საქმიანობის კოორდინაციას. ამავე დროს, მისი როგორც კაპიტნის დამოკიდებულება შესასრულებელი მოვალეობების მიმართ წარმოადგენდა ნდობის დაკარგვის საფუძველს“.

14. სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით დამსაქმებლის წინააღმდეგ დასაქმებულმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

15. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

16. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 5 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

17.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-13 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ყურადღება შემდეგ გარემოებაზე გაამახვილა: დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლების ფაქტობრივი საფუძველი გემის კაიუტაში თამბაქოს მოწევა გახდა, რასთან დაკავშირებითაც დასაქმებულმა განმარტა, რომ კაიუტაში თამბაქო არ მოუწევია, სიგარეტი საამისოდ სპეციალურად განკუთვნილ ადგილას მოწია, ხოლო კაიუტაში მხოლოდ სიგარეტის ნამწვავებიანი თუნუქის დახურული ქილა იყო მოთავსებული, ნამწვავები სასადილო ოთახში შეიტანა და მაგიდაზე არსებულ საფერფლეში ჩადო, რადგან სპეციალური ადგილი და ნამწვავის მოსათავსებელი ურნა გემბანზე არ არსებობდა.

17.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, თუკი გემბანზე სპეციალურად მოსაწევი ადგილი ან ნამწვავის უსაფრთხოდ გადასაგდებად განკუთვნილი სპეციალური ურნა არ არსებობდა, ეს უწინარესად კაპიტნის პასუხისმგებლობის საკითხი იყო, რამდენადაც ასეთის არარსებობის შემთხვევაში სწორედ ის იყო ვალდებული, პრობლემური საკითხი გადასაჭრელად უფლებამოსილი და კომპეტენტური პირების წინაშე დაესვა. რაკი აღნიშნული საკითხის დასმის ან გადაჭრის შესახებ მოსარჩელის მცდელობა არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა, აღნიშნული კაპიტნის, როგორც გემის მენეჯერის მხრიდან, ვალდებულებათა არასათანადო შესრულებაზე მიუთითებდა, რაც შრომითი ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის შესაბამისად დასაქმებულის მიერ ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტს ასაბუთებდა.

ამავდროულად, დასაქმებულმა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცებული ნავსადგურის წესებიც და საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის 2003 წლის 12 დეკემბრის N51 ბრძანებით დამტკიცებული საზღვაო დისციპლინარული წესდებაც დაარღვია, რომლის თანახმადაც, თამბაქოს მოწევა ყველა გემზე სახიფათოდ მიიჩნევა და აკრძალულია.

17.3. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ დამსაქმებლის მხრიდან სშკ-ის 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე მითითებით დასაქმებულისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მართლზომიერია (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის 115-ე მუხლი), ვინაიდან, დასაქმებულის სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით საქმეზე ისეთი დარღვევა გამოიკვეთა, რომლისთვისაც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენება იყო არამიზანშეწონილი.

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაქმებულმა საკასაციო წესით გაასაჩივრა, ამ განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

- კასატორი განმარტავს, რომ კაპიტნად მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება ჰქონდა, შესაბამისად, მისთვის უცნობი არ იყო გემზე მუშაობისას მეზღვაურის ქცევის წესებისა და ნამწვავის მოსროლისას გარემოს დაბინძურების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არასწორად არ გაითვალისწინა მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ სამსახურიდან კოვიდ-19-ის პანდემიის მოქმედების პერიოდში გაათავისუფლეს, მაშინ, როდესაც საგანგებო მდგომარეობის არსებობის გამო ღამის საათებში ფიზიკურად თავისუფლად გადაადგილება შეზღუდული იყო და გემზე მთელი ღამის განმავლობაში დაგროვილ ნამწვავებს დილით გემთან დაახლოებით 150 მეტრში მდებარე ნაგვის ურნაში ათავსებდნენ.

- მოპასუხე საწარმოში დასაქმებული 2017 წლიდან მუშაობდა, რა პერიოდშიც მასზე დაკისრებულ შრომით მოვალეობებს კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდა. სადავო შემთხვევაშიც, შრომითი ვალდებულებები დასაქმებულს არ დაურღვევია, სიგარეტი მან სპეციალურად განკუთვნილ მოსაწევ ადგილზე მოწია, რითაც გემს (რომელიც წყლის ბარჟაა და მხოლოდ წყალს ეზიდება) ფიზიკურად ვერანაირ საშიშროებას ვერ შეუქმნიდა. ამდენად, სადავო ბრძანებაში მითითებული საფუძვლით კასატორთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა კანონშეუსაბამოა.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

2023 წლის 14 დეკემბრის განჩინებით საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე დასაშვებად ცნო და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაადგინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

20. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შემდეგია: წარმატებულია თუ არა სარჩელი სამუშაოდან მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

21. განსახილველი სარჩელის ავტორს სამუშაოდან მისი განთავისუფლება უკანონოდ მიაჩნია და მანამდე მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა სურს. მოსარჩელის აღნიშნული მიზანი იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუკი დამსაქმებლის სადავო ბრძანების არამართლზომიერება და, აქედან გამომდინარე, სამუშაოზე აღდგენის სამართლებრივი საფუძვლის არსებობა დადასტურდება.

დასახელებული მოთხოვნები სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაოზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლების სამართალურთიერთობის წარმოშობის პერიოდში მოქმედი რედაქციიდან, ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

22. სადავო საკითხის სწორად გადასაწყვეტად, პირველ რიგში, დამსაქმებლის სადავო ბრძანების კანონიერებაა შესაფასებელი, ე.ი. გამოსარკვევია, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას.

22.1. დადგენილი სასამართლო პრაქტიკით, აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. იხ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016).

საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ბუნებრივია, რადგან, მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ გადაწყვეტილებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ასაბუთებს ან ვერ ასაბუთებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი დამსაქმებლის სწორედ ამ გადაწყვეტილების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია.

21.2. გასაჩივრებული ბრძანების კანონიერების შემოწმებისას, რამდენიმე საკითხია საყურადღებო, სახელდობრ:

1). არსებობს დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კონსტიტუციური პრინციპი, რომლის თანახმად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმისა და დარღვევით გამოწვეული შედეგის თვალსაზრისით. ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტურ შრომის მოტივაციას შეუქმნის. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად ჩაითვალოს, აუცილებელია, ვლინდებოდეს ისეთი დარღვევა, როდესაც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენება მიზანშეუწონელია (შდრ. იხ. სუსგ: №ას-267-2021, 11.06.2021; №ას-997-2020, 10.02.2021; №ას-658-2020, 4.12.2020).

2). შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უკიდურესი ღონისძიებაა, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. იხ. სუსგ: №ას-941-891-2015, 29.01.2016; №ას-1421-2020, 5.03.2021; №ას-512-2020, 18.02.2021).

3). სშკ-ის 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულების „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში. მუშაკის სამუშაოდან განთავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეშად დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. იხ. სუსგ: Nას-416-399-16, 29.11.2016; Nას-812-779-2016,19.10.2016; Nას-1276-1216-2014, 18.03.2015; Nას-483-457-2015, 7.10.2015).

4). სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). შრომითსამართლებრივ დავებში კი, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად განთავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. იხ. სუსგ: №ას-151-147-2016, 19.04.2016; №ას-483-457-2015, 7.10.2015; №ას-1276-1216-2014, 18.03.2015).

21.3. რაც შეეხება განსახილველ შემთხვევას, დამსაქმებლის სადავო გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი სშკ-ის 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტშია (ნორმის ამჟამინდელი რედაქციით 47.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 - ვებგვერდი, 5.10.2020წ.). ამ მუხლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია, დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა) წარმოდგენილი.

მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად ამავე ბრძანებაში შემდეგ გარემოებაზე მიეთითა:

2020 წლის 9 აპრილს, მოსარჩელის (რომელიც წყლის ჩამომსხმელი ბარჟა „ჭ–ის“ კაპიტანი იყო) იახტაზე დგომის დროს, კაპიტნის კაიუტაში თამბაქოს კვამლი და სუნი იდგა, რაც ამ უკანასკნელის მიერ კაიუტაში თამბაქოს მოწევაზე მიუთითებდა. თამბაქოს მოწევა აკრძალულია ნავსადგურში, შენობებში, ტერიტორიასა და მცურავ საშუალებებზე, გარდა საამისოდ სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა. აღნიშნული გარემოება მიუთითებს, რომ მოსარჩელემ დაარღვია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, აგრეთვე, შრომის ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით ნაკისრი ვალდებულება, უხეშად იქნა დარღვეული შრომის დისციპლინა, შრომის ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით მასზე დაკისრებული მოვალეობები.

ამავე ბრძანებაში მიეთითა, რომ, მოსარჩელე, როგორც კაპიტანი, ვალდებული იყო უზრუნველეყო მცურავ საშუალებაზე შრომის დისციპლინის დაცვა, მცურავი საშუალების ეკიპაჟის სხვა წევრთა საქმიანობის კოორდინაცია, მათ მიერ შრომითი მოვალეობის შესრულების კონტროლი. ამის ნაცვლად, დასაქმებულმა თავად უხეშად დაარღვია შრომის დისციპლინა, შრომის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც საეჭვოს ხდიდა მისი მხრიდან კაპიტნის უფლებამოსილების სათანადოდ შესრულების შესაძლებლობას - მცურავი საშუალების ეკიპაჟის მიერ შრომითი მოვალეობების შესრულების კონტროლსა და სამუშაო პროცესის ეფექტურ მართვას, ეკიპაჟის საქმიანობის კოორდინაციას. ამავე დროს, მისი როგორც კაპიტნის დამოკიდებულება შესასრულებელი მოვალეობების მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძველს ქმნიდა.

ზემომითითებული გარემოება დამსაქმებელმა საწარმოს პერსონალის მართვის კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის 10 აპრილს განიხილა, სადაც გადაწყვიტეს, რომ მოსარჩელისთვის სანავსადგურო ფლოტის განყოფილების მცურავ ერთეულზე მატროსის სამუშაო ადგილი შეეთავაზებინათ.

21.4. პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება სათანადოდ ვერ დაასაბუთა, კერძოდ, სადავო ბრძანებაში მითითებული ვალდებულებების დარღვევის ხასიათი არ წარმოშობდა დასაქმებულის მიმართ უკიდურესი ღონისძიების გამოყენებისათვის, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისთვის საკმარის წინაპირობას.

მოცემული საკითხის სამართლებრივი შეფასების ფარგლებში შემდეგი გარემოებებია საყურადღებო:

გასაჩივრებული ბრძანების საფუძვლად დასაქმებულის მიერ შრომის ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით მასზე დაკისრებული მოვალეობების უხეშ დარღვევაზეა მითითებული. შრომითი ხელშეკრულებითაც და შრომის შინაგანაწესითაც დასაქმებულის მხრიდან ვალდებულების უხეშ დარღვევად დასაქმებულის მიერ შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, სახანძრო უსაფრთხოების, სამუშაოს წარმოებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედი წესისა თუ მოთხოვნის იმგვარი დარღვევაა მიჩნეული, რომელმაც გამოიწვია ან შეეძლო გამოეწვია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, დამსაქმებლისა და/ან ნებისმიერი მესამე პირის ქონების, გარემოს დაზიანება და/ან დამსაქმებლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის მატერიალური სახის სანქციები (ჯარიმა, საურავი, ქონების ჩამორთმევა და ა.შ.).

ამდენად, ერთი მხრივ, მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, ხოლო, მეორე მხრივ, მოპასუხე საწარმოს შინაგანაწესი, „უხეში დარღვევის“ ცნების ქვეშ დასაქმებულის მხიდან ვალდებულების ისეთ დარღვევას გულისხმობდა, რომელსაც ხელშეკრულებასა და შინაგანაწესშივე ჩამოთვლილი რომელიმე შემთხვევა მოჰყვა შედეგად ან რომელსაც ასეთი შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა.

შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში დღის წესრიგში დგება შემდეგი საკითხის გამორკვევის აუცილებლობა:

დამსაქმებლის სადავო გადაწყვეტილებაში მითითებული ვალდებულების დარღვევა უნდა შეფასდეს თუ არა „უხეშ დარღვევად“, რასაც დასაქმებულის მიმართ უკიდურესი ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა შეიძლებოდა გამოეწვია.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მოქმედების შინაარსობრივი მხარის გათვალისწინებით, მის შედეგად რაიმე ხასიათის ზიანის ობიექტურად არარსებობის პირობებში და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი სხვა გარემოებების (რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-13 პუნქტებშია წარმოდგენილი და სსსკ-ის 407.2 მუხლიდან გამომდინარე საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა) ერთობლივად შეფასებიდან გამომდინარე, კასატორის მოქმედების ვალდებულების „უხეშ დარღვევად“ კვალიფიკაცია დაუშვებელია; მათ შორის, პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:

ა). ვერც სადავო ბრძანებაში მითითებული ვალდებულების დარღვევის შინაარსით და, ვერც სასამართლოში წარმოდგენილი დასაბუთებით, დამსაქმებელს მისთვის ზიანის მომტანი შედეგის დადგომის შესაძლებლობა სათანადოდ არ დაუსაბუთებია. მართალია, მოპასუხის მიერ დასახელებული საკანონმდებლო აქტებით ნავსადგურში, შენობებში, ტერიტორიასა და მცურავ საშუალებებზე (გარდა საამისოდ სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა) თამბაქოს მოწევის აკრძალულია, მაგრამ დაუშვებელია, რომ დასაქმებულის მიერ აღნიშნული ვალდებულების დარღვევა უპირობოდ, ნებისმიერ შემთხვევაში ისეთი ხასიათის ქმედებად განვიხილოთ, რომ მას „უხეში დარღვევის“ კვალიფიკაცია მიენიჭოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აკრძალულ ადგილას უშუალოდ თამბაქოს მოწევის ფაქტი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი არაა (დასაქმებულის მხრიდან თამბაქოს მოწევა დადგენილია მხოლოდ სპეციფიკური კვამლის და დამახასიათებელი სურნელის მეშვეობით). ამასთან, როგორც დასაქმებული განმარტავს, საქმე შეეხება წყლის ჩამომსხმელ ბარჟაზე ჩადენილ ქმედებას, რომელიც წყლის გადაზიდვითაა დაკავებული, სადაც მან ხანძარსაწინააღმდეგო წესები დაიცვა და სიგარეტის ნამწვავი ზღვაში კი არ გადააგდო, არამედ, თავდახურულ მდგომარეობაში საფერფლეში მოათავსა (იხ. დასაქმებულის საკასაციო საჩივარი);

ბ). ზემომითითებული ვალდებულების დარღვევის უდავოდ დადასტურების პირობებშიც კი შინაარსიდან არ გამომდინარეობს, რომ დასაქმებულისათვის სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენება მიზანშეუწონელი იქნებოდა;

გ). საქმის მასალებით არ გამოვლენილა დამსაქმებელ საწარმოში ხანგრძლივი მუშაობის მანძილზე მოსარჩელის მხრიდან რაიმე გადაცდომისათვის სახდელდადების შემთხვევა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად არ უნდა ჩაითვალოს.

22. იმის გამო, რომ სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა, თანმდევი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველიც გამოკვეთილია, შესაბამისად, მოსარჩელე სამუშაოზე უნდა აღდგეს და 2020 წლის 29 აპრილიდან წინამდებარე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ამ უკანასკნელის სასარგებლოდ დამსაქმებელს ყოველთვიურად 1 250 ლარის ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.

23. რაც შეეხება სარჩელის ხანდაზმულობას, მოცემული საკითხის შეფასებისას, მხედველობაშია მისაღები შემდეგი გარემოებები:

სსსკ-ის 201-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.

საქმის მასალების მიხედვით, თავდაპირველად წარდგენილ შესაგებელში მოპასუხეს სარჩელის ხანდაზმულობაზე არ მიუთითებია. აღნიშნული გარემოება დამსაქმებელმა (რომელიც კერძო სამართლის იურიდიული პირია) სადავოდ მას შემდეგ გახადა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე მთავარი სხდომა დანიშნა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქმის არსებითად განხილვისას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ მოპასუხის მიერ გამოთქმულ პრეტენზიაზე სასამართლო ვეღარ იმსჯელებს, რადგან მითითებული მოსაზრება საქმის წარმოების სათანადო ეტაპზე მხარეს არ დაუსახელებია.

24. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

25. სსსკ-ის 53.1 მუხლის პირველი და მეორე წინადადების შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს, როგორც მოგებული მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ასევე, წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრების შესაძლებლობას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად კასატორის (მოსარჩელე) სასარგებლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხეს კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამურად (100+150+300) 550 ლარის გადახდა.

ამავდროულად, მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის დასადასტურებლად წარმოადგინა კასატორმა სასამართლოში წარუდგინა სათანადო მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, ადვოკატ თ.კ–ძეს მან გადაუხადა იურიდიული მომსახურების საფასური, 1 500 ლარი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 53.1 მუხლით დადგენილი მოწესრიგებისა და საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოწინააღმდეგე მხარეს ზემომითითებული თანხის კასატორისათვის უნდა დაეკისროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-8, 53-ე, 264.3, 257.1, 253-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ო.ვ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განჩინება და საქმეზე ახალი გადაწყვეტლება იქნეს მიღებული;

3. ო.ვ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

3.1. ბათილად იქნეს ცნობილი ო.ვ–ძესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შპს „ბ.ს.ნ–ის“ 2020 წლის 29 აპრილის №41/კ ბრძანება;

3.2. მოსარჩელე აღდგენილ იქნეს სანავსადგურო ფლოტის განყოფილების წყლის ჩამომსხმელი ბარჟა „ჭ–ის“ კაპიტნის თანამდებობაზე;

3.3. შპს „ბ.ს.ნ–ს“ ო.ვ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2020 წლის 29 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1 250 ლარის ოდენობით;

4. მოპასუხე შპს „ბ.ს.ნ–ს“ მოსარჩელე ო.ვ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამურად 550 ლარის ანაზღაურება;

5. მოპასუხე შპს „ბ.ს.ნ–ს“ მოსარჩელე ო.ვ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს 1 500 ლარის გადახდა, ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე : ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები : ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე