Facebook Twitter

25 აპრილი, 2024 წელი,

საქმე №ას-1520-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ლ.ხ–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ლ.ე–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ლ.ე–ი“ (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან საწარმო) საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოებაა, რომელიც უკრაინის მოქალაქე ა.ა–მა 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნა.

2. საწარმო 2020 წლის 20 იანვარს დარეგისტრირდა, რომლის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დამოუკიდებლად მიენიჭათ საზოგადოების დირექტორებს - ლ.ხ–იასა (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) და ა.ა–ს (შემდეგში - დამფუძნებელი).

3. 2021 წლის 9 დეკემბერს, საწარმოს დირექტორის თანამდებობიდან დამფუძნებელმა მოსარჩელე გაათავისუფლა და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება ნ.ყ–ს მიანიჭა, ხოლო, 2021 წლის 10 დეკემბერს ნ.ყ–ის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანება გამოიცა.

4. 2021 წლის 10 დეკემბერს, საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადება წარედგინა, ხოლო, 2021 წლის 13 დეკემბერს შესაბამისი ცვლილებით საწარმოს დირექტორად ნ.ყ–ი დარეგისტრირდა.

5. 2021 წლის 10 დეკემბერს, ორი საბანკო ოპერაცია შესრულდა, კერძოდ, საწარმოს საბანკო ანგარიშიდან მოპასუხის საბანკო ანგარიშზე ჯამურად 48 000 ლარი (44 000 ლარი და 4 000 ლარი) გადაირიცხა.

6. 48 000 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ საწარმომ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 48 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

9.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ საქმეზე წარმოადგინა 44 000 ლარისა და 4 000 ლარის მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან მოპასუხის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის (ჩარიცხვის) დამადასტურებელი გადახდის ქვითრები.

აღნიშნული ტრანზაქციების მის მიერ შესრულება მოპასუხემ არ უარყო, თუმცა, განმარტა, რომ მითითებული საბანკო ოპერაციების შესრულების საფუძველი 2021 წლის 1 ივნისს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება იყო, რომლითაც განისაზღვრა, რომ თანამდებობიდან განთავისუფლების შემთხვევაში, კასატორი 12 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით კომპენსაციას მიიღებდა.

ამასთან, შესაბამისი საბანკო ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობა, მას, მოსარჩელე საწარმოს დამფუძნებელი პარტნიორის მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა (ვ.მ–ვი და დ.რ–კი) მისცეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავის კვლევის არსებითი საგანი იყო შემდეგი გარემოება: წარმოადგენდა თუ არა მოპასუხისთვის ჩარიცხული სადავო თანხები შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სანაცვლო კომპენსაციას თუ, მითითებული ტრანზაქცია/თანხების გადარიცხვა მოპასუხემ თვითნებურად, ყოველგვარი საფუძვლის/შეთანხმების გარეშე განახორციელა.

9.2. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე საწარმოს საბანკო ანგარიშიდან მოპასუხის პირად ანგარიშზე თანხების გადარიცხვისთვის საჭირო უფლებამოსილების მინიჭების შესაძლებლობა ჰქონდა საწარმოს დამფუძნებელს.

დამფუძნებლის მიერ ვ.მ–ვისთვის და დ.რ–თვის მოპასუხესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სანაცვლო კომპენსაციის გაცემის უფლებამოსილების მინიჭება მოსარჩელემ უარყო, ამასთან, აღნიშნული არც მოწმეებს არ დაუდასტურებიათ.

ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის სტანდარტი მოპასუხემ სათანადოდ ვერ დაძლია, კერძოდ, სასამართლოს ვერ შეუქმნა მტკიცებულებებით გამყარებული შინაგანი რწმენა იმის თაობაზე, რომ მისთვის 12 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით მხარეთა შორის შეთანხმება რეალურად არსებობდა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხისთვის 12 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით კომპენსაციის გადახდის ვალდებულება მოსარჩელე საწარმოს არ ჰქონდა, რაც თანხის დაბრუნების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის კანონიერებაზე მიუთითებდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის 976.1 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები).

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. გარდა ამისა, კასატორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 მაისის საოქმო განჩინების გაუქმება, რომლითაც მისი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და, 2021 წლის 1 ივნისის შრომითი ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებული დედანი და მოპასუხის საბანკო ამონაწერი, საქმეს არ დაერთო.

10.1. სააპელაციო სასამართლოს მოპასუხემ წარუდგინა არა ახალი მტკიცებულება, არამედ, 2021 წლის 1 ივნისის შრომითი ხელშეკრულების დედანი, ე.ი. ის ეგზემპლარი, რომელიც ნოტარიუსმა დაამოწმა და სანოტარო მოქმედებათა ელექტრონულ პორტალზე ამჟამადაც ატვირთულია.

10.2. ხელმძღვანელობით/წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს მოპასუხე ჯეროვნად ასრულებდა და დაკავებული თანამდებობიდან ის უკანონოდ გათავისუფლდა. შრომითი ხელშეკრულებით მოპასუხე ხელფასს იღებდა, ამასთან, ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ განთავისუფლების შემთხვევაში კასატორს საკომპენსაციო თანხა მიეცემოდა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

12. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსათვის ისინი სავალდებულოა.

14. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოცემული დავის არსებითი კვლევის საგანი, კერძოდ: თავის საბანკო ანგარიშზე სადავო ტრანზაქციები/თანხების გადარიცხვა მოპასუხემ თვითნებურად, ყოველგვარი საფუძვლის/შეთანხმების გარეშე შეასრულა თუ, მითითებული თანხები რეალურად წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სანაცვლო კომპენსაციას.

დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხისთვის 12 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით კომპენსაციის გადახდის ვალდებულება მოსარჩელეს არ გააჩნდა, რაც თანხის დაბრუნების შესახებ მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის კანონიერებაზე მიუთითებდა (სსკ-ის 976.1 მუხლი - პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ: ა). ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა).

ზემოაღნიშნული მოსაზრების დასაბუთებისთვის საჭირო არგუმენტები სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში ამომწურავად წარმოადგინა, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს, კერძოდ, ასეთი დასკვნის საფუძველი საქმეზე გამოვლენილმა შემდეგმა გარემოებებმა შექმნა:

1). მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილია 44 000 ლარისა და 4 000 ლარის მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან მოპასუხის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის (ჩარიცხვის) დამადასტურებელი გადახდის ქვითრები.

ხსენებული ტრანზაქციების რეალობა მოპასუხემ არ უარყო, თუმცა, განმარტა, რომ მითითებული საბანკო ოპერაციების შესრულების საფუძველი 2021 წლის 1 ივნისს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება იყო, რომლის ერთ ერთ პირობად განისაზღვრა, რომ თანამდებობიდან განთავისუფლების შემთხვევაში, იგი 12 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით კომპენსაციას მიიღებდა.

საქმეში დაცული საბანკო ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობა, მას, მოსარჩელე საწარმოს დამფუძნებელი პარტნიორის მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა - ვ.მ–ვმა და დ.რ–მა, მისცეს.

2). მოსარჩელე საწარმოს საბანკო ანგარიშიდან მოპასუხის პირად ანგარიშზე თანხების გადარიცხვისთვის საჭირო უფლებამოსილების მინიჭების შესაძლებლობა გააჩნდა საწარმოს დამფუძნებელს.

დამფუძნებლის მიერ ვ.მ–ვისთვის და დ.რ–თვის მოპასუხესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სანაცვლო კომპენსაციის მიცემის უფლებამოსილების მინიჭება მოსარჩელემ უარყო.

ეს გარემოება საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და იგი არც მოწმეებმა დაადასტურეს.

3). სსკ-ის 709-ე მუხლით გათვალისწინებული დავალების ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს, როგორც წერილობით, ისე - ზეპირად, თუმცა, ზეპირი ფორმით დადებული დავალების ხელშეკრულება უტყუარად უნდა დადასტურდეს საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

მოპასუხემ სასამართლოს ვერ დაუმტკიცა, რომ მისთვის 12 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით მხარეთა შორის შეთანხმება რეალურად არსებობდა, რაც სამოქალაქოსაპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის სტანდარტის გათვალისწინებით მისი სამტკიცებელი იყო (სსსკ-ის 102-103 მუხლები, 105-ე მუხლი).

ასეთი ხასიათის მტკიცებად ვერ ჩაითვლება მოპასუხის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ 2021 წლის 1 ივნისის ხელშეკრულების (რაზე დაყრდნობითაც მოპასუხე სადავო თანხების საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვის მართლზომიერების დამტკიცებას ცდილობს) სიყალბე სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით არ დადგენილა, რამდენადაც დასახელებული ხელშეკრულების ნამდვილობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ სადავოდ გახადა, კერძოდ, მიუთითა, რომ საწარმოს დამფუძნებელს, 100% წილის მფლობელსა და უფლებამოსილ დირექტორს მასზე ხელი არ მოუწერია.

ეს გარემოება ნაწილობრივ მოპასუხემაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ხელშეკრულება უფლებამოსილი პირის - ი.დ–ის მიერაა ხელმოწერილი, მაგრამ არც ამ უკანასკნელის ხელმოწერით შესრულებული ხელშეკრულების დედანი და არც შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა (საზოგადოების უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ გაცემული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, რომლის შესაბამისად დადასტურდება ი.დ–ჩის უფლებამოსილება იმოქმედოს საზოგადოების სახელით), პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.

საკასაციო პალატის შეფასებით, სსსკ-ის 975.1 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად და დადგენილი ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ სარჩელი მართებულად მიიჩნია წარმატებულად.

15. რაც შეეხება მტკიცებულებად დოკუმენტების მიღებაზე უარის 2023 წლის 04 მაისის განჩინების კანონიერებას სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 380-382-ე მუხლების დეფინიციის გათვალისწინებით განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს სააპელაციო წარმოების წესსა და ფარგლებს, იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, სააპელაციო საჩივრის დასაბუთება შეამოწმოს მხოლოდ იმ ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით და იმ მტკიცებულებებით, რომლებიც წარდგენილი იყო და შემოწმდა პირველი ინსტანციის სასამართლოში. ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ მკაცრად გამონაკლის შემთხვევებშია დასაშვები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაკი შუამდგომლობაში დასახელებული მტკიცებულებების ნაწილი მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენია სააპელაციო სასამართლო, მოკლებული იყო შესაძლებლობას, საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვის ეტაპზე გამოეკვლია და შეეფასებინა ისინი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, ასევე ფაქტობრივი მოცემულობისა და სსსკ-ის 380-382-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით ზემომითითებული მოტივაცია სრულადაა გასაზიარებელი და საკასაციო საჩივარი ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ხ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ლ.ხ–იას (პ/ნ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2 400 ლარის (საგადახდო დავალება 20106423694, გადახდის თარიღი - 8.01.2024) 70% - 1 680 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე