25 აპრილი, 2024 წელი,
საქმე №ას-1577-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „ს.მ–ია“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ–ი” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2014 წლის 4 დეკემბერს, შპს „ს.მ–იასა“ (შემდეგში - მოსარჩელე ან შემკვეთი) და შპს „კ–ს“ (შემდეგში - მოპასუხე ან მენარდე) შორის ნარდობის ხელშეკრულება (შემდეგში - ნარდობის ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო, რომლის საგანი, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალურ არხ გ-9-ის, მისი მეორე და სხვა რიგის გამანაწილებლებისა და შიდასამეურნეო ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოს შესრულება იყო.
2. სამუშაოს შესრულების ვადა ნარდობის ხელშეკრულებით 294 კალენდარული დღით (2015 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით), ხოლო, ხელშეკრულების ფასი 4 499.999 ლარით განისაზღვრა.
3. 2015 წლის 18 სექტემბრის შეთანხმებით, ნარდობის ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა, რომლითაც სამუშაოს შესრულების ვადად 354 კალენდარული დღე (2015 წლის 24 ნოემბრამდე), ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი, 2016 წლის 25 იანვრის ჩათვლით განისაზღვრა.
4. 2015 წლის 31 დეკემბრის შეთანხმებით ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულება 154 830.48 ლარით შემცირდა, შესაბამისად, ხელშეკრულების ღირებულებად 4 345 168.52 ლარი განისაზღვრა, რაც 2016 წლის 22 იანვრის შეთანხმებით 8 657.51 ლარით დამატებით შემცირდა და ხელშეკრულების ღირებულება საბოლოოდ 4 336 511.01 ლარით განისაზღვრა.
5. 2016 წლის 22 იანვარს, მხარეთა შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა, რომლის თანახმად, სამუშაოების ფაქტობრივად დასრულების ვადად 2015 წლის 20 დეკემბერი დადგინდა.
2017 წლის 22 თებერვალს კი, დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის გასვლის შესახებ აქტიც შედგა, სადაც მითითებულია, რომ საგარანტიო პერიოდში შესრულებული სამუშაოს დეფექტები არ გამოვლენილა.
6. ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მენარდის წინააღმდეგ შემკვეთმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
7. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
9.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია.
მოცემული დასკვნის დასასაბუთებლად სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1 (სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა), 655-ე (მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე, ხოლო ისეთი მოთხოვნა, რომელიც ნაგებობას შეეხება - ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან) მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ ნივთის ნაკლიდან გამომდინარე მოთხოვნის აღძვრის უფლება შემკვეთს სამუშაოების მიღების დღიდან 5 წლის განმავლობაში ჰქონდა. ამასთან, აღნიშნულ ვადაში უნდა მომხდარიყო, როგორც ნაკლის აღმოჩენა, ისე, მოთხოვნის წარდგენა.
ვინაიდან საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი მხარეებმა 2016 წლის 22 იანვარს გააფორმეს, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოთხოვნის წარდგენის უფლება მოსარჩელეს 2021 წლის 22 იანვრამდე გააჩნდა, თუმცა სარჩელი სიღნაღის რაიონულ სასამართლოს 2022 წლის 23 მაისს, კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის შემდეგ წარედგინა. ამავდროულად, შემთხვევაშიც კი, თუ დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის გასვლის შესახებ 2017 წლის 22 თებერვლის აქტს სასამართლო ხანდაზმულობის ვადის ათვლის წერტილად აიღებდა, სარჩელი მაინც ხანდაზმულად მიიჩნეოდა.
9.2. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით მისთვის ზიანის მიყენებისა და ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა. მოსარჩელის მითითებით, ზიანის ოდენობა ანგარიშფაქტურების შესაბამისად 1 024 443 ლარს შეადგენდა, თუმცა, აღნიშნული ანგარიშფაქტურები ან დასახელებული თანხის გაანგარიშების შესახებ რაიმე სხვა მტკიცებულება საქმეზე წარდგენილი არ ყოფილა, რაც მოსარჩელის მოთხოვნას არსებითადაც უსაფუძვლოს ხდიდა.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა შემდეგი დასაბუთებით:
მიყენებული ზიანის ოდენობა მოსარჩელემ სარწმუნოდ დაადასტურა, რაც შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტიდან იქნა გამოთვლილი. სარჩელის ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტი სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დასტურდება, რომ შესრულებული სამუშაოს დაზიანება დადგენილ ნორმებთან მათი შეუსაბამობის გამო არის გამოწვეული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნაკისრი ვალდებულება მენარდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად არ შეუსრულებია.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
12. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.
კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.
14. სარჩელის დაკმაყოფილებაზე ურის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა, რაც, უმთავრესად, სარჩელის ხანდაზმულობის მოტივიდან გამომდინარეობს. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მოსაზრებას და, ამავე მოსაზრების დასასაბუთებლად, გასაჩივრებულ განჩინებაში წარმოდგენილ მსჯელობას, სრულად იზიარებს საკასაციო სასამართლოც.
15. პალატის განსჯით, სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველს ქმნის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილი გარემოებები, რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებშია წარმოდგენილი და სსსკ-ის 407.2 მუხლიდან გამომდინარე საკასაციო პალატისთვის სავალდებულოა.
ვინაიდან დადგენილია, რომ არც საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან (2016 წლის 22 იანვარი) და არც დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის გასვლის შესახებ აქტის შედგენიდან (2017 წლის 22 თებერვალი) ხუთი წლის ვადაში მენარდის წინააღმდეგ შემკვეთს სასამართლოში სარჩელი არ წარუდგენია, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა მართებულად ჩათვალა ხანდაზმულად.
ზემომითითებული დასკვნის სამართლებრივ საფუძველს სსკ-ის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1 (სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა), 655-ე (მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე, ხოლო ისეთი მოთხოვნა, რომელიც ნაგებობას შეეხება - ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან), 138-ე (ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები) მუხლები ქმნის.
კანონის დასახელებული ნორმების შინაარსის გათვალისწინებით, ნივთის ნაკლიდან გამომდინარე მოთხოვნის დაყენების უფლება შემკვეთს (მოსარჩელე) სამუშაოების მიღების დღიდან 5 წლის განმავლობაში ჰქონდა, რამდენადაც სსკ-ის 655-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის ათვლა შესრულებული სამუშაოს მიღებასთან არის დაკავშირებული, კერძოდ, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემკვეთის მიერ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლას კანონმდებელი იწყებს არა იმ მომენტიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, არამედ - შესრულებული სამუშაოს მიღების მომენტიდან (იხ. სუსგ. №ას-1072-1102-2011, 3.10.2011).
ამდენად, კასატორს სამუშაოს მიღების დღიდან სსკ-ის 655-ე მუხლით გათვალისწინებულ ხუთწლიან ვადაში ნაკლიც უნდა აღმოეჩინა და შესრულების ნაკლის გამო მოთხოვნაც უნდა წარედგინა, რასაც ამ უკანასკნელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნები კანონიერად ჩაითვალა ხანდაზმულად, რაც მის წარუმატებლობას განაპირობებს.
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან.
17. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს.მ–იის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ს.მ–იას“ (ს/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადასახადო დავალება № 28124, ბანკში საგადახდო დავალების მიღების/შესრულების თარიღი - 29.11.2023, წარდგენის თარიღი - 28.11.2023) 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე