Facebook Twitter

საქმე №ას-824-2021 10 ოქტომბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ა. ე. ფ. ს.ს.კ.ს–ფო“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.დ.“, მ.ხ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.04.2021 წლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ა. ე. ფ. ს.ს.კ.ს–ფომ“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ.დ.სა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) და მ.ხ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, პირველ მოპასუხესთან ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის მიერ მხარეთა საერთო სარგებლობის სადარბაზოს გამოყენებაში მოპასუხეების მხრიდან ყოველგვარი ხელშეშლის აღკვეთა, კერძოდ, მოპასუხეებისთვის ამ დროისათვის მოსარჩელის სამედიცინო დაწესებულებიდან სადარბაზოში გასასვლელი კარის გარედან ამოშენებული კედლის დემონტაჟის დავალება, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან სადავო საერთო სარგებლობის ფართში (სადარბაზო) გასასვლელი კარის შემდგომში ამოშენების, დაწებების, ჩაკეტვის, შედუღების, ჩამოხსნის, დაზიანების, ასევე, ნებისმიერი ისეთი ქმედების აკრძალვა, რაც სადავო გასასვლელს დაუკარგავს გასასვლელის ფუნქციას, რომელიც ამავდროულად ასრულებს მოსარჩელის სამედიცინო დაწესებულებიდან საევაკუაციო გასასვლელის ფუნქციას.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 02.05.2018 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გაასხვისა მოსარჩელის 100% წილი. ეს უკანასკნელი ფლობს უძრავ ქონებას, ქ. თბილისში, ...... (ს/კ: .......). უძრავი ქონების აუქციონით შემძენმა შპს „ ქ“-მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „შემძენი“) იკისრა ვალდებულება, რომ აღნიშნულ ქონებას 10 წლის განმავლობაში გამოიყენებს, როგორც სამედიცინო დაწესებულებას. ქონება მდებარეობს შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე. ამავე შენობაში, მეორე სართულზე უძრავ ქონებას ფლობენ მოპასუხეები, რომლებიც არიან უძრავი ნივთის (ს/კ: ........) თანამესაკუთრეები.

2.2. მას შემდგომ, რაც გასხვისდა მოსარჩელე საწარმო, შემძენმა დაიწყო ვალდებულებების შესრულება საქართველოს ქონების მართვის სააგენტოს მიმართ. შემძენმა დაიწყო ზემოაღნიშნული ფართის სარემონტო სამუშაოები, რათა სამედიცინო დაწესებულებას დაეკმაყოფილებინა მოქმედი კანონმდებლობა და შესაბამისი რეგულაციები. სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩნდა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ჰქონდა ამოშენებული საევაკუაციო გასასვლელი სადარბაზოში. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების, კერძოდ, „სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად, სავალდებულოა, ამ გასასვლელის ფუნქციონირება, რის გამოც მოსარჩელის სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებმა გახსნეს ამოშენებული გასასვლელი და ჩაამონტაჟეს რკინის მასიური კარი, რაც გააპროტესტეს მოპასუხეებმა.

2.3. მოპასუხეთა პროტესტმა მიიღო უკიდურესი სახე, კერძოდ, მათ კარი ბლოკის ფილებით ამოაშენეს, გამოიყენეს წებო და სხვადასხვა იმგვარი საშუალება, რაც შეუძლებელს გახდიდა გასასვლელით სარგებლობას. სადარბაზოში სათანადო მითითებით მოსარჩელემ დაამონტაჟა ვიდეოკამერა, რომელიც მოპასუხეებმა გაანადგურეს. არსებული კონფლიქტური საკითხის მოგვარების მიზნით მოსარჩელემ მიმართა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, რომელმაც როგორც მოსარჩელეს, ასევე - მოპასუხეს მიმართა წერილობით და განმარტა, რომ დაუშვებელია საევაკუაციო გასასვლელის გაუქმება. მოსარჩელემ წერილობით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსაც, რომელმაც დაადასტურა, რომ უძრავი ქონება, რომლის გამოყენებას ზღუდავენ მოპასუხეები, საერთო სარგებლობის ფართია.

3. მოპასუხეთა პოზიცია:

3.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელის საკუთრებაა ქ. თბილისში, ........., პირველ სართულზე მდებარე ფართი, ს/კ: ......., რომელსაც აქვს დამოუკიდებელი შესასვლელ-გასასვლელი. მოსარჩელეს სხვა ფართი არც ინდივიდუალურად და არც თანასაკუთრებით აღნიშნულ მისამართზე არ აქვს. მოპასუხეების საკუთრებაა ამავე მისამართზე (პირველ და მეორე სართულზე) მდებარე არასაცხოვრებელი ფართი, ს/კ: ......., რომელსაც ქუჩიდან აქვს ცალკე შესასვლელ-გასასვლელი. სხვა ფართი, მათ შორის ვინმესთან თანასაკუთრება, მოპასუხეებს არ აქვთ მითითებულ მისამართზე.

3.2. მოპასუხეების კუთვნილი არასაცხოვრებელი ფართი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს საერთოდ არ შეუმოწმებია. ამავდროულად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წერილში ერთი სიტყვაც არ წერია იმის შესახებ, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს სხვისი უფლება და რით გამოიხატა იგი, ასევე - შემმოწმებელმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რა სამართლებრივი რეაგირება მოახდინა და ვის მიმართ.

3.3. მოსარჩელე ქონების მესაკუთრედ აღირიცხა 26.10.2011 წელს. მას შემდეგ იგი სარგებლობდა კუთვნილი იზოლირებული ფართით და არავითარი პრეტენზია მოპასუხეთა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით არ ჰქონია. ვითარება შეიცვალა 03.05.2018 წლის შემდეგ, როდესაც მოსარჩელის 100%-იანი წილის მესაკუთრე გახდა შემძენი. ახალმა მეპატრონემ გადაწყვიტა თვითნებურად და უკანონოდ მოპასუხეთა კუთვნილ ფართში კედლის გაჭრა და ამ გზით, მეორე (დამატებითი) შესასვლელ-გასასვლელის მოწყობა. მოსარჩელეს არაფრად მიაჩნია, რომ მოპასუხეთა კუთვნილ არასაცხოვრებელ ფართში გასასვლელი კედელი ამოქოლილ-გაუქმებულია 50 წელზე მეტი ხნის წინ. მას შემდეგ, მოსარჩელის წინამორბედნი სარგებლობდნენ მხოლოდ კუთვნილი 346.42 კვ.მ იზოლირებული ფართით, რომელსაც აქვს ცალკე (დამოუკიდებელი) შესასვლელ-გასასვლელი და რომლითაც მოსარჩელე დღესაც სარგებლობს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.10.2019 წლის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს აღეკვეთათ ყოველგვარი ხელშეშლა მხარეთა საერთო სარგებლობის - სადარბაზოს მოსარჩელის მიერ გამოყენებაზე, კერძოდ, მოპასუხეებს დაევალათ ამ დროისათვის მოსარჩელის სამედიცინო დაწესებულებიდან სადარბაზოში გასასვლელი კარის გარედან ამოშენებული კედლის დემონტაჟი, აეკრძალათ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან სადავო საერთო სარგებლობის ფართში (სადარბაზო) გასასვლელი კარის შემდგომში ამოშენება, დაწებება, ჩაკეტვა, შედუღება, ჩამოხსნა, დაზიანება, ასევე - ნებისმიერი ისეთი ქმედება, რაც სადავო გასასვლელს დაუკარგავს გასასვლელის ფუნქციას. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

4.1. მოსარჩელე საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტია (რეგისტრაციის თარიღი: 03.10.2006წ.), რომლის 100% წილის მესაკუთრე შემძენია.

4.2. მოსარჩელის საკუთრებაშია უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისში, ......., ს/კ: ........, რომელიც მოიცავს შენობა-ნაგებობის I სართულზე განთავსებულ 346.42 კვ.მ ფართს.

4.3. მოპასუხეები თანასაკუთრების სახით ფლობენ, იმავე შენობა-ნაგებობაში 498 კვ.მ ფართს, კერძოდ, უძრავ ქონებას, მდებარე - ქ. თბილისში, ........., ს/კ: ........ მეორე მოპასუხის საკუთრებაა ქონების 2.87%, ხოლო პირველი მოპასუხის - 97.13%.

4.4. მხარეთა შორის სადავოა საერთო შენობა-ნაგებობაში არსებული გასასვლელით (სადარბაზოთი) სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხი, რასთან მიმართებითაც არაერთხელ შექმნილა კონფლიქტი, რომელიც მოგვარდა საპატრულო პოლიციის ჩარევის მეშვეობით.

4.5. მოსარჩელემ სადავო ფართით სარგებლობის აუცილებლობის დადასტურების საფუძვლით მიმართა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შენობის სახანძრო-ტექნიკური შემოწმების მოთხოვნით, რის საფუძველზეც სამსახურმა 26.12.2018 წელს შეამოწმა შენობა, კერძოდ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტებმა ჩაატარეს ქ. თბილისში, ........ მდებარე მოსარჩელის ბავშვთა პედიატრიული პოლიკლინიკის შენობის სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. „სახანძრო-უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 23.07.2015 წლის №370 დადგენილების მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, „საევაკუაციო გზების და გასასვლელების ექსპლუატაციისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საევაკუაციო გზების და გასასვლელების რაოდენობის, ზომების და გეგმარებით-მოცულობითი გადაწყვეტების დაცვა“. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვთა პედიატრიული პოლიკლინიკის შენობის საევაკუაციო გასასვლელის (კიბის უჯრედზე გამავალი კარები) გაუქმება, ჩაკეტვა დაუშვებელია.

4.6. მხარეთა შორის არსებული უთანხმოებიდან გამომდინარე, მოსარჩელის 100% წილის მესაკუთრის დირექტორმა ნ.ბ–მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამსახურის უფროსს და მოახსენა, რომ 02.05.2018 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემძენს ნაკისრი აქვს ვალდებულება, 10 წლის განმავლობაში უზრუნველეყო საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების ან მისი ნაწილის სამედიცინო პროფილით ფუნქციონირება, თუმცა საერთო შენობა-ნაგებობაში სხვა მესაკუთრეები (მოპასუხეები) უზღუდავენ საავადმყოფოს საერთო გასასვლელით (სადარბაზო, კიბის უჯრედი და ა.შ.) სარგებლობის შესაძლებლობას და, შესაბამისად, ხელშეკრულების ფარგლებში შემძენის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. განმცხადებლის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებები ვალდებული არიან, ჰქონდეთ სახანძროს უსაფრთხოების წესები დაცული, მათ შორის - ალტერნატიული, საევაკუაციო გასასვლელები სამედიცინო დაწესებულებიდან. ვინაიდან, აღნიშნული პირები უკანონოდ ზღუდავენ საერთო საკუთრების გამოყენებას, შესაძლოა, სამედიცინო დაწესებულებას შეექმნას საფრთხე სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობებზე, რასთან დაკავშირებითაც კლინიკამ მიმართა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, რომელმაც აღნიშნულ ფართზე ჩაატარა მოკვლევა და წერილობით დაადასტურა, რომ კომპანიის საევაკუაციო გასასვლელის (კიბის უჯრედზე გამავალი კარები) გაუქმება, ჩაკეტვა დაუშვებელია. განმცხადებელმა მიუთითა, რომ სახელმწიფო, როგორც შენობა-ნაგებობაში განსაზღვრული ფართის მესაკუთრე, ასევე, უფლებამოსილია, ისარგებლოს საერთო საკუთრების ფართით და, შესაბამისად, როგორც კლინიკის, ასევე - პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე, განმცხადებელმა სახელმწიფოს მოსთხოვა, მოპასუხეთათვის დაევალებინა ხელშეშლის აღკვეთა.

4.7. აღნიშნულის პასუხად, 30.01.2019 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შემძენს განუმარტა, რომ მათ მიერ წერილში მითითებული შენობა-ნაგებობის ნაწილი საერთო სარგებლობის ფართია. ამასთან, განმცხადებელს განემარტა, რომ წერილში დასმული საკითხი კერძო პირთა შორის შეთანხმების საგანია.

4.8. შემძენის დირექტორმა წერილობით მიმართა პირველი მოპასუხის დირექტორს და მიუთითა, რომ მოსარჩელე საწარმო მდებარეობს იმავე იურიდიულ მისამართზე, სადაც არის განთავსებული პირველი მოპასუხის სამედიცინო დაწესებულება. მიწერილობის ფარგლებში მოსარჩელემ განმარტა, რომ მათ უძრავი ქონება შეიძინეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაგან გარკვეული ვალდებულებებით, რომ შენარჩუნებულიყო სამედიცინო დაწესებულების პროფილი და კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწყობილიყო კლინიკა. სამედიცინო დაწესებულებები ვალდებული არიან, ჰქონდეთ სახანძროს უსაფრთხოების წესები დაცული და შენობა აღჭურვილი იყოს ალტერნატიული გასასვლელით. იმის გამო, რომ უკანონოდ იზღუდება საერთო საკუთრების გამოყენება, შესაძლოა, სამედიცინო დაწესებულებას შეექმნას საფრთხე სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობებზე, რაზეც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კომპანიას დააჯარიმებს სოლიდური თანხით. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პირველი მოპასუხის მხრიდან არაერთხელ შეიზღუდა საერთო სარგებლობის ფართით მოსარჩელისათვის სარგებლობა, შემძენმა მოითხოვა მსგავსი ქმედებების შეწყვეტა.

4.9. პირველი მოპასუხე საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტია, რომლის დირექტორია რ.ქ–ძე. კომპანიას ჰყავს 36 მეწილე პარტნიორი.

4.10. 26.07.2001 წლის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ და რ.ქ–ძემ დაადასტურეს, რომ ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული 09.02.1999 წლის №ქონ-027 ცნობაზე დართული და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 04.06.2001 წლის №1-3/376 ბრძანების საფუძველზე, მოქალაქე რ. ქ–ძეს გადაეცა - ქ. თბილისში, .......... მდებარე შენობა-ნაგებობაზე რიცხული საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთის ფართობიდან (498 კვ.მ) შპს „სტომატოლოგიური სამკურნალო-ს.გ–აზე“ დამაგრებული 166 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

4.11. პირველმა მოპასუხემ 21.12.2018 წელს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისში, ........., არასაცხოვრებელ ფართზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. 21.12.2018 წლის განცხადებასთან დაკავშირებით, 27.12.2018 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არასრულყოფილია და მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელია წარდგენილ იქნეს: ა) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური; ბ) ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან სართულის გეგმა სარეგისტრაციო ფართის მდებარეობის მითითებით. გადაწყვეტილებით ასევე განიმარტა, რომ განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენია ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან სართულის გეგმა, რეგისტრირებულიდან სარეგისტრაციო ფართების მითითება. დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ სარეგისტრაციო წარმოების შედეგად გამოვლენილ გარემოებათა გათვალისწინებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ: ა) წარდგენილია შიდა აზომვითი ნახაზი, რომლის საფუძველზედაც არ არის შესრულებული საკუთრების უფლების ობიექტის იდენტიფიკაცია ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ სართულის გეგმებზე; ბ) ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული ინფორმაციის შესაბამისად, დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ განკარგულია გარკვეული ფართები: 27.07.2001 წელს №883-კ საკუთრების უფლების მოწმობით განკარგულია ფართი. წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება სარეგისტრაციო ფართი მოიცავს თუ არა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ განკარგულ ფართებს. 27.12.2018 წელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაიგზავნა №530126 წერილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში ზემოთ აღნიშნული გარემოების გამოკვლევის მიზნით.

4.12. 03.01.2019 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო პირველი მოპასუხის 21.12.2018 წლის განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ: ა) წარდგენილია შიდა აზომვითი ნახაზი, რომლის საფუძველზედაც არ არის შესრულებული საკუთრების უფლების ობიექტის იდენტიფიკაცია ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ სართულის გეგმებზე; ბ) ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული ინფორმაციის შესაბამისად, დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ განკარგულია გარკვეული ფართები (27.07.2001 წელს №883-კ საკუთრების უფლების მოწმობით განკარგულია ფართი); გ) წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება სარეგისტრაციო ფართი მოიცავს თუ არა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ განკარგულ ფართებს; დ) 27.12.2018 წელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაიგზავნა №530126 წერილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში ზემოთ აღნიშნული გარემოების გამოკვლევის მიზნით. ვინაიდან სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არასრულყოფილია, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელია, წარდგენილ იქნეს: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური. 2) ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან სართულის გეგმა სარეგისტრაციო ფართის მდებარეობის მითითებით. სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 03.01.2019 წლის №774 წერილზე პასუხის მიღებისთანავე. ასევე განიმარტა, რომ განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენია ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან სართულის გეგმა, რეგისტრირებული და სარეგისტრაციო ფართების მითითებით.

4.13 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.01.2019 წლის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით, პირველ მოპასუხეს 21.12.2018 წლის განცხადებაზე განემარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელია, წარდგენილ იქნეს შესაბამისი დოკუმენტი/ინფორმაცია, რომლითაც სახელმწიფო დაადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უძრავი ნივთი (აზომვით ნახაზზე მითითებული ფართი და კონფიგურაცია) წარმოადგენს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 27.07.2001 წელს გაცემული №883-კ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით განკარგულ ფართს და რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთი (აზომვით ნახაზზე მითითებული ფართითა და კონფიგურაციით) არ განეკუთვნება სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის ობიექტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება.

4.14. აღნიშნულის შემდგომ პირველმა მოპასუხემ 29.01.2019 წელს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რასთან დაკავშირებითაც სააგენტომ 09.02.2019 წლის პასუხით განუმარტა, რომ სააგენტოს არქივში დაცული საპრივატიზებო დოკუმენტაციის მიხედვით საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 27.07.2001 წლის №883-კ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე პრივატიზირებულ იქნა შპს „რ.ს.ს-ს.გ–ის“ 100% წილი. ვინაიდან, არსებულ საპრივატიზებო დოკუმენტაციაში არ არის ზემოხსენებული საწარმოს კაპიტალში რიცხული უძრავი ნივთის ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს კორესპონდენციებში დასმულ საკითხთან დაკავშირებით.

4.15. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 27.02.2019 წელს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, რადგან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებულ პირს შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია არ წარუდგენია.

4.16. 17.06.2019 წელს პირველი მოპასუხის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსს და მოითხოვა ქ. თბილისში, ....... მდებარე შენობის სახანძრო-ტექნიკური შემოწმების მასალების სრულად გადაცემა, რადგან შემოწმების შედეგები უშუალოდ ეხებოდა კომპანიის ინტერესებს. აღნიშნულის პასუხად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 19.06.2019 წელს წერილობით აცნობა პირველ მოპასუხეს, რომ ქ. თბილისში, ....... მდებარე მოსარჩელის ბავშვთა პედიატრიული კლინიკის დირექტორ გ.გ–ძის 25.12.2019 წლის მიმართვის საფუძველზე სამსახურის სპეციალისტებმა ადგილზე შეისწავლეს განცხადებაში მოყვანილი ფაქტი შენობის მე-2 სართულზე არსებული სტომატოლოგიური კლინიკის პირველი მოპასუხის მიერ საევაკუაციო გასასვლელის (ამოშენების) გაუქმების თაობაზე, რაზედაც გაიცა შესაბამისი წერილობითი პასუხი. განმცხადებელსვე ეცნობა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ აღნიშნული საკითხის შესწავლის დროს რაიმე სხვა სახის აქტი არ შედგენილა.

4.17. მხარეთა შორის არსებულ კონფლიქტურ სიტუაციას ასახავს საქმეში წარმოდგენილი საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი არაერთი რეაგირების ოქმი, კერძოდ:

- 15.12.2018 წლის დეკემბრის რეაგირების ოქმით დგინდება, რომ პირველი მოპასუხის დირექტორმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია მასზე, რომ მისი კუთვნილი სტომატოლოგიური კლინიკის მომიჯნავე კედლის მესაკუთრეები აპირებენ კედლის გამონგრევის გზით კარების დამონტაჟებას, რისი წინააღმდეგიც არის პირველი მოპასუხე, მით უფრო, სტომატოლოგიური კლინიკის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ნებართვა არ არის გაცემული. შემთხვევასთან დაკავშირებით, მოწინააღმდეგე მხარემ განმარტა, რომ არ აპირებდა ამ ეტაპზე კარების დაყენებას და შესაბამისი ნებართვის მოპოვების პირობებში უზრუნველყოფდა სამომავლოდ კარის დამონტაჟებას.

- 07.12.2018 წლის რეაგირების ოქმით დგინდება, რომ პატრულ-ინსპექტორი მისამართზე, ........ გამოცხადდა შესაბამისი კონფლიქტის თაობაზე ინფორმაციის მიღების საფუძველზე, ადგილზე დახვდა პირველი მოპასუხის დირექტორი და განუმარტა, რომ მათ საკუთრებაში არსებულ კედელზე ნ.ბ–მა უნებართვოდ დაამონტაჟა კარი, რომელსაც ამავე შენობაში პირველ სართულზე შეძენილი ჰქონდა ფართი, სადაც ადრე იყო ბავშვთა პოლიკლინიკა და რომელსაც შესასვლელი აქვს ეზოს მხრიდან. შესაბამისად, ქემოკლიძის განმარტებით, ნ.ბ–ს არანაირი უფლება არ ჰქონდა, გამოეჭრა აღნიშნული კედელი.

- 19.12.2018 წლის რეაგირების ოქმით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ....... სტომატოლოგიური კლინიკის წარმომადგენლებსა და მოსარჩელის წარმომადგენლებს ჰქონდათ უთანხმოება პირველი სართულის სადარბაზოს ფართით სარგებლობასთან დაკავშირებით. ადგილზე, დაპირისპირებულ მხარეებს განემარტათ თავიანთი უფლებები, სამართლებრივად მოეგვარებინათ არსებული უთანხმოება. მოსარჩელის დამფუძნებელმა განმარტა, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული ფართით სარგებლობის უფლება მას არ ეკუთვნის, კარებს ამოლუქავს და სამართლებრივად აგებს პასუხს.

- 19.12.2018 წელს 15:35 სთ-ზე კვლავ გამოიძახეს პატრულ-ინსპექტორი, რასთან მიმართებითაც შედგა დამატებითი რეაგირების ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ დაპირისპირებულ მხარეთა შორის კონფლიქტს კვლავ ჰქონდა ადგილი.

- 2019 წლის 4 მარტისა და 21 მაისის რეაგირების ოქმებით დგინდება, რომ მხარეთა შორის კვლავ დავის საგანი იყო გასასვლელით სარგებლობის შესაძლებლობა და კედლის მონგრევის შეთანხმების მიუღწევლობა.

4.18. წარმოდგენილი რეაგირების ოქმებით ცალსახად დასტურდება, რომ მოდავე მხარეები მუდმივ დაპირისპირებაში იმყოფებიან გასასვლელით სარგებლობასთან დაკავშირებით. მოპასუხეთა მხრიდან ხელშეშლის არსებობას ადასტურებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება და საქმეში წარმოდგენილი სხვა დამატებითი მტკიცებულებებიც, მათ შორის ფოტოსურათებიც, რომლითაც ვიზუალურად აღქმადია ადგილზე არსებული მდგომარეობა. კონკრეტული დავის გადაწყვეტის მიზნით, სავალდებულოა, დადგინდეს, არის თუ არა სადავო გასასვლელი საერთო სარგებლობის ფართი, თუ ის წარმოადგენს მოპასუხეთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ ფართს, რასაც შესაძლოა მიენიჭებინა მოპასუხეთათვის უფლება, აეკრძალათ სხვა პირებისათვის, მათ შორის მოსარჩელისათვის მათი საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა. საგულისხმოა, რომ სადავო მონაკვეთის მესაკუთრეობასთან დაკავშირებით მოპასუხეთა მიერ არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და შესაბამისი აზომვითი ნახაზი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა სადავო მონაკვეთის მათ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადგენა. მით უფრო, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ პირველმა მოპასუხემ უთანხმოების წარმოშობის შემდგომ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკუთრების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების მოთხოვნით, რაც არ არის დაკმაყოფილებული და, შესაბამისად, არ დასტურდება სადავო გასასვლელის მოსარჩელისა თუ მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტი. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შედავებაზე, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს სადარბაზოსთან მიმართებით საერთო საკუთრების არსებობას, რის გამოც გაუმართლებლად მიიჩნევს მოთხოვნას ხელშეშლის ნაწილში. სასამართლოს განმარტებით, რამდენადაც ერთიან შენობა-ნაგებობაში არსებული ფართები სხვადასხვა მესაკუთრის ინდივიდუალურ საკუთრებაშია, შენობის ის ნაწილი, რომელიც არ ირიცხება არცერთი მესაკუთრის ინდივიდუალურ საკუთრებად, ამ შენობაში არსებული მესაკუთრეების საერთო სარგებლობის ფართია, შესაბამისად, აპელირება გარემოებაზე, რომ არ დასტურდება მოსარჩელის უფლება სადავო გასასვლელთან მიმართებით, გაუმართლებელია, ვინაიდან უდავოა, რომ ორივე მხარე გარკვეულ ფართს ფლობს შენობა-ნაგებობაში, შესაბამისად, ისინი აღჭურვილი არიან შესაძლებლობით, ისარგებლონ ამავე შენობის საერთო საკუთრების ნაწილით. უფრო მეტიც, თავად მოპასუხის მტკიცების საგანს შეადგენდა, ედასტურებინა გარემოება, რომ მისი მხრიდან ბლოკირებული სადარბაზო წარმოადგენს უშუალოდ მის საკუთრებას, რაც მიანიჭებდა შესაძლებლობას, განესაზღვრა იმ პირთა წრე, ვისაც ექნებოდა შესაძლებლობა ესარგებლა გასასვლელით. გარემოება, რომ წლების მანძილზე არსებობდა ამგვარი მიდგომა, არ ართმევს ახალ მესაკუთრეს უფლებას, მოითხოვოს საკუთრებით ჯეროვანი სარგებლობის შესაძლებლობა. მოსარჩელეს არ ეზღუდება უფლება, მოითხოვოს საერთო საკუთრებით სარგებლობა. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ სადავო ფართი შენობაში განთავსებული მესაკუთრეების საერთო საკუთრებაა და, შესაბამისად, გაუმართლებელია, რომელიმე მესაკუთრის მიერ საერთო საკუთრების ფართით სარგებლობის ხელშეშლა.

4.19. მოპასუხე თავის საკუთრების უფლებას სადავო გასასვლელთან დაკავშირებით ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ქონების პრივატიზაციამდე, დაახლოებით 40-60 წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შენობა-ნაგებობა იყო ერთი მესაკუთრის - სახელმწიფოს საკუთრებაში, ქონება გამიჯნული იყო დღევანდელი სახით და სწორედ ამგვარად გადაეცა მოპასუხეებს, შესაბამისად, მათი მტკიცებით, აღნიშნული გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნის განხორციელების შესაძლებლობას, რაც გაუმართლებელია, რადგან ფაქტობრივი მდგომარეობა ვერ შეასუსტებს შენობა-ნაგებობის საერთო საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობას ამავე შენობაში სხვა ფართების მესაკუთრეებისათვის.

4.20. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის შედავება, მისამართისა და სუბიექტის არაიმავეობასთან დაკავშირებით, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ განსახილველი საქმის მოსარჩელეს საკუთრებაში აქვს ......... არსებული ფართი. ამავდროულად, დგინდება, რომ მიწერილობების ავტორი შემძენი არის მოსარჩელის 100% წილის მესაკუთრე პარტნიორი და, შესაბამისად, დაკავშირებული სუბიექტი. გარდა აღნიშნულისა, რეაგირების ოქმებითაც დგინდება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს ერთიან შენობა-ნაგებობაში საკუთრებაში აქვთ უძრავი ნივთები და მტკიცება მოსარჩელის არაუფლებამოსილებასთან დაკავშირებით გაუმართლებელია. დაუსაბუთებელია მოპასუხის შედავება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ შემოწმების აქტში აღნიშნული მისამართის სხვაობასთან დაკავშირებითაც, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთიანი ანალიზი ადასტურებს, რომ განსახილველი დავის მხარეები დავობენ, ქ. თბილისში, ........ არსებული შენობა-ნაგებობის საერთო საკუთრების გასასვლელით სარგებლობასთან დაკავშირებით და სწორედ აღნიშნული შენობა-ნაგებობის შემოწმების საფუძველზე გასცა შესაბამისი მითითება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ჩატარებულ შემოწმებაზე, რომელიც საავარიო გასასვლელად, სწორედ სადავო სადარბაზოს განიხილავს, რაც დამატებით ამყარებს მოსარჩელის უფლებას, მოითხოვოს მოპასუხეთა მხრიდან ხელშეშლის აღკვეთა.

4.21. მოპასუხეთა შედავება შეეხო იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელეს თავის საკუთრებაში არსებულ ფართთან დაკავშირებით ჰქონდა 4 გასასვლელი კარი, რომელთაგან 2 მოსარჩელის მიერ დაილუქა, რაც არც მოსარჩელეს არ უარუყვია, თუმცა აღნიშნული ვერ განიხილება მოსარჩელის უფლების შეზღუდვის საფუძვლად, ისარგებლოს საერთო საკუთრების მონაკვეთით. საქმეში წარმოდგენილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული გადაწყვეტილებაც მოწმობს, რომ მოსარჩელის მიერ უნებართვოდ არ განხორციელებულა სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

4.22. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) მე-8, 115-ე, 170-ე, 172-ე, 173-ე მუხლებით, ასევე - „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში „სპეციალური კანონი“) მე-3 და მე-5 მუხლებით.

4.23. სპეციალური კანონის მე-3 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები განსაზღვრავს მრავალბინიან სახლებში ინდივიდუალური საკუთრების და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების სამართლებრივ განმარტებებს, აღნიშნული პუნქტების თანახმად, ინდივიდუალური საკუთრებაა – ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრება, აგრეთვე ამ ფართობის შემადგენელი ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ანდა დაემატოს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.), ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას კი წარმოადგენს მიწის ნაკვეთი, ამავე ნაკვეთზე განთავსებული მრავალბინიანი სახლი, მასთან დაკავშირებული მომსახურე საინჟინრო ქსელების, მოწყობილობა-დანადგარების, შენობა-ნაგებობებისა და კეთილმოწყობის ობიექტების ერთობლიობა, რომელიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში. მითითებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები, სხვადასხვა დანიშნულების შახტები, არხები, ნაგავგამტარები, ბუნკერები და ა.შ., რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში.

4.24. განსახილველი შემთხვევა ესადაგება კანონით რეგულირებულ შემთხვევას, რადგან შენობა მოიცავს სხვადასხვა მესაკუთრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ არასაცხოვრებელ ფართებს (რაც მხარეებმა დაადასტურეს სასამართლო განხილვის დროს), შესაბამისად, ამ მესაკუთრეთა შორის არსებული ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს სწორედ მოხმობილი კანონით, რაც ასაბუთებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ სადავო ფართი წარმოადგენს საერთო საკუთრებას და მისით სარგებლობის უფლება თანაბრად აქვს ამ შენობაში არსებულ მესაკუთრეებს. ასევე, უდავოა რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 26.12.2018 წელს განახორციელა ქ. თბილისში, ....... მდებარე მოსარჩელის ბავშვთა პედიატრიული პოლიკლინიკის შენობის სახანძრო-ტექნიკური შემოწმება, რომლის შესაბამისადაც, „სახანძრო-უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 23.07.2015 წლის №370 დადგენილების მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, „საევაკუაციო გზების და გასასვლელების ექსპლუატაციისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საევაკუაციო გზების და გასასვლელების რაოდენობის, ზომების და გეგმარებით-მოცულობითი გადაწყვეტების დაცვა“. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვთა პედიატრიული პოლიკლინიკის შენობის საევაკუაციო გასასვლელის (კიბის უჯრედზე გამავალი კარები) გაუქმება, ჩაკეტვა დაუშვებელია.

4.25. სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად და მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობად მიიჩნია სადავო გასასვლელის საერთო სარგებლობაში არსებობის ფაქტი. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებისას სადავო გასასვლელისათვის, ამავდროულად, მოსარჩელის სამედიცინო დაწესებულებიდან საევაკუაციო გასასვლელის ფუნქციის სტატუსის მინიჭებას, სასამართლომ აღნიშნულიც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რაც არ საჭიროებს დაკმაყოფილებულ სასარჩელო მოთხოვნაში ასახვას.

4.26. მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს, რომ სადავო გასასვლელი (სადარბაზო) წარმოადგენს მათ ინდივიდუალურ საკუთრებას და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 498 კვ.მ ფართი მოიცავს შენობის აღნიშნულ ნაწილსაც, უფრო მეტიც, წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები მოწმობენ, რომ რეალურად არ დასტურდება სადავო გასასვლელის რომელიმე მესაკუთრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტი, რაც წარმოადგენს აღნიშნული ნაწილის საერთო საკუთრებად მიჩნევის საფუძველს. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა მტკიცება, რომ ერთიანი შენობის ფარგლებში გაერთიანებული ინდივიდუალური საკუთრების მესაკუთრეებს საერთო საკუთრების ფართებთან მიმართებით უფლების დასასაბუთებლად ესაჭიროებათ საჯარო რეესტრში ამ საერთო სარგებლობის ქონების მესაკუთრედ რეგისტრაცია. ის გარემოება, რომ გასასვლელის ნაწილი არ არის რეგისტრირებული არცერთი მესაკუთრის ინდივიდუალურ საკუთრებად, ადასტურებს, რომ ის საერთო საკუთრების ნაწილია, რომლით სარგებლობის შესაძლებლობა თანაბარწილად აქვთ ამ შენობაში გაერთიანებული ფართების მესაკუთრეებს. შესაბამისად, ნებისმიერი პირის მხრიდან ხელშეშლა ექვემდებარება სსკ-ის 172.2 მუხლის საფუძველზე აღკვეთას.

5. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.04.2021 წლის გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

6.1. მხარეთა ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში არსებულ ფართთან დაკავშირებით ჰქონდა 4 გასასვლელი კარი, რომელთაგან 2 მოსარჩელემ დალუქა.

6.2. უდავოა, რომ საერთო შენობა-ნაგებობაში არსებული სადავო გასასვლელი (სადარბაზო) გამიჯნულია მოსარჩელის ინდივიდუალური საკუთრების საგნისაგან კედლით, ამასთან, მოსარჩელემ ნივთი შეიძინა მითითებული მდგომარეობით. 20.11.1998 წელს მომზადებული შენობის გეგმისა და სასამართლოს სხდომაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოწვეული სპეციალისტების განმარტების თანახმად, ნახაზზე არ არის ასახული მოსარჩელის კუთვნილი საგნიდან სადავო გასასვლელთან (სადარბაზოსთან) დამაკავშირებელი გასასვლელის არსებობის ფაქტი. შესაბამისად, მითითებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 20.11.1998 წლის მდგომარეობით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საგანი გამიჯნული იყო სადავო გასასვლელთან (სადარბაზოსთან) კედლით.

6.3. პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასებისა და სპეციალური კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე მითითებით, მართებულად მიიჩნია, რომ სადავო გასასვლელი (სადარბაზო) წარმოადგენდა მოდავე მხარეთა საერთო საკუთრებას. პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული კანონის მე-5 მუხლი იძლევა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების დეფინიციას. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას ასევე წარმოადგენს მრავალბინიანი სახლის მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციები (საძირკვლები, კარკასი, კედლები, საერთო სარგებლობის აივნები, სართულშუა გადახურვები, პარაპეტები (მოაჯირები), ლავგარდანები (კარნიზები), საწვიმარი მილები და ა. შ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, კედელი, რომლითაც გამიჯნულია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საგანი და სადავო გასასვლელი (სადარბაზო), მიჩნეულ უნდა იქნეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებად.

6.4. სპეციალური კანონის მე-101 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ისეთი განვითარება, რომელიც გავლენას ახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე, თუმცა არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კი, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების დემონტაჟს, ამის შესახებ გადაწყვეტილებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იღებს წევრთა 2/3-ის ხმებით. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის არსიდან და მხარეთა ახსნა-განმარტებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიზანს წარმოადგენს შეუზღუდავად და არამხოლოდ, როგორც საევაკუაციო გასასვლელის ფუნქციით, ისარგებლოს საერთო საკუთრებაში არსებული სადავო გასასვლელით (სადარბაზოთი). შესაბამისად, მისი მიზანია, ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ისეთი განვითარება, რომელიც გავლენას ახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე, თუმცა არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას. ამასთან, საგულისხმოა, რომ ამ მიზნის მისაღწევად, მოსარჩელე ითხოვს საერთო საკუთრებაში არსებული კედლის დემონტაჟს, თუმცა არ არსებობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3-ის ხმებით მიღებული გადაწყვეტილება. მოცემული კი, თავის მხრივ, გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლებს.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგს:

7.1. საქმის მასალებით დგინდება, რომ კასატორი ცდილობდა, აღედგინა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან სადარბაზოში გასასვლელი კარის ფუნქციონირება, რადგან კანონმდებლობით დადგენილი წესით აღნიშნული გასასვლელი ითვლება საევაკუაციო გასასვლელად, რომ არაფერი ვთქვათ, მოსარჩელისთვის ამ გასასვლელის არსებობის მნიშვნელობაზე.

7.2. მოპასუხე თავად ადასტურებს, რომ დაახლოებით 50 წლის წინ ნამდვილად იყო კონკრეტული კარი, თუმცა შემდგომ თაბაშირმუყაოთი ამოშენდა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს გასასვლელი კარი არ შეიძლებოდა მომავალში ყოფილიყო გამოყენებული.

7.3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წერილში ნათლად აღნიშნა, რომ სადარბაზო/ღიობი წარმოადგენს საერთო სარგებლობის ფართს. შესაბამისად, მოპასუხეებზე არ გასხვისებულა კიბის უჯრედი და სადარბაზო.

7.4. სასამართლომ უგულებელყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები, რომლებითაც უარი ეთქვა მოპასუხეებს სადარბაზოს კიბის უჯრედისა და ღიობის საკუთრებაში რეგისტრაციაზე.

7.5. სპეციალური კანონის 101 მუხლით დადგენილი წესით, ამხანაგობის 2/3-ის ხმებით გადაწყვეტილების მიღება არ სჭირდება წლების წინ ძველი მესაკუთრის მიერ ამჟამად მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართიდან სადარბაზოში გასასვლელი კარის თაბაშირმუყაოთი ამოშენებული კედლის დემონტაჟსა და მისი ფუნქციის ხელახლა დაბრუნებას.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს.

10. მოსარჩელის საკუთრებაა თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩა №9-ში მდებარე უძრავი ნივთის პირველ სართულზე განთავსებული 346.42 კვ.მ ფართი, სადაც ფუნქციონირებს ბავშვთა პედიატრიული პოლიკლინიკა. ამავე უძრავ ნივთში მოპასუხეების თანასაკუთრების ობიექტია 498 კვ.მ ფართი, საიდანაც პირველი მოპასუხის საკუთრებაა 97.13%, ხოლო მეორე მოპასუხის - 2.87%.

11. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ ჩატარებული მოსარჩელის კუთვნილი ფართის (ანუ კლინიკის) სახანძრო-ტექნიკური შემოწმებით დგინდება, რომ საქართველოს მთავრობის 23.07.2015 წლის №370 დადგენილებით დამტკიცებული სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა (საევაკუაციო გზების და გასასვლელების ექსპლუატაციისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საევაკუაციო გზების და გასასვლელების რაოდენობის, ზომების და გეგმარებით-მოცულობითი გადაწყვეტების დაცვა) და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დასაცავად ბავშვთა პედიატრიული პოლიკლინიკის შენობის საევაკუაციო გასასვლელის (კიბის უჯრედზე გამავალი კარები) გაუქმება, ჩაკეტვა დაუშვებელია (ტ.1, ს.ფ. 22-23).

12. მხარეთა შორის სადავოა შენობა-ნაგებობაში არსებული გასასვლელით (სადარბაზოთი) სარგებლობის უფლება. მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხეებს აღეკვეთოთ ყოველგვარი ხელშეშლა მხარეთა საერთო სარგებლობის - სადარბაზოს მოსარჩელის მიერ გამოყენებაზე, კერძოდ, მოპასუხეებს დაევალოთ ამ დროისათვის მოსარჩელის სამედიცინო დაწესებულებიდან სადარბაზოში გასასვლელი კარის გარედან ამოშენებული კედლის დემონტაჟი, აეკრძალოთ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან სადავო საერთო სარგებლობის ფართში (სადარბაზო) გასასვლელი კარის შემდგომში ამოშენება, დაწებება, ჩაკეტვა, შედუღება, ჩამოხსნა, დაზიანება, ასევე, ნებისმიერი ისეთი ქმედება, რაც სადავო გასასვლელს დაუკარგავს გასასვლელის ფუნქციას. სადავო საკითხი უკავშირდება ბავშვთა პედიატრიული პოლიკლინიკის შენობის საევაკუაციო გასასვლელის (კიბის უჯრედზე გამავალი კარი) არსებობა-არარსებობას.

13. მოპასუხეები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად შესაგებელში უთითებდნენ მასზე, რომ ე.წ. სადავო გასასვლელი წარმოადგენს მათ კუთვნილ ფართს („მეპატრონემ გადაწყვიტა თვითნებურად და უკანონოდ მოპასუხეთა კუთვნილ ფართში კედლის გაჭრა“) (იხ. შესაგებელი, ტ.1, ს.ფ.62-72). ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით სადავო არ გამხდარა, რომ სადავო გასასვლელი (სადარბაზო) არ არის მოპასუხეთა ინდივიდუალური საკუთრება.

14. რაც შეეხება მოპასუხეთა არგუმენტს მასზე, რომ მოსარჩელეს აქვს კუთვნილ ფართში სხვა შესასვლელი („აქვს ცალკე (დამოუკიდებელი) შესასვლელ-გასასვლელი“), (იხ. შესაგებელი, ტ.1, ს.ფ.62-72), აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: სპეციალური კანონის მე-2 მუხლის თანახმად, კანონის მიზანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციისა და განვითარების სამართლებრივი პირობების უზრუნველყოფა. სპეციალური კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები, სხვადასხვა დანიშნულების შახტები, არხები, ნაგავგამტარები, ბუნკერები და ა. შ., რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში. სპეციალური კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არის მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება. მისი კონცეფცია ეფუძნება ძირითადად სამ კომპონენტს, ესენია: 1) ინდივიდუალური საკუთრება საცხოვრებელ თუ არასაცხოვრებელ ფართზე, 2) მიწისა და შენობის საერთო საკუთრების საერთო ფლობა და 3) მესაკუთრეთა გაერთიანების წევრობა (დაწვრილებით იხ. თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ.374-375).

15. ბინაზე საკუთრების უფლება, ისევე, როგორც ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული სხვა სახის ქონება, არ შეიძლება გასხვისდეს ან უფლებრივად დაიტვირთოს თანასაკუთრებაში წილის გარეშე (შდრ. სპეციალური კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები; Wolf, Wellenhofer, Sachenrecht, Munchen,2016, §2,18; თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ.378). ამდენად, ამხანაგობის წევრს შეუძლია, ისარგებლოს ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებით, ეს მისი წევრობის განუყოფელი ნაწილია.

16. შესაბამისად, სამართლებრივად არარელევანტურია საკითხი, აქვს თუ არა მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ ფართს კიდევ სხვა შესასვლელი. მოსარჩელეს, როგორც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს, აქვს სხვა წევრთა მსგავსად საერთო ქონებით სარგებლობის უფლება.

17. სპეციალური კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს მრავალბინიანი სახლის მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციები (საძირკვლები, კარკასი, კედლები, საერთო სარგებლობის აივნები, სართულშუა გადახურვები, პარაპეტები (მოაჯირები), ლავგარდანები (კარნიზები), საწვიმარი მილები და ა. შ.). ამავე კანონის მე-101 მუხლის პირველი პუნქტით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ისეთი განვითარება, რომელიც გავლენას ახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე, თუმცა არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით კი, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების დემონტაჟს, ამის შესახებ გადაწყვეტილებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იღებს წევრთა 2/3-ის ხმებით, რაც, მოცემულ შემთხვევაში, მიღებული არ ყოფილა.

18. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი დაფუძნებულია მასზე, რომ კედელი, რომლითაც გამიჯნულია მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართი სადავო გასასვლელისაგან (სადარბაზოსაგან), მიჩნეულ უნდა იქნეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებად, რომლის დემონტაჟისთვის საჭიროა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3-ის ხმებით მიღებული გადაწყვეტილება.

19. სააპელაციო პალატა დაეყრდნო გარემოებას მასზე, რომ დოკუმენტალურად არ დადასტურდა შენობის გეგმაში მოსარჩელის კუთვნილი საგნიდან სადავო გასასვლელთან (სადარბაზოსთან) დამაკავშირებელი გასასვლელის არსებობის ფაქტი. სააპელაციო პალატა დაეფუძნა საქმეში წარმოდგენილ 20.11.1998 წელს მომზადებულ შენობის გეგმას (ტ.1, ს.ფ.36), ასევე, სასამართლოს სხდომაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოწვეული სპეციალისტების განმარტებებს, რომლებმაც დაადასტურეს მითითებულ ნახაზზე სადავო ადგილას უშუალოდ კარის აღმნიშვნელი ნიშნის არარსებობა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა შეფასდა არა კარის ღიობის აღდგენად, არამედ მის მოწყობად, რასაც არ ეთანხმება კასატორი.

20. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იმის დასადგენად, ამჟამად მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართიდან ე.წ. კიბის უჯრედში გასასვლელად წლების წინ იყო თუ არა კარი მოწყობილი და რა საფუძვლით (ლეგალურად თუ თვითნებურად), 1998 წელს შენობის მდგომარეობის ამსახველი ნახაზი არ არის საკმარისი მტკიცებულება. სააპელაციო პალატის მიერ დაკითხული სპეციალისტის განმარტებით ირკვევა, რომ შენობა, რომლის გარკვეული ფართებიც მოდავე მხარეთა საკუთრებაა, აშენებულია მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში (იხ. 08.04.2021 წლის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი CD დისკზე, 13:40:44).

21. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილით, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

22. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, კარის ღიობის 1998 წლამდე არსებობა/არარსებობის საკითხზე შესაგებელში ასახული მოპასუხეთა პოზიცია (იხ. შესაგებელი, ტ.1, ს.ფ.65). საქმის ხელახლა განხილვისას უნდა დადგინდეს, რა სახით მოხდა შენობის ექსპლუატაციაში მიღება, კერძოდ, სადარბაზოში გამავალ კედელში კარი (ღიობი) იყო პროექტით გათვალისწინებული, მოწყობილი და შემდგომ დაიფარა, თუ ასეთი არ იყო გათვალისწინებული. სწორედ ამის მიხედვით უნდა განისაზღვროს, წინამდებარე საქმეში მოსარჩელეს სურს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების (კედლის) ნაწილობრივ დემონტაჟი თუ მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხეებს აღეკვეთოთ ყოველგვარი ხელშეშლა პროექტით გათვალისწინებული ღიობის მეშვეობით მხარეთა საერთო სარგებლობის სადარბაზოს მოსარჩელის მიერ გამოყენებაზე.

23. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ამდენად, საკასაციო პალატა ნაწილობრივ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს.

24. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ვინაიდან მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქვემდგომ სასამართლოს, პროცესის ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას. ამასთან, რადგან სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის (სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისთვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა), ამავე მუხლის მე-2 ნაწილისა (მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს) და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის (დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა) შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 150 ლარს, კასატორს სახელწიფო ბაჟის სახით, თავისი ინიციატივით გადახდილი 200 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ა. ე. ფ. ს.ს.კ.ს–ფოს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.04.2021 წლის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

3. შპს „ა. ე. ფ. ს.ს.კ.ს–ოს“ (ს/ნ: .......) უკან დაუბრუნდეს ა.ბ–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 200 ლარიდან (საგადახდო დავალება №11243501139, გადახდის თარიღი 19.07.2021წ.) ზედმეტად გადახდილი 50 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია