საქმე №ას-325-2024 11 აპრილი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ბ.ჭ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ჭ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.01.2024 წლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა/თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბ.ჭ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“, „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი წარადგინა ა.ჭ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“) მიმართ და მოითხოვა ნოტარიუს ე.შ–ის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ა21053920-004/002 ცვლილების შეტანა, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს 0.1%-დან 0,03%-მდე შემცირება, შესაბამისად, პირგასამტეხლოს თანხის ნაცვლად 14 700 (თოთხმეტი ათას შვიდასი) ლარისა 4410 (ოთხი ათას ოთხასი) ლარის ოდენობით განსაზღვრა. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი წარადგინა და მოითხოვა 2000 აშშ დოლარის გადახდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.11.2022 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ, ცვლილება შევიდა ნოტარიუს ე.შ–ის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ა21053920-004/002, პირგასამტეხლო განისაზღვრა 4410 ლარის ოდენობით. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და შეგებებული სარჩელით მოპასუხეს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 აშშ დოლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა პირგასამტეხლოს 441 ლარის ოდენობით განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.01.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 381-ე მუხლით და მიუთითა, რომ მოსარჩელე პირველი ინსტანციის სასამართლოში სადავოდ ხდიდა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას. ამასთან, დავის საგანი შეადგენდა 10 290 (14 700 - 4410) ლარს. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. სააპელაციო საჩივრის წარდგენით მოსარჩელემ მოითხოვა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის კვლავ შემცირება, კერძოდ, 441 ლარით განსაზღვრა, რითაც, თავის მხრივ, გაზარდა დავის საგნის ღირებულება, ვინაიდან, დავის საგანი ამ შემთხვევაში ნაცვლად 10 290 ლარისა გახდა 14 259 (14700-441) ლარი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გაადიდა სასარჩელო მოთხოვნა.
9. სსსკ-ის 381-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.
10. დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე სასამართლოს მსჯელობის საგანი უშუალოდ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დადგენილი დავის ფარგლებია და კანონმდებლობით ამ ფარგლების შეცვლას იმპერატიულად კრძალავს, სასამართლო კი, მოთხოვნის მართებულობას სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამდენად, მხარეს სააპელაციო ინსტანციაში სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის საპროცესო უფლებამოსილება არ გააჩნია, მხარის ამგვარი პრეტენზია (რომლის შესაბამისადაც მოსარჩელის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის მოცულობა თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნის ოდენობაზე მეტია) დაუშვებელია და სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება (სუსგ-ებები: №ას-405-405-2018, 13.04.2018წ;).
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებულია სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი - დისპოზიციურობა. ნორმის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სამართალწარმოების თითოეულ ეტაპზე საქმის განხილვისათვის გადამწყვეტს წარმოადგენს მხარის ნება იმგვარად, რომ სასამართლოს უფლებამოსილება მხოლოდ და მხოლოდ დისპოზიციურ ფარგლებში გამოვლენილი ნების შესწავლის გზით საქმის გარემოებების დადგენითა და მათი სამართლებრივი შეფასებით შემოიფარგლება, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს სასამართლოს დასკვნას სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე (სუსგ-ებები: №ას-1049-1003-2013, 30.04.2014წ;).
12. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა - ცვლილება შევიდა ნოტარიუს ე.შ–ის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ა21053920-004/002 და პირგასამტეხლო განისაზღვრა 4410 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა კერძო საჩივრის ავტორმა და მოითხოვა დაკისრებული პირგასამტეხოს ოდენობის კვლავ შემცირება, მისი ოდენობის 441 ლარით განსაზღვრა, რითიც, თავის მხრივ, გაზარდა დავის საგნის ღირებულება. აღნიშნული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.ჭ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.01.2024 წლის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მომხსენებელი: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია