Facebook Twitter

საქმე №ას-184-2024 12 აპრილი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.კ.ე.ჯ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.12.2023 წლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.03.2022 წლის გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, "შემსყიდველი") სარჩელი სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, "მიმწოდებელი" „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 2200 ლარის გადახდა. მოსარჩელეს უარი ეთქვა პირგასამტეხლოს - 4400 ლარის დაკისრებაზე.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.12.2023 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 3300 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

3.1. 31.05.2019 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №301 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა მიმწოდებლის მიერ, შემსყიდველის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის (თანდართული დაზღვევის პირობების - დანართი №1-ისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალის - დანართი №2-ის შესაბამისად) მომსახურების გაწევა.

3.2. ხელშეკრულების დანართი №1-ის მე-2 ნაწილის მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ზარალების რეგულირების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო დეფიციტური ნაწილის შემთხვევაში - არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში, მიმწოდებელს დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება უნდა შეეკეთებინა/აღედგინა.

3.3. 27.11.2019 წელს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა მოსარჩელის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალება „SKODA RAPID“ - გამოშვების წელი 2017, სანომრე ნიშანი ..........

3.4. მოპასუხემ 02.03.2021 წელს მიიღო გადაწყვეტილება სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

3.5. მხარეებმა ზარალების რეგულირების აქტს ხელი მოაწერეს 04.03.2021 წელს.

3.6. დაზღვეული ავტომობილის შეკეთება/აღდგენა დასრულდა 29.05.2021 წელს, 66 დღის ვადაგადაცილებით.

3.7. მხარეებმა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობის დიფერენცირებული მიდგომა დაუკავშირეს სატრანსპორტო საშუალების წლოვანებას და 11.4. პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისათვის ზოგადად განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით. 5 წლის წლოვანების სატრანსპორტო საშუალებებისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 50 ლარის ოდენობით (11.5. პუნქტი). შესაბამისად, ხელშეკრულების ამ პუნქტების შინაარსიდან ნათლად იკვეთება მხარეთა მიზანი, რომ სადავო 5 წლამდე წლოვანების სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ვადაგადაცილების პირგასამტეხლო შეადგენდა 50 ლარს ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნულ დასკვნას ამყარებს ასევე, ხელშეკრულების დანართი N1 - დაზღვევის პირობების მეორე ნაწილის მე-2 მუხლის 15-ე პუნქტი, რომლის თანახმად, არაუმეტეს 5 წლის წლოვანების სატრანსპორტო საშუალებების (თუ იმყოფებიან საგარანტიო პირობებზე) ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს საქართველოში არსებული კონკრეტული მარკის ავტორიზებულ სერვის ცენტრში, ხოლო დანარჩენი სატრანსპორტო საშუალებები მათი სპეციფიკის მიხედვით იმ სერვის ცენტრებში, რომელთა ნუსხაც ხელშეკრულების გაფორმებამდე შეთანხმდება დამზღვევთან. იმ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, რომ დაზღვეული ავტომობილი გამოშვების წელია 2017, სადაზღვევო შემთხვევა დადგა 2019 წელს, ხოლო ავტომობილი შეკეთდა 2021 წელს, შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა ხელშეკრულების 11.5. პუნქტი, რომლის თანახმად პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრულია 50 ლარით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ჯამში 66 დღის ვადაგადაცილებისათვის შეადგენს 3300 ლარს (66*50=3300).

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია დაფუძნებულია მასზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

9. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პირგასამტეხლო, როგორც უპირველესად კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი მექანიზმი, ძალმოსილი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას. სახელშეკრულებო თანასწორობის დაცვის პროცესში ბალანსი, თანაზომიერება დასაცავია, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს ოდენობას, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების (შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების) გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის (ჩიტაშვილი ნათია. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.7, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთი ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ №ას-1053-993-2015, 08.04.2016წ; სუსგ №ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევაა.

10. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ №ას-1292-2019, 24.12.2020წ; №ას-386-2019, 02.04.2021წ; №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.). ამრიგად, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუკი აღნიშნულის თაობაზე მოპასუხეს კვალიფიციური შედავება აქვს წარმოდგენილი.

11. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის კვალიფიციური შედავების არარსებობის პირობებში, სააპელაციო პალატამ მოპასუხეს მართებულად დააკისრა ვადაგადაცილებულ 66 დღეზე ხელშეკრულების 11.5 პუნქტით შეთანხმებული პირგასამტეხლო სრული ოდენობით - თითოეულ დღეზე 50 ლარი, ანუ ჯამში 3300 ლარი.

12. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საფუძველი (შდრ. სუსგ №ას-559-2023, 30.05.2023წ.).

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

14. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: ....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საკრედიტო საგადახდო დავალება №5965204, გადახდის თარიღი 28.02.2024წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია