Facebook Twitter

20 დეკემბერი 2023 წელი №ას-1153-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ შ.პ.ს. „ლ.ს.კ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ბ.ც.ს–ო“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შ.პ.ს. „ბ.ც.ს–ო“-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - შ.პ.ს. ლ.ს.კ–ი“-ს მიმართ, საიჯარო ქირის სახით არსებული დავალიანების - 7 642.10 ლარის დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი არაკვალიფიციური შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე, ხანდაზმულობაზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, საიჯარო ქირის სახით არსებული დავალიანების - 7642.10 ლარის გადახდა დაეკისრა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, დაკისრებული თანხის 4000 ლარით შემცირება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. განჩინება დაეფუძნა შემდეგს:

5.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2014 წლის 10 იანვარს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მოპასუხეს ყოველი თვის 5 რიცხვში უნდა გადაეხადა 2 562 ლარი, დ.ღ.გ-ს ჩათვლით.

5.2. 2015 წლის 09 იანვარს მეიჯარესა (მოსარჩელე) და მოიჯარეს (მოპასუხე) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით, მოიჯარემ შეიმცირა საოფისე ფართი. ამ შეთანხმებით, მოპასუხემ მფლობელობაში დაიტოვა 51.7 კვ.მ საოფისე და 106.7 კვ.მ სარდაფის ფართი. მოიჯარეს შეუმცირდა ყოველთვიური საიჯარო ქირა და 2015 წლის 10 იანვრიდან იგი 1 253 ლარით (დ.ღ.გ-ს ჩათვლით) განისაზღვრა.

5.3. 2016 წლის 01 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით, მოპასუხემ მფლობელობაში დაიმატა 44.1 კვ.მ საოფისე ფართი.

5.4. 2016 წლის 01 ივლისიდან - 2016 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში საიჯარო ქირა 51.7 კვ.მ. საოფისე და 106.7 კვ.მ. სარდაფის ფართისთვის განისაზღვრა 626.5 აშშ დოლარით (დ.ღ.გ-ს ჩათვლით), ხოლო 44.1 კვ.მ. საოფისე ფართისთვის - 132.3 აშშ დოლარით (დ.ღ.გ-ს ჩათვლით).

5.5. 2016 წლის 01 ივლისის შეთანხმებით, 2016 წლის 01 ოქტომბრიდან საიჯარო ფართების ჯამური ქირა განისაზღვრა 850 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით, ფიქსირებული გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარი = 2 ლარი.

5.6. მხარეთა შორის 2018 წლის 10 იანვარს გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც მოპასუხემ შეიმცირა სარდაფის ფართი 28.9 კვ.მ-ით და მისი მოცულობა განისაზღვრა 77.8 კვ.მ.-ით. აღნიშნული შეთანხმებით შემცირდა ყოველთვიური საიჯარო ქირა და განისაზღვრა 801.5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით (დ.ღ.გ-ს ჩათვლით).

5.7. 2018 წლის 01 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით, 2018 წლის 01 ნოემბრიდან მოიჯარემ შეიმცირა საიჯარო ფართი და განისაზღვრა მხოლოდ 51.7 კვ.მ საოფისე ფართი. აღნიშნული შეთანხმებით შემცირდა საიჯარო ქირა 424.1 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარამდე (დ.ღ.გ-ს ჩათვლით).

5.8. მოსარჩელისა და მოპასუხის 2019 წლის 10 იანვრის შეთანხმების თანახმად, 2019 წლის 10 იანვრიდან გაიზარდა საიჯარო ქირა და განისაზღვრა 517 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით (დ.ღ.გ-ს ჩათვლით).

5.9. მოიჯარის მიერ პერიოდულად ირღვეოდა საიჯარო ქირისა და კომუნალური მომსახურების საფასურის გადახდის ვადები, რის გამოც, მეიჯარემ 2019 წლის 29 ოქტომბრის №15/10 წერილის საფუძველზე, 2019 წლის 01 ნოემბრიდან ცალმხრივად შეწყვიტა 2014 წლის 10 იანვრის საიჯარო ხელშეკრულება.

5.10. საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის დღისთვის მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა 2019 წლის აპრილიდან ამავე წლის ნოემბრამდე კომუნალური გადასახადების დავალიანება და 2019 წლის მაისიდან ნოემბრამდე პერიოდის ქირის გადაუხდელი ნაწილი, რაც მთლიანობაში შეადგენდა 7 642.10 ლარს.

5.11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე მხარეს სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა, მისი შეწყვეტის თარიღი, დავალიანების არსებობა და მისი ოდენობა სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხის შედავება როგორც პირველ ინსტანციაში, ისე - სააპელაციო სასამართლოში, ემყარებოდა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს.

5.12. პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე და 144-ე მუხლები განმარტა და აღნიშნა, რომ მხარეები 2014 წლის 10 იანვრიდან იჯარის სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. მოიჯარის მიერ ქირის გადახდის ვალდებულების სისტემატური დარღვევის გამო, მეიჯარემ 2019 წლის 01 ნოემბრიდან ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, რაც მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა. ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში მასში შევიდა რამდენიმე ცვლილება, კერძოდ, ხან შემცირდა და ხან გაიზარდა როგორც საიჯარო ფართი, ისე - საიჯარო ქირა. საბოლოოდ, 2019 წლის 10 იანვრიდან საიჯარო ქირა განსაზღვრული იყო ყოველთვიურად 517 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით (დ.ღ.გ-ს ჩათვლით). საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, საგადასახადო ანგარიშფაქტურებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დავალიანებული თანხა - 7 642.10 ლარი, საიდანაც 1128.43 ლარი არის კომუნალური მომსახურების გადაუხდელი ნაწილი, ხოლო 6 613.37 ლარი კი საიჯარო ქირის საფასური, მოსარჩელეს მოთხოვნილი აქვს 2019 წლის ივნისიდან. ამ ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოდ, აპელანტს რაიმე არგუმენტირებული პოზიცია ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მოსარჩელეს სასამართლოსთვის სარჩელით მიმართული აქვს 2021 წლის 12 ოქტომბერს, შესაბამისად, დგინდებოდა, რომ ის დავალიანება, რომლის ანაზაურებასაც ითხოვს მოსარჩელე, წარმოშობილია სარჩელის წარდგენამდე სამი წლის განმავლობაში, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მოთხოვნათა ხანდაზმულობას.

5.13. სააპელაციო პალატის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობის ფაქტის მტკიცების ტვირთი, სწორედ მის მიმთითებელ მხარეს, ანუ მოპასუხეს ეკისრებოდა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით დაადასტურა, რომ სარჩელი აღძრულია კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში, ხოლო თავის მხრივ, მოსარჩელის მტკიცებას მოპასუხემ მხოლოდ საკუთარი ზეპირი ახსნა-განმარტება დაუპირისპირა, რაც ვერ მიიჩნეოდა საკმარისად მისი პოზიციის გაზიარებისთვის.

5.14. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, იმ პირობებში, როდესაც, მოპასუხე მხარე კვალიფიციუარდ არ შედავებია მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს დავალიანების არსებობის, მისი ოდენობისა და წარმოშობის დროის თაობაზე, მხოლოდ ზეპირი მითითება, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, ვერ გახდებოდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, მაშინ, როდესაც, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დგინდებოდა, რომ სარჩელი შეტანილია სამწლიანი ვადის დაცვით. პალატამ ასევე მიუთითა, რომ აპელანტს, მიუხედავად სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზისა, სააპელაციო საჩივარში არ წარმოუდგენია კონკრეტული არგუმენტაცია, თუ რატომ მიიჩნევდა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილს ხანდაზმულად და რატომ ითხოვდა 4000 ლარის დაკისრების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას. ასეთი მოცემულობის პირობებში კი, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, ვერ იქნებოდა გაზიარებული აპელანტის პრეტენზია. შესაბამისად, არ ვლინდებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - დაკისრებული თანხის 4000 ლარით შემცირება. კასატორის მითითებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად დაიანგარიშეს საიჯარო ქირის დავალიანების ოდენობაც. ამასთან, კასატორს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, საიჯარო ქირის დავალიანების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე (იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული), 553.2 (დამატებითი ხარჯების გადახდა მხოლოდ მაშინ არის სავალდებულო, თუ ამის თაობაზე მხარეთა შორის არსებობს შეთანხმება) და 558-ე (გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში) მუხლები.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იჯარა ორმხრივმავალდებულებელი, სასყიდლიანი და კონსესუალური ტიპის ხელშეკრულებაა. მეიჯარის ვალდებულებაა, დროებით სარგებლობაში გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი (ქონება) ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისგან სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით ნაყოფის მიღება, ხოლო მოიჯარის ვალდებულება კი, შეთანხმებული საზღაურის გადახდაა. შესაბამისად, საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მიზანი არის არა მხოლოდ იჯარის საგნის სარგებლობა, არამედ იჯარის საგნის სარგებლობის გამო მიღებული შემოსავალი.

12. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას.

13. კასატორის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ დავალიანების ოდენობა გამოანგარიშებულია არასწორად და, ამასთან, სარჩელი ხანდაზმულია. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულ პრეტენზიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

13.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია, საკუთარი უფლების რეალიზაცია ან დაცვა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა ექვს წელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კი ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილი). სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (ს.უ.ს.გ. №ას-1191-2019 , 04.12.2019წ.).

ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულირებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; ს.უ.ს.გ. №ას-986-2019, 16.10.2019წ.).

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები 2014 წლის 10 იანვრიდან იჯარის სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. დადგენილია, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, ხელშეკრულებაში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება და დაკორექტირდა როგორც საიჯარო ფართი, ისე - საიჯარო ქირა. უკანასკნელი ცვლილებით, 2019 წლის 10 იანვრიდან საიჯარო ქირა განისაზღვრა ყოველთვიურად 517 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით (დღგ-ს ჩათვლით). მოიჯარის მიერ ქირის გადახდის ვალდებულების სისტემატური დარღვევის გამო, მეიჯარემ 2019 წლის 01 ნოემბრიდან ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება.

მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, დასტურდება, რომ მოსარჩელეს საიჯარო ქირისა და კომუნალური გადასახადების დავალიანება - 7642.10 ლარი, წარმოშობილია 2019 წლის ივნისიდან. ამ ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოდ მოპასუხეს სათანადო არგუმენტი ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია. უდავოა, რომ მოსარჩელეს სარჩელი აღძრული აქვს 2021 წლის 12 ოქტომბერს, შესაბამისად, ცალსახაა, რომ სარჩელით მოთხოვნილი დავალიანება, წარმოშობილია სარჩელის წარდგენამდე სამი წლის განმავლობაში, რაც გამორიცხავს მოთხოვნის ხანდაზმულობას.

13.2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.

მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.

საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურ-სამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (შდრ. ს.უ.ს.გ. დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017, პ.201).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.

შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი მოდის მოპასუხეზე. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე მხარე კვალიფიციუარდ არ შედავებია მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს დავალიანების არსებობის, მისი ოდენობისა და წარმოშობის დროის თაობაზე, მხოლოდ ზეპირი მითითება, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია და ოდენობას არ ეთანხმება, ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.პ.ს. „ლ.ს.კ–ი“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შ.პ.ს. „ლ.ს.კ–ი“-ს (ს/ნ .......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (საგადასახადო დავალება №1565, გადახდის თარიღი: 23.10.2023წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თ. ბ.“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი