05 დეკემბერი 2023 წელი
№ას-950-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ვ.გ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ტ.კ–ი“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს.ს. „თ.ბ–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ვ.გ–ძის მიმართ და მოითხოვა:
1.1. 2017 წლის 28 სექტემბრის საბანკო კრედიტის №2086218-9222497 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5320.52 ლარის, საიდანაც ძირი თანხაა - 3720,74 ლარი, პროცენტი - 845.97 ლარი, ჯარიმა - 728,92 ლარი და დაზღვევა - 24.89 ლარი, მოპასუხისათვის დაკისრება;
1.2. 2021 წლის 11 მაისიდან (დავალიანების ცნობის გაცემიდან) 2017 წლის 28 სექტემბრის საბანკო კრედიტის #2086218-9222497 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3720.74 ლარზე, აღსრულებამდე, წლიური 24.5% სარგებლის მოპასუხისათვის დაკისრება, რაც ყოველთვიურად შეადგენს 75.96 ლარს;
1.3. 2021 წლის 11 მაისიდან (დავალიანების ცნობის გაცემიდან) 2017 წლის 28 სექტემბრის საბანკო კრედიტის #2086218-9222497 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3720.74 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური 0.27%-ის მოპასუხისათვის დაკისრება, რაც ყოველდღიურად შეადგენს 10.04 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა;
1.4. 2019 წლის 26 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 8544.21 ლარის, საიდანაც ძირი თანხაა - 5995.91 ლარი, პროცენტი - 1461.22 ლარი და ჯარიმა - 1087.08 ლარი მოპასუხისათვის დაკისრება;
1.5. 2021 წლის 11 მაისიდან (დავალიანების ცნობის გაცემიდან) 2019 წლის 26 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 5995.91 ლარზე, აღსრულებამდე, წლიური 30% სარგებლის მოპასუხისათვის დაკისრება, რაც ყოველთვიურად შეადგენს 149.89 ლარს;
1.6. 2021 წლის 11 მაისიდან (დავალიანების ცნობის გაცემიდან) 2019 წლის 26 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 5995.91 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური 0.27%-ის მოპასუხისათვის დაკისრება, რაც ყოველდღიურად შეადგენს 16.18 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ ორივე საბანკო კრედიტის ძირითადი თანხისა და დარიცხული სარგებლის ნაწილში, ხოლო სხვა ნაწილში სარჩელი არ ცნო, ამასთან მიუთითა, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 სექტემბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეზე შ.პ.ს. „ტ.კ–ი“ ცნობილ იქნა მოსარჩელე ს.ს. „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლედ.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა:
4.1 2017 წლის 28 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 4691.60 ლარის (საიდანაც 3720.74 ლარია კრედიტის ძირი; 845.97 ლარი - პროცენტის; 100 ლარი- პირგასამტეხლო და 24,89 ლარი - დაზღვევის საკომისიო) გადახდა;
4.2. 2017 წლის 28 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხის 3720.74 ლარის 24.5%-ის (რაც ყოველთვიურად შეადგენს 75.96 ლარს) გადახდა, 2021 წლის 11 მაისიდან ერთი წლის მანძილზე;
4.3. 2019 წლის 26 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 7657,13 ლარის (საიდანაც; 5995,91 ლარია კრედიტის ძირი, 1461.22 - პროცენტი და 200 ლარი - პირგასამტეხლო) გადახდა;
4.4. 2019 წლის 26 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხის 5995.91 ლარის 30%-ის (რაც ყოველთვიურად შეადგენს 149.89 ლარს) გადახდა, 2021 წლის 11 მაისიდან ერთი წლის მანძილზე;
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება დაეფუძნა შემდეგს:
6.1. 2017 წლის 28 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის №2086218-9222497 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 7700 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 24.5%-ით, კრედიტის ვადა - 2021 წლის 27 სექტემბრამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა, ბანკის სასარგებლოდ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით.
6.2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2019 წლის 26 მარტს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 6000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში 30%-ით კრედიტის მოპასუხე ბანკის ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 1 ლარისა და დავალიანების 1%-ის ოდენობით. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ოდენობით.
6.3. მოპასუხემ არ შეასრულა მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ (2020 წლის დეკემბერში) და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით (2020 წლის 07 ნოემბერში) გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ არ გადაუხადა თანხა მოსარჩელეს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის დავალიანება 2017 წლის 28 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიმართ შეადგენს 5320.52 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 3720,74 ლარი, პროცენტი - 845.97 ლარი, ჯარიმა - 728,92 ლარი და დაზღვევა - 24.89 ლარი. ხოლო 2019 წლის 26 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 8544.21 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 5995.91 ლარი, პროცენტი - 1461.22 ლარი და ჯარიმა - 1087.08 ლარი.
6.4. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდა სესხის ხელშეკრულებიდან. ამასთან, სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები, რამაც გამორიცხა მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
6.5. პალატამ მიუთითა სამოქალაქო სამართალში მოქმედ პრინციპზე “pacta sunt servanda” (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.
6.6. პალატამ განმარტა, რომ ვალდებულების დარღვევის პრევენციისთვის სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნის უზრუნველყოფის და ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალებაა პირგასამტეხლო. აღნიშნული ღონისძიების გამოყენების წინაპირობა კი ვალდებულების შეუსრულებლობას ან მის დარღვევაში მდგომარეობს. ამასთან აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, იმის მიუხედავად, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისკენ არიან მიმართული. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა განიცადა თუ არა მან ზიანი. ამ შემთხვევაში, მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი და კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება.
6.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა კანონს, პრაქტიკას და საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციებს.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის უარყოფა, შემდეგი საფუძვლებით:
7.1. სააპელაციო პალატის განხილვის საგანი უნდა ყოფილიყო შესასრულებელი და აღიარებული ვალდებულების მოცულობა და აღნიშნული მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ფარგლებში უნდა მომხდარიყო. მოსარჩელეს ევალებოდა სასესხო ვალდებულების მოცულობასთან დაკავშირებული ფაქტების მითითებისა და სათანადო მტკიცებულებების წარდგენა, მას უნდა დაედასტურებინა, რა განაპირობებდა არსებულ დავალიანებაზე, კასატორის მიერ აღიარებულ 9889.84 ლარზე მეტ თანხაზე მოპასუხის პასუხისმგებლობას, რაც ვერ განახორციელა. მოპასუხე თვლის, რომ მოსარჩელის პოზიცია, ვალდებულების მოცულობასთნ მიმართებით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო, რაც მოპასუხის კანონიერი მოთხოვნის არამართებულად მიჩნევის საკმარის საფუძვლად ვერ გამოდგებოდა. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია სააპელაციო საჩივარში გაცხადებულ პრეტენზიებზე. ქვემდგომი სასამართლოების მოვალეობა იყო უდავო ფაქტობრივი გარემოებებისთვის მიეცათ ჯეროვანი სამართლებრივი შეფასება და ამის მიხედვით გადაეწყვიტათ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა.
7.2. სასესხო ხელშეკრულების დარღვევა, მხარეთა მიერ მათზე დაკისრებული უფლებამოვალეობების დარღვევას ნიშნავს. ხელშეკრულებების დარღვეულად მიჩნევისთვის სასამართლოს უნდა დაედგინა, რა არსებით პირობებზე შეთანხმდნენ მოდავე მხარეები და რა უფლება-მოვალეობები წარმოეშვათ მათ ხელშეკრულების დადებით. ქვემდგომმა ინსტანციებმა გვერდი აუარეს იმ ფაქტს, რომ პანდემიამდე მოპასუხეს ხელშეკრულება არ დაურღვევია, ხოლო პანდემიის დროს დარღვევა საპატიოდ იყო მიჩნეული.
7.3. კასატორის მოსაზრებით, გარიგების სადავო ნაწილში მართლზომიერად მიჩნევისთვის განმსაზღვრელი იყო სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების ვალდებულობის დაცულობა, რის შეფასებასაც სააპელაციო სასამართლომ თავი აარიდა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 868.1 (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი), 873-ე (კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლების საფუძველზე.
12. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი ძირითადად აპელირებს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო სასესხო ვალდებულების მოცულობასთან დაკავშირებული ფაქტების მითითებისა და სათანადო მტკიცებულებების წარდგენა და სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებებზე, რაც არსებითი იყო დავის სწორად გადაწყვეტისათვის. არ განმარტა, რა გამამართლებელი არგუმენტით არ შეასრულა მოპასუხემ ვალდებულება. შესაბამისად, იგულისხმა, რომ თითქოს ბრალეულად არ შეასრულა ვალდებულება, რამაც ბანკს წარმოუშვა სასამართლოსათვის მიმართვის სრულიად გამართლებული და დასაბუთებული სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. უპირველესყოვლისა, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეაფასოს საკასაციო პრეტენზიის იმ ნაწილის საფუძვლიანობა, სადაც კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელემ სარწმუნოდ ვერ დაადასტურა სასარჩელო მთხოვნის მოცულობა.
12.1.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
12.1.2. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი №5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება(იხ.სუსგ.საქმეზე№ას-664-635-2016). 12.1.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებელი მოპასუხის უფლების დაცვის უმთავრესი ინსტრუმენტია, რომლის ჯეროვნად გამოყენება განაპირობებს საქმის საბოლოო შედეგს. უმრავლეს შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია საქმეში გამართული, არგუმენტირებული შესაგებლის არსებობა და საამისოდ შეგებებული სარჩელის აღძვრა არც არის საჭირო. შესაგებლის წარდგენის ვალდებულება მხარის მიერ დაძლეულად ვერ განიხილება, თუ იგი კვალიფიციურად, ამომწურავად და დასაბუთებულად არ ედავება მოსარჩელე მხარეს მის მიერ მოთხოვნის დასაფუძნებლად სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, აბსტრაქტული შესაგებელი, ფორმალური თვალსაზრისით, შესაძლოა, იყოს კიდეც წარდგენილი სასამართლოსათვის სწორ საპროცესო დროს, მაგრამ თუ მას არ შესწევს უნარი, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც აფუძნებს სარჩელს, ამგვარი შესაგებლის პროცესუალური მნიშვნელობა უკიდურესად დაბალია და შემოიფარგლება უფლების დაცვის მხოლოდ იმ მასშტაბით, რომ აკავებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. არასათანადო შესაგებელი აფერხებს მოპასუხის უფლებას სასარჩელო ფაქტებზე მოგვიანებით შედავებისა და მტკიცებულებების მოგვიანებით წარდგენის შესაძლებლობის თვალსაზრისით. (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4-მე-5 ნაწილების თანახმად, თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს; მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა). 12.1.4. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის დასაბუთების მიზნით, მოსარჩელემ სასამართლოში წარადგინა: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტ. 1, ს.ფ. 20-31), საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ტ. 1, ს.ფ. 32-35), ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულება (ტ. 1, ს.ფ. 36-52), ამონაწერი ანგარიშიდან (ტ. 1, ს.ფ. 53-60) და ბანკის მიერ გაცემული ცნობა (ტ. 1, ს.ფ. 61) რომლის თანახმად, 2021 წლის 11 მაისის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება 2017 წლის 28 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიმართ შეადგენს 5320.52 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 3720,74 ლარი, პროცენტი - 845.97 ლარი, ჯარიმა - 728,92 ლარი და დაზღვევა - 24.89 ლარი. ხოლო 2019 წლის 26 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 8544.21 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 5995.91 ლარი, პროცენტი - 1461.22 ლარი და ჯარიმა - 1087.08 ლარი. ამრიგად, მოსარჩელემ, საკუთარი მტკიცების ტვირთის ფარგლებში სასამართლოს მიუთითა მოთხოვნის ოდენობის განსაზღვრის საფუძველი, რამაც, შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი გადაიტანა მოპასუხის მხარეს (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-827-2021, 03.12.2021წ). საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში ბანკის სარჩელზე კვალიფიციური შესაგებელი წარდგენილი არ აქვს სესხის, სარგებლის თუ მოთხოვნილი თანხის მოცულობის უსაფუძვლობის ან/და შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე. 2021 წლის 02 ივლისს წარდგენილ წერილობით შესაგებელში მოპასუხე ზოგადად მიუთითებს, რომ ნაწილობრივ ეთანხმება სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს და ასევე ნაწილობრივ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნებს. მოპასუხის მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში მინიჭებული უფლების არაეფექტურმა გამოყენებამ განაპირობა დავალიანების ოდენობის შესახებ ფაქტობრივი გარემოების დადგენა სწორედ მოსარჩელის ახსნა-განმარტებასა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს და ვერ იქნება განხილული პროცესუალურ დარღვევად. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი გარემოებების გასაბათილებლად კასატორის მიერ არ არის მითითებული სამართლებრივად ვარგისი ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.
12.2. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებობდა საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რომლებიც მსესხებლის მიერ დაირღვა. მოპასუხემ დაარღვია ბანკის წინაშე არსებული საკრედიტო ვალდებულებები. შესაბამისად ის ვალდებულია დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირითად ნაწილს, ისე - ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს. საკრედიტო და სესხის ხელშეკრულებები იმით განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ კრედიტის გამცემი ყოველთვის საკრედიტო დაწესებულებაა - ბანკი, რომლის საქმიანობა რეგულირდება კანონით (ს.უ.ს.გ. №ას-647-67-2018, 21 ოქტომბერი, 2019 წ; იხ. რომან შენგელია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტ. II, მუხლი 867, გვ.194, თბილისი, 2001 წ; ზვიად გაბისონია, საბანკო სამართალი, თბილისი, 2017წ., გვ.198-224). „ბანკის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება მხოლოდ სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი) (შდრ: ს.უ.ს.გ: №ას-1385-1307-2012, 07 თებერვალი, 2013წ.; №ას-131-2021, 02 ივლისი, 2021 წ.).
12.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურება და რომელთა შერჩევაც მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; №ას-1056-2021,17.12.2021წ.). მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლების საფუძველზე მართებულად დააკისრა მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა.
საგულისხმოა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე დაყრდნობით შეამცირა სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დარღვევის ხასიათის და მოცულობის გათვალისწინებით, გონივრული და სამართლიანია.
12.4 კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით, რომ მას პანდემიამდე ხელშეკრულება არ დაურღვევია, ხოლო პანდემიის დროს აღნიშნული საპატიოდ იყო მიჩნეული, პალატა განმარტავს, რომ მსოფლიო პანდემია და მის საფუძველზე დაწესებული შიდასახელმწიფოებრივი შეზღუდვები წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს, თუმცა პანდემიის არსებობა თავისთავად არ გულისხმობს, რომ ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც იმ პერიოდში წარმოიშვა ან რომლიდან გამომდინარეც ვალდებულების შესრულების ვადა დადგა, უნდა დაექვემდებაროს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით ცვლილებას ან მოვალე უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს ვალდებულების შესრულებისგან. ვალდებულმა პირმა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით უნდა დაადასტუროს, რომ პანდემიისა და სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვების შედეგები მასზე უარყოფითად აისახა და აღნიშნული გარემოებები პირდაპირ კავშირშია მოვალის მიერ შესასრულებელ ვალდებულებასთან. საკუთარი გადამხდელუნარიანობის გაუარესების დასასაბუთებლად კასატორს წინამდებარე საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, მარტოოდენ მოპასუხის ზეპირსიტყვიერი განმარტების საფუძველზე კი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, სამართლებრივად შეაფასოს გარემოებათა ცვლილების ზეგავლენის არსებითობა მოვალის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამრიგად, კასატორის ზემოაღნიშული არგუმენტი უსაფუძვლოა და საკასაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
13. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი საქმე განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, რადგან იგი გადაწყვეტილების შემოწმებას მოითხოვდა არ მარტო სამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ ფაქტობრივი საფუძვლიანობის თვალსაზრისითაც და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა საჭიროებდა მხარეთა თანხმობას (სსსკ-ის 3761 მუხლის მე-2 ნაწილი).
14. კასატორის აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, აგრეთვე თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლეს უფლება აქვს, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვის ფორმას ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა და რიგ შემთხვევაში, ზეპირი ფორმით პროცესის ჩანიშვნისა თუ ზეპირი მოსმენის გარეშე დავის გადაწყვეტის არჩევანს სასამართლოს შეხედულებას მიანდობს (შდრ: სუსგ-ები: №ას-270-2023, 31 მაისი, 2023 წ, პ.55; №ას-1142-2020, 20 აპრილი, 2021 წ; №ას-102-2021, 31 მარტი, 2021წ; №ას-968-2020, 21 დეკემბერი, 2020 წ; №ას-670-2020, 15 სექტემბერი, 2020 წ; №ას-1208-2019, 21 ნოემბერი, 2019 წ.). მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანი ეხება საბანკო დაწესებულების მიერ სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავას და სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, საქმე განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.
16. ზეპირი მოსმენის აუცილებლობა „დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე; (5ECHR, აქსენი გერმანიის წინააღმდეგ, № 8273/78, 1983 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება, პარ. 32). ევროპულმა სასამართლომ არ ჩათვალა ზეპირი მოსმენის არ არსებობა მე-6 მუხლის დარღვევად, სამოქალაქო საქმეში K. v. SWITZERLAND, no. 15668/89, ECHR (Plenary), Decision of 06.12.1991.
17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
18. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
19. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი