30 მაისი 2023 წელი
№ას-165-2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
თეა ძიმისტარაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით
კასატორი - შ.პ.ს. „გ“
მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. ,,.. ე.კ–ი“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 06 დეკემბრის განჩინება.
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შ.პ.ს. „გ“-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - შ.პ.ს. „.. ე.კ–ი“-ს მიმართ, ავანსის სახით გადახდილი 5000 ლარის და ზიანის - 24 894 ლარის დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - 5000 ლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 06 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივსამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
5.1. მოსარჩელესა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის 2017 წლის 25 მაისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრის შესაკეთებლად. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 14 აგვისტოს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა სხვადასხვა სამუშაო, მათ შორის - ფერდობის გაწმენდა შეკიდული ნაშრევებისა და ქვებისაგან.
5.2. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად, მხარეები თავისუფლდებოდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ ვალდებულებების შეუსრულებლობა განპირობებული იქნებოდა, დაუძლეველი ძალის (სტიქიური უბედურება, ეპიდემია, ომი, კარანტინი, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირება, საზოგადოებრივი არეულობა, ცვლილებები კანონმდებლობაში და ა.შ.) ზეგავლენით, რომლის წინასწარ განსაზღვრა ან თავიდან აცილება მხარეების შესაძლებლობას აღემატებოდა. დაუძლეველი ძალით გამოწვეული მოვლენები ეწოდა მოვლენებს, რომლის წარმოშობასა და განვითარებაზე მხარეებს ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლიათ.
5.3. მხარეთა შორის პირველადი კომუნიკაცია და შესასრულებელ სამუშაოებზე შეთანხმება შედგა 2017 წლის მაისში, კერძოდ, მითითებულ დროს მოსარჩელისა და მოპასუხის წარმომადგენლებმა ხელშეკრულების არსებითი პირობების შეთანხმების მიზნით შეისწავლეს და დაათვალიერეს ფშაველი აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ში არსებული მდგომარეობა, რა დროსაც, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ზეპირი მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მიმწოდებლის მიერ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო დროებითი ღონისძიებებისათვის საჭირო სამუშაოების ჩატარება, კერძოდ კი, 1110 კვ.მ საფარიდან მოძრავი ქვების მოშორება. შესასრულებელი სამუშაოების სრული ღირებულება განისაზღვრა 18 000 ლარით.
5.4. როგორც მოპასუხის, ისე - მოსარჩელე მხარის მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ მხარეთა მიერ შესრულებელი სამუშაოების მოცულობა და სირთულე შეფასდა მაისში. მოსარჩელე მხარის მოწმემ/სამუშაოთა მწარმოებელმა - გ.წ–მა დაადასტურა ადგილზე ერთობლივი გასვლა.
5.5. მოსარჩელემ 2017 წლის ივნისში ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან შემდგარი ჯგუფის დახმარებით გაწმინდა ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ში არსებული დამეწყრილი ფერდობის არასაიმედო შეკიდული ნაშრევები და ქვები, საერთო ფართით - 820 კვ.მ. ადგილობრივი მცხოვრებლების მხრიდან სათანადო ცოდნისა და აღჭურვილობის არქონის პირობებში, გაიწმინდა ფერდობის მხოლოდ ხილული და ხელმისაწვდომი ნაწილი (მუშაობდნენ მხოლოდ ლომებითა და წერაქვებით).
5.6. მოსარჩელემ 2017 წლის 27 ივლისს მოპასუხეს ანგარიშზე გადაურიცხა 5000 ლარი, რომელიც წარმოადგენდა ფშაველი-აბანო-ომალოს ს/გზის 56-ე კმ-ში ფერდობებიდან ნაშრევებისა და ქვებისაგან გაწმენდითი სამუშაოების ავანსს.
5.7. ფშაველი-აბანო-ომალოს ს/გზის 56-ე კმ-ში ფერდობებიდან ნაშრევებისა და ქვებისაგან გაწმენდითი სამუშაოების განხორციელების მიზნით, მოპასუხე კომპანიის მეკლდეურები ადგილზე ჩავიდნენ 8 აგვისტოს - დაათვალიერეს ტერიტორია და დაბანაკდნენ, 9 აგვისტოს ავიდნენ ფერდობზე, ხოლო 10 აგვისტოს - ფერდობზე აუსვლელად დატოვეს სამუშაო ობიექტი.
5.8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, წინამდებარე სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მენარდისათვის ავანსის სახით გადახდილი თანხის - 5000 ლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, ხოლო აგვისტოში განხორციელებული სამუშაოების მიმართ შემკვეთს ინტერესი არ გააჩნდა.
5.9. საქმის მასალებში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების (შესყიდვის აქტი N08/2017, ხელფასის გაცემის უწყისი, სამივლინებო მოწმობები), შეფასების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, მოპასუხემ 2017 წლის 05 აგვისტოს ავანსის სახით მიღებული 5000 ლარით შეიძინა გზის გაწმენდითი სამუშაოებისათვის საჭირო ნივთები (თოკები, სამთო ქამრები და რკინის ბაგირი, სურსათი) და დაქირავებულ პერსონალს გადაუხადა ხელფასი.
5.10. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის უნდა გადანაწილებულიყო იმგვარად, რომ მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა ხელშეკრულების დადება, ვალდებულების ვადის დაცვით შეუსრულებლობა, ხოლო მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა ვალდებულების შეუსრულებლობის ობიექტური გარემოებების არსებობა. იმის დასტურად, რომ არსებობდა ვალდებულების შეუსრულებლობის ობიექტური გარემოება, მოპასუხე მიუთითებდა, რომ მოსარჩელესთან არადროული და არაჯეროვანი კომუნიკაციის პირობებში, ნარდობის ხელშეკრულებით გაწერილი მომსახურება დროულად ვერ შესრულდა. კლდოვანი მასების გაწმენდითი სამუშაოების მიზნით, 2017 წლის 08 აგვისტოს ქ. ახმეტაში სამუშაო ჯგუფს დახვდა 2017 წლის ივლისში არსებული სიტუაციისგან რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა, კერძოდ, კლდოვანი მასებისგან გასაწმენდი ფერდობი სიცოცხლისათვის საშიში იყო. მიუხედავად ამისა, ჯგუფის წევრებმა თუშეთში ჩასვლისთანავე დაათვალიერეს სამუშაო ადგილი და დაიწყეს კლდოვანი მასებისგან მთის ფერდობის გაწმენდა.
5.11. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის ზემოაღნიშნული პოზიცია, რომ 2017 წლის აგვისტოში სამუშაოებისათვის განსაზღვრულ ობიექტზე ვითარება იყო რადიკალურად შეცვლილი, რაც წარმოადგენდა მენარდის მიერ სამუშაოთა სრულად შესრულებაზე უარის თქმის ობიექტურ საფუძველს, რამდენადაც სამუშაოების სრულად შესრულება საფრთხეს უქმნიდა მენარდის თანამშრომლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
5.12. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, რომლითაც დადასტურდა, რომ ჯგუფის წევრებმა სამუშაოები შეასრულეს, გაწმინდეს ყველა ის დაზიანებული ადგილი, რომელიც საშიში იყო სხვათა სიცოცხლისათვის. მოწმეთა გამოკითხვის შედეგად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ადგილზე დათვალიერებისა და მდგომარეობის ზოგადი სურათის შესწავლის შემდგომ ვითარება შეიცვალა (მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეჯერება განხორციელდა 2 თვით ადრე უშუალოდ გაწმენდითი სამუშაოების დაწყებამდე). ამასთან, მას შემდეგ, რაც მოპასუხემ დაათვალიერა ობიექტი, გარკვეული სამუშაოები თავად მოსარჩელემ ჩაატარა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად. 2017 წლის 30 ივნისის აქტითა და მოსარჩელე მხარის მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებული იყო, რომ სწორედ მითითებულ ობიექტზე შესრულდა სამუშაოები და 820 კვ.მ საერთო ფართი გაიწმინდა არასაიმედო ნაშრევებისა და ქვებისაგან. დადასტურებულია ისიც, რომ მითითებული დამეწყრილი ტერიტორია მომეტებული საფრთხის შემცველია, ზოგიერთ ადგილას მისვლა იყო საშიში და ადგილობრივი მაცხოვრებლების ჯგუფის მიერ მხოლოდ ქვედა ფერდობი გაიწმინდა, საშიშ ადგილებთან კი არავინ მისულა. მოწმეების: გ.ბ–ის, ა.ტ–ის, თ.კ–ძისა და ზ.ქ–ის ჩვენებებით დადასტურდა გაწმენდითი სამუშაოების დაწყებისა და მისი მსვლელობის პროცესიც.
5.13. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ ხელშეკრულების მთლიანად ან/და ნაწილობრივ შესრულების (არსებული ფაქტის) მტკიცების ტვირთი, მტკიცების განაწილების სტანდარტის გათვალისწინებით მოპასუხეს აკისრია. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ იყო ის გარემოება, რომ 9 აგვისტოს, ერთი სრული დღის განმავლობაში მეკლდეურები ფერდობზე სამუშაოებს აწარმოებდნენ. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეს სამუშაოები საერთოდ არ შეუსრულებია, რადგან გზაზე არაფერი ჩამოცვენილა და შესაბამისად, არც ფერდობიდან გაწმენდილა რაიმე. მოპასუხე მხარის მოწმეთა განმარტების თანხმად, გაიწმინდა მხოლოდ საშიში, ე.წ. „ცოცხალი“ მოძრავი ქვებისა და მეწყრის მიერ შეცვლილი რელიეფის გათვალისწინებით.
5.14. სადავო გარემოების დადგენისას სასამართლომ გაითვალისწინა გამოცდილი, პროფესიონალი მეკლდეურებისა და მთასვლელების განმარტებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, აპელანტის მიერ მითითებული მხოლოდ ის გარემოება, რომ გზაზე არაფერი ჩამოვარდნილა ან/და ქვათა ცვენა მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდა, ვერ იქნებოდა გაზიარებული. გამომდინარე იქიდან, რომ რელიეფი მუდმივ ცვლილებას განიცდის, დამეწყრილი ადგილი და მასზე ზემოქმედება რასაკვირველია, გავლენას ახდენს და ეს პროცესი მუდმივია.
5.15. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სხვა პირების მიერ ფერდობის ქვედა ნაწილის გაწმენდა, დამეწყრილი ტერიტორიის მუდმივი ბუნებრივი რელიეფური ცვლილებები და ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ტერიტორიის მომეტებული საფრთხე საქმეზე არსებული მოწმეთა განმარტებებითა და სხვა მტკიცებულებებით დადგენილი იყო. მეტიც, 2017 წლის 10 აგვისტოს სწორედ მითითებულ ტერიტორიაზე ქვათა ცვენის გამო დაზიანდა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რაც დაადასტურა ორივე მხარემ.
5.16. სააპელაციო პალატის განმარტებით, სიცოცხლისათვის საფრთხე, სწორედ ის უმნიშვნელოვანესი საფუძველია, რომელიც მენარდეს შესაბამისი წესების დაუცველად ანიჭებს უფლებას, უარი თქვას ხელშეკრულებაზე. აპელანტის იმ პოზიციასთან დაკავშირებით, რომ მენარდის მიერ სამუშაოთა შესრულებაზე უარი ითქვა ბოლო დღეებში, რაც მას უსპობდა საშუალებას, დამატებით უზრუნველეყო ხელშეკრულების შესრულება, პალატის მოსაზრებით, ვერ აქარწყლებდა ზემოხსენებული ობიექტური მიზეზის არსებობის ფაქტს. გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ თავად მოსარჩელე მხარის ქმედების შედეგად სამუშაოები მოპასუხემ დაიწყო 2 თვის შემდგომ, რაც მიუთითებს უშუალოდ მოსარჩელის მხრიდან აღნიშნული ვადის დაცვისას დაშვებულ ხარვეზებზე.
5.17. შესრულებული სამუშაოების მიმართ ინტერესის არქონის თაობაზე აპელანტის პოზიციასთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, შემკვეთს გააჩნდა ინტერესი ხელშეკრულების სრულად შესრულების მიმართ, თუმცა, რადგანაც აღნიშნული ვერ განხორციელდა პატივსადები გარემოების გათვალისწინებით, მოსარჩელის ინტერესი ვერ დაუკავშირდებოდა მხოლოდ ხელშეკრულების სრულად შესრულებას, ხოლო გაწეული სამუშაოს შესრულება გადახდილი თანხის ადეკვატურობის გათვალისწინებით უნდა განხილულიყო.
5.18. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ შეძლო ვალდებულების ჯეროვნად შესრულების დამაბრკოლებელი, პატივსადები, გარემოების არსებობის დადასტურება, ასევე, არსებული კლიმატისა და მკაცრი ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით, მიღებული ავანსის ფარგლებში, გაწმენდითი სამუშაოების ნაწილობრივ განხორციელება. ამასთან, პალატის დასკვნით, მოპასუხის სამუშაო შეესაბამებოდა ავანსის სახით მიღებულ თანხას, რის გამოც, ამ თანხის უკან დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთებოდა.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, 5000 ლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის მტკიცებით:
6.1. სააპელაციო სასამართლო ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების დასადასტურებლად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მენარდემ სამუშაოთა შესასრულებლად შეიძინა საჭირო აღჭურვილობა, ასევე, გასცა ხელფასი. სასამართლოს მსგავსი მიდგომა განსხვავდება მყარად დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკისაგან, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულების ჭრილში (სამოქალაქო კოდექსის 629.1 მუხლი) სადავოობისას მნიშვნელოვანია, დადგინდეს, შეასრულა თუ არა მენარდემ დაკვეთილი სამუშაო და არა ის, ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანხით მენარდემ სამუშაოებისათვის საჭირო აღჭურვილობა შეიძინა თუ არა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოპასუხეს ხარჯების გაწევის დასასაბუთებლად დამაჯერებელი, სარწმუნო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
6.2. გასაჩივრებული განჩინება არ მოიცავს მსჯელობას მასზე, რომ სადავოობისას ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს სრულად თუ ნაწილობრივ შესრულება უნდა დაამტკიცოს მენარდემ, უნდა წარმოადგინოს სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს სამუშაოთა სრულად თუ ნაწილობრივ შესრულებას. საქმეში შემკვეთის მიერ წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, რაც გამორიცხავს მენარდის მიერ სამუშაოთა თუნდაც ნაწილობრივ შესრულებას. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ კი, მხოლოდ მენარდის დაუსაბუთებელ ახსნა-განმარტებასა და მოწმეთა მიკერძოებულ, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ შეთანხმებული სამუშაო მოპასუხის მიერ ნაწილობრივ შესრულდა.
6.3. გასაზიარებელი რომც იყოს სასამართლოს დასკვნა, თითქოს მენარდემ სამუშაო ნაწილობრივ შეასრულა, სააპელაციო პალატას მართებდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეეფასებინა, თუ რამდენად შეესაბამებოდა მენარდის მიერ ნაწილობრივ შესრულებული სამუშაო ავანსის სახით მიღებულ 5000 ლარს. შესრულებული სამუშაოს მოცულობა და ავანსის სახით მიღებულ თანხასთან შესაბამისობა მენარდეს უნდა ემტკიცებინა. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას გასაჩივრებული განჩინება არ მოიცავს.
6.4. თუნდაც, სამოქალაქო კოდექსის 637-ე მუხლის მიხედვით, მენარდეს ჰქონოდა ხელშეკრულების შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძველი, ასევე, გასაზიარებელი რომც იყოს დასკვნა, თითქოს მენარდემ სამუშაოთა ნაწილი შეასრულა, სამოქალაქო კოდექსის 638-ე მუხლის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მართებდა დაედგინა, ობიექტურად რამდენად ჰქონდა შემკვეთს ინტერესი მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს მიმართ, მაშინ, როდესაც, საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოსარჩელისათვის შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ თანხა საერთოდ არ აუნაზღაურებია.
6.5. შემკვეთის ინტერესი მდგომარეობდა მთლიანი - 3700 კვ.მ ფერდობის შეკიდული ნაშრევებისა და ქვებისგან გაწმენდაში, იმგვარად, რომ აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად საავტომობილო გზაზე მოძრაობა გამხდარიყო უსაფრთხო და აღკვეთილიყო ფერდობიდან ქვათაცვენა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქმეში წარმოდგენილი მასალებით ცალსახად დასტურდება, რომ 09 აგვისტოს მომდევნო დღეებში ფერდობიდან ძლიერი ქვათაცვენა იყო, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და შედეგად, საჭირო გახდა ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა.
6.6. მცდარია, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, თითქოს მენარდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 638-ე მუხლის გათვალისწინებით, ჰქონდა გასამრჯელოს, ანუ ავანსის სახით მიღებული 5000 ლარის დატოვების უფლება. სასამართლოს დასკვნიდან გამომდინარეობს, რომ შემკვეთის ინტერესს მნიშვნელობა არ აქვს და მენარდეს გარკვეული გასამრჯელო უნდა გადაუხადოს, მათ შორის - სამუშაოს მცირე ნაწილის შესრულებისთვის, რაც არასწორია.
6.7. მოცემულ შემთხვევაში, შესაფასებელია, შესრულდა თუ არა რაიმე სახის სამუშაო 2017 წლის 09 აგვისტოს მოპასუხის წარმომადგენლების ფერდობზე ასვლის დროს, დადებით შემთხვევაში, რა მოცულობით შესრულდა და აქვს თუ არა ინტერესი მოსარჩელეს ამ შესრულების მიმართ.
6.8. ცხადია, რომ მოპასუხეს არც რაიმე სამუშაო შეუსრულებია და არც ხელშეკრულების შეწყვეტის პატივსადები მიზეზი ჰქონია. სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლების ანალიზის მიხედვით, ხელშეკრულების მხარის მიერ ვალდებულების დარღვევისას, ამ უკანასკნელმა ხელშეკრულების მეორე მხარეს უნდა დაუბრუნოს მიღებული სარგებელი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ დაარღვია ნარდობის ხელშეკრულება - არ შეასრულა სამუშაო, შესაბამისად, მან ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული შესრულება (ავანსი 5000 ლარი) მოსარჩელეს უნდა დაუბრუნოს. ავანსი იმ შემთხვევაშიც უნდა დაუბრუნდეს შემკვეთს, მენარდემ მნიშვნელოვანი საფუძვლის გამო ხელშეკრულების შეწყვეტა რომც დაასაბუთოს, უბრალოდ ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მენარდეს ზიანის ანაზღაურება აღარ მოეთხოვება.
6.9. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მხარეები შესასრულებელ სამუშაოებზე 2017 წლის მაისში შეთანხმდნენ და სწორედ 2017 წლის მაისში განხორციელდა მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კვ.მ-ზე არსებული მდგომარეობის ადგილზე შესწავლა. სინამდვილეში, მხარეთა შეთანხმება სამუშაოთა შესრულებაზე (ზეპირი ნარდობის ხელშეკრულების დადება) და მხარეთა წარმომადგენლების მიერ შესასრულებელი სამუშაოების ადგილზე შესწავლა განხორციელდა 2017 წლის ივლისის მეორე ნახევარში.
6.10. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილ გარემოებად, რომ მოპასუხის მიერ განხორციელებული სამუშაო შეესაბამება ავანსის სახით მიღებულ თანხას - 5000 ლარს. საქმეში წარმოდგენილია ობიექტური მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ მოპასუხეს არავითარი სამუშაო არ შეუსრულებია.
6.11. მოპასუხისვე მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მოწმეთა ჩვენებებით) ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა, რომ მენარდეს ვალდებულება არ შეუსრულებია. მოწმეებმა ცალსახად დაადასტურეს, სამუშაო ჯგუფი ფერდობზე იმყოფებოდა მხოლოდ 2017 წლის 09 აგვისტოს. ამ დღეს რომ მოპასუხეს სამუშაოები შეესრულებინა, ბუნებრივია, 3 დღის შემდეგ ქვათაცვენის გამო, აუცილებელი არ გახდებოდა გზაზე მოძრაობის შეზღუდვა.
6.12. ნარდობის ხელშეკრულების დადებიდან ფერდობზე 2017 წლის 09 აგვისტოს ასვლამდე გასული იყო მხოლოდ 2-3 კვირა, შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ რელიეფმა ასე მოკლე დროში განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილება, არასარწმუნოა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორადვე განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ გასაზიარებელია.
10. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა სადავო არ არის, სადავოა შესრულდა თუ არა მენარდის მიერ ამ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება ნაწილობრივ და, შედეგად, იკვეთება თუ არა შემკვეთის მიერ მენარდისათვის ავანსად გადახდილი საზღაურის უკან დაბრუნების ფაქტობრივსამართლებრივი წინამძღვრები.
11. კასატორის ძირითადი პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მენარდეს არ გააჩნდა სამუშაოს დასრულებამდე ხელშეკრულების შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძველი, ამასთან, შეწყვეტამდე მოპასუხეს არანაირი სამუშაო არ უწარმოებია და იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდებოდა მენარდის მხრიდან გარკვეული სამუშაოების განხორციელების ფაქტი, შემკვეთს ნაწილობრივ შესრულების მიმართ ინტერესი არ გააჩნდა, რაც გამორიცხავდა ამ უკანასკნელის მხრიდან გადახდილი ავანსის მოპასუხისთვის მიკუთვნების შესაძლებლობას.
12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1 მუხლის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. აღნიშნული ცნებიდან გამომდინარე, ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება არის კონსესუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულება.
13. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე ერთმანეთთან ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, რომლის ფარგლებში, მენარდემ (მოპასუხემ) იკისრა ვალდებულება 18 000 ლარის სანაცვლოდ, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ში არსებული დამეწყრილი ფერდობი (1100 კვ.მ) გაეწმინდა ქვებისა და ნაშრევებისგან. ამდენად, ხსენებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს წარმოეშვა „შემკვეთის“ ხოლო მოპასუხეს - „მენარდის“ უფლება-მოვალეობები.
14. უდავო გარემოებაა, რომ ხელშეკრულების შესრულების მიზნით, მოსარჩელემ 2017 წლის 27 ივლისს მოპასუხეს ავანსად 5000 ლარი გადაურიცხა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ავანსი არის ფულადი თანხის გადახდა, რომელიც ხორციელდება უკვე დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად და ძირითადად ემსახურება მენარდის ინტერესებს. თუ მენარდე უარს აცხადებს სამუშაოს შესრულებაზე, ან შემკვეთი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, ავანსი, როგორც წესი, უკან უნდა იქნეს დაბრუნებული (ნარდობის ხელშეკრულება, ზურაბ ძლიერიშვილი, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი 2016, გვ. 291).
15. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებული შედავება არ არის წარმოდგენილი, რომ მენარდის წარმომადგენლები გაწმენდითი სამუშაოების შესრულების მიზნით 2017 წლის 09 აგვისტოს ასულები იყვნენ ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-სთან მდებარე ფერდობზე. სასამართლოში დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ მოპასუხე კომპანიის ჯგუფის წევრებმა 09 აგვისტოს ფერდობზე სამუშაოები აწარმოეს ერთი სრული დღის განმავლობაში და გაწმინდეს ყველა ის დაზიანებული ადგილი, რომელიც საშიში იყო სხვათა სიცოცხლისათვის. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
16. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ 2017 წლის 10 აგვისტოდან მენარდემ, იმ მიზეზით, რომ სამუშაოთა გაგრძელება იყო სიცოცხლისათვის სახიფათო, ცალმხრივად შეწყვიტა მოსარჩელესთან დდებული ხელშეკრულება და მას შემდეგ სამუშაოები აღარ უწარმოებია.
17. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მენარდის მიერ ხელშეკრულების შესრულების გაგრძელება საფრთხეს უქმნიდა მისი თანამშრომლების სიცოცხლეს/ჯანმრთელობას, რაც ეჭვგარეშე წარმოადგენს მენარდის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის მნიშვნელოვან საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 637-ე მუხლის მიზნებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 637-ე მუხლის მიხედვით, მენარდეს შეუძლია სამუშაოს დასრულებამდე მხოლოდ ისე შეწყვიტოს ხელშეკრულება, რომ შემკვეთმა შეძლოს მომსახურების სხვაგვარად მიღება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეწყვეტისათვის არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი საფუძველი. ამ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების მოვალეობა გამოირიცხება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 638-ე მუხლის თანახმად, თუ მენარდე ვალდებულებას შეწყვეტს 637-ე მუხლის მიხედვით, მაშინ მას შეუძლია მოითხოვოს გასამრჯელოს ნაწილი, რომელიც შეესაბამება მის ადრინდელ მომსახურებას, თუკი შემკვეთს ადრე გაწეული მომსახურების მიმართ აქვს რაიმე ინტერესი.
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადგილი (თუშეთში მიმავალი გზა) სადაც უნდა შესრულებულიყო გაწმენდითი სამუშაოები, სტიქიურად საშიში ტერიტორიაა (მეწყერსაშიში ზონაა), შესაბამისად, ალბათობა იმისა, რომ ამ ტერიტორიაზე არსებულ ფერდობზე ნებისმიერ დროს შეიქმნას იმგვარი მდგომარეობა, რომ გაწმენდითი სამუშაოების შესრულება გართულდეს და საფრთხე შეექმნას იქ მყოფ პირთა სიცოცხლეს, მაღალია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაზიარებელია გასაჩივრებული განჩინების დასკვნა მასზე, რომ მენარდის მიერ ხელშეკრულების სრულად შესრულება ვერ განხორციელდა იმ მიზეზით, რომ სამუშაოთა შესრულება მეკლდეურების სიცოცხლისათვის საშიში იყო. აღნიშნული საკასაციო პალატის მოსაზრებით, წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან საფუძველს, რომელიც მენარდეს სამოქალაქო კოდექსის 637-ე მუხლით ანიჭებს როგორც ხელშეკრულების შეწყვეტის, ისე - უკვე შესრულებული სამუშაოსთვის გასამრჯელოს ნაწილის მოთხოვნის უფლებას.
18. საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორის აპელირება, რომ მას ნაწილობრივ შესრულების მიმართ რაიმე ინტერესი არ გააჩნდა.
პირველ რიგში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნაწილობრივ შესრულების მიმართ შემკვეთის ინტერესში არ იგულისხმება შემკვეთის სუბიექტური დამოკიდებულება, არამედ უნდა შეფასდეს, კონკრეტულ შემთხვევაში, ექნებოდა თუ არა ნაწილობრივ შესრულების მიმართ ინტერესი სხვა ობიექტურ მონაწილეს.
ამ კუთხით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ნარდობის ხელშეკრულების საგანსა და მიზანზე, სახელდობრ: ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ს მიმდებარედ არსებული დამეწყრილი ფერდობის (1100 კვ.მ) გაწმენდა ქვებისა და ნაშრევებისგან, ხოლო ხელშეკრულების მიზანს - ხსენებული საავტომობილო გზის მონაკვეთის შეკეთების უზრუნველყოფა და მასზე მოძრავი ავტომობილების უსაფრთხოების დაცვა. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ დამეწყრილი ფერდობი გაიწმინდა იმ დიდი ლოდებისაგან, რომელიც ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნიდა ადამიანებს. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დასახული მიზნის გათვალისწინებით, სადავო ფერდობის ნაწილობრივ გაწმენდაც გარკვეულწილად შედეგის მომტანი იქნებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ შეამცირებდა ქვათა ცვენას საავტომობილო გზაზე.
19. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ისტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მენარდემ, სამუშაოს დასრულებამდე, მნიშვნელოვანი საფუძველით შეწყვიტა ნარდობის ხელშეკრულება; მენარდემ სადავო ხელშეკრულების ფარგლებში გარკვეული მომსახურება გაუწია შემკვეთს; შემკვეთს მენარდის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული მომსახურების მიმართ აქვს ინტერესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის შეფასებით, იკვეთება მენარდისთვის გაწეული მომსახურების შესაბამისი გასამრჯელოს ანაზღაურების წინაპირობები.
20. საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის ხელშეკრულების შეწყვეტამდე მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობას და, შესაბამისად, მის ღირებულებას.
უდავოა, რომ კასატორმა ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს ავანსის სახით გადაუხადა 5000 ლარი. მენარდის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (შესყიდვის №08/2017 აქტი, ხელფასის გაცემის უწყისი და სამივლინებო მოწმობები) დადგენილია, რომ მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, მოპასუხემ ავანსის სახით მიღებული 5000 ლარით შეიძინა გზის გაწმენდითი სამუშაოების განხორციელებისთვის საჭირო ნივთები: თოკები, სამთო ქამრები და რკინის ბაგირი, ასევე, დაქირავებულ პერსონალს გადაუხადა ხელფასი, კერძოდ, სპეც. აღჭურვილობაში დაიხარჯა 3060 ლარი, ხოლო ადამიანურ რესურსში - 1940 ლარი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ბლანკეტური შინაარსისაა, შეიცავს დათქმას ამავე კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებულ პირობებზე და აწესებს ქცევის იმგვარ წესს, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს შესრულებული სამუშაოების ღირებულებასთან დაკავშირებით მოპასუხის ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციაზე საქმის მომზადების თუ არსებითად განხილვის დროს. კერძოდ, მოპასუხე წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომებზე მიუთითებს, რომ ფაქტობრივად განახორციელა 5000 ლარის ღირებულების სამუშაო, ამავდროულად წარმოდგენილი აქვს აღნიშნული თანხიდან სპეც.აღჭურვილობის შესყიდვის წერილობითი აქტი და მიუთითებს, რომ ჩარიცხული თანხიდან შეიძინა სპეც.აღჭურვილობა (ტომი 1. ს.ფ. 98). ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელისგან ჩარიცხული თანხის ნაწილით მოპასუხემ შეიძინა სპეც.აღჭურვილობა, რომლის ნაწილობრივ განადგურების ფაქტი (წერილობითი შესაგებლის მე-3 ფაქტობრივი გარემოება) ან ერთჯერადი ხასიათი მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებით ვერ დაადასტურა, ივარაუდება, რომ აღნიშნული სპეც.აღჭურვილობა დარჩა მოპასუხეს, რომელმაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება სრულად ვერ შეძლო. საკასაციო პალატას მოხმობილი ნორმების საფუძველზე, მიაჩნია, რომ ამ მასალის ღირებულება, რომელიც დადგენილია თავად მოპასუხისვე წარმოდგენილი შესყიდვის აქტით და შეადგენს - 3060 ლარს, უნდა აუნაზღაურდეს შემკვეთს. რაც შეეხება ადამიანურ რესურსში დახარჯულ თანხას - 1940 ლარს, პალატის შეფასებით, ის შეესაბამება მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობას და მისი დაბრუნების წინაპირობები, არ ვლინდება.
21. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 3060 ლარის გადახდა დაეკისრება.
22. გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც ამ განჩინების გაუქმების (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი) საფუძველია. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. პალატა აუქმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 დეკემბრის განჩინებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელს 3060 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში აკმაყოფილებს.
23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე, სააპელაციო საჩივარსა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, რაც კონკრეტულ შემთხვევაში - 367 ლარია. ამასთან, ვინაიდან კასატორს არასრულყოფილად აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის - 200 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შ.პ.ს. "გს" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 06 დეკემბრის განჩინება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. შ.პ.ს. "გ–ს" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. შ.პ.ს. ".. ე.კ–ს" შ.პ.ს. "გ–ს" სასარგებლოდ დაეკისროს 3060 (სამიათასსამოცი) ლარის გადახდა.
5. შ.პ.ს. ".. ე.კ–ს" შ.პ.ს. "გ–ს" სასარგებლოდ დაეკისროს 367 (სამასამოცდაშვიდი) ლარის გადახდა სარჩელზე, სააპელაციო საჩივარზე და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
6. შ.პ.ს. "გ–ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 200 (ორასი) ლარის გადახდა.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი
ამირან ძაბუნიძე