საქმე №ას-414-2024 24 აპრილი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ს.ს–ი (აპელანტი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ს–ი (მოპასუხე, (შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 08 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – არასრულწლოვანთან ურთიერთობის განსაზღვრული წესის შეცვლა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ს.ს–ის (შემდეგში მოსარჩელე, ბავშვის დედა, არასრულწლოვნის დედა, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 თებერვლის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც არასრულწლოვნის დედის სარჩელი ლ.ს–ის (შემდგომში მოპასუხე, ბავშვის მამა ან არასრულწლოვნის მამა) მიმართ, ასევე მოპასუხის მიერ წარდგენილი შეგებებული სარჩელი არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის შეცვლის შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის მორიგების განჩინებით დადგენილი წესი (რომლითაც არასრულწლოვნის მამას განესაზღვრა 2016 წლის 17 ივლისს დაბადებული ბ.ს–ის ნახვის უფლება კვირაში სამი დღე, დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე) შეიცვალა და მოპასუხეს შვილთან ურთიერთობისთვის, წაყვანის უფლებითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, განესაზღვრა: 1. ყოველი კვირის პარასკევი 18:00-დან 21:00 საათამდე და კვირა 11:00-დან 20:00 საათამდე; 2. 2023 წლის პირველი სექტემბრიდან - ყოველი კვირის პარასკევი 18:00 საათიდან შაბათს 20:00 საათამდე; 3. ზამთრის არდადეგებზე - არდადეგების ბოლო 5 დღე, 10:00 საათიდან ბოლო დღის 20:00 საათამდე; 4. ზაფხულის არდადეგებზე, 2024 წლიდან, ყოველი წლის 20 ივლისის 10:00 საათიდან 30 ივლისის 20:00 საათამდე და 20 აგვისტოს 10:00 საათიდან 30 აგვისტოს 20:00 საათამდე;
2. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ისე დააკმაყოფილდა მოპასუხის შეგებებული სარჩელი და განუსაზღვრა მამას ბავშვის ღამისთევით ხანგრძლივად წაყვანის შესაძლებლობა, რომ არ გაუთვალისწინებია არასრულწლოვნის დედასთან მიჯაჭვულობის ხარისხი და ის კეთილსაიმედო გარემო, სადაც ბავშვი იმყოფება. ამასთან, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა, რომლითაც იგი ითხოვდა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის ფსიქოლოგის დასკვნის წარმოდგენის დავალებაზე უარის თქმის შესახებ საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მარტის საოქმო განჩინების გაუქმებას. სასამართლომ არ დაავალა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, გამოეკვლია, შედიოდა თუ არა არასრულწლოვნის ინტერესებში ბავშვის მამასთან ღამით დარჩენა მაშინ, როდესაც ბავშვი არ არის ადაპტირებული და მიჩვეული მამის ოჯახთან. მეტიც, ბავშვი შესწრებია მამის მხრიდან დედისა და ბებიის (მამის დედის) მისამართით დამაკნინებელ ფორმებში მოხსენიებას, მამისა და ბებიის მწვავე კონფლიქტებს, რაც უარყოფითად აისახება მასზე.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ:
7.1. 2016 წლის 17 ივლისს დაბადებული ბ.ს–ი არის მოსარჩელისა და მოპასუხის შვილი;
7.2. მხარეები ერთმანეთს დაშორდნენ მოსარჩელის ორსულობის პერიოდში. ისინი ცხოვრებენ ცალ-ცალკე, ხოლო ბავშვი დაბადებიდან ცხოვრობს დედასთან;
7.3. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის მორიგების განჩინებით მამას განესაზღვრა შვილის ნახვის უფლება კვირაში 3 დღით - დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე. ამავე განჩინებით, არასრულწლოვნის მამას დაეკისრა ალიმენტი, 250 ლარი; მითითებული დავის განხილვისას ბავშვი ცხოვრობდა დედასთან და ბებიასთან (დედის დედასთან) ერთად, ქ. გორში, ერთოთახიან ბინაში, სადაც ბავშვისთვის შექმნილი იყო უსაფრთხო პირობები. ოჯახს ჰქონდა სოციალურად დაუცველის სტატუსი და სტაბილური შემოსავალი იყო სოციალური დახმარება და ბებიის პენსია. მცირეწლოვანის ფიზიკური განვითარება მიმდინარეობდა ასაკის შესაბამისად. იგი იკვებებოდა ხელოვნური საკვებით. ბავშვი უზრუნველყოფილი იყო სათანადო მზრუნველობითა და ზედამხედველობით. ბავშვს მიჯაჭულობა ჰქონდა დედის მიმართ. დედა შეფასდა, როგორც მზრუნველი და მოსიყვარულე;
7.4. ბავშვის მამა მუშაობს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გორის რაიონული სამსახურის ექიმის პოზიციაზე. იგი ასევე დასაქმებულია ექიმის პოზიციაზე გორის მუნიციპალიტეტის ს–ს ტერიტორიული ერთეულის სოფლებში: ს., ა., რ., გ., პ..გ. და კ.;
7.5. მოპასუხის ძირითადი საცხოვრებელი გორის რაიონშია, სადაც იგი მუშაობს კიდეც, თუმცა მის ოჯახს აქვს სამოთახიანი ბინა ქ. თბილისში;
7.6. 2017 წლის 15 ივლისს მოპასუხის სახელზე გაიცა შემაკავებელი ორდერი, მოსარჩელის მიმათ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, რომელიც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით; აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა;
7.7. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის 2022 წლის 20 ივნისის დასკვნის მიხედვით, ამჟამად არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან და ბებიასთან ერთად ქ. თბილისში. მას აქვს დადებითი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, საცხოვრებელი, სადაც ბავშვი ცხოვრობს, არის სუფთა, მოწესრიგებული. დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. არასრულწლოვანს არ აქვს საკუთარი საწოლი, საძინებელში სძინავს ბებიასთან ერთად, ხოლო დედას სძინავს მისაღებ ოთახში. ბავშის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ აღენიშნება რაიმე ქრონიკული ან მწვავე დაავადება, გაკეთებული აქვს ყველა გეგმიური, კალენდრით გათვალისწინებული ასაკობრივი აცრა. მისი განვითარება მიმდინარეობს ნორმის ფარგლებში. იგი დაბადებიდან იზრდება დედასთან და მათ შორის ჩამოყალიბებულია საიმედო მიჯაჭვულობა.
7.8. მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ქონება ქ. თბილისში (.......კორპ. 10, ბ. 4, ს/კ #........);
7.9. მოსარჩელე, მისი დედა და არასრულწლოვანი შვილი რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა 2020 წლის 9 იანვრის მდგომარეობით იყო 1000;
7.10. მოსარჩელე არ არის დასაქმებული, შემოსავლის სახით ოჯახს აქვს სოციალური დახმარება და ბებიის პენსია;
7.11. 2020 წლის 2 სექტემბრიდან ბავშვი დადიოდა ა(ა)იპ ქ. თბილისის N210- ე საბავშვო ბაგა-ბაღში. ამჟამად ის დადის სკოლაში;
7.12. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბავშვი იყო 7 წლის;
7.13. 2022 წლის 12 მარტს მოსარჩელემ მოპასუხის ანგარიშზე დააბრუნა გადარიცხული 250 ლარი. 2022 წლის 5 ნოემბერს მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხა 2000 ლარი, რომელიც ამ უკანასკნელმა იმავე დღეს უკან გადარიცხა;
7.14. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის 2023 წლის 7 თებერვლის დასკვნაში მითითებულია, რომ არასრულწლოვნის საცხოვრებელში ვიზიტისას დაცული იყო სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ბინაში იყო ნორმალური ტემპერატურა, არასრულწლოვანს ეცვა სეზონის შესაბამისად, ჰქონდა ასაკის შესაბამისი სათამაშოები და სასაწავლო ნივთები.
8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სწორად განსაზღვრეს თუ არა ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ბავშვის მამასთან ურთიერთობის წესი (მათ შორის, ღამით დარჩენის უფლებით) და შედის თუ არა იგი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებში.
9. კასატორი აცხადებს, რომ სასამართლოებმა ისე მიაკუთვნეს მამას ბავშვის ღამით წაყვანის უფლება, რომ არ გაითვალისწინეს არასრულწლოვნის დედასთან მიჯაჭვულობის ხარისხი და ის კეთილსაიმედო გარემო, სადაც ბავშვი იმყოფება.
10. აღნიშნული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულ მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპზე შვილების მიმართ და ბავშვის უფლებაზე, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
11. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია, იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპურველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
12. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, სადაც განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებები, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. Elsholz v. Germany, N25735/94, 31.07.2000, პარ. 52; TK and KM v. UK, N 28945/95, 10.05.2001, პარ. 72. შდრ. ასევე, სუსგ №ას-967-916-2015, 25.02.2016წ).
13. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს. პალატა განმარტავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობასაც მოიაზრებს და ყურადღებას გაამახვილებს სსკ-ის 1202-ე მუხლზე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები). ნორმა მშობელს, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი, უკრძალავს მეორე მშობელთან ურთიერთობის შეზღუდვას. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს არა მხოლოდ ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უფლებების დაცვასა და პატივისცემას, არამედ ცალ-ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრებს შორის კავშირის შენარჩუნებაც და ოჯახური გარემოს დაცვის ვალდებულებას ისეთ შემთხვევებშიც, როგორც ეს განსახილველ საქმეშია. ეროვნული სასამართლო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ოჯახური კავშირის აღდგენასა და განმტკიცებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესითაა განპირობებული. ოჯახის გაერთიანების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას, არამედ მშობლისა და შვილის მჭიდრო კავშირს, რასაც ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სასამართლომ, თუკი არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგო წინაპირობა, რადგან მშობლისა და ბავშვის ინტერესთა ბალანსის დაცვის პროცესში, სწორედ ბავშვის ინტერესია ამოსავალი და სახელმძღვანელო სასამართლოსა და ყველა ადმინისტრაციული თუ სხვა ორგანოსათვის, რაც უმეტესწილად გადასწონის მშობლის ინტერესს.
14. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება მოიცავს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას (იხ. გაეროს ბავშვთა კომიტეტის №12 ზოგადი სახელმძღვანელო კომენტარი).
15. ამავდროულად, როდესაც საკითხი უკავშირდება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უფლებას მოუსმინონ, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის განვითარებადი უნარები. ბავშვის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, რაც უფრო მეტი იცის ბავშვმა და მეტი გამოცდილება აქვს და მეტი ესმის, მით უფრო უნდა შეცვალონ მშობლებმა, მეურვეებმა ან ბავშვზე პასუხისმგებელმა სხვა პირებმა მითითებები და დარიგებები - შეხსენებითა და რჩევებით, მოგვიანებით, დამოკიდებულება დამყარდეს აზრთა ურთიერთგაცვლით, თანასწორ საფუძვლებზე. შესაბამისად, ბავშვის მომწიფებასთან ერთად მის მოსაზრებებს მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მისი საუკეთესო ინტერესების შეფასებისას. სიმწიფე არის გაგებისა და კონკრეტული საკითხის შეფასების უნარი და ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად დგინდება. სიმწიფის განსაზღვრა ძნელია; ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის მე–12–ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ეს არის ბავშვის შესაძლებლობები გამოხატოს მოსაზრებები საკითხთან დაკავშირებით გონივრულად და დამოუკიდებლად. ამასთან, ბავშვს აქვს უფლება „თავისუფლად გამოთქვას შეხედულებები“. „თავისუფლად“ ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია აზრის გამოხატვა ზეწოლის გარეშე და ასევე ნიშნავს, რომ დაუშვებელია ბავშვით მანიპულირება ან მასზე უსაფუძვლო გავლენა ან ზეწოლა. „თავისუფლად“ შინაგანად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ მოსაზრებასთან: ბავშვს აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები და არა სხვების აზრები.
16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებებსა და დასკვნებს სადავო საკითხთან მიმართებით და საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა მართებულად იმსჯელეს როგორც ერთი მხრივ, დედის დამოკიდებულებაზე მამასა და შვილს შორის, ასევე, მეორე მხრივ, თავად არასრულწლოვნის სურვილზე, ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან.
17. ამ მხრივ, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ სპეციალისტების დასკვნებზე. სოციალური მუშაკის 2022 წლის 17 ივნისის დასკვნაში მითითებულია, რომ ოჯახის წევრები ბავშვის თანდასწრებით ლ.ს–ს მოიხსენიებენ ნეგატიურად. ...დედის პოზიციიდან გამოიკვეთა, რომ მას უჭირს არასრულწლოვანის ასაკობრივი თავისებურებების გაცნობიერება, რაც გამოიხატებოდა შემდეგი ფრაზებით: „ბ–მ ყველაფერი იცის“, „მასთან დასამალი არაფერი მაქვს“, „მე და ბ. დაქალები ვართ, შეუძლია დაესწროს საუბარს“, „მამამისს უთხარით, როგორი დამოკიდებულება აქვს ბავშვს მის მიმართ“ და ა.შ. სოციალური მუშაკის მითითებით, ბავშვი მამის მიმართ იყენებდა ისეთ ფრაზებს და სიტყვებს, რომელიც მისი ასაკისათვის შეუსაბამოა. ბავშვი გამოხატავს იმ დამოკიდებულებას და იმეორებს იმ ფრაზებს, რაც ხშირად ესმის ოჯახის წევრებისგან (დედა, ბებია). სოციალური მუშაკი ასკვნის, რომ ბავშვის პოზიციები მამასთან ურთიერთობის შესახებ, შეიძლება ითქვას, რომ არის უფროსების ზეგავლენის შედეგი. სოციალური მუშაკის 2023 წლის 7 თებერვლის დასკვნაში მითითებულია, რომ დედამ მისი როლის წარმოჩენის მიზნით ბავშვის თანდასწრებით გააკეთა შემდეგი სახის უკუკავშირი „კიდევ კარგი მე მგავს.“ ს–მ რამდენჯერმე დააპირა ბავშვის თანდასწრებით მამაზე ნეგატიური დამოკიდებულების გამოვლენა. ... ბავშვმა მამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ არ სურს მისი ნახვა, რადგან „დედას სულ ეჩხუბება და ცუდ სიტყვებს ეუბნება.“ სოციალური მუშაკის დასკვნით, საყურადღებოა ბავშვის დამოკიდებულება მამის მიმართ, რომელიც ერთი მხრივ, გამოწვეულია ოჯახის წევრების განწყობებისა და დამოკიდებულებიდან (ბებია და დედა), მეორე მხრივ კი, მშობლებს შორის მუდმივი დაძაბული და კონფლიქტური სიტუაციებით.
18. მითითებული დასკვნების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მამის მიმართ ბავშვის განწყობასა და მასთან ურთიერთობის სურვილის ფორმირებაზე ზეგავლენას ახდენს არასრულწლოვნის თანდასწრებით ორივე მშობლის მხრიდან გამოვლენილი არასახარბიელო ქცევები, რის გამოც, არასრულწლოვანს მნიშვნელოვნად აქვს შეზღუდული აზრისა და სურვილის დამოუკიდებლად გამოხატვის შესაძლებლობა. ამასთან, არ დასტურდება რაიმე გარემოება (გარდა მამასა და დედას შორის კონფლიქტისა, რაშიც ორივე მშობლის წვლილი იკვეთება), რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს (ბავშვის მამასთან უფრო ხანგრძლივად ყოფნით, თუნდაც ღამით დარჩენის უფლებით) და უარყოფითად იმოქმედოს მის განვითარებაზე. კასატორიც ვერ მიუთითებს იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაზე, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ზემოაღნიშნული დასკვნების გაბათილებისა და საქმის არსებითად განხილვის შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
19. საკასაციო პალატა ასევე უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატას უნდა გაეუქმებინა საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მარტის საოქმო განჩინება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის დამატებითი დასკვნის წარმოდგენის დავალებაზე უარის თქმის შესახებ. იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარდგენილი შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ გაცემული დასკვნებით ნათლად ჩანს სადავო საკითხის მიმართ როგორც ბავშვის, ასევე მშობლების პოზიცია, სათანადოდაა გამოკვლეული ბავშვის სურვილებზე გავლენის მომხდენი ფაქტორები, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობდა დამატებითი კვლევისა და ამ მიზნით მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ კიდევ ერთი დასკვნის მომზადების საჭიროება.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვთან ურთიერთობის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა, შვილთან ურთიერთობა ჰქონდეს, რომელიც ეფექტიანი, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული და მის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ბავშვს არა მხოლოდ აქვს უფლება, იზრდებოდეს და ვითარდებოდეს ჯანსაღ, მასზე მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში, ამასთან, მისი უფლებაა, დაცული იქნეს ყველა ისეთი შესაძლო ქმედებისაგან, მათ შორის მშობლის ქმედებისგანაც, რომელიც ბავშვის ფსიქოემოციური განვითარებისა და მისი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ მას შეუნარჩუნდეს მისი ურთიერთობა მასთან არმცხოვრებ მშობელთანაც, რათა გაძლიერდეს ერთჭერქვეშ არმყოფი მშობლის მონაწილეობა და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში (შეად. სუსგ-ებს: N ას-63-59-2017, 13.11.2018წ.; N ას-1837-2019, 16.06.2020წ ; N ას- 440-2020, 13.04.2021წ; N ას-434-2021, 30.07.2021წ.).
21. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეულ და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც ემყარება საქმეში წარდგენილ სპეციალისტთა დასკვნებს (რომლებიც, თავის მხრივ ემყარება როგორც ბავშვთან, ასევე მშობლებთან გასაუბრების შედეგად გაკეთებულ დასკვნებს) და მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება სწორედ არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არის მიღებული. კასატორს კი არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, თუ რატომ უნდა შეიცვალოს მამასა და შვილს შორის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილიი ურთიერთობის წესი და თანაც, იმგვარად, რომ მორიგების განჩინებით განსაზღვრული დღეები ნაცვლად გაზრდისა, შემცირდეს.
22. საკასაციო პალატა თვლის, რომ დავის განხილვისას სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა კანონი, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის. კასატორი ვერც ისეთ საპროცესო დარღვევაზე მიუთითებს, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ს–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ს.ს–ს (სკ. .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1200 ლარის (საგადასახადო დავალება: 240227160134197; გადახდის თარიღი 27.02.2024;) 70% – 840 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე