Facebook Twitter

№ას-256-2023

01 დეკემბერი, 2023 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ.გ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „S.M.4 F“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „S.M.4 F“-იმ (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნ.გ–ის (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი) მიმართ, ზიანის ანაზღაურების სახით 80771.47 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე შპს „S.M.4 F“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ნ.გ–ს მოსარჩელე შპს „S.M.4 F“-ის სასარგებლოდ დაეკისრა - 80 771.47 ლარის გადახდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ნ.გ–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, ნ.გ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1.სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენდა ზიანის ანაზღაურება. აღნიშნული მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს კი, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები წარმოადგენდა.

6.2.ზემოაღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი იურიდიული ფაქტები:

6.2.1. მოსარჩელე ნ.გ–ი 2014 წლიდან ბუღალტრულ მომსახურებას უწევდა შპს „S.M.4 F“-ის, იმყოფებოდა მასთან შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში და გააჩნდა წვდომა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე. ზემოხსენებული შპს-ს ვებ-გვერდზე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ფარგლებში, მოსარჩელე ახდენდა ზედნადებების, ანგარიშფაქტურების გამოწერა-დადასტურებას, დეკლარაციების შედგენას და ა.შ.

6.2.2. 17.09.2019 წლის პირის ბრალდების შესახებ დადგენილების, ასევე, 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენის შესაბამისად, ირკვევა, რომ ნ.გ–მა სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი მდგომარეობა, გადაწყვიტა ზემოაღნიშნული გარემოების გამოყენება და ყალბი ანგარიშ-ფაქტურების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით დღგ-ს აქტივის შექმნისა და შემდგომში, მოტყუებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოტანის მიზნით, გამოწერა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: ნ.გ–მა შპს „S.M.4 F“-ის სახელზე 2019 წლის 1 აპრილს გამოწერა და იმავე დღეს დაადასტურა ყალბი საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურები (სასტუმროს მომსახურება) ჯამური ღირებულების 40900 ლარზე (დღგ - 6238.98 ლარი). ნ.გ–მა შპს „S.M.4 F“-ის სახელით, შპს „ი“-ის სახელზე 2019 წლის 4 მარტს გამოწერა და იმავე დღეს დაადასტურა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (სარემონტო მომსახურება) ჯამური ღირებულებით 32 000 ლარზე (დღგ - 4 881.36 ლარი). ნ.გ–მა შპს „S.M.4 F“-ის სახელზე 2019 წლის 17 აპრილს გამოწერა და იმავე დღეს დაადასტურა ყალბი საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურები (მომსახურება) ჯამური ღირებულებით 59500 ლარზე (დღგ - 9 076 ლარი). ნ.გ–მა შპს „S.M.4 F“-ის სახელზე 2019 წლის 16 მარტს გამოწერა და იმავე დღეს დაადასტურა ყალბი საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურა (შენობა-ნაგებობა, დიზაინი, არქიტექტურა) ჯამური ღირებულების 85 000 ლარზე (დღგ - 12 966.10 ლარი). ნ.გ–მა შპს „S.M.4 F“-ის სახელზე 2019 წლის 18 მარტს გამოწერა და იმავე დღეს დაადასტურა ყალბი საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურა (შენობა-ნაგებობა) ჯამური ღირებულებით 85 000 ლარზე (დღგ - 12 966.10 ლარი). ნ.გ–მა 2019 წლის მარტი-მაისის პერიოდში დამატებით გამოწერა და დაადასტურა შემდეგი ყალბი ანგარიშფაქტურები: 2019 წლის 28 მარტს გამოწერა და იმავე დღეს დაადასტურა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ტექნიკური აღჭურვილობა) ჯამური ღირებულებით 60000 ლარზე (დღგ - 9 152.54 ლარი). 2019 წლის 29 მარტს გამოწერა და იმავე დღეს დაადასტურა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ქსელური მომსახურება) ჯამური ღირებულებით 22 000 ლარზე (დღგ - 3355.93 ლარი). 2019 წლის 4 აპრილს გამოწერა და იმავე დღეს დაადასტურა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (მომსახურება) ჯამური ღირებულებით 45000 ლარზე (დღგ - 6 864.41 ლარი). 2019 წლის 16 აპრილს გამოწერა და იმავე დღეს დაადასტურა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (მომსახურება) ჯამური ღირებულებით 37 500 ლარზე (დღგ - 5720.34 ლარი). 2019 წლის 27 მარტს გამოწერა და იმავე დღეს დაადასტურა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (აზომვითი ნახაზები და არქიტექტურა) ჯამური ღირებულებით 36 200 ლარზე (დღგ - 5 522 ლარი). 2019 წლის 29 მარტს გამოწერა და იმავე დღეს დაადასტურა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (საბეჭდი მანქანა დანადგარი) ჯამური ღირებულებით 36000 ლარზე (დღგ - 5 491.53 ლარი). 2019 წლის 30 მარტს გამოწერა და იმავე დღეს დაადასტურა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ტურისტული მომსახურება) ჯამური ღირებულებით - 38000 ლარზე (დღგ - 5796.61 ლარი). 2019 წლის 20 მაისს გამოწერა და იმავე დღეს დაადასტურა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (რკინის კონსტრუქცია) ჯამური ღირებულებით - 39 130 ლარზე (დღგ - 5968.98 ლარი).

6.2.3. სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ, 2019 წლის 08 მაისს შედგა საგადასახდო შემოწმების შუალედური აქტი, რომლითაც გამოვლინდა ე.წ. უსაქონლო (ფიქტიური) ოპერაციებზე ყალბი ანგარიშფაქტურების გამოწერის ფაქტი, რის გამოც მოსარჩელეს შემოსავლების სამსახურის 13.05.2019 წლის N14966 ბრძანებით, გადასახდელად დაერიცხა - 27 999 ლარი, რაზეც 14.05.2019 წელს გამოიცა შესაბამისი საგადასახდო მოთხოვნა. ამდენად, 2019 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდზე, 2019 წლის 8 მაისს შედგენილ იქნა შპს „S.M.4 F“-ს კამერალური საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადამხდელს ერიცხება 27 999 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადის ნაწილში - 18 666 ლარი, ხოლო ჯარიმის სახით - 9333 ლარი.

6.2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ, 2019 წლის 10 ივნისს შედგა მორიგი საგადასახდო შემოწმების შუალედური აქტი, რომლითაც დამატებით გამოვლინდა ე.წ. უსაქონლო (ფიქტიური) ოპერაციებზე ყალბი ანგარიშფაქტურების გამოწერის ფაქტი, რის გამოც მოსარჩელეს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2019 წლის N19865 ბრძანების საფუძველზე, იმავე დღეს გამოცემული 19.06.2019 წლის საგადასახადო მოთხოვნით, გადასახდელად დაერიცხა - 67 982.03 ლარი.

6.2.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ, 2019 წლის 19 დეკემბერს შედგა მორიგი საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, რომლითაც დამატებით გამოვლინდა დარღვევები შესამოწმებელ პერიოდზე, რის გამოც მოსარჩელეს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2019 წლის N46224 ბრძანების საფუძველზე, იმავე დღეს გამოცემული 25.12.2019 წლის საგადასახადო მოთხოვნით, დამატებით გადასახდელად დაერიცხა ჯამში - 2921.17 ლარი.

6.2.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2020 წლის N11130 ბრძანებით, დაინიშნა მოსარჩელის საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის ფარგლებში მიღებული შედეგების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2020 წლის ბრძანებითა და მის საფუძველზე გამოცემული 18.05.2020 წლის საგადასახადო მოთხოვნით, მოსარჩელეს დამატებით გადასახდელად დაერიცხა - 58 360.15 ლარი. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 19 აპრილის №11925 ბრძანების საფუძველზე, დაინიშნა შპს „S.M.4 F“-ს (ს/ნ .....) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. ბრძანებით შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდი. 2019 წლის 26 აგვისტოს N29822 ბრძანებით, შპს „S.M.4 F“-ის (ს/ნ .........) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების 2019 წლის 19 აპრილის №11925 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2016 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდი.

6.2.7. 2020 წლის 23 აპრილს შედგა მორიგი საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლითაც დამატებით გამოვლინდა დარღვევები შესამოწმებელ პერიოდზე. საგულისხმოა, რომ ამ აქტში დარიცხვის საფუძვლად ხაზგასმით მითითებულია ის გარემოება, რომ „კომპანიის ბუღალტრის მიერ განხორციელდა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამზადება-გამოყენება დიდი ოდენობით დღგ-ს აქტივის შექმნისა და შემდგომ ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების მიზნით“. კომპანიის ბუღალტრის მიერ ნაჩვენები დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციები მიჩნეულია ფიქტიურ გარიგებებად, ხოლო გამოწერილი ფაქტურები ყალბ ფაქტურებად, რის გამოც კომპანია დამატებით იქნა დაჯარიმებული - 127 892 ლარით.

6.2.8. 2020 წლის 24 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა შპს „S.M.4 F“-ის (ს/ნ .....) დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნით. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 12 ნოემბრის N011-6589 ბრძანების საფუძველზე, ყადაღა დაედო შპს „S.M.4 F“-ის (ს/ნ .....) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.

6.2.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 08 ოქტომბრის ბრძანების თანახმად, შპს „S.M.4 F“-ის (ს/ნ .......) დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; აუქციონის წესით რეალიზებული იქნა გადასახადის გადამხდელის შპს „S.M.4 F“-ის (ს/ნ ......) ყადაღადადებული ქონება. ქონების რეალიზაციის თავიდან აცილებისა და საგადასახდო ვალდებულებების დაფარვის მიზნით მოსარჩელემ გადაიხადა - 24 897 ლარი.

6.2.10. 2019 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდზე, 2019 წლის 10 ივნისს შედგენილ იქნა შპს „S.M.4 F“-ს (ს/ნ .....) კამერალური საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, რომლის თანახმადაც გადასახადის გადამხდელს ერიცხება - 67 889 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადის ნაწილში 45 259 ლარი, ხოლო ჯარიმის სახით - 22 630 ლარი.

6.2.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 08 ოქტომბრის ბრძანების მიხედვით, გადამხდელს 2019 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ჩათვლილი აქვს თანხა შპს „o“-ისგან (ს/ნ ......), შპს „ბ.ჯ–სგან“ (ს/ნ ....) და შპს „ს.ჯ–ა S.g.“-სგან (ს/ნ .........) მიღებული ელ. ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, სულ 45 259 ლარის ოდენობით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-4 სამმართველოში განიხილებოდა სისხლის სამართლის №092200619004 საქმე შპს „S.M.4 F“-ს (ს/ნ .......), შპს „კ.ი.თ“-ის (ს/ნ .......), შპს „O“-ის (ს/ნ ....), შპს „P“-ის (ს/ნ ......), შპს „ი“-ის (ს/ნ .......), შპს „ბ.ჯ–“-ს (ს/ნ ........), შპს „ს.ჯ–ა S.g.“-ს (ს/ნ .......), შპს „ა.ი.თ“-ის (ს/ნ .....) მიერ ჯგუფურად ყალბი სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ა/ფაქტურების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან 2019 წლის 25 ოქტომბრის №13845/15-04-03/4 შემოსული წერილით ირკვევა, რომ 2019 წლის პერიოდში ზემოაღნიშნული გადასახადის გადამხდელების მიერ მიღებული-გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები და ყველა საგადასახადო ა/ფაქტურები არის ყალბი. შემოსავლების სამსახურში აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 28 ოქტომბრის N21-14/115502 წერილის პასუხად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან შემოვიდა 2019 წლის 1 ნოემბრის N14122/15-04-03/4 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „S.M.4 F“-ს (ს/ნ.......) მიერ 2019 წლის თებერვალის, მარტის და აპრილის თვეებში გამოწერილი ეა-16 N3751737, ეა-16 N4932074, ეა-16 N3877726, ეა-16 N3590956 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ასევე 2019 წლის თებერვალში, მარტში, აპრილში და მაისში ჩათვლილი ეკ N4385784, ეა-16 N4094054, ეა-16 N4309648, ეა-16 N4565094, ეა-15 N5721817, ეა-16 N4879589, ეა-15 N5594374, ეა-40 N3441336, ეა-15 N5592447, ეა-16 N4895398, ეა-16 N4337595, ეა-15 N5596870, ეა-16 N4932096, ეა-15 N5596869, ეა-15 N5592447 ანგარიშ-ფაქტურები და ამავე ანგარიშ-ფაქტურებზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები არის ყალბი, ფიქტიური და განხორციელებულია უსაქონლო ოპერაციები.

6.2.12. ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის ივნისის მდგომარეობით მოსარჩელეს ერიცხებოდა დავალიანება 186 243.42 ლარის ოდენობით. 2021 წლის ივნისში მოსარჩელემ საგადასახადო ორგანოსთან მიაღწია შეთანხმებას, რის შედეგადაც საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე ნაცვლად ზემოთნახსენები - 186 243.42 ლარისა, მოსარჩელეს შეუმცირდა გადასახდელი თანხა და იგი განისაზღვრა - 55 874.47 ლარის ოდენობით, რაც მოსარჩელემ დაფარა 2021 წლის 22 სექტემბერს და შესაბამისად, მოსარჩელეს დღეის მდგომარეობით სხვა დავალიანება აღარ ერიცხება, ანუ საერთო ჯამში, მოსარჩელის მიერ გადახდილმა თანხამ შეადგინა - 80 771.47 ლარი.

6.2.13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენით, ნ.გ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ასევე, ნ.გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ნ.გ–ი სრულად დაეთანხმა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, ასევე უდავო გახადა სისხლის სამართლის საქმეზე, მის წინააღმდეგ წარდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა შორის დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. განაჩენი არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

6.2.14. შპს „S.M.4 F“-ის 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის და დირექტორის ჯ.ს–ის 29.04.2022 წლის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ პარტნიორსა და საზოგადოებას შორის ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, 2021 წლის 20 თებერვალს საზოგადოების პარტნიორმა ჯ.ს–მა შპს „S.M.4 F.“-ის გადასცა მიზნობრივი სესხის თანხა - 24 897 ლარის ოდენობით, რაც მხარეთა შეთანხმებით, პარტნიორის მიერ მიმართული იქნა საზოგადოების ყოფილი ბუღალტრის - ნ.გ–ის მიერ, ფიქტიური საგადასახდო ანგარიშფაქტურების გამოწერის გამო საზოგადოებისათვის დარიცხული ჯარიმის ანგარიშში. პარტნიორსა და საზოგადოებას შორის ზეპირი შეთანხმების საფუძველზე 2021 წლის 22 სექტემბერს საზოგადოების პარტნიორმა ჯ.ს–მა შპს „S.M.4 F.“-ის გადასცა მიზნობრივი სესხის თანხა - 55 875 ლარის ოდენობით, რაც მხარეთა შეთანხმებით, პარტნიორის მიერ გადარიცხული იქნა საზოგადოების ყოფილი ბუღალტრის - ნ.გ–ის მიერ, ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერის გამო საზოგადოებისათვის დარიცხული ჯარიმის ანგარიშში.

6.2.15. მხარეთა შორის შეთანხმებულია, რომ სესხი არის უვადო - გამსესხებლის მიერ მის მოთხოვნამდე. სესხის საპროცენტო განაკვეთი იქნება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი საბაზრო განაკვეთის შესაბამისად წლიური 16%. სესხის სხვა პირობები შეიძლება დაზუსტდეს დამატებით მხარეთა შორის.

6.3.სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება მასზედ, რომ 2020 წლის 23 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტში, დარიცხვის საფუძვლად მითითებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.04.2020 წლის ბრძანება, ასევე სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ბრძანება და დავების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი. დარიცხვის საფუძვლები მითითებული იყო აქტის მე-5 გვერდზე, სადაც ასახული იყო გადამხდელის შესახებ მოკლე ინფორმაცია. ინფორმაცია წარმოადგენდა თავად გადამხდელის მიერ მითითებულ ინფორმაციას, ასევე შეეხებოდა საგამოძიებო სამსახურის დადგენილებას, რომელიც არ წარმოადგენდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც იმ დროისათვის არც არსებობდა. მოსარჩელის მიმართ ჩატარდა არაერთი საგადასახადო შემოწმება. შემოწმებების შედეგად დაკისრებული თანხების ჯამმა საბოლოოდ შეადგინა 80 771.47; გარდა 2020 წლის 23 აპრილის აქტისა, მსგავსი ინფორმაცია არცერთ დოკუმენტში არ იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ განმარტა, რომ 2020 წლის 23 აპრილს შედგა მორიგი საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლითაც დამატებით გამოვლინდა დარღვევები შესამოწმებელ პერიოდზე. საგულისხმო იყო, რომ ამ აქტში დარიცხვის საფუძვლად ხაზგასმით მითითებული იყო ის გარემოება, რომ „კომპანიის ბუღალტრის მიერ განხორციელდა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამზადება-გამოყენება დიდი ოდენობით დღგ-ს აქტივის შექმნისა და შემდგომ ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების მიზნით“. კომპანიის ბუღალტრის მიერ ნაჩვენები დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციები მიჩნეულია ფიქტიურ გარიგებებად, ხოლო გამოწერილი ფაქტურები ყალბ ფაქტურებად, რის გამოც კომპანია დამატებით იქნა დაჯარიმებული - 127 892 ლარით. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით აპელანტის მიერ მითითებული გარემოება უსაფუძვლო იყო.

6.4.სააპელაციო პალატამ აპელანტის არც ის განმარტება გაიზიარა, რომ შესაგებელში და პროცესის განმავლობაში სადაოდ იყო გამხდარი ფაქტი, თუ ვინ დაფარა მოსარჩელის დავალიანება. თანხის დაფარვა განხორციელდა არა მოსარჩელის მხრიდან, არამედ კომპანიის დამფუძნებლის - ჯ.ს–ის მიერ. შესაბამისად, გაუგებარი იყო, თუ როგორ მიიჩნია სასამართლომ უდავოდ, რომ მოსარჩელემ დაფარა დავალიანება, როდესაც 2021 წლის 22 თებერვალს სწორედ ჯ.ს–ის მიერ გადაირიცხა თანხა შემოსავლების სამსახურში. მოსარჩელემ 2022 წლის 29 აპრილს შექმნა გაუგებარი დოკუმენტი, სადაც თავადვე წარმოადგენდა როგორც სესხის გამცემს, ასევე სესხის მიმღების დირექტორს, ასევე ამ კომპანიის დამფუძნებელს და ცდილობს დარწმუნებას, რომ სესხი გაცემულია დამფუძნებლის მიერ, რათა დაფარულიყო დავალიანება. აღნიშნული დოკუმენტი შეიქმნა შესაგებლის საპასუხოდ, რომელიც რეალურად არც სესხის ხელშეკრულებაა და არც რაიმე სხვა სახის ხელშეკრულება, არამედ წარმოადგენს ინფორმაციასა და რეალურად მოსარჩელის პოზიციას, რომელიც სასამართლოს შესაბამისი მტკიცებულების გარეშე არ უნდა გაეზიარებინა. სასამართლოს აღნიშნული დოკუმენტი არ უნდა გაეზიარებინა, რადგან სარჩელში მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ თანხის გადახდა მოხდა შპს „S.M.4 F.“-ის მიერ. ჯ.ს–ი არ ფლობს ქართულ ენას, თუმცა მოგვიანებით ქართულ ენაზე შესრულებულ სამართლებრივ დოკუმენტს წარმოადგენს ჯ.ს–ის ხელმოწერით. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელეს რეალურად აქტივი არ შემცირებია, გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემდეგ სახეზე იქნება უსაფუძვლო გამდიდრება, რადგან მოსარჩელე დამატებით მიიღებს თანხას, რომელიც მას არ მოკლებია. ჯარიმის გადახდა მოსარჩელეს არ განუხორციელებია, მის აქტივებს აღნიშნული თანხა არ გამოკლებია, რაც გამორიცხავს ზიანის არსებობის ფაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ როგორც საქმის მასალებით დგინდებოდა, 2020 წლის 24 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა შპს „S.M.4 F.“-ის (ს/ნ ......) დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნით. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 12 ნოემბრის N011-6589 ბრძანების საფუძველზე, ყადაღა დაედო შპს „S.M.4 F.“-ის (ს/ნ ......) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 08 ოქტომბრის ბრძანების თანახმად: შპს „S.M.4 F.“-ის (ს/ნ .......) დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის შესახებ, სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; აუქციონის წესით რეალიზებულ იქნა გადასახადის გადამხდელის შპს „S.M.4 F.“-ის (ს/ნ ..........) ყადაღადადებული ქონება. 08.10.2020 წლის თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანებით დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა მოსარჩელის ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ. ქონების რეალიზაციის თავიდან აცილებისა და საგადასახდო ვალდებულებების დაფარვის მიზნით, მოსარჩელემ გადაიხადა - 24 897 ლარი. მოსარჩელის მხრიდან თანხის დაფარვის ადასტურებს შპს „S.M.4 F.“-ის 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის და დირექტორის ჯ.ს–ის 29.04.2022 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც დგინდება, რომ პარტნიორსა და საზოგადოებას შორის ზეპირი შეთანხმების საფუძველზე 2021 წლის 20 თებერვალს საზოგადოების პარტნიორმა ჯ.ს–მა შპს „S.M.4 F.“-ის გადასცა მიზნობრივი სესხის თანხა - 24 897 ლარის ოდენობით, რაც მხარეთა შეთანხმებით, პარტნიორის მიერ მიმართული იქნა საზოგადოების ყოფილი ბუღალტრის ნ.გ–ის მიერ ფიქტიური საგადასახდო ანგარიშფაქტურების გამოწერის გამო საზოგადოებისათვის დარიცხული ჯარიმის ანგარიშში. პარტნიორსა და საზოგადოებას შორის ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, 2021 წლის 22 სექტემბერს, საზოგადოების პარტნიორმა ჯ.ს–მა შპს „S.M.4 F.“-ის გადასცა მიზნობრივი სესხის თანხა - 55 875 ლარის ოდენობით, რაც მხარეთა შეთანხმებით, პარტნიორის მიერ გადარიცხული იქნა საზოგადოების ყოფილი ბუღალტრის ნ.გ–ის მიერ ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერის გამო საზოგადოებისათვის დარიცხული ჯარიმის ანგარიშში. მხარეთა შორის შეთანხმებულია, რომ სესხი არის უვადო გამსესხებლის მიერ მის მოთხოვნამდე. სესხის საპროცენტო განაკვეთი იქნება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი საბაზრო განაკვეთის შესაბამისად წლიური 16%. სესხის სხვა პირობები შეიძლება დაზუსტდეს დამატებით მხარეთა შორის.

6.5.ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ წარმოადგინა მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ დავალიანების დაფარვა მოხდა არა მოსარჩელის მიერ, არამედ საზოგადოების პარტნიორისა და დირექტორის ჯ.ს–ის მიერ და რომ მოსარჩელეს რეალურად აქტივი არ შემცირებია. შესაბამისად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ.ს–ის მიერ გადახდილი თანხები ემსახურებოდა მოსარჩელის ჯარიმებისგან განთავისუფლებას, რაც სესხის სახით იქნა კომპანიაზე გადაცემული და რომ საზოგადოებისათვის დარიცხული ჯარიმა წარმოიშვა ბუღალტრის - ნ.გ–ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად.

6.6.სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა აპელანტის იმ განმარტებაზეც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნ.გ–სა და ბრალდების მხარეს შორის დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რომლის წინაპირობაც იყო ბრალის აღიარება, აღნიშნულს საქმესთან კავშირი არ აქვს, რადგან იმ სისხლის სამართლის საქმეში, სადაც ნ.გ–თნ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, დაზარალებულს არ წარმოადგენდა მოსარჩელე. ასევე ზიანი, რომელიც განაჩენით დადგინდა იყო 8130 ლარი, ხოლო დაზარალებული სახელმწიფო. სწორედ აღნიშნული ზიანი აღიარა ნ.გ–მა და გააფორმა საპროცესო შეთანხმება, ამასთან, 8130 ლარი გადაიხადა ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოსარჩელეს არანაირი ზიანი არ მიდგომია. განაჩენით მოსარჩელე არ წარმოადგენს დაზარალებულს, არც მის მიმართ არსებული ზიანია განაჩენში დადგენილი, რაც გამორიცხავდა ფაქტის დადგენილად მიჩნევის შესაძლებლობას. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული შემოწმების აქტების გაცნობის შედეგად ნათელია, რომ მოსარჩელეს ჯარიმები დაეკისრა სხვადასხვა სახის გადასახადების გადაუხდელობის შედეგად. შესაბამისად იმის გამიჯვნა, თუ რომელი თანხები დაეკისრა ნ.გ–ის ქმედების შედეგად და რომელი თანხები სხვა ფინანსური მანიპულაციების შედეგად, შეუძლებელია. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენით, ნ.გ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ასევე, ნ.გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ნ.გ–ი სრულად დაეთანხმა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, ასევე უდავო გახადა სისხლის სამართლის საქმეზე მის წინააღმდეგ წარდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა შორის დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. აღნიშნული განაჩენის მიხედვით, ნ.გ–მა სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი მდგომარეობა, გადაწყვიტა ზემოაღნიშნული გარემოების გამოყენება და ყალბი ანგარიშ-ფაქტურების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით დღგ-ს აქტივის შექმნისა და შემდგომში მოტყუებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოტანის მიზნით გამოწერა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. განაჩენი არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში. რაც შეეხება უშუალოდ დამდგარი ზიანის ოდენობას, პალატის მითითებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იყო საგადასახდო შემოწმების შუალედური აქტები, საგადასახადო მოთხოვნები, აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებები, შედარების აქტები, ასევე საგადასახდო შეთანხმება, სადაც დეტალურად იყო ჩაშლილი ჯარიმები, თუ დარიცხული თანხები. ასევე მოსარჩელის მიერ წარდგენილი იყო საგადასახადო დავალებები, რომლითაც დგინდებოდა, რომ მის მიერ დაფარული იყო სარჩელით მოთხოვნილი თანხის ოდენობით შემოსავლების სამსახურის მიერ დარიცხული და შემდგომში შემცირებული დავალიანება, რაც წარმოშობილი იყო მოპასუხის ბრალეული ქმედების შედეგად. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები საკმარისი იყო სარჩელის საფუძვლად მითითებული სადავო გარემოების, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოსარჩელისათვის - 80 771.47 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად

6.7.ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, წარმოადინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების (ზიანის მიყენების ფაქტის და მისი ოდენობის) დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, ხოლო მტკიცების ტვირთის შებრუნების პირობებში, პალატამ მიუთითა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაქარწყლების თაობაზე მოპასუხის ვალდებულებაზე და აღნიშნა, რომ მოპასუხემ ვერ გაართვა თავი აღნიშნული ვალდებულების შესრულებას: მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის პასუხისმგებლობას ზიანის დადგომაში.

6.8.სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება მასზედ, რომ წარმოუდგენელია ბუღალტერს დაეკისროს პასუხისმგებლობა, მაშინ როცა სრულყოფილი წვდომაც კი არ აქვს rs.ge-სთან, რომელიც პირდაპირ დირექტორის მოვალეობაში შედიოდა. სწორედ კომპანიის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო დაიწყო გამოძიება. დირექტორმა არ იმოქმედა გონივრულობის სტანდარტის მიხედვით, არც მეწარმეთა შესახებ კანონით, რომელიც მას საქმიანობის სათანადოდ გაძღოლას ავალდებულებდა და არც კი შეეცადა გარკვეულიყო საკითხებში, რომელიც ცალსახად აარიდებდა თავიდან დაკისრებულ ჯარიმებს. მოსარჩელემ და კომპანიის დირქტორმა სრულად უგულებელყვეს სახელმწიფოს მიერ წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნები, არ გაასაჩივრეს კომპანიაზე დაკისრებული ჯარიმები, რომელიც მისი შემცირების შესაძლებლობას იძლეოდა. ნ.გ–ის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება არ და ვერ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ საწარმოს მართვას ახორციელებს საწარმოს დირექტორი, როგორც ხელმძღვანელი პირი, მათ შორის, დირექტორი დებს გარიგებებს, უზრუნველყოფს საწარმოს ტრანზაქციების შესრულებას, ამოწმებს და აკონტროლებს ფინანსურ აღრიცხვა-ანგარიშგებას. მოცემულ შემთხვევაში, ეს პირდაპირ იყო გაწერილი ნ.გ–სა და დამსაქმებელს შორის დადებული 2019 წლის 1 იანვრის ხელშეკრულებით. აღნიშნული ხელშეკრულება წარმოდგენილი იქნა მოსარჩელის მიერ თუმცა ხელშეკრულებას სწორედ ის გვერდი აკლდა, სადაც ბუღალტერის უფლებამოსილება იყო განსაზღვრული. სასამართლომ უგულებელყო აღნიშნული გარემოება და არ იმსჯელა ბუღალტერის უფლებამოსილების ფარგლებზე. მოპასუხე ვერ შეძლებდა დირექტორის გვერდის ავლით რაიმე სახის ოპერაციის განხორციელებას. აღნიშნულზე პალატამ მიუთითა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, ევროკონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტს არ ეწინააღმდეგებოდა არც ის გარემოება, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ბედი შეიძლება გადაწყვეტილიყო სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან მოპოვებული მტკიცებულებებით. ევროპული სასამართლოს შეფასებით, საწინააღმდეგო განმარტების პირობებში, ერთი მხრივ, არაპროპორციულად შეიზღუდებოდა თავად მსხვერპლის უფლება სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე (კონვენციის 6.1-ე მუხლი), ვინაიდან, მას აღარ ექნებოდა საშუალება მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება სისხლის სამართლის საქმეზე უდანაშაულოდ ცნობილი პირისაგან, მეორე მხრივ კი, თვითონ ბრალდებული აღმოჩნდებოდა პრივილეგირებულ მდგომარეობაში, იმის მიუხედავად, რომ იარსებებდა სამოქალაქო წესით პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის საკმარისი მტკიცებულებები (იხ. Diacenco v. Romania, no. 124/04, 07/02/2012, § 58). (სუსგ ას-1322-2018)

6.9.ამდენად, დელიქტური ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ცალკეული ელემენტების მტკიცების ნაწილში, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, პალატამ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელისთვის მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით ზიანის მიყენების ფაქტი.

6.10. პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დასტურდებოდა, მოპასუხის/აპელანტის ბრალეულობა მოსარჩელის მიმართ დამდგარ ზიანში. აღნიშნული გარემოება გამორიცხავდა დირექტორისა და ბუღალტერის უფლებამოსილებების საკითხის დადგენას, ვინაიდან როგორც აღინიშნა განაჩენით დადგენილი იყო მოპასუხის/აპელანტის ბრალეულობა. პალატამ დამატებით მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები პრეიუდიციის რანგში რომც არ განხილულიყო, აპელანტს არ ჰქონდა წარმოდგენილი განაჩენით დადასტურებული ფაქტების გამაქარწყლებელი სამართლებრივად ვარგისი რაიმე მტკიცებულება. აღნიშნული კი, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს დაუსაბუთებელს ხდიდა და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.გ–მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

8. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.1.კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების 7.5 პუნქტს, სადაც სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ, 2019 წლის 19 დეკემბერს შედგა მორიგი საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, რომლითაც დამატებით გამოვლინდა დარღვევები შესამოწმებელ პერიოდზე, რის გამოც მოსარჩელეს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2019 წლის 46224 ბრძანების საფუძველზე იმავე დღეს გამოცემული 25.12.2019 წლის საგადასახადო მოთხოვნით დამატებით გადასახდელად დაერიცხა ჯამში 2921.17 ლარი. კასატორის განმარტებით, სასამართლოს არ აქვს მხედველობაში მიღებული ის გარემოება, რომ 2019 წლის 19 დეკემბრის შემოწმების აქტში აუდიტორის შეფასება ჯარიმასთან დაკავშირებით შემდეგია: „ვინაიდან საზოგადოების მიერ გამოწერილი პირველადი დოკუმენტებით ვერ დგინდება ფასნამატი, შემოსავლის გაანგარიშებისთვის გამოყენებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმებული, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების ფასნამატი 35%-ის ოდენობით, რაც გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით, ასევე ერთიანი ელექტრონულ ბაზაში არსებული შესყიდვის ელექტრონული დოკუმენტების გათვალისწინებით, შესაბამისად დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 10471 ლარით და გადამხდელს დაერიცხა როგორც ძირითადი გადასახადი სსკ-ს 161-ე მუხლით, ასევე ჯარიმა სსკ-ს 275-ე მუხლის შესაბამისად“. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ შპს არაკეთილსინდისიერი გადამხდელი იყო და ცდილობდა დაემალა სახელმწიფოსგან მოგების გადასახადი, ეს არანაირ კავშირში არ არის ფიქტიურ ანგარიშ-ფაქტურებთან. კასატორის მითითებით, სასამართლოს ამავდროულად არ აქვს გათვალისწინებული, რომ სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილია 2019 წელს, ხოლო შემოწმების პერიოდი, რომელიც დაიწყო 2019 წელს მოიცავს 2016 წელსაც. აქედან გამომდინარე აღნიშნულ აქტებში შესამოწმებელი პერიოდი განსაზღვრულია 2016 წლიდან 2019 წლის ჩათვლით. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2019 წლის 46224 ბრძანების საფუძველზე დარიცხული ჯარიმა, 25.12.2019 წლის საგადასახადო მოთხოვნით მიეკუთვნება 2016 წელს. რაც შემხებლობაში არ არის ფიქტიური ანგარიშ-ფაქტურებით დარიცხულ ჯარიმასთან, რადგან სისხლის სამართლის განაჩენით და ასევე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დანაშაული ჩადენილია 2019 წელს; შესაბამისად არ იკვეთება ნ.გ–ის კავშირი აღნიშნულ გარემოებასთან.

8.2.კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების 7.6 პუნქტს, სადაც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ 2019 წლის 26 აგვისტოს 29822 ბრძანებით, შპს „S.M.4 F.“-ის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების 2019 წლის 19 აპრილის №11925 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2016 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდი. კასატორის მოსაზრებით, პალატას არ აქვს მხედველობაში მიღებული, რომ საგადასახადო მოთხოვნა 001-93, რომელიც გამოიცა 2020 წლის 18 მაისს დარიცხული გადასახადები გაშიფრულია შემდეგნაირად: დღგ - 1286 ლარი, მიწის გადასახადი - 12 ლარი, საშემოსავლო გადასახადი - 4375 ლარი, თუმცა არც-ერთ წარმოდგენილ მტკიცებულებაში არ იშიფრება რის საფუძველზე დაერიცხათ აღნიშნული გადასახადები; ამავდროულად, კასატორის მოსაზრებით, ისიც გასათვალისწინებელია, რომ არც დღგ - 1286 ლარი (რაც საგადასახადო მოთხოვნის აქტით დასტურდება, რომ არის ძირითადი გადასახადი და არა ფიქტიური ოპერაციებით განხორციელებული ჯარიმა, რაც გამოწვეულია მოსარჩელეს მიერ განხორციელებული უკანონო ოპერაციებით აერიდებინა თავი გადასახადებსგან), არც მიწის გადასახადი და არც საშემოსავლო გადასახადი არ უკავშირდება ფიქტიური ანგარიშ-ფაქტირებით დარიცხულ ჯარიმას და ამავე პუნქტში თავად სასამართლო უთითებს, რომ შესამოწმებელი პერიოდი 2016 წლიდან არის განსაზღვრული. კასატორმა აღნიშნა, რომ ყველა შემოწმების აქტს თან აქვს დართული ზოგადი ინფორმაციები (მონაცემები), სადაც აღნიშნულია საგადასახადო ორგანოსთან შედარების აქტის მონაცემები, საიდანაც ირკვევა რომ ფიქტიური ოპერაციებით, ბალანსი შეექმნა მოსარჩელეს 160741,74 ლარის ოდენობით და შეეძლო, რომ განეკარგა არსებული ბალანსი სხვა საგადასახდო ვალდებულებების დასაფარად; ბალანსის არსებობის შესახებ ვიგებთ ასევე სისხლის სამართლის განაჩენიდან, სადაც გარკვევითაა მითითებული, რომ ფიქტიური ოპერაციებით შექმნილი ბალანსი რჩებოდა ბიუჯეტში კომპანიის არსებულ ბალანსზე. კასატორმა ისიც აღნიშნა, რომ ბრძანებები და შედარების აქტები არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და არ შეიძლება განხილული იქნეს როგორც მტკიცებულება, რადგან არ ემთხვევა თანხობრივად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას, სადაც ჯამური თანხა მითითებულია 208925,36 ლარი. შესაბამისად ეს არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ ბრძანებები და შედარების აქტების გასაჩივრება შესაძლებელია და არ შეიძლება სასამართლო დაეყრდნოს მას. ამასთან, კასატორისათვის სრულიად გაუგებარია 285 154,35 ლარიდან 24897 ლარის გადახდის შემდეგ, როგორ დარჩა დავალიანება 186 243,42 ლარი, ნაცვლად 260 257,35 ლარისა; კასატორს აქვს ეჭვი, რომ კომპანიამ არ წარმოადგინა სრულად რეალური დარიცხვები, რათა თავიდან აერიდებინა იმის მტკიცება, რომ ზიანის ანაზღაურების სახით მის მიერ მოთხოვნილ თანხებში, შედის მის მიერ დამალული გადასახადების ჯარიმები. სწორედ აქედან გამომდინარე, არ შეიძლება სასამართლო დაეყრდნოს წარმოდგენილ შედარების აქტებს და ბრძანებებს, რადგან მათ არ აქვთ იურიდიული ძალა და არ შეიძლება იყოს განხილული როგორც ავთენტური მტკიცებულება.

8.3.გარდა ზემოაღნიშნულებისა, კასატორი განმარტავს, რომ სასამართლომ მიიღო მტკიცებულებად 29.04.2022 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც 2021 წელს ბიუჯეტში გადახდილ თანხებს ვითომდა ზეპირსიტყვიერი შეთანხმებით უვადო სესხის კვალიფიკაცია მიანიჭა, თუმცა, კასატორის მოსაზრებით, ნოტარიულად დამოწმებული ეს შეთანხმება, მხოლოდ და მხოლოდ შესაგებლის საპასუხოდ გაკეთდა და არ შეიძლება მისი მხედველობაში მიღება, მით უფრო, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია 2022 წელს, ხოლო თანხები გადახდილ იქნა 2021 წელს; ამავდროულად, კასატორის განმარტებით რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ სესხის რაიმე ნაწილიც კი გადახდილია. კასატორი განმარტავს, რომ ჯარიმა გადაიხადა საწარმოს პარტნიორმა, რომელსაც რეგრესის წესით არ მოუთხოვია საწარმოსგან დავალიანების დაფარვა. შესაბამისად საზოგადოებას არ განუცდია ფაქტობრივი ფინანსური თუ ქონებრივი დანაკლისი, რაც გამორიცხავს მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას. სასამართლო ზიანის ფაქტად უთითებს ყადაღა დადებულ ქონებაზე, რომლის არც რეალიზაცია მომხდარა და არც დაკლებია მოსარჩელეს; თუკი აღნიშნული ქონება აუქციონზე შესაბამისი წესით გაიყიდებოდა, კასატორის მოსაზრებით, ეს წარმოშობდა რეალურ ფაქტობრივ ზიანს, თუმცა ნაცვლად ამისა, მოსარჩელის სასარგებლოდ თანხა გადაიხადა დირექტორმა - ჯ.ს–მა. შესაბამისად, მოსარჩელეს, არც აქტივები შემცირებია და არც პასივები გაზრდია. პირიქით, სასარჩელო მოთხოვნით ადგილი აქვს უსაფუძვლო გამდიდრების მცდელობას, რადგან სარჩელით თანხის მოთხოვნის შემდეგ, მისი აქტივები გაიზრდება, ხოლო, შესაძლო ფიქტიური სესხი (რომელიც არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით), ასევე მის განკარგულებაში რჩება. სესხის ფიქტიურობის თაობაზე მოსაზრებას კასატორისათვის სარწმუნოს ხდის ის ფაქტი, რომ თანხის გადახდა მოხდა დირექტორის პირადი ანგარიშიდან. სესხის რეალურად არსებობის შემთხვევაში, კასატორის მოსაზრებით, თანხა უნდა გადარიცხულიყო მოსარჩელის ანგარიშზე, საიდანაც ბიუჯეტი საინკასო მოთხოვნით ავტომატურად ჩამოაჭრიდა ანგარიშიდან. კასატორის განმარტებით, სარჩელი სასამართლოში შეტანილ იქნა 2021 წლის 30 მარტს. აღნიშნულ სარჩელში მოსარჩელე უთითებდა, რომ მათ მიერ განხორციელდა დავალიანების დაფარვა. რაიმე ინფორმაცია, სესხის აღებისა, თუ სხვა გზით თანხების დაფარვის შესახებ, სარჩელში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, ცალსახაა, რომ მოსარჩელის მიერ აღნიშნული დოკუმენტი შეიქმნა შესაგებლის საპასუხოდ, როდესაც მათთვის ნათელი გახდა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. სწორედ სარჩელზე საპასუხოდ წარმოადგინეს მსგავსი დოკუმენტი, რომელიც რეალურად არც სესხის ხელშეკრულებაა და არც რაიმე სხვა სახის ხელშეკრულება, რის გამოც აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სასამართლოს შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე, არ უნდა გაეზიარებინა, მით უფრო იმ პირობებში, რომ სარჩელში მსგავსი მითითება მათ მიერ არ გაკეთებულა, პირიქით, ამტკიცებდნენ, რომ თანხის გადახდა მოხდა მოსარჩელის მიერ.

8.4.კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის არც იმ მითითებას, რომ 2020 წლის 08 ოქტობრის ბრძანების თანახმად რეალიზებული იქნა დაყადარებული ქონება, რამეთუ სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ დაყადაღებული ქონების რეალიზაციის თავიდან აცილებისა და საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის მიზნით მოსარჩელემ გადაიხადა 24897 ლარი. მოსარჩელეს თანხის გადახდას ადასტურებს 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის და დირექტორის ჯ.ს–ის 29.04.2022 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც დგინდება რომ პარტნიორისა და საზოგადოებას შორის ზეპირი შეთახმების საფუძველზე 2021 წლის 20 თებერვალს საზოგადოების პარტნიორმა გადასცა მიზნობრივი თანხა 24 897 ლარის ოდენობით. კასატორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ არ დასტურდება არც სესხის პროცენტისა და არც თავად სესხის არსებობა შესაბამისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით, სასამართლო დაუსაბუთებლად ციტირებს, რომ სესხი არის უვადო გამსესხებლის მიერ მის მოთხოვნამდე. სესხის საპროცენტო განაკვეთი იქნება მოქმედი კანონდებლობით დადგენილი საბაზრო განაკვეთის შესაბამისის წლიური 16%.

8.5.კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ იმსჯელა დირექტორის მიერ ზრუნვის მოვალეობაზე, არ გაიზიარა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეს შემოწმება მიმდინარეობდა 2019 წლის მარტიდან და დირექტორს არ მოუთხოვია არსებულ ვითარებაში გარკვევა, ასევე არც ჯარიმებში გარკვევა და არც იმ მდგომარეობაში, რომ 2019 წლის მარტიდან კომპანიას დაედო გირავნობა/ყადაღა არსებულ უძრავ ქონებაზე; კასატორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არ მომხდარა მისი პასუხისგებაში მიცემა, აღნიშნული არ გამორიცხავს კომპანიის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის არსებობას.

8.6.კასატორის მოსაზრებით, მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ განაჩენით არ არის დადასტურებული ფაქტი მასზედ, რომ ნ.გ–მა მოსარჩელეს მიაყენა რაიმე სახის ზიანი. განაჩენით მოსარჩელე არ ყოფილა ცნობილი დაზარალებულად. ასევე, განაჩენშივეა მითითებული, რომ აღნიშნული დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია. ამასთან, კასატორი განმარტავს, რომ არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს ნ.გ–ის მიერ ზიანის მიყენების ფაქტს. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული შემოწმების აქტების გაცნობის შედეგად ნათელია, რომ მოსარჩელეს ჯარიმები დაეკისრა სხვადასხვა სახის გადასახადების გადაუხდელობის შედეგად (მაგალითისთვის აქტში მითითებულია მიწის გადასახადი). შესაბამისად, იმის გამიჯვნა, თუ რომელი თანხები დაეკისრა (იმ შემთხვევაში თუ დაეკისრა) ნ.გ–ის ქმედების შედეგად და რომელი თანხები სხვა ფინანსური მანიპულაციების შედეგად, შეუძლებელია; ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც ამაზე მიგვითითებდა, არის განაჩენი. 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენში კი მითითებულია, რომ ნ.გ–ის ქმედების შედეგად ზიანი მიადგა სახელმწიფოს 8 130 ლარის ოდენობით, რომელიც მის მიერ სრულად არის გადახდილი.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინებით, ნ.გ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო, ამავე სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, ნ.გ–ის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩვარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს არსებობდა თუ არა მოპასუხისათვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები.

13. სადავო საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების თავისებურებებზე.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირს, საქართველოს კანონმდებლობით გააჩნია შესაძლებლობა, დარღვეული უფლების დასაცავად (ზიანის ანაზღაურება) მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს საქმის განხილვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით გათვალისწინებული გამარტივებული წარმოების წესით ან ჩვეულებრივი სასარჩელო წარმოების წესით. კანონით მინიჭებული შესაძლებლობა, საქმე განხილულ იქნას გამარტივებული წესით შემჭიდროვებულ ვადებში, მოსარჩელე მხარის დისპოზიციური უფლებაა და მას არ ეკრძალება სარჩელის წარდგენა საერთო საფუძველზე.

15. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ერთმანეთისგან მიჯნავს ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებულ წესსა და დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის ჩვეულებრივ წარმოებას. კერძოდ:

15.1 გამარტივებული წარმოებით საქმეების განხილვის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მოსარჩელეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ავალდებულებს, სარჩელს თან დაურთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, რითაც სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს და კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნიათ. აღნიშნული იმას გულისხმობს, რომ დამტკიცებულად და განხორციელებულად ითვლება დელიქტური სამართლის მთავარი ნორმის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წანამძღვარი: მოქმედების მართლსაწინააღმდეგობა, ზიანი, ადექვატური მიზეზობრივი კავშირი და ბრალი (შდრ. სუსგ №ას- 176-163-2015, 04 ოქტომბერი, 2016). აღნიშნული დასკვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920–ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო კვლევისა და შეფასების საგანია მხოლოდ ზიანის ოდენობა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ განაჩენით/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტით, იგი არ არის დადგენილი. ზიანის ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსამარჩელემ უნდა წარადგინოს.

15.2 რაც შეეხება ჩვეულებრივი სასარჩელო წარმოების წესით დელიქტის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის განხილვას, ასეთ დროს, მხარეები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლოს წარუდგენენ როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების, ისე ზიანის ფაქტის, მიზეზობრივი კავშირისა და ზიანის ოდენობის ამსახველ მტკიცებულებებს; ხოლო, სასამართლო მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად აფასებს.

16. მნიშვნელოვანია საკითხი იმის შესახებ, თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებას მასზედ, თუ რა წესით უნდა იქნეს განხილული დანაშაულით მიყენებული ზიანის თაობაზე წარმოდგენილი სარჩელი. აღსანიშნავია, რომ მითითებული საკითხი კოდექსით პირდაპირ მოწესრიგებული არ არის, თუმცა, საპროცესო ნორმათა ერთობლივი ანალიზი იძლევა გარკვეული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, კერძოდ, აღნიშნული საკითხი წყდება სარჩელის შეტანის ეტაპზე. გამარტივებული წესით საქმის განსახილველად აუცილებელია მოსარჩელის შუამდგომლობა და სარჩელზე მოპასუხის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის დართვა. აღსანიშნავია, რომ სარჩელის წარდგენის ეტაპზე წყდება სახელმწიფო ბაჟის საკითხიც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის (ზიანის) ანაზღაურების სარჩელებზე. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე მხოლოდ მაშინ თავისუფლდება ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, თუ მას დანაშაულის შედეგად მიადგა მატერიალური ზიანი. ამდენად, თუ არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, შესაბამისად, არ არსებობს დანაშაულის ჩადენისა და დანაშაულის შედეგად ზიანის მიყენების პრეიუდიცია, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს საქმის გამარტივებული წესით განხილვისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მოსარჩელის გათავისუფლების კანონით გათვალისწინებული საფუძველი (იხ. სუსგ საქმეზე №ას-1426-2018, 11/04/2019).

17. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო საკითხის განხილვისას, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მიუთითეს რა, დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით გათვალისწინებული გამარტივებული წარმოების მარეგულირებელ ნორმებზე, დელიქტური ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ცალკეული ელემენტების მტკიცების ნაწილში, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე, დადგენილად მიიჩნიეს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით, მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი; დამდგარი ზიანი ოდენობის თვალსაზრისით კი, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების (საგადასახდო შემოწმების შუალედური აქტების, საგადასახადო მოთხოვნების, აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებების, შედარების აქტების, საგადასახდო შეთანხმებების და საგადასახადო დავალებების) საფუძველზე, სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს, რომ მოპასუხის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, მოსარჩელეს მიადგა 80771.47 ლარის ოდენობით ზიანი, რაც სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები გახდა.

18. მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების ნაწილში, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განვითარებულ მსჯელობას და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, მოცემულ დავაზე ვერ შეფასდება 30917-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრულ იმ მტკიცებულებად, რომელიც საკმარისი იქნებოდა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი დასადგენად, რამეთუ ხსენებული განაჩენით არ დგინდება მოპასუხის პასუხისმგებლობა უშუალოდ მოსარჩელის მიმართ დამდგარ ზიანში. კერძოდ, დასახელებული განაჩენით, მოსარჩელე არ ყოფილა ცნობილი დაზარალებულად; ამასთან, ამავე განაჩენით დასტურდება, რომ ნ.გ–ის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, ქონების მესაკუთრისათვის ყალბი საგადასახადო დოკუმენების დამზადება-გამოყენებით, სახელმწიფოსათვის მოტყუებით ზიანის მიყენების შედეგად, ბიუჯეტს მიადგა 482497 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. მაშასადამე, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დასტურდება მოპასუხის მხრიდან სახელმწიფოსთვის და არა მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, რაც ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით გათვალისწინებული გამარტივებული წარმოების წესით, მხოლოდ განაჩენზე დაყრდნობით, მოპასუხის მხრიდან მოსარჩელე კომპანიისათვის ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოების დამტკიცების შესაძლებლობას.

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ამ კონკრეტულ დავაში წარმოადგენს მხოლოდ ერთ-ერთ მტკიცებულებას, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საჭიროებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასებას, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ განუხორციელებიათ.

20. შესაბამისად, საერთო სასარჩელო წარმოების წესით დელიქტური ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ცალკეული ელემენტების მტკიცების ნაწილში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ხელახლა დასადგენ გარემოებას წარმოადგენს მოპასუხის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, მიადგა თუ არა მოსარჩელეს ზიანი.

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.

22. მოცემული ნორმების ანალიზის, წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთებისა და მსგავს დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ვინაიდან საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 257.1-ე, 264-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.გ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე