საქმე №ას-241-2024 26 მარტი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.12.2023 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე–ას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „მიმწოდებელი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 204 601,17 ლარის გადახდის დაკისრება.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. 26.10.2018 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა საძილე ტომრების შესყიდვა; 3.1 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 976615 ლარს.
2.2. მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება, კერძოდ, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სრულად და დროულად ვერ მიაწოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონელი. მოპასუხეს საძილე ტომრები უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 კალენდარული დღის განმავლობაში, ანუ 25.03.2019 წლის ჩათვლით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილებით მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა მხოლოდ 587 682,48 ლარის საქონელი, 388 932,72 ლარის საქონელი კი საერთოდ არ მიუწოდებია. მითითებულის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 204 601,17 ლარი.
2.3. მოპასუხეს პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ №652-1 აქტით დაეკისრა 204 601,17 ლარის პირგასამტეხლოს გადახდა და განესაზღვრა მისი გადახდის ვადა ამ აქტის ჩაბარებიდან 10 დღე. მიუხედავად ამისა, მიმწოდებელს დაკისრებული პირგასამტეხლო არ გადაუხდია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მოპასუხის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საფუძვლით 28.12.2020 წელს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 204 601,17 ლარის გადახდა.
4. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა საჩივრით. საჩივარი ეფუძნება შემდეგს:
4.1. მოპასუხეს სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად გაეგზავნა მისამართზე: თბილისი, ......, მაშინ, როდესაც ამ დროისთვის აღნიშნულ მისამართზე კომპანია აღარ ფუნქციონირებდა.
4.2. სასამართლომ არ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება. მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები გაეგზავნა არარსებულ მისამართზე, ისიც ერთხელ. სასამართლოს მოპასუხისთვის სარჩელი და თანდართული მასალები კიდევ ერთხელ უნდა გაეგზავნა მისთვის ცნობილ ალტერნატიულ მისამართზე ან/და დაკავშირებოდა მოპასუხის დირექტორს მობილურზე. აღსანიშნავია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით მოპასუხის დირექტორს, ე.მ–სს სასამართლოდან დაუკავშირდნენ მობილურზე. მოპასუხის წარმომადგენელი 05.05.2023 წელს გამოცხადდა თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბარა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამ სახით შესაძლებელი იყო სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებაც.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.06.2023 წლის განჩინებით მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.12.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.12.2022 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 19.06.2023 წლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 2321 მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სასამართლო ვალდებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები, კერძოდ: 1. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ სასამართლო გზავნილი (სარჩელი და თანდართული საბუთების ასლები) კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოპასუხეს და, შესაბამისად, განემარტა შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ; ამასთან, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ მის მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ წარმოადგენს პასუხს (შესაგებელს); 2. სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად რამდენად ამართლებს (ასაბუთებს) სასარჩელო მოთხოვნას.
6.2. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.12.2022 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
6.3. გამომდინარე იქიდან, რომ სარჩელი აღძრული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის (სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების) გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყო სასამართლომ, კერძოდ, სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ 28.12.2020 წელს შედგენილი გზავნილით დადგენილია, რომ მოპასუხეს გაეგზავნა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები, და შესაგებლის წარმოდგენისათვის განესაზღვრა 10-დღიანი ვადა. ამავე გზავნილით სასამართლომ მოპასუხეს განუმარტა, რომ ამ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში გამოტანილი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საქმის მასალებით დგინდება, რომ გზავნილი სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნა მოპასუხეს რამდენიმე მისამართზე: 1. ქ. თბილისი, ........; 2. ქ. თბილისი, ........, თბილაბრეშუმი „ცისარტყელას“ მიმდებარედ; 3. ქ. თბილისი, .........; 4. ლანჩხუთი ....... ქ. №76-ის მიმდებარედ. აღნიშნული გზავნილები მოპასუხეს ვერ ჩაბარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.11.2022 წლის განჩინებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დაევალა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება. გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მომართვით ირკვევა, რომ გზავნილი მოპასუხეს ვერ ჩაბარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.12.2022 წლის განჩინებით სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს ჩაბარდა საჯარო პუბლიკაციის გზით.
6.4. პალატამ განმარტა, რომ სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შემთხვევაში, გზავნილი მხარეს პირადად კი არ ბარდება, არამედ სამართალწარმოებისა და საჯარო წესრიგის მიზნებისათვის იგი მისთვის „ჩაბარებულად ითვლება“. ეს სსსკ-ის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილში პირდაპირაც არის მითითებული. ამის გამო, სავსებით შესაძლებელია, მხარე ამგვარი წესით ჩაბარებულ გზავნილს, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, ვერც გაეცნოს. სასამართლოს შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შემთხვევაში, სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევის საფრთხე ყოველთვის არსებობს. ამიტომ, სასამართლომ გზავნილის ჩაბარების ეს წესი უნდა გამოიყენოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, მაშინ, როცა დარწმუნდება, რომ მოსარჩელემ სწორად მიუთითა მოპასუხის მისამართი და მისთვის გზავნილის ჩაბარება სხვაგვარად შეუძლებელია. მოსარჩელის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი სწორად ჩაითვლება, თუ გაირკვევა, რომ სასამართლომ (მოსარჩელემ) გამოიყენა მისთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალება მოპასუხის ზუსტი მისამართის დასადგენად და მას კეთილსინდისიერად შეეძლო მიეჩნია მოპასუხის მისამართად სარჩელში მითითებული მისამართი.
6.5. პალატის აზრით, სასამართლომ ზემოხსენებული ვალდებულების შესრულებისათვის შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები: გაუგზავნოს გზავნილი მოპასუხეს და თუ იგი მისთვის ცნობილ მისამართზე არ აღმოჩნდება, სასამართლოს ასევე შეუძლია გამოიყენოს სსსკ-ის 70.3 და 73.1 მუხლებით გათვალისწინებული სასამართლო გზავნილის ტელეფონით, ფაქსით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ან/და სხვა ტექნიკური საშუალებით ჩაბარების ღონისძიებები და თუ ამ ღონისძიებათა განხორციელების შედეგად მოპასუხის ადგილსამყოფელის დადგენა და მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება მაინც ვერ მოხერხდება, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სასამართლო გზავნილის ჩაბარების ისეთი უკიდურესი საშუალება, როგორიცაა - სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელება.
6.6. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მისთვის ხელმისაწვდომი ყველა საპროცესო მოქმედება მოპასუხის ადგილსამყოფელის დასადგენად და სასამართლო გზავნილის ჩასაბარებლად არ განუხორციელებია. მართალია, სასამართლომ გზავნილი მოპასუხისათვის ჩასაბარებლად გააგზავნა ყველა შესაძლო მისამართზე, სასამართლო განჩინებით მოპასუხისათვის მისი ჩაბარება დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოსაც, თუმცა სასამართლოს მოპასუხესთან დასაკავშირებლად არ გამოუყენებია სატელეფონო კომუნიკაცია (იმდაგვარად, როგორც გამოიყენა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩაბარებისას), ასევე, მას არ მიუმართია ელექტრონული ფოსტით იურიდიული პირისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების გზისთვის. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხე იურიდიული პირის სამსახურის ტელეფონია - 2601800 (იხ. სარჩელი); ელექტრონული მისამართი - e...@yahoo.com (იხ. ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №652); მობილური ტელეფონი - ........ (იხ. სასამართლო გზავნილი, ს.ფ. 180); ამ ვითარებაში, სასამართლოს არ ამოუწურია მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ჩასაბარებლად საჭირო, მისთვის ხელმისაწვდომი ყველა სამართლებრივი საშუალება.
6.7. სსსკ-ის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს სასამართლო გზავნილი არ ჩაბარებია კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით, შესაბამისად, არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოება. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლო ვალდებული იყო გაეუქმებინა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მოპასუხისათვის აღედგინა პასუხის (შესაგებლის) წარდგენისათვის სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვადა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. საკასაციო საჩივრის ობიექტია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარუდგენლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინება.
12. სსსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
13. სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
14. სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიო მიზეზით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი, უნდა არსებობდეს ერთი დამატებითი პირობაც, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016).
15. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.
16. სსსკ-ის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
17. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეში განმარტა, რომ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა (შდრ. სუსგ №ას-1492-1412-2017, 28.02.2018წ; №ას-975-2019, 05.06.2020წ; №ას-1318-2020, 25.06.2021წ; №ას-1203-2019, 30.07.2021წ; №ას-479-2023, 24.07.2023წ.). როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: №ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.).
18. სსსკ-ის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72- ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73 -ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
19. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ, სასამართლოს რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ვერ ჩაბარდა, რის გამოც საქალაქო სასამართლოს 07.12.2022 წლის განჩინებით იგი მოპასუხეს ჩაბარდა საჯარო შეტყობინების გზით. მოპასუხის მიერ შესაგებლის განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის გამო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ შეტყობინების საჯაროდ გავრცელებამდე, საქმის მასალებში შესაბამისი მონაცემების არსებობის პირობებში, სასამართლოს შეეძლო მოპასუხესთან დაკავშირება ეცადა ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (იხ. წინამდებარე განჩინების 6.6. პუნქტი), რისი განუხორციელებლობაც მიუთითებს მასზე, რომ სასამართლოს მოპასუხისთვის გზავნილის ჩასაბარებლად მისთვის ხელმისაწვდომი ყველა საპროცესო საშუალება არ ამოუწურია. შესაბამისად, მართებულია, გასაჩივრებული განჩინების დასკვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმების შესახებ.
20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, ეროვნულმა ხელისუფლებამ თითოეულ საქმეზე უნდა უზრუნველყოს, რომ, კონვენციის მნიშვნელობის ფარგლებში, „სამართლიანი სასამართლოს“ მოთხოვნები იყოს დაცული (Dombo Beheer B.V. v. The Netherlands, №14448/88, 27.10.1993, § 33). ამასთან, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება უნდა იყოს „პრაქტიკული და ეფექტიანი“ (Bellet v. France, №23805/94, 04.12.1995წ., §38). კონვენცია მიზნად ისახავს იმ უფლებათა უზრუნველყოფას, რომლებიც არ არის თეორიული ან ილუზორული, არამედ არის პრაქტიკული და ეფექტიანი. აღნიშნული განსაკუთრებით ვრცელდება მე-6 მუხლში წარმოდგენილ გარანტიებზე, დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და ამ მუხლის ყველა გარანტიის განსაკუთრებული ადგილის გამო (Stanev v. Bulgaria [დიდი პალატა], №36760/06, 17.01.2012წ., §231) (სუსგ №ას-1469-1389-2017, 21.06.2018წ.). ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „ბართაია საქართველოს წინააღმდეგ“ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ზედმეტად ფორმალისტური და მოუქნელი მიდგომა ეწინააღმდეგება გულმოდგინების პრინციპს; ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გამოიჩინონ გულმოდგინება, რათა უზრუნველყონ კონვენციის მე-6 მუხლით უზრუნველყოფილი უფლებებით ეფექტიანი სარგებლობა (Bartaia v. Georgia, №10978/06, 26.07.2018წ. (საბოლოო გახდა 26.10.2018წ.), §34) (შდრ. სუსგ №ას-28-2021, 12.03.2021წ; №ას-1751-2018, 01.06.2020წ.). საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებას შეეხებოდა, ევროსასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, უპირველესად, უნდა დადგენილიყო, სახელმწიფომ გამოიჩინა თუ არა საკმარისი გულისხმიერება ყველა შესაბამისი ნაბიჯის გადასადგმელად, რათა ეცნობებინა მომჩივნისათვის სამართალწარმოების დაწყების შესახებ და ამ კუთხით, უარი თქვა თუ არა განმცხადებელმა მის უფლებაზე – წარდგენილიყო პროცესზე და დაეცვა საკუთარი თავი (საქმე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ (GAKHARIA v. GEORGIA), №30459/13, 17.01.2017წ., სუსგ №ას-1154-2021, 23.02.2022წ., პუნ.28).
21. სააპელაციო სასამართლომ მართებულად გააუქმა როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ისე მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. არც საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არსებობს სამართლის განვითარების აუცილებლობის თვალსაზრისით.
22. კასატორი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია