Facebook Twitter

საქმე №ას-83-2024 30 აპრილი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სს „ს.კ.ე.ჯ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომ - დამზღვევი, სამინისტრო, მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ (შემდგომ - მზღვეველი, სადაზღვევო კომპანია, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ მოპასუხისათვის 19 000 ლარისა და პირგასამტეხლოს - 150 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები

2. 2019 წლის 31 დეკემბერს სამინისტროსა და სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელე მოითხოვს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, კერძოდ, 2020 წლის 27 იანვარს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „Renault sander” სახელმწიფო ნომრით - ....... ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზიანის ოდენობამ შეადგინა 19 000 ლარი. მოპასუხემ უარი განაცხადა ზიანისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის - 150 ლარის ანაზღაურებაზე.

მოპასუხის შესაგებელი

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, უფლებამოსილმა მძღოლმა - კ.ა–ძემ განაცხადა ბრალზე გარიგებასა და სასჯელზე შეთანხმების თაობაზე ნებაყოფლობითი თანხმობა, რის საფუძველზეც გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. 2019 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების 6.3.6. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია, არ აღიაროს საკუთარი პასუხისმგებლობა და არ გასცეს თანხმობა ზიანის ანაზღაურებაზე მიმწოდებლის თანხმობის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მზღვეველი უფლებამოსილია, მოიხსნას ნაკისრი პასუხისმგებლობა. აღნიშნულ პირობაზე მითითებით, მზღვეველმა უარი განაცხადა ზარალის ანაზღაურებაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა 19 150 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლით გათვალისწინებულ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის საჯარო მიზნებზე და აღნიშნა, რომ საპროცესო შეთანხმება საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია, საპროცესო შეთანხმების გაფორმების აუცილებელ პირობას კი ბრალის აღიარება წარმოადგენს; საპროცესო შეთანხმების გაფორმება ბრალდებულის ინდივიდუალური, კანონით გარანტირებული უფლებაა, მხოლოდ ის იღებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გარანტირებული სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის უფლების შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილებას და ამ უფლების რეალიზაციის პროცესში, იგი ვერ იქნება შეზღუდული მზღვეველსა და დამზღვევს შორის არსებული სახელშეკრულებო დათქმებით; საგულისხმოა ისიც, რომ სასჯელზე შეთანხმებისგან განსხვავებით, საპროცესო შეთანხმების მიზნებიდან და ზოგადი სულისკვეთებიდან გამომდინარე, საპროცესო შეღავათს, რომელიც უკავშირდება პირის სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებას, კანონი უშვებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.

10. განაჩენი, რომელზედაც სადაზღვევო კომპანია, საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად მიუთითებს, არ შეიცავს მსჯავრდებულის მიერ მესამე პირებისთვის რაიმე სახის ზიანის კომპენსაციის დაპირებას ან მორიგებას, რაც მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ობიექტურად გამორიცხავდა მზღვევლის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადაზღვევო შემთხვევის წარმოშობაში მონაწილე პირის მიერ ბრალის აღიარების თაობაზე სადაზღვევო კომპანიის პოზიცია არ არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისი და მისი არსებობა ვერ გახდება ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, სააპელაციო საჩივრით აპელანტს სადავოდ არ გაუხდია (იხ. სააპელაციო საჩივრისა და 01.11.2023 წლის სხდომის ოქმი).

11. პალატის შეფასებით, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 11.3 პუნქტის (ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გარდა შესრულების ვადის დარღვევისა, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ყოველ ჯერზე 150 ლარი) საფუძველზე განაპირობებს სადაზღვევო კომპანიისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნის მართებულობას.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

12. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

13. გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი უსწორობა, უპირატესად უნდა შეფასდეს სასამართლოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების №981 არასწორი და არასრული განმარტების კუთხით. მხარეთა შორის გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 6.3.6. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია, არ აღიაროს საკუთარი პასუხისმგებლობა და არ გასცეს პირობა ზიანის კომპენსაციაზე მიმწოდებლის (მზღვეველის) თანხმობის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელი (მზღვეველი) უფლებამოსილია, მოიხსნას ნაკისრი პასუხისმგებლობა. ასევე, ამავე ხელშეკრულების დანართ №1-ელის (დაზღვევის პირობები) I ნაწილის (ზოგადი პირობები) მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი (მზღვეველი) უფლებამოსილია, მოიხსნას ნაკისრი პასუხიმგებლობა, თუ შემსყიდველი აღიარებს საკუთარ პასუხისმგებლობას და გასცემს პირობას ზიანის კომპენსაციაზე მიმწოდებლის (მზღვევლის) თანხმობის გარეშე, ხოლო ხელშეკრულების №1-ელი დანართის, ზოგადი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრული გამონაკლისების „კ“ ქვეპუნქტით, მზღვეველი უფლებამოსილია, არ აანაზღაუროს შემთხვევა, რომლის დროსაც დამზღვევის მხარე ან/და მოსარგებლე უარს განაცხადებს მზღვევლისთვის რეგრესული უფლების მოთხოვნის გადაცემაზე.

14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, კასატორს, როგორც მზღვეველს, მიეწოდა სისხლის სამართლის საქმეზე 2021 წლის 26 ოქტომბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის მიერ მიღებული განაჩენი, რომლიდანაც ირკვევა, რომ, უფლებამოსილმა მძღოლმა, როგორც მსჯავრდებულმა, განაცხადა ნებაყოფლობითი თანხმობა ბრალზე გარიგებასა და სასჯელზე შეთანხმების თაობაზე, რის საფუძველზეც გაფორმდა საპროცესო შეთანხმების შესახებ ოქმი და ბრალი აღიარა. ვინაიდან დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების მძღოლის, როგორც მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის მიერ არ შესრულდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, იმავე ხელშეკრულების თანახმად, ზიანი არ ანაზღაურდა კასატორის მიერ.

15. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაითვალისწინა საქმეში არსებული ხელშეკრულება და მტკიცებულებები, რაც საბოლოოდ არასწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

19. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

21. სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ის) 799-ე მუხლის პირველი ნაწილი (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), ამავე კოდექსის 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) და 821-ე მუხლები (მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში), ხოლო პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 417-ე (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) მუხლი.

22. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა, აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვევლის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა (იხ.: სუსგ №ას-1165-1110-2014, 23.01.2015წ.; №ას-595-2022, 28.04.2023წ.; №ას-1252-2022, 15.11.2023წ.).

23. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულია დაზღვევის ხელშეკრულება; დამზღვევის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკით სადაზღვევო პრემიის გადახდის თაობაზე ვალდებულება შესრულებულია; სადაზღვევო შემთხვევა წარმოიშვა და დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა.

24. მზღვეველი საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადაზღვევო შემთხვევის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს იმ საფუძვლით, რომ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ბრალის აღიარების გზით საპროცესო შეთანხმების გაფორმება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევაა და მოპასუხეს აძლევს უფლებას, უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურებაზე.

25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა დამზღვევმა უნდა ამტკიცოს, მზღვეველმა კი უნდა დაასაბუთოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისია და მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ.: სუსგ №ას-1091-2022, 23.02.2023 წ.; №ას-1479-2019, 21.01.2020წ.; №ას-1198-2023, 10.01.2024წ.).

26. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულების პირობებზე. ხელშეკრულების 6.3.6 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებული იყო, არ ეღიარებინა საკუთარი პასუხისმგებლობა და არ გაეცა პირობა ზიანის კომპენსაციაზე მიმწოდებლის (მზღვევლის) თანხმობის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელი (მზღვეველი) უფლებამოსილი იყო, მოეხსნა ნაკისრი პასუხისმგებლობა. ხელშეკრულების დანართი №1-ელის პირველი ნაწილის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, მზღვეველი უფლებამოსილი იყო, არ აენაზღაურებინა ნაკისრი პასუხისმგებლობა, თუ შემსყიდველი აღიარებდა საკუთარ პასუხისმგებლობას და გასცემდა პირობას ზიანის კომპენსაციაზე მიმწოდებლის (მზღვევლის) თანხმობის გარეშე.

27. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა: ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა, ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვევლის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი, დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო დაზღვევის ხელშეკრულებით ანაზღაურებას ექვემდებარება მძღოლის ბრალით (ავარიისას) გამოწვეული ნებისმიერი ის ზიანი, რომელიც მხარეთა შეთანხმებით საგამონაკლისო შემთხვევების ნუსხის განსაზღვრისას დაუშვებლად არ არის მიჩნეული (იხ.: სუსგ №ას-1147-1067-2017, 29.12.2017წ.; №ას-462-2022, 24.06.2022წ.; №ას-865-2023, 29.09.2023წ.). ამდენად, დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევები ვიწროდ უნდა განმარტოს, იმგვარად, რომ მზღვეველთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება არ წახალისდეს და ამით საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის სამართლებრივ დანიშნულებასა და მიზანს.

28. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, დამდგარი სადაზღვევო შემთხვევა ისეთ სადაზღვევო რისკს წარმოადგენს, რომელიც სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ანაზღაურებას ექვემდებარება, რადგან არ დასტურდება შემსყიდველის მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის აღიარება და პირობის გაცემა ზიანის ანაზღაურებაზე.

29. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტაციების სასამართლოთა განმარტებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგამონაკლისო დათქმაში ვერ მოიაზრება მძღოლის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმება, რამდენადაც, მართალია, მძღოლმა ბრალი აღიარა, თუმცა ეს ე.წ. „აღიარება“ არ გულისხმობს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის აღიარებას, რომლის მიზანი ხელშეკრულების თანახმადვე, ზიანის კომპენსაციის დაპირებაა. მძღოლის აღიარების მიზანი საპროცესო შეთანხმების გაფორმება იყო (როგორც აუცილებელ წინაპირობა შეთანხმების გასაფორმებლად) და არა - საკუთარ პასუხისმგებლობის აღიარება და ზიანის კომპენსაციის დაპირება, მით უფრო, რომ განაჩენიც არ შეიცავს მსჯავრდებულის მიერ მესამე პირებისთვის რაიმე სახის ზიანის კომპენსაციის დაპირებას ან მორიგებას, რისი არსებობაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გამორიცხავდა მზღვევლის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურებას. შესაბამისად, მძღოლის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმება არ წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევას და მისი არსებობა ვერ გახდება ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად ძირითადად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

31. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 958.00 ლარის 70% - 670.6 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 958 ლარის (საგადასახადო დავალება №5915829, გადახდის თარიღი 05.02.2024), 70% - 670.6 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე