¹ ბს-865-828(გ-06) 6 ნოემბერი, 2006წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობით: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 23 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა თავდაცვის სამინისტრომ მოპასუხე მ. პ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 1647,56 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლით:
მოპასუხესა და თავდაცვის სამინისტროს შორის 2005წ. 15 მარტს გაფორმდა კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომლის 7.3 მუხლის შესაბამისად დადგენილ იქნა, რომ თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილითა და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებდა სამხედრო ძალებს, ან შექმნიდა პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული იქნებოდა, შეეწყვიტა ოთხწლიანი კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე ვალდებული იყო ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით სამინისტროსათვის აენაზღაურებინა კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შეადგენდა 1647,56 ლარს. აღნიშნული კონტრაქტის 8.4 მუხლის შესაბამისად მხარეთა შორის შეთანხმებულ იქნა განსჯადი სასამართლო სამინისტროს ადგილსამყოფელის მიხედვით, მიუხედავად სამხედრო მოსამსახურის საცხოვრებელი ადგილისა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006წ. 25 აგვისტოს განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს _ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგი საფუძვლით:
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით, კონკრეტული დავა დაკავშირებულია იმ სამართალურთიერთობასთან, რომელიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული დავის საგანს შესაძლებელია წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება და შეწყვეტა. ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე, ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ დაასკვნა, რომ მითითებული კონტრაქტი წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რამდენადაც ხელშეკრულება დადებული იყო ადმინისტრაციულ ორგანოს _ თავდაცვის სამინისტროსა და ფიზიკურ პირს _ სამხედრო მოსამსახურეს შორის, ხელშეკრულების საგანი იყო სამხედრო სამსახური და მისი გავლის წესი, ასევე “სამხედრო ვალდებულებისა და სამსახურის შესახებ” კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრული პირობები. ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად დადგენილია, რომ საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახური არის სამხედრო სამსახურის ერთ-ერთი სახე. ამავე კანონის 31-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სამხედრო სამსახური წარმოადგენდა სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს, რომლის გავლის წესს განსაზღვრავს ეს კანონი და დებულება “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ”. სამხედრო მოსამსახურედ ითვლება პირი, რომელიც სამხედრო სამსახურს გადიოდა საქართველოს სამხედრო ძალებში. სამხედრო მოსამსახურის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის გავლისას ითვლება სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლად და მას მფარველობს სახელმწიფო.
სარჩელზე თანდართული მასალების თანახმად მ. პ-ი დანიშნული იყო თავდაცვის სამინისტროს გათვლის ...ად სამხედრო წოდებით _ “კაპრალი”. ამასთან, მოსარჩელე თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის დებულებითაც განსაზღვრული იყო მისი ამოცანა _ თავდაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, რაც წარმოადგენდა მის საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულება განეკუთვნებოდა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რის გამოც სარჩელი ექვემდებარებოდა განხილვას ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006წ. 28 სექტემბრის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინების მოტივები შემდეგში მდგომარეობს:
მოცემული დავის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სასამართლო _ გარდაბნის რაიონული სასამართლო, რამდენადაც სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს გარდაბნის რაიონი. ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილას ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო. რაც შეეხებოდა მხარეთა შეთანხმებას (ხელშეკრულების 8.4 პუნქტი) სამინისტროს ადგილსამყოფელის მიხედვით სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ, აღნიშნული შეთანხმება საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სხვაგვარად აწესრიგებდა აღნიშნულ საკითხს, ხოლო ხელშეკრულების მითითებული პუნქტი ვერ აკმაყოფილებდა საპროცესო კანონით განსაზღვრულ განსჯადობის წესს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი საქმესთან ერთად უნდა დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
თავდაცვის სამინისტროს სარჩელის დავის საგანია სამინისტროსა და ფიზიკურ პირს შორის დადებული თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება. ადმინისტრაციული ორგანოს _ თავდაცვის სამინისტროს მიერ ხელშეკრულება დადებულია საჯარო უფლებამოსილების განხორციელების _ სახელმწიფოსათვის სამხედრო მოსამსახურეთა კორპუსით უზრუნველყოფის მიზნით. ამდენად, ესაა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საქმე, რომელიც ექვემდებარება განხილვას ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. აღნიშნული საქმის საგნობრივი განსჯადობა სწორად არის შეფასებული როგორც სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, ისე _ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ და მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინება განსჯადობის შესახებ დავის არსებობის თაობაზე დასაბუთებულია მხოლოდ იმ გარემოებით, რომ სარჩელის განმხილველ უფლებამოსილ სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით წარმოადგენს გარდაბნის რაიონული სასამართლო. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სადავოდ არის გამხდარი ტერიტორიული განსჯადობა სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. ამასთან, აღნიშნული განსჯადობა სადავოა არა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასთან, არამედ გარდაბნის რაიონულ სასამართლოსთან, იმ ვითარებაში, როდესაც ამ უკანასკნელის მსჯელობის საგანი არ გამხდარა წინამდებარე საქმის განხილვის კომპეტენცია. ამდენად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სასამართლოებს შორის არ არსებობს დავა განსჯადობის საკითხზე. ასეთ დავა იარსებებდა ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია გადააგზავნიდა საქმეს გარდაბნის რაიონულ სასამართლოში, ეს უკანასკნელი არ დაეთანხმებოდა ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით მის უფლებამოსილ სასამართლოდ მიჩნევას და განსჯადობის დავის გადასაწყვეტად გამოუგზავნიდა საქმეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ეს არაა დავა განსჯადობის შესახებ და საქმე უნდა დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის მე-11, 390-ე, 399-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე მ. პ-ის მიმართ დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.