16 მაისი, 2024 წელი,
საქმე #ას - 932 -2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „კ.ჯ–ია“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - შპს „ი–მი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „კ.ჯ–იას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ი–მის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი უარყოფილ იქნა; მოპასუხის შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის გაუქმებული აღსრულებული გადაწყვეტილების შებრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ - 42 432.18 ლარის დაბრუნება დაეკისრა. სახელდობრ:
კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით განიხილა. განხილვის პროცესში უგულებელყოფილია დისპოზიციურობის, შეჯიბრებითობის და სასამართლოს მიუკერძოებლობის პრინციპები. სასამართლო სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას კატეგორიულად მოითხოვდა ე.წ. დამფუძნებელი ნორმების მითითებას, მაშინ როდესაც მხარეს ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში გარკვევით აქვს მითითებული, რომ მოთხოვნები ემყარება ნასყიდობის ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებს.
მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება ძირითადი და დამატებითი შეთანხმებებით, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით მიეწოდებოდა სხვადასხვა საქონელი. მოპასუხის მხრიდან სასაქონლო ნაშთების შესახებ არასრული, დაგვიანებული ინფორმაციის წარდგენის გამო კასატორისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანამშრომლობა აღარ იყო მომგებიანი და წარმოიშვა ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი.
ხელშეკრულებიდან გასვლა ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ ერთი სახეა, რომლის წინაპირობებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი. განსახილველ შემთხვევაში კასატორისთვის ნორმით გათვალისწინებული წინაპირობები წარმოშვა იმ გარემოებამ, რომ მოპასუხემ 2019 წლის სექტემბრიდან აღარ მიიღო პროდუქცია. ხელშეკრულებიდან გასვლის გადაწყვეტილება მოპასუხისთვის ნათელი უნდა ყოფილიყო ამასთან, პრეტენზია მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადებთან დაკავშირებით არ დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით (იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 აგვისტოს განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში ტექსტში სსსკ-ის) 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მხარეთა შორის 2019 წლის 5 სექტემბერს #CG190905-001 ხელშეკრულება და #CG190905-001/1 დამატებითი შეთანხმება გაფორმდა, დადგინდა საქონლის მიწოდებისა და მისი ღირებულების გადახდის წესი, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე მოპასუხეს მიაწვდიდა საქონელს ამ უკანასკნელის მოთხოვნის შესაბამისად, ხოლო მოპასუხე გადაიხდიდა მიწოდებული საქონლის ღირებულებას მისი რეალიზაციის შემდეგ. ამასთან, თუკი მიწოდებული საქონლის რეალიზაცია ვერ მოხდებოდა ამ საქონლის ვარგისიანობის ვადის გასვლამდე, მოსარჩელე უკან დაიბრუნებდა ვადაგასულ პროდუქციას.
4.4. ხელშეკრულება ცალმხრივად შეიძლება შეწყვეტილიყო ერთ-ერთი მხარის მიერ აღნიშნული შეთანხმების უხეში დარღვევის შემთხვევაში, იმ პირობით თუ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 15 დღეში დარღვევა არ აღმოიფხვრებოდა (იხ. შეთანხმების 5.3. პუნქტი).
4.5. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებული იყო დაუყოვნებლივ აენაზღაურებინა სასაქონლო კრედიტის ოდენობა (იხ. შეთანხმების 4.3. პუნქტი).
4.6. შეთანხმების პირობები შეიძლება შეცვლილიყო მხარეთა დამატებითი, წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. გარიგებაში ცალმხრივად შეტანილი ცვლილება ან დამატება ბათილია შეტანის მომენტიდან (იხ. შეთანხმების 5.1. პუნქტი).
4.7. მოსარჩელემ მოპასუხეს - 62 623.43 ლარის საქონელი (კოსმეტიკური პროდუქცია) მიაწოდა. მოპასუხემ მოსარჩელეს - 20 000 ლარი აუნაზღაურა. 16 975.54 ლარის საქონელი ვადაგასული, ხოლო 25 647.89 ლარის საქონელი არარეალიზებულია.
4.7.1. 2020 წლის 30 ნოემბრის მონაცემებით მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მიწოდებული საქონლის ნაშთი - 25 647.89 ლარია (იხ. სასაქონლო ნაშთის შესახებ ცნობა).
4.7.2. 16 9975.54 ლარის ვადაგასული საქონელიდან ნაწილი ჩამოწერილ იქნა (იხ. შემოსავლების სამსახურის ცნობა), ხოლო ნაწილი მოსარჩელემ დაიბრუნა.
4.8. მოსარჩელეს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება არ წარმოშობია.
5. მოცემულ შემთხვევაში, თანხის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის უსაფუძვლობას სსკ-ის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) და 405.1 (თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებით ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება) მუხლების ფაქტობრივი შემადგენლობის არ არსებობა განაპირობებს.
6. მოსარჩელის/კასატორის მითითებით, შეთანხმების გაფორმების შემდგომ მისაწოდებელი პროდუქციის ოდენობაზე - დაახლოებით მილიონი ლარის პროდუქციაზე, მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ. მოპასუხემ კი, მითითებული ოდენობის პროდუქციის მიღებაზე უარი განაცხადა, შესაბამისად, შეთანხმების მიმართ მხარემ ინტერესი დაკარგა. მოპასუხემ მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმების არსებობა უარყო და აღნიშნა, რომ ასეთი შეთანხმების რეალობის პირობებშიც კი, მოსარჩელეს კანონითა (სსკ-ის 405 მუხლი) და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადა (შეთანხმების 5.3. პუნქტი) არ დაუწესებია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით დასაბუთებული და კანონიერი განჩინება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრებისას მოპასუხემ/კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები; ასევე ვერ შეძლო გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მსჯელობის გაქარწყლება დასაბუთებული საკასაციო შედავებით.
7.1. პალატა განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ, მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
7.2. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გამოტანილი გადაწყვეტილების მიღებას. ამასთან, მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია, მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს შესაბამის გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
7.3. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ, საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
7.4. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა (შდრ. სუსგ ას-344-2019, 12.02.2021 წ.).
მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარე მისთვის არახელსაყრელ საპროცესო შედეგს მიიღებს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
7.5. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატიური მოვალეობა. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.
7.6. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).
8. განსახილველ შემთხვევში, დადგენილია, რომ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა მხოლოდ წერილობით იყო შესაძლებლი. შეთანხმებისგან განსხვავებულ პირობაზე წერილობითი დასტურის არსებობა საქმის მასალებით არ იკვეთება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო ხელშეკრულება მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის საფუძვლით ვერ შეწყდებოდა. ამასთან, მოსარჩელეს მოპასუხისთვის ვალდებულების შესასრულებლად არც დამატებითი ვადა დაუწესებია და ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე არც შეტყობინება არ გაუგზავნია.
9. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ მოცემულობაზეც, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაშიც კი, სარჩელი წარმატებული ვერ იქნებოდა, რადგან, ასეთ ვითარებაში მას მეორადი მოთხოვნის - არარეალიზებული საქონლის უკან დაბრუნების უფლება (სსკ-ის 352.1 მუხლი), ხოლო ნატურით დაბრუნების ნაცვლად, ფულადი ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 352.2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში წარმოეშობოდა, ასეთის არსებობაზე კი, კასატორს არ მიუთითებია.
10. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს - 62 623.43 ლარის საქონელი (კოსმეტიკური პროდუქცია) მიაწოდა.
მოპასუხეს მოსარჩელეს - 20 000 ლარი აუნაზღაურა.
ასევე დადგენილია, რომ 2020 წლის 30 ნოემბრის მონაცემებით მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მიწოდებული საქონლის ნაშთი (არარეალიზებული) - 25 647.89 ლარია, ხოლო 16 997.54 ლარის ვადაგასული საქონელიდან - ნაწილი ჩამოწერილ იქნა (იხ. შემოსავლების სამსახურის ცნობა), ხოლო ნაწილი მოსარჩელემ დაიბრუნა.
აღნიშნულის საწინააღმდეგო ვარგისი მტკიცებულება საქმეში არ წარდგენილა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოპასუხეს მხოლოდ რეალიზებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება ეკისრებოდა, რაც შესრულდა კიდეც, არარეალიზებული და ვადაგასული საქონლის ღირებულების ანაზღაურებას, ვალდებულება კი მხარეს, არ ჰქონია და შესაბამისად, სარჩელი მართებულად იქნა უარყოფილი.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2672 მუხლი არეგულირებს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საკითხს და იგი დაიშვება ნორმის პირველი ნაწილის აღწერილობით ნაწილში გადმოცემულ წინაპირობათაგან ერთ-ერთის არსებობისას. ეს წინაპირობები კი, შემდეგია: კანონიერ ძალაში შესული/დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, საქმის წარმოების შეწყვეტის ან სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე, ამასთანავე, ნორმის მე-2 ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, აღსრულების შებრუნების საკითხს მოპასუხის განცხადების საფუძველზე გადაწყვეტს ახალი გადაწყვეტილების ან განჩინების მიმღები სასამართლო.
12. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის აღსრულებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა, შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა - 42 432.18 გადახდა, რაც მოპასუხეს გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ გაუქმებული გადაწყვეტილებით.
13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
16. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1974 ლარის (საგადახდო დავალება #4167, გადახდის თარიღი 04.08.2023წ), 70% - 1381.8 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „კ.ჯ–ია“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „კ.ჯ–იას“ (ს/ნ ........) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1974 ლარის (საგადახდო დავალება #4167, გადახდის თარიღი 04.08.2023წ), 70% - 1381.8 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე