Facebook Twitter

30 მაისი, 2024 წელი,

საქმე №ას-491 -2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ა.გ–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა.მ. და გ.კ–ია“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისში, ....... მდებარე უძრავი ქონება ს/კ-ით #....... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება), 2016 წლის 23 სექტემბერს შეტანილ იქნა შპს „ს.მ.ბ–ოს“ კაპიტალში და მის საკუთრებად აღირიცხა.

2. 2016 წლის 27 სექტემბერს კი, უძრავი ქონება შპს „ს.მ. და გ.კ–ის“ კაპიტალში შეტანილ იქნა და მის საკუთრებად დარეგისტრირდა.

3. 2019 წლის 3 სექტემბერს შპს „ს.მ.ბ–ო“ შპს „ა.მ. და გ.კ–იას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კომპანია) შეერწყა და მისი სამართალმემკვიდრეა.

4. კომპანიის კუთვნილ უძრავ ქონებას, კერძოდ, 21.55 კვ.მ. ნივთს შპს „ს.მ.ბ–ოს“ საკუთრებად რეგისტრაციის დღიდან/2016 წლის 23 სექტემბრიდან დღემდე, არამართლზომიერად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს ა.გ–ია (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი ან კასატორი).

5. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხე აუდიტორის მიერ განსაზღვრული საიჯარო ქირის - 258.60 ლარის დავალიანებას არ ანაღაურებს და არც ნივთს ათავისუფლებს.

5.1. მოპასუხემ თანხმობა განაცხადა ყოველთვიური საიჯარო ქირის გადახდაზე, თუმცა 2016 წლის სექტემბრიდან 2021 წლის თებერვლამდე არსებული დავალიანების - 13 774.76 ლარის გადახდაზე უარი განაცხადა. მოპასუხემ მხოლოდ 4 თვის, 2021 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით საიჯარო ქირა აანაზღაურა.

6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა: 1) დაეკისროს მოპასუხეს 2021 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით არსებული საიჯარო ქირის დავალიანება - 14 550.56 ლარი, 2) გამოთხოვილი იქნეს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონება და გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში, 3) მოპასუხეს დაეკისროს 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უძრავი ქონების გამოთავისუფლებამდე ყოველთვიური საიჯარო ქირის - 258.60 ლარის ანაზღაურება.

7. მოპასუხებ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

8. აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა 2022 წლის 4 ივლისს, 13:00 საათზე, დაინიშნა, რომელიც რამდენჯერმე გადაიდო და საბოლოოდ 2022 წლის 6 ოქტომბერს, 16:00 საათზე, დაინიშნა. მოპასუხეს სხდომის დრო და ადგილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა.

9. 2022 წლის 6 ოქტომბერს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის.

10. მოსარჩელის წარმომადგენელმა საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 ოქტომბრის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე იშუამდგომლა.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 2021 წლის 1 ოქტომრბის მონაცემებით არსებული საიჯარო ქირის დავალიანების - 14 550.56 ლარისა და 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უძრავი ქონების გამოთავისუფლებამდე ყოველთვიურად საიჯარო ქირის - 258.60 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; თბილისში, ........ მდებარე 21.55 კვ.მ უძრავი ქონება, ს/კ-ით #........ გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.

12. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით, საჩივარი წარადგინა მოპასუხემ იმ საფუძვლით, რომ სხდომის დრო და ადგილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ ეცნობა. კერძოდ, როცა სატელეფონო შეტყობინებით სხდომის თაობაზე შეატყობინეს, მართავდა ავტომობილს და ითხოვა მისთვის მატერიალური სახით შეტყობინების გაგზავნა, თუმცა სასამართლო უწყება არ ჩაჰბარებია.

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით, იმავე კოლეგიის 2022 წლის 6 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარი უარყოფილ იქნა.

14. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მათი გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება.

15.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 102–ე მუხლის თანახმად, მოპასუხეს ეკისრებოდა, რომელმაც ვერ დაადასტურა პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა. შესაბამისად, სსსკ-ის 233-ე და 241-ე მუხლების საფუძველზე, არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი.

16. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ სასამართლო უწყება კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

20. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სსსკ-ის 230 მუხლის შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება.

21. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულების პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას, ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.

22. საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებზე მოპასუხის აპელირებას და განმარტავს, რომ, სსსკ-ის 230-ე მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის ვლინდებოდა ყველა კანონისმიერი წინაპირობა, სახელდობრ:

22.1. დადგენილია, რომ 2022 წლის 6 ოქტომბერს, 16:00 საათზე, დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე მოპასუხეს ეცნობა სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით (იხ. აქტი ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ, ს.ფ. 148. ტ.1, სადაც აღნიშნულია, რომ ადრესატს განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები).

22.2. 2022 წლის 6 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გასამართ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რის გამოც სასამართლომ მის წინააღმდეგ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა.

22.3. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. ამავე კოდექსის 70.1 მუხლის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.

22.4. სსსკ-ის 241-ე მუხლი (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის) განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

22.5. სსსკ-ის 233.1 მუხლში (მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა დაუძლეველი ძალა ან სხვა მოვლენები, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები) მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. ნორმაში აღწერილ შემთხვევათაგან ერთ-ერთის არსებობისას, სასამართლო არაა უფლებამოსილი, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო, თუ ასეთი გადაწყვეტილება მაინც იქნება მიღებული, იგი უნდა გაუქმდეს.

22.6. სსსკ-ის 215.3 მუხლი კი, ადგენს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება, მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

27. კასატორების პრეტენზიით, როცა სატელეფონო შეტყობინებით სხდომის თაობაზე ეცნობა, მართავდა ავტომობილის საჭეს და ითხოვა მისთვის შეტყობინების (უწყების) გაგზავნა, თუმცა სასამართლო უწყება არ ჩაჰბარებია.

27.1. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორების ამ მსჯელობას შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2022 წლის 6 ოქტომბერს, 16:00 საათზე, დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე მოპასუხეს ეცნობა სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, 2022 წლის 27 სექტემბერს სასამართლოს მოხელემ მოპასუხეს აცნობა როგორც სასამართლოს სხდომის დრო და ადგილი, ისე სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები და შედგა შესაბამის აქტი. მისი შინაარსის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ მოპასუხეს განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები, რა დროსაც მოპასუხემ დაადასტურა, რომ სხდომის თარიღი „დავთარში“ ჩაიწერა, შესაბამისად, კასატორის პრეტენზია არასათანადო სახით ინფორმირების შესახებ დაუსაბუთებელია.

28. კასატორის შემდგომი პრეტენზია ისაა, რომ მიუხედავად მხარის გამოუცხადებლობისა სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მაინც არ უნდა მიეღო, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას.

28.1. კასატორის ამ პრეტენზას სასამართლო ასევე უარყოფს და განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებისას, მოსამართლე ვალდებულია გამოარკვიოს, კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია.

28.2. მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერი ჩარევის შედეგად მიღებული სარგებლის ანაზღაურებასა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, მოსარჩელის ეს მოთხოვნა სსკ-ის 172.1 (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება), 164.1 (არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს როგორც ნივთი, ასევე, მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი) და 982-ე (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა, აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი) მუხლებიდან გამომდინარეობს.

29. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ სასამართლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არ იკვლევს მტკიცებულებებს და ამ გზით არსებითად არ ამოწმებს სასარჩელო განცხადებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებადობის საკითხს. შესაბამისად, კასატორის პრეტენზია, რომ სასამართლოს არ უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას აბსოლუტურად დაუსაბუთებელია; პალატა ხაზს უსვამს, რომ მოსარჩელის მიერ სასარჩელო განცხადებაში დასახელებული ფაქტები ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებთან ერთობლიობაში აბსოლიტურად ცხადად ქმნიან ა.გ–იას წინააღმდეგ მიმართული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

30. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

31. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.გ–იას საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე