Facebook Twitter

27 მაისი, 2024 წელი,

საქმე №ას-810 -2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „კ.ი.ს.პ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ.ღ–ო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „კ.ი.ს.პ–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მენარდე) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინებას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც შპს „გ.ღ–ოს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან შემკვეთი) მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს 22 500 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რომ მენარდემ დაარღვია ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობები, დასახელებული საკითხის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არასაკმარისი მტკიცებულებაა; პირიქით, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს მენარდის მიერ დამკვეთისთვის უნაკლო ნივთის გადაცემის ფაქტი. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა, რომ მენარდის მიერ დამზადებული ნივთი დაუდგენელ ვითარებაში დაზიანდა და ისიც დამკვეთისთვის გადაცემის შემდეგ. (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. 2018 წლის 12 ივნის მხარეებს შორის ნარდობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც, მენარდემ სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ......., ჭაბურღილის ბურღვა-მონტაჟის სამუშაოების შესრულება იკისრა.

4.4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების საერთო ღირებულება ყოველ შესრულებულ გრძივ მეტრზე - 225 ლარით განისაზღვრა. საბოლოოდ, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად - 22 500 ლარი შეადგინა.

4.5. გაწეული მომსახურების ღირებულება მოსარჩელემ აანაზღაურა.

4.6. უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ჭაბურღილმა ფუნქციონირება შეწყვიტა, შედეგად მოსარჩელეს - 22 500 ლარი ზიანი მიადგა.

4.7. მოსარჩელის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის „ვექტორის“ 2019 წლის 30 იანვრის დასკვნით:

ჭაბურღილის ფაქტობრივი გეოლოგიურ-ლიტოლოგიური ჭრილის (ჭაბურღილის მთელ სიღრმეზე) არ ქონის გამო (კვლევები არ ჩატარებულა, ბურღვის ჟურნალი ნაწარმოები არ არის), ჭაბურთულის სიღრმე განსაზღვრულია ხელშეკრულებით და არა ბურღვის დროს მიღებული მონაცემებით. წარმოდგენილი და მოკვლეული ინფორმაციის ანალიზით, არასწორად იქნა შერჩეული ჭაბურღილისა და ფილტრის კონსტრუქცია, რამაც გამოიწვია საფილტრი მილის (140მმ) მთელ სიგრძეზე და ტუმბოს მილში (63მმ) ქანების შეღწევა-დალექვა. შედეგად ტუმბო გაჩერდა (გაიჭედა) 77მ სიღრმეზე, აგრეთვე გაიბიდნა 140მმ მილი 6მ ქვემოთ მთელ სიგრძეზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ტუმბოს ამოღება. ჭაბურღილის ფუნქციონირების აღდგენა შეუძლებელია. ამავე ტერიტორიაზე ჭაბურღილის მეშვეობით სარწყავი წყლის მოპოვების საჭიროების შემთხვევაში, ახალი ჭაბურღილის ბურღვა, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები უნდა შესრულდეს კვალიფიციურად და ბურღვის მიერმიღებული მონაცემების შესაბამისად.

4.8. მოპასუხის მიერ წარდგენილი ....... გაყვანილი საძიებო-საექსპლუატაციო ჭაბურღილის შესახებ სტუ ჰიდროგეოლოგიისა და სინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორისა და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ჰიდროგეოლოგიისა და სინჟინრო გეოლოგიის მიმართულების პროფესორების დასკვნით ჭაბურღილის დაზიანების მიზეზი დაუდგენელია.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, თანხის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 641.1 (ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს. ხოლო თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისთვის), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობდა.

6. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხელშეკრულების საგანი წყლის ჭაბურღილის ბურღვა-მონტაჟის სამუშაოების შესრულება იყო. ასევე დადგენილია, რომ ჭაბურღილმა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, მუშაობა შეწყვიტა.

7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაკლიანი შესრულების დადასტურების ტვირთი შემკვეთს ეკისრება (შდრ. სუსგ №ას-1324-2019, 12.03.2021წ; №ას-58-2020, 11.03.2020წ.). სსკ-ის 639-ე მუხლის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. ამავე კოდექსის 641-ე მუხლის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას. ნების ავტონომიის პრინციპის გათვალიწინებით, სამოქალაქო კოდექსი ნივთობრივი ნაკლის არსებობის დასადგენად, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებას ნივთის თვისებების თაობაზე. ამდენად, მისი მახასიათებლები, ხშირ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში აისახება ცალკეული პირობის სახით და მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

ნივთის ხარისხი არ მოიცავს მხოლოდ ნივთის მახასიათებელ თვისებებს, არამედ ყველა იმ პარამეტრებს, რომელიც უზრუნველყოფს მის სრულყოფილ ექსპლუატაციას, მით უმეტეს, თუ შემკვეთს განსაზღვრული აქვს ამ ნივთის კონკრეტული დანიშნულებით გამოყენება. ამდენად, მხარეთა შეთანხმება ნივთის ხარისხის თაობაზე, წარმოადგენს ნივთის ნაკლოვანების პირველ შესამოწმებელ წინაპირობას (შდრ. სუსგ №ას-1522-2019, 12.02.2021წ.).

8. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით დასაბუთებული და კანონიერი განჩინება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრების გზით მოპასუხემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები, ასევე ვერ გააქარწყლა დასაბუთებული საკასაციო შედავებით.

9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის „ვექტორის“ 2019 წლის 30 იანვრის დასკვნის, საფუძველზე იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ ჭაბურღილი არც შეთანხმებით გათვალისწინებული და არც ჩვეულებრივი გამოყენებისთვის ვარგისი არ არის.

მოპასუხემ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად, წარადგინა ....... გაყვანილი საძიებო-საექსპლუატაციო ჭაბურღილის შესახებ სტუ ჰიდროგეოლოგიისა და სინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორისა და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ჰიდროგეოლოგიისა და სინჟინრო გეოლოგიის მიმართულების პროფესორების დასკვნა, რომელიც მომზადებულია ადგილზე დათვალიერების გარეშე. კერძოდ, ამ დასკვნიდან ირკვევა, რომ ექსპერტი ეყრდნობა მოპასუხის განმარტებებს და არა ობიექტურად არსებულ გარემოებებს.

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნა კი, როგორც აღინიშნა, ექსპერტმა მოამზადა ადგილზე დათვალიერებით მიღებული მონაცემების საფუძველზე და მისი შინაარსი სასამართლო სხდომაზეც დაადასტურა (იხ. 05.07.2021 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:34:14 წუთიდან).

გარდა აღნიშნულისა, მოპასუხის დასკვნა, ფაქტობრივად, ვერ ადგენს ჭაბურღილის დაზიანების მიზეზსა და ვერც იმ მიზეზის არსებობას აბათილებს, რაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საექსპერტო გამოკვლევაშია მითითებული.

კასატორის მიერ წარმოდგენილ დასკვნას არ ერთვის მასში მოხსენიებული არცერთი დოკუმენტი, უფრო მეტიც, მოპასუხემ მხოლოდ სარჩელის მიღების შემდეგ წარუდგინა სასამართლოს ჭაბურღილის პასპორტი, რომელიც, მისი განმარტებით, სამუშაოების წარმოების დროს შეიქმნა. თავად ამ პასპორტის ხარისხობრივ ნაკლზე პირდაპირ მიუთითებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის ავტორი: წარმოდგენილი პასპორტი იმდენად არაპროფესიონალურად არის დაწერილი, რომ, ფაქტიურად პასპორტი არ არის შინაარსობრივად. ამასთან, მას არ ახლავს მთავარი დოკუმენტი - ლიტროგრაფიული სქემა (იხ. 05.07.2021 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:34:14 წუთიდან).

9.1. ამდენად, მოპასუხემ ვერ შეძლო თავის წილი მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა სათანადო ხარისხის მტკიცებულებებით ვერ გააქარწყლა.

10. საკასაციო სასამართლო მოწმეთა ჩვენებების საანდოობის კრიტერიუმთან მიმართებითაც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ უშუალოდ ჭაბურღილის ბურღვა-მონტაჟის განმხორციელებელი პირების განმარტება სანდოობის მკაცრ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა, რაც მათი შინაარსობრივი მხარის გაზიარების შესაძლებლობას გამორიცხავდა.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის მხრიდან აშკარად ვლინდება ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს გამოუსწორებადი ხარისხობრივი ნაკლი, მისთვის თანხის დაკისრების თაობაზე მოთხოვნაც საფუძვლიანია.

12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

13. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1125 ლარის (საგადახდო დავალება #9566, გადახდის თარიღი 04.07.2023წ), 70% - 787.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.შპს „კ.ი.ს.პ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „კ.ი.ს.პ–ს“ (ს/ნ .......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1125 ლარის (საგადახდო დავალება #9566, გადახდის თარიღი 04.07.2023წ), 70% - 787.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე