Facebook Twitter

1 მაისი, 2024 წელი,

საქმე №ას-1205 -2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ს.ც–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა.ლ–ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - გ.რ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. ს.ც–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მოვალე) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით ა.ლ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, გამსესხებელი ან კრედიტორი) მოთხოვნა დაკმაყოფილდა; პირველ მოპასუხესა და გ.რ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე ან მოვალე) - 124 500 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ.

პირველი მოპასუხის საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ბათილ გარიგებას ეფუძნებოდა და რეალურად ვალის აღიარების შეთანხმების პირობები ბათილია. დასახელებული გარიგებით დაიფარა მოსარჩელესა და შპს ა.კ–ს შორის არსებული ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. 2021 წლის 7 ივლისს მოპასუხეებმა მოსარჩელის მიმართ 130 500 აშშ დოლარის ფულადი ვალდებულების არსებობა აღიარეს და არაუგვიანეს 2026 წლის 20 ივლისისა თანხის გადახდა იკისრეს შემდეგი გრაფიკით:

4.3.1. ყოველი თვის 20 რიცხვში მოვალეები კრედიტორს შეთანხმებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე 5 წლის მანძილზე (60 თვე) - 1500 აშშ დოლარს, ჯამურად - 90 000 აშშ დოლარს ჩაურიცხავდნენ. დარჩენილ - 40 500 აშშ დოლარს კი, ერთიანი გადახდით, 2026 წლის 20 ივლისს აანაზღაურებდნენ. თანხას 2021 წლის 20 აგვისტოდან გადაიხდიდნენ, 20 დღით გადაცილება, შეთანხმების ვადის დარღვევად არ ჩაითვლებოდა (იხ. სანოტარო წესით დამოწმებული შეთანხმება).

4.4. მოპასუხეებმა მოსარჩელეს - 6 000 აშშ დოლარი აუნაზღაურეს (იხ. სს „თიბისი ბანკის“ ცნობა და ამონაწერი ანგარიშიდან).

4.5. 2018 წლის 22 ივნისს პირველმა მოპასუხემ შპს „ა.კ–ში“ კუთვნილი 30%-იანი წილი მოსარჩელის დედაზე - ეთერ ჩოლოგაურზე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის დედა) გაასხვისა, შეთანხმება ამ უკანასკნელის სახელით მისი მინდობილი პირის, მოსარჩელის მიერაა ხელმოწერილი.

4.5.1. 2021 წლის 24 აგვისტოს მოსარჩელის დედამ კუთვნილი 30%-იანი წილი შპს „ა.კ–ში“, ამავე შპს-ს 70%-იანი წილის მფლობელ პარტნიორზე, პირველ მოპასუხეზე უსასყიდლოდ გაასხვისა. შეთანხმება სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა.

4.6. მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალის აღიარების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, სრულყოფილად არ გადაიხადა თანხა, შესაბამისად, მათ მიერ ასანაზღაურებელი თანხა - 124,500 (130,500-6 000) აშშ დოლარია.

5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე მოთხოვნა სსკ-ის 341.1 (იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას) მუხლიდან გამომდინარეობდა, რამდენადაც ვალის აღიარება დამოუკიდებელ გარიგებად განიხილება და მისი დანიშნულება სწორედ ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაა.

6. მოვალის მიერ ვალის აღიარება, ზემოხსენებული ნორმით განმტკიცებული ვალის არსებობის აღიარებად რომ დაკვალიფიცირდეს და შესაბამისი სამართლებრივი შედეგები წარმოშვას, ის ვალდებულების შესრულების დამოუკიდებელ საფუძველს უნდა ქმნიდეს, რამდენადაც ვალის აღიარება დამოუკიდებელ გარიგებად განიხილება და მისი დანიშნულება სწორედ ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაა.

7. საქრთველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განმარტებით, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა.

ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ მოქმედებების შესრულებას და, ამდენად, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა.

თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა.

ვალის არსებობის აღიარება მხოლოდ მაშინ ვლინდება, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას (შდრ. სუსგ ას-839-890-2011, 8.11.2011 წელი, ას-392-371-2013, 8.11.2013 წელი).

8. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აღიარება დამოუკიდებელ საფუძველს ეყრდნობა, მასში არ არის მითითებული უკვე არსებული იმ სამართალურთიერთობის შესახებ, საიდანაც გამომდინარეობს აღიარება. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი „შეთანხმება ვალის აღიარების შესახებ“ სსკ-ის 341-ე მუხლით განმტკიცებული ე.წ. ვალის აბსატრაქტული აღიარებაა.

ამასთან, ვალის არსებობის აღიარება, როგორც ხელშეკრულების ერთ-ერთი სახე, უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის პირობებს. იგი ფორმასავალდებულო გარიგებაა, კანონი მისი ნამდვილობისთვის აწესებს მარტივ წერილობით ფორმას. ხელშეკრულებაში გაწერილი უნდა იყოს მისთვის მახასიათებელი ყველა არსებითი პირობა: კრედიტორისა და მოვალის მონაცემები, მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე შესასრულებელი კონკრეტული ვალდებულება და მომავალში მისი შესრულების განზრახვა (შდრ.: სუსგ №2ბ/6904-14, 20.03.2015წ.; №ას-839-890-2011, 8.10.2011წ.; №ას-1529-2022, 1.03.2023წ.; №ას-483-2023, 18.10.2023წ). ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ ისაა, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (შდრ. სუსგ №ას-1133-1079-2014, 30.09.2015წ.; №ას-226-213-2015, 18.05.2015წ.; №ას-483-2023, 18.10.2023წ.). ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა, როცა მხარეები ხელს მოაწერენ ვალის აღიარების ერთ დოკუმენტს ან გაცვლიან ცალმხრივად ხელმოწერილ დოკუმენტებს.

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილია კრედიტორისა და მოვალეების მიერ ხელმოწერილი ვალის არსებობის აღიარების შესახებ სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი.

8.1. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალის აღიარების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, სრულყოფილად არ გადაიხადეს თანხა, შესაბამისად, მათ მიერ ასანაზღაურებელია - 124,500 (130,500-6 000) აშშ დოლარი, ამდენად სასარჩელო მოთხოვნაც სამართლებრივად სწორად იქნა დაკმაყოფილებული.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

10. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

11. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

13. სსსკ-ის 401.4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 6 000 ლარის გადახდა კასატორს გადაუვადდა საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30%-ის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ც–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ს.ც–ძეს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი - TRESGE22, მიმღების ანგარიშის ნომერი - 200122900, სახაზინო კოდი - 3 0077 3150) სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 6 000 ლარის 30%-ის - 1 800 ლარის გადახდა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე