Facebook Twitter

საქმე №ას-60-2024 17 აპრილი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (აპელანტი, მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ.ტ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2022 წლის 17 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა (შემდგომში მოსარჩელე, შემკვეთი, სამინისტრო, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) და შპს „კ.ტ–ის“ (შემდგომში მოპასუხე ან შემსრულებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N368 ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკრულება), რომლის მიხედვით, შესყიდვის ობიექტია საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა სახის კრიმინალისტიკური ინვენტარის შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 318 708 ლარს, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა – ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარულ დღეს.

2. ხელშეკრულების 9.3 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%.

3. 2022 წლის 3 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, სამინისტრომ ჩაიბარა 80 080 ლარის ღირებულების კრიმინალისტიკური ინვენტარი.

4. 2022 წლის 13 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, სამინისტრომ ჩაიბარა 39 386 ლარის ღირებულების კრიმინალისტიკური ინვენტარი.

5. 2022 წლის 30 აგვისტოს შემკვეთმა აცნობა შემსრულებელს, რომ მიმწოდებლის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, ნაცვლად 2022 წლის 26 ივლისისა, მიწოდებულ იქნა არასრული რაოდენობით 8 კალენდარული დღის დაგვიანებით, 2022 წლის 3 აგვისტოს, რის გამოც მას ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 318 708 ლარის 0.15%, სულ 3824.50 ლარი.

6. 2022 წლის 26 სექტემბრის წერილით სამინისტრომ აცნობა მოპასუხეს, რომ საქონელი სრულად მიწოდებულ იქნა 2022 წლის 9 სექტემბერს, 45 კალენდარული დღის დაგვიანებით, რის გამოც მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 318 708 ლარის 0.15%, სულ 17 688.29 ლარი.

7. მოსარჩელის მოთხოვნა:

შემკვეთმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შემსრულებლის მიმართ და მოითხოვა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების, 318 708 ლარის 0.15%-ის, 21 512.79 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.

8. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ, 1206.50 ლარის ნაწილში ცნო და მიუთითა, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ დაგვიანებით შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან, ამასთან, საპროცენტო განაკვეთი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე - 0.05%-მდე.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, პირგასამტეხლოს, 1206.50 ლარის გადახდა.

10. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და სამართლებრივი დასკვნები:

11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 417-420-ე მუხლებით და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშებულიყო არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ ხელშეკრულების შეუსრულებელი ნაწილiდან, ამასთან, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს დასკვნაც დაკისრებული პირგასამტეხლოს 0,15%-დან 0,05%-მდე შემცირების შესახებ.

12. საკასაციო მოთხოვნა და მისი საფუძვლები:

12.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

12.2. კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაიანგარიშეს პირგასამტეხლოს თანხა და ამასთან, არასწორად შეამცირეს იგი (არასწორად მიიჩნიეს არაგონივრულ ოდენობად). სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მოპასუხე არის მეწარმე სუბიექტი და იგი სრულად იყო ინფორმირებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ, რაც დასტურდება ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერით. ხელშეკრულების გაფორმებისას მოპასუხეს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა საკმაო ცოდნა და თავისუფალი ნება იმისა, რომ მსგავს პირობაზე ეთქვა უარი. ამდენად, დაკისრებული პირგასამტეხლოს, 21 512.79 ლარის 1206.50 ლარამდე შემცირება არაპროპორციულია და ვერ აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მოთხოვნებს.

13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2024 წლის 15 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სწორად აქვს დადგენილი, კერძოდ:

15.1. 2022 წლის 17 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შესყიდვის ობიექტია საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა სახის კრიმინალისტიკური ინვენტარის შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 318 708 ლარს, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა – ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარულ დღეს;

15.2. ხელშეკრულების 9.3. მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%;

15.3. 2022 წლის 3 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, სამინისტრომ ჩაიბარა 80 080 ლარის ღირებულების კრიმინალისტიკური ინვენტარი;

15.4. 2022 წლის 13 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, სამინისტრომ ჩაიბარა 39 386 ლარის ღირებულების კრიმინალისტიკური ინვენტარი;

15.5. 2022 წლის 30 აგვისტოს შემკვეთმა აცნობა შემსრულებელს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, ნაცვლად 2022 წლის 26 ივლისისა, მიწოდებულ იქნა არასრული რაოდენობით 2022 წლის 3 აგვისტოს, 8 კალენდარული დღის დაგვიანებით, რის გამოც შემსრულებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 318 708 ლარის, 0.15%, სულ 3824.50 ლარი;

15.6. 2022 წლის 26 სექტემბრის წერილით სამინისტრომ აცნობა მოპასუხეს, რომ საქონელი სრულად მიწოდებულ იქნა 2022 წლის 9 სექტემბერს, 45 კალენდარული დღის დაგვიანებით, რის გამოც მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 318 708 ლარის 0.15%, სულ 17 688.29 ლარი.

16. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ნასყიდობის ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გამოანგარიშებისა და სასამართლოების მიერ მისი შემცირების კანონიერება (დადგენილია, რომ ქვედა ინსტანციის ინსტანციის სასამართლოებმა მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო დაიანგარიშეს ხელშეკრულების შეუსრულებელი ღირებულებიდან, ამასთან, მისი საპროცენტო განაკვეთი შეამცირეს 0.15%-იდან 0,05%-მდე). კასატორი აცხადებს, რომ სასამართლოებმა არასწორად გამოიანგარიშეს პირგასამტეხლო ხელშეკრულების შეუსრულებელი ღირებულებიდან და, ამავე დროს, არასწორად შეამცირეს მისი ოდენობაც.

17. სსკ-ის 427-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურება და რომელთა შერჩევაც მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან (სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო). პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა თუ არაჯეროვნად შესრულება (შდრ. იხ. სუსგ №ას-1274-2022, 22 ნოემბერი, 2022 წელი; №ას-1299-2022, 22 ნოემბერი, 2022 წელი;№ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018);

19. ამრიგად, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მხარეებს შეუძლიათ, გაითვალისწინონ პირგასამტეხლო და განსაზღვრონ მისი ოდენობა, თუმცა თუკი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს მინიჭებული აქვს მისი შემცირების უფლებამოსილება.

20. როგორც ზემოთ უკვე აღნიშნა, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, მოპასუხემ მოსარჩელის დაკვეთის საფუძველზე, იკისრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარული დღის ვადაში სხვადასხვა სახის კრიმინალისტიკური ინვენტარის შესყიდვის ვალდებულება. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, განსაზღვრული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.15%. დადგენილია, რომ შემსრულებელმა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულება ვერ შეასრულა (ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის ნაწილი - 80 080 ლარის ღირებულების კრიმინალისტიკური ინვენტარი მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა 8 დღის დაგვიანებით (2022 წლის 3 აგვისტოს) და ისიც არასრულად, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 39 386 ლარის ღირებულების ინვენტარი - 45 კალენდარული დღის დაგვიანებით, 2022 წლის 9 სექტემბერს, 45 დღის დაგვიანებით), რის გამოც საბოლოოდ, მოსარჩელემ მოპასუხეს დააკისრა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო - 0,15%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან (318 708 ლარიდან). დადგენილია ასევე, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა შეცვალეს პირგასამტეხლოს დაანგარიშების წესი (და იგი განსაზღვრეს არა ხელშეკრულების საერთო, არამედ შეუსრულებელი ღირებულებიდან), ასევე შეამცირეს დაკისრებული პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი 0,15%-დან 0.05%-მდე.

21. პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთის გონივრულ ოდენობამდე შემცირების შესახებ კასატორის პრეტენზიის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო შეეხება მის მორიგ პრეტენზიას, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ პირგასამტეხლოს არასწორად გამოანგარიშებას გულისხმობს.

22. საკასაციო სასამართლო იზიარებს ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას (რაც შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკასაც) და მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, ხოლო, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც. აღნიშნული მიდგომა არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან. ამასთან, ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ.მაგ. სუსგ საქმე №ას-1819-2019; 19 თებერვალი, 2020; საქმე № ას-732-2022 , 24 ნოემბერი, 2022 წელი).

23. ზემოაღნიშნული განმარტებებისა და წინამდებარე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო მოპასუხეს პირგასამტეხლო უნდა დაკისრებოდა არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან (318 708 ლარიდან), არამედ მისი შეუსრულებელი ნაწილიდან (ერთ შემთხვევაში, ეს თანხა იყო 80 080 ლარი (2022 წლის 3 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით), ხოლო, მეორე შემთხვევაში, 39 386 ლარი (2022 წლის 13 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით)). შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება პირგასამტეხლოს დაანგარიშების ნაწილში სწორია და არ არსებობს მისი შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.

24. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ პირგასამტეხლოს არაპროპორციულად შემცირების შესახებ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია.

25. პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება არის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში (ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება) და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, შეამციროს იგი (იხ. ს. ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800).

26. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.

27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე №ას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი).

28. განსახილველ დავაში საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შინაარსზე, შესასრულებელი ვალდებულების მოცულობაზე (შემსრულებელს შემკვეთისთვის უნდა გადაეცა 318 708 ლარის ღირებულების კრიმინალისტიკური ინვენტარი), ხარისხსა და ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობაზე (შემსრულებელს ხელშეკრულება უნდა შეესრულებინა 70 დღის ვადაში, ხელშეკრულების ნაწილი შეასრულა 8 დღის ვადადარღვევით და ისიც არასრულად, დარჩენილი ნაწილი კი - 45 დღის დაგვიანებით) და მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების დარღვევისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 0.15 %, არ წარმოადგენს არაგონივრულ და შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და არ არსებობს მისი კიდევ უფრო შემცირების წინაპირობა.

29. საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაკისრებული პირგასამტეხლოს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ თითქმის მინიმუმამდე, 0.05%-მდე შემცირება ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს ბოლოდროინდელ პრაქტიკასაც, რომლის შესაბამისად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა (იხ. სუსგ საქმე №ას-189-2022, 16 სექტემბერი, 2022 წელი). ამასთან, უზენაესი სასამართლოს არერთ განჩინებაშია განმარტებული, რომ „სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება და ამ მიზნით მხარეთა შორის თავისუფალი ნების გამოვლენის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებაში სასამართლოს ჩარევა, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება იმ სუსტი კონტრაჰენტის ინტერესების დაცვას, რომელიც, ერთი მხრივ, ვალდებულების შესრულების იმედით თანხმდება მისთვის თუნდაც მიუღებელ პირგასამტეხლოს განაკვეთს და, მეორე მხრივ, სრულფასოვნად ვერ აფასებს სახელშეკრულებო რისკებს და ვალდებულების დარღვევის თანამდევად დასაკისრებელი პირგასამტეხლოს მოსალოდნელ სამართლებრივ და ეკონომიკურ ეფექტს. სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს, მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში“ (იხ. სუსგ საქმე №ას-1417-2018,16 ნოემბერი, 2020 წელი).

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა პირგასამტეხლო არაპროპორციულად შეამცირეს. შესაბამისად, მოპასუხის სტატუსის, სამეწარმეო საქმიანობის გამოცდილებისა და დარღვევის ხარისხის, მოსარჩელისა და მოპასუხის მტკიცების ფარგლების, ვალდებულების დარღვევის შინაარსის, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობის, შეუსრულებელი ვალდებულების მთლიან სახელშეკრულებო ვალდებულების მოცულობასთან თანაფარდობის, მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებებისადმი დამოკიდებულებისა და ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, გონივრულ, სამართლიან და ადეკვატურ ოდენობად უნდა იქნას მიჩნეული პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი, 0,15% და, შესაბამისად, მოპასუხისთვის დასაკისრებელი თანხა უნდა განისაზღვროს 3619.51 ლარით (ხელშეკრულების შეუსრულებელი ღირებულებისა და ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით – 80 080*0,15%*8=960; 39386*0,15%=2658,55; 960+2658,55=3619,51).

31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის განჩინება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 3619.51 ლარის გადახდა.

32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. შპს „კ.ტ–ის“ (ს.კ. ........) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 3619.51 ლარის გადახდა;

4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

5. შპს „კ.ტ–ის“ (ს.კ. .......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი ბაჟის - 289.62 ლარის გადახდა;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე