საქმე №ა-1417-შ-36-2024 3 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „ბ.ს.მ–ი“ (ООО “Б.С.М.“)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ. ე.ლ“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „ლ. ე. ლ-ს“ („L a.L.“ LLC) შპს „ბ.ს.მ–ის“ (ООО “Б.С.М.“) (ОГРН: 1097...., ИНН: 77.....) სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 460.900 ევროს, პირგასამტეხლოს - 17.787,68 ევროსა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის ხარჯის - 198.976 რუბლისა და 57 კაპიკის გადახდა.
შპს „ბ.ს.მ–ის“ წარმომადგენელმა ნ.თ–ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 22 სექტემბერს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განჩინებით შპს „ბ.ს.მ–ის“ (ООО “Б.С.М.“) შუამდგომლობა ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნას განსახილველად.
აღნიშნული განჩინება და შპს „ბ.ს.მ–ის“ (ООО “Б.С.М.“) შუამდგომლობა თანდართული მასალით გაეგზავნა და ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარე შშპს „ლ. ე. ლ-ს.“
2024 წლის 30 მაისს შპს „ბ.ს.მ–ის“ წარმომადგენელმა ნ.თ–ამ წარმოადგინა ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 1 აპრილის განჩინება უსწორობის გასწორების თაობაზე, რომლის მიხედვით ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ჩაემატა მოწინააღმდეგე მხარე შპს „ლ. ე. ლ-ის“ („L a. L“ LLC) გამოტოვებული საიდენტიფიკაციო კოდი ......
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარე შპს „ლ. ე. ლ-ს“ („L a. L“ LLC) თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შპს „ბ.ს.მ–ის“ (ООО “Б.С.М.“) შუამდგომლობა ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „ლ. ე.ლ-ს“ („L and L“ LLC) შპს შპს „ბ.ს.მ–ის“ (ООО “Б.С.М.“) (ОГРН: 109774..., ИНН: 7715..) სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 460.900 ევროს, პირგასამტეხლოს - 17.787,68 ევროსა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის ხარჯის - 198.976 რუბლისა და 57 კაპიკის გადახდა.
შპს „ბ.ს.მ–ის“ წარმომადგენელმა ნ.თ–ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 22 სექტემბერს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
„მინსკის კონვენციის“ 54-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება კონვენციით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებით. შესაბამისად, ცნობა-აღსრულების პროცედურის მიმართ გამოიყენება კონკრეტული ხელშემკვრელი მხარის საპროცესო-სამართლებრივი ნორმები, ხოლო ცნობა-აღსრულების სხვა საკითხებზე ვრცელდება კონვენციის მე-3 თავის დებულებები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის დანაწესის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო პროცესუალური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით ხელმძღვანელობს ამავე კოდექსით.
„მინსკის კონვენციის“ მე-19 მუხლის თანახმად, სამართლებრივი დახმარების თხოვნა შეიძლება უარყოფილი იქნეს, თუ ასეთი დახმარების გაწევა ზიანს მოუტანს იმ ხელშემკვრელი მხარის სუვერენიტეტს ან უშიშროებას, რომელსაც წაუყენეს მოთხოვნა ან ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას.
ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის საგანზე, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, ფულადი დავალიანების გადახდის დაკისრებას შეეხება.
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
საქმეში არსებული მასალებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს „მინსკის კონვენციის“ 55-ე მუხლით გათვალისწინებული ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველები, შესაბამისად, წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 53-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ბ.ს.მ–ის“ (ООО “Б.С.М.“) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ლ. ენდ ლ-ს“ („L a. L“ LLC, ს/კ ......) შპს შპს „ბ.ს.მ–ის“ (ООО “Б.С.М.“) (ОГРН: 10977..., ИНН: 771....) სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 460.900 ევროს, პირგასამტეხლოს - 17.787,68 ევროსა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის ხარჯის - 198.976 რუბლისა და 57 კაპიკის გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი