საქმე №ას-68-2024 16 მაისი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ი.მ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ზ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება, ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ზ–ის (შემდეგში მოსარჩელე, შემსრულებელი/მენარდე) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ი.მ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 22 809 ლარის (გადასახადების გარეშე) ანაზღაურება.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დამკვეთსა და შემსრულებელს შორის 2014 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე ასრულებდა არაბული ენის თარჯიმნის მოვალეობას, რომლის ღირებულება განისაზღვრებოდა ერთ საათში 30 ლარით (გადასახადების გამოკლებით). აღნიშნული ხელშეკრულება მოქმედებდა 2015 წლის 1 მარტამდე.
3.2. უდავოა, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ მხარეთა შორის გაგრძელდა ურთიერთობა და სადავო პერიოდშიც, 2020 წლამდე მოსარჩელე მოპასუხესთან ასრულებდა არაბული ენის თარჯიმნის ფუნქციებს.
3.3. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეები იმყოფებოდნენ ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 629-ე მუხლი).
3.4. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის სადავოა მთარგმნელობითი სამუშაოს ღირებულება. მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება ზეპირი თარგმანისათვის შეადგენდა - 1 საათში 30 ლარს (იმავე ტარიფით, როგორც ეს შეთანხმებული იყო 2014 წლის წერილობითი ხელშეკრულებით), წერილობითი თარგმანისთვის - 1 გვერდი 20 ლარს (გადასახადების გამოკლებით, ხელზე ასაღები თანხა). აღნიშნულს არ დაეთანხმა მოპასუხე, ღირებულების დადგენის მიზნით მიუთითა სხვადასხვა უწყებებთან (საქართველოს პროკურატურა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვ.) გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებზე (ტ.2. ს.ფ. 63-185), და განმარტა, რომ მოსარჩელესთან არსებობდა ზეპირი შეთანხმება მთარგმნელობით მომსახურეობის კონკრეტულ ტარიფზე, მხარეები საათობრივ ანაზღაურებაზე არ შეთანხმებულან, მისი ოდენობა დამოკიდებული იყო გამომუშავებაზე და წარმოადგენდა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის მიერ მიღებული შემოსავლის 70%-ს (დღგ-ის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხიდან).
3.5. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და შეფასებები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
3.6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით საქმის მასალებით არ დასტურდება, 2015 წლის მარტამდე მოქმედი წერილობითი ხელშეკრულების შემდეგ, მხარეთა შეთანხმება მომსახურების განსხვავებულ ღირებულებაზე. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მოსარჩელესთან ანგარიშსწორება მოპასუხის მიერ მითითებული წესით - არა წინასწარ დადგენილი ტარიფით, არამედ მიღებული შემოსავლიდან, დღგ-ის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის 70%-ის ოდენობით ხორციელდება.
3.7. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დასკვნა, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული ნარდობის სახელშეკრულებო პირობის (მომსახურების ღირებულების) დადგენის მიზნით საკმარის და სათანადო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა მოპასუხესა და მესამე პირებს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები, რომლებიც დამოუკიდებელ სამართალურთიერთობას წარმოადგენენ. შესაბამისად, როდესაც მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმება მომსახურების ანაზღაურების ოდენობის შესახებ საქმის მასალებით არ დასტურდება, სასამართლომ დაასკვნა, რომ მთარგმნელობითი საქმიანობა ხორციელდებოდა მხარეთა შორის ადრე შეთანხმებული ტარიფით.
3.8. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მიღებული მთარგმნელობითი მომსახურების გათვალისწინებით, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ აკისრია 22 809 ლარის გადახდის ვალდებულება. სამუშაოს შესრულების - მომსახურების გაწევის ფაქტის დადასტურების მიზნით მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია მთარგმნელ-თარჯიმნის მომსახურების აქტები (ტ. 1 ს.ფ. 21-27, 68-503), სადაც აღნიშნულია სამუშაოს შესრულების დრო, ადგილი და ხანგრძლივობა (ოდენობა),რომლებიც ხელმოწერილია სამუშაოს უშუალო მიმღები პირების მიერ. აღნიშნული ოქმებით დასტურდება შემსრულებლის მიერ არაბული ენიდან თარგმნის სახით მომსახურების გაწევა 2016 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში. მოსარჩელის მითითებით, 2017 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში 45 125 ლარის სამუშაოებიდან ანაზღაურებული აქვს 21 350 ლარი, ბოლო 1000 ლარი მოპასუხემ ჩაურიცხა 2019 წლის 3 ოქტომბერს. შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი ოქმების საფუძველზე დაანგარიშების თანახმად, სარჩელით მოთხოვნილი 25 573 ლარი მოიცავს 2017 წლის 1 ივლისამდე გაწეული მომსახურების ღირებულებას 1798 ლარს და 2017 წლის 1 ივლისიდან შემდგომ პერიოდში 23 775 ლარს (ტ.2. ს.ფ. 192-211). სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მთარგმნელობითი სამუშაოების ღირებულების 22 809 ლარის ანაზღაურების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
4.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა.
4.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ყოველწლიურად ახალი სატენდერო ხელშეკრულების პირობებში მხარეთა შორის იცვლებოდა მომსახურების თანხების ოდენობა.
4.3. კონკურენციის პირობებში დამკვეთს სისტემატიურად უწევდა ახალი სატენდერო ხელშეკრულების კლებადი თანხების ოდენობით დადასტურება და შესაბამისად ლოგიკურია, რომ მომსახურე კლიენტის გადასახდელი თანხებიც იკლებდა. იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლომ სადავოდ არ მიიჩნია მხარეთა შორის ურთიერთობის - მომსახურების (ნარდობის) სამართალურთიერთობად კვალიფიკაციის ფაქტი, რა თქმა უნდა, მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის თანაბრად განაწილდა, ამიტომ მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა, რომ მოპასუხესთან არ შეცვლილა მომსახურების თანხების ოდენობა. კასატორის მტკიცებით, სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილი ფაქტი იმის შესახებ, რომ 2015 წლამდე მოსარჩელეს მთარგმნელობით საქმიანობაში მოპასუხე საათში 30 ლარს უხდიდა, ვერ ადასტურებს, რომ სადავო პერიოდშიც მხარეთა შორის ასეთივე შეთანხმება არსებობდა.
4.4. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით. შემკვეთის პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ სხვაგვარად განმარტა მტკიცების ტვირთის ფარგლები, რადგან მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს მისი მოთხოვნის შინაარსიც და ფაქტებიც, შესაბამისად როდესაც მოპასუხე არ აღიარებს სარჩელს, ხოლო მოსარჩელე ვერ წარმოადგენს მოთხოვნის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, ამ შემთხვევაში მოპასუხის პოზიცია დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული.
4.5. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მხარეთა შორის 2015 წლის შემდეგაც, 2014 წლამდე არსებული პირობებით გაგრძელდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, ვინაიდან, სატენდერო პირობები ერთი და იგივე დონეზე წლების განმავლობაში, კონკურენციის პირობებში ვერ გაგრძელდებოდა.
4.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
6. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
7. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოპასუხეს/კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
8. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.).
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა. სსსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 630-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ ჩვეულებრივი ანაზღაურება.
10. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შემკვეთსა (მოპასუხესა) და შემსრულებელს/მენარდეს (მოსარჩელეს) შორის 2014 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით, მოსარჩელე ასრულებდა მთარგმნელობით საქმიანობას, როგორც არაბული ენის სპეციალისტი. მთარგმნელობითი საქმიანობის ანაზღაურება განისაზღვრებოდა ერთი საათისათვის - 30 ლარით (გადასახადების გამოკლებით). მხარეთა შორის აღნიშნული ხელშეკრულება მოქმედებდა 2015 წლის 1 მარტამდე. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ კი მხარეთა შორის გაგრძელდა ურთიერთობა და სადავო პერიოდშიც, 2020 წლამდე, მოსარჩელე მოპასუხესთან ასრულებდა არაბული ენის თარჯიმნის ფუნქციებს.
11. განსახილველ შემთხვევაში სადავოა მთარგმნელობითი სამუშაოს ღირებულება. მოპასუხემ უარყო მოსარჩელის მტკიცება, რომ მის მიერ შესრულებლი სამუშაოს ღირებულება ზეპირი თარგმანისთვის შეადგენდა - 30 ლარს საათში (იმავე ტარიფით, როგორც ეს შეთანხმებული იყო 2014 წლის წერილობითი ხელშეკრულებით), წერილობითი თარგმნისთვის - 20 ლარს 1 გვერდისთვის (გადასახადების გამოკლებით). მთარგმნელობითი მომსახურების ღირებულების დადგენისთვის შემკვეთმა მიუთითა მასსა და სხვადასხვა უწყებებს შორის გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებზე და განმარტა, რომ მოსარჩელესთან არსებობდა შეთანხმება მომსახურების კონკრეტულ ტარიფზე, მხარეები საათობრივ ანაზღაურებაზე არ შეთანხმებულან. ანაზღაურების ოდენობდა დამოკიდებული იყო გამომუშავებაზე და წარმოადგენდა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის მიერ მიღებული შემოსავლის 70%-ს.
12. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც 2015 წლის მარტამდე მოქმედი წერილობითი ხელშეკრულების შემდეგ, მენარდის მიერ გასაწევი მთარგმნელობითი მომსახურების განსხვავებულ ღირებულებაზე მხარეთა შეთანხმებას დაადასტურებს. ამასთან, წარმოდგენილი არ არის ისეთი მტკიცებულებები, რომ მოსარჩელესთან ანგარიშსწორება მოპასუხის მიერ მითითებული წესით - არა წინასწარ დადგენილი ტარიფით, არამედ მიღებული შემოსავლიდან, დღგ-ის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის 70%-ის ოდენობით ხორციელდებოდა. აღნიშნული კი სწორედ მოპასუხის კუთვნილი მტკიცების ტვირთია და არა მოსარჩელის, როგორც ამას საკასაციო საჩივარში უთითებს შემკვეთი.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული სახელშეკრულებო პირობის დადგენისთვის განკუთვნად მტკიცებულებას არ წარმოადგენს მოპასუხესა და მესამე პირებს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები, რომლებიც მესამე პირებთან სახელშეკრულებო ურთიერთობას ადასტურებს და წინამდებარე დავისაგან დამოუკიდებელი, მოცემულ საქმესთან კავშირის არმქონე სამართალურთიერთობებია. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები ვერ გამოდგება უშუალოდ შემკვეთსა და მენარდეს შორის არსებული მომსახურების ანაზღაურების შეთანხმებად, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის წარმოშობილი მომსახურების სამართლებრივი ურთერთობისაგან დამოუკიდებელ სამართალურთიერთობას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნულით ვერ დადასტურდება მოდავე მხარეთა შორის სატარიფო განაკვეთზე შეთანხმება (იხ. სუსგ-ები: N ას-696-696-2018, 6.07.2018; N ას-495-2020, 23.10.2020წ; N ას-776-2020. 21.04.2021წ; N ას-545-2021, 29.11.2022წ.).
14. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმება მომსახურების ანაზღაურების ოდენობის შესახებ, მიიჩნევა, რომ მთარგმნელობით მომსახურება ხორციელდება მხარეთა შორის თავდაპირველად შეთანხმებული ტარიფით.
15. განსახილველ შემთხვევაში მიღებული მთარგმნელობითი მომსახურების გათვალისწინებით მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია - 22 809 ლარის თანხის გადახდის ვალდებულება. სამუშაოს შესრულების ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა მთარგმნელ-თარჯიმნის მომსახურების აქტები, სადაც აღნიშნულია სამუშაოს შესრულების დრო, ადგილი და ხანგრძლივობა, რომლებიც ხელმოწერილია სამუშაოს უშუალოდ მიმღები პირის მიერ. აღნიშნული ოქმებით დასტურდება შემსრულების მიერ არაბული ენის თარგმნის სახით მომსახურების გაწევა 2016 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში - 45 125 ლარის ღირებულების სამუშაოებიდან მოპასუხეს ანაზღაურებული აქვს - 21 350 ლარი, ბოლო - 1000 ლარი ჩარიცხულია 2019 წლის 3 ოქტომბერს. წარმოდგენილი ოქმების საფუძველზე, სარჩელით მოთხოვნილი - 25 573 ლარი მოიცავს 2017 წლის 1 ივლისამდე მომსახურების ღირებულებას - 1798 ლარს და 2017 წლის 1 ივლისიდან შემდეგ პერიოდში 23 775 ლარს. მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია სამუშაოების ღირებულების - 22 809 ლარის ანაზღაურების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება.
16. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (იხ. სუსგ-ები: N ას-696-696-2018, 6.07.2018; N ას-495-2020, 23.10.2020წ; N ას-776-2020. 21.04.2021წ; N ას-545-2021, 29.11.2022წ.). საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. დასახელებული ნორმა მოვალის უფლებადამცავ დანაწესს წარმოადგენს და სწორედ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა ევალება პირს, რომელსაც ვალდებულების შესრულებაში ედავებიან (იხ. სუსგ-ები: N ას-590-558-2015, 24.11.2015წ.; Nას-860-860-2018, 16.11.2018წ.; Nას-72-76-2017, 31.07.2017წ.)
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებული იყო აენაზღაურებინა მიღებული მომსახურების შესაბამისი საზღაური. განსხვავებული შეთანხმების არსებობა კი კასატორმა ვერ დაასაბუთა, რაც საპროცესო უფლების ეფექტურად განკარგვის ფარგლებში მისი მტკიცების ვალდებულებას წარმოადგენდა, რის გამოც საკასაციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობას და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას ფაქტობრივად გაწეული მომსახურების სატარიფო განაკვეთის ოდენობასთან დაკავშირებით, რადგან შესრულებული სამუშაოს მოცულობა მოპასუხეს (შემკვეთს) სადავოდ არ გაუხდია.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია შემკვეთის საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ი.მ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ი.მ–ს“ (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ც.მ–ძის მიერ 28.02.2024 წელს #20756067556 საგადახდო დავალებით გადახდილი 1140.45 ლარის 70% - 798.31 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: მ. ერემაძე
თ. ზამბახიძე