საქმე №ას-181-2024 26 აპრილი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შ.გ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ.ი.ჯ–ია“, რ.ხ–ია (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით შ.გ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, მოთხოვნის მიმღები, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი რ.ხ–იას (შემდეგში: პირველი მოპასუხე) და სს „მ.ი.ჯ–იას“ (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან კომპანია) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ი.გ–ძე წლების განმავლობაში საკრედიტო-სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან (მეორე მოპასუხესთან);
3.2. საკრედიტო ხელშეკრულებების მიხედვით, გარიგების არსებითი პირობები შემდეგი შინაარსით განისაზღვრა: 16.04.2014 წ. დადებული 0010227-00227 ხელშეკრულებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ი.გ–ძისთვის გასაცემი კრედიტის ოდენობა 12 500 აშშ დოლარი, წლიური 30 %-იანი სარგებლის დარიცხვით, რომლის გაცემა 3 თვის ვადით უნდა მომხდარიყო. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა კრედიტის ათვისების საბოლოო ვადა - კრედიტის მოქმედების ვადის ბოლომდე, ანუ 16.07.2014-მდე. დასაბრუნებელი თანხა სარგებელთან ერთად 13 497.43 აშშ დოლარით განისაზღვრა;
3.3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან 25.06.2014 წ. დადებული N0010227-000000227 ხელშეკრულებით ი.გ–ძისთვის გასაცემი კრედიტის ოდენობა 12 200 აშშ დოლარით განისაზღვრა, წლიური 30 %-იანი სარგებლის დარიცხვით, რომელიც 6 თვის ვადით უნდა გაცემულიყო. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა კრედიტის ათვისების საბოლოო ვადა კრედიტის მოქმედების ვადის ბოლომდე, ანუ 25.12.2014-მდე. დასაბრუნებელი თანხა, სარგებელთან ერთად, 14 096 აშშ დოლარით განისაზღვრა;
3.4. მოსარჩელესა და ი.გ–ძეს შორის დადებული ხელშეკრულებით მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ, ი.გ–ძემ მოსარჩელეს დაუთმო ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც მას, როგორც მოთხოვნის დამთმობს აქვს თანხების დაბრუნებასთან დაკავშირებით პირველი მოპასუხის მიმართ;
3.5. ი.გ–ძეს პირველი და მეორე მოპასუხეებისათვის თანხები უსაფუძვლოდ არ გადაუცია;
3.6. მოსარჩელის (მოთხოვნის მიმღების) განმარტებით, ი.გ–ძეს (მოთხოვნის დამთმობს) მოპასუხეებისთვის ზედმეტად აქვს გადაცემული 175 830 აშშ დოლარი, ხოლო პირველი მოპასუხის სასარგებლოდ - 115 000 აშშ დოლარი და მითითებული თანხების დაბრუნებას უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე ითხოვს;
3.7. პირველი მოპასუხე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 09.07.2020 წ. მოთხოვნის დამთმობმა პირველი მოპასუხის საბანკო ანგარიშზე 115 000 აშშ დოლარი შეიტანა, რითაც სს „ს.ბ–ის“ მიმართ არსებული პირველი მოპასუხის დავალიანება დაიფარა. შესაბამისად, პირველ მოპასუხეს ი.გ–ძის მიმართ ამ თანხის დაბრუნების ვალდებულება გააჩნია;
3.8. მოსარჩელეს (მოთხოვნის მიმღებს) თავისი პოზიციის გასამყარებლად წარმოდგენილი აქვს აუდიტორული დასკვნა, თუმცა სასამართლომ იგი არ გაიზიარა, რადგან დასკვნა არ ეყრდნობა ობიექტურ და რელევანტურ მტკიცებულებებს, იგი შედგენილია დ. მ–ძის (ფიზიკური პირის) კერძო ჩანაწერებზე დაყრდნობით, შესაბამისად, აღნიშნული ჩანაწერებით პირველი მოპასუხისათვის რაიმე თანხის გადაცემის დადასტურება ვერც მოხდება, რეალურად რაიმე თანხის გადაცემას ადგილი ჰქონდა თუ არა, ამ ჩანაწერებით ვერ დადგინდება. მოსარჩელის მიერ სარჩელზე დართული დასკვნის არაავთენტურობის მანიშნებელი და დამადასტურებელია აგრეთვე მოსარჩელის მიერვე 21.04.2023 წელს სასამართლოში წარდგენილი ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაც. წარმოდგენილ ექპერტიზის დასკვნაში დასმულ მე-3 კითხვას, რომელიც შემდეგი სახითაა ჩამოყალიბებული: „წარმოდგენილ ფინანსურ ანგარიშში ასახული მონაცემების მიხედვით, რას შეადგენს ი.გ–ძის მიერ დაბრუნებული თანხების ოდენობა იმ დაშვებით, რომ ამ ფინანსურ ანგარიშში ი.გ–ძის მიერ დაბრუნებულ თანხებად გათვალისწინებულ იქნას „ი–ის“ სახელით „მოტანილი“ თანხები“, ექსპერტმა უპასუხა, რომ „დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად საქმეში სრულყოფილად არ მოიპოვება საექსპერტო კვლევისათვის საჭირო დოკუმენტაცია“;
3.9. პირველი მოპასუხის განმარტებით, დავით მ–ძის რეკომენდაციით პირველმა მოპასუხემ გადაწყვიტა, დახმარება გაეწია ი.გ–ძისათვის (მოსარჩელისათვის მოთხოვნის დამთმობისათვის), რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში ყოფნისას, როდესაც ი. გ–ძის სამშენებლო ბიზნესი საფრთხეში იყო და ცუდი საკრედიტო ისტორიის გამო იგი თვითონ ვეღარ იღებდა სესხებს. თანხის სანაცვლოდ პირველ მოპასუხეს ი.გ–ძე მის მიერ აშენებულ კორპუსში 70 კვ.მ-ის ბინის გადაცემას დაჰპირდა;
3.10. პირველმა მოპასუხემ 2015 წლის ზაფხულში, სს „ს.ბ–ში”, აიღო 250 000 აშშ დოლარის სესხი, საიდანაც 20 000 აშშ დოლარით გადაფარა თავისი ვალდებულებები, ხოლო დანარჩენი 230 000 აშშ დოლარი, მხარეთა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, ბიზნესის გადასარჩენად გადასცა ი.გ–ძეს (იხ. 29.06.2022 წლის პირველი მოპასუხის განცხადება მტკიცებულების დართვაზე, აგრეთვე იხ. პირველი მოპასუხის 13.05.2022 წლის განცხადება). ი.გ–ძემ (მოთხოვნის დამთმობმა) აღნიშნული თანხა თავისი ბიზნეს საქმიანობისთვის გამოიყენა. შესაბამისად, ი.გ–ძის სახსრებით იფარებოდა რეალურად მისთვისვე გამოტანილი სესხი. „ს.ბ–ის“ სესხის უზრუნველსაყოფად პირველმა მოპასუხემ საკუთარი და თავისი ნაცნობების უძრავი ქონებები გამოიყენა (იხ. 29.06.2022 წლის პირველი მოპასუხის განცხადება მტკიცებულების დართვაზე). პირველი მოპასუხის მიმართ ვალდებულებების უზრუნველსაყოფად მის სახელზე, ი.გ–ძის მითითებით, მისივე კუთვნილი სამშენებლო კომპანიის „ა.ჯ–ის“ უძრავი ქონება, ს/კ .........., გაფორმდა, რომელიც მოგვიანებით ი.გ–ძისავე თხოვნით უფრო მცირე ფართში- ს/კ .........., გადაიცვალა. ი.გ–ძემ სწორედ ამ ფართის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით გადაიხადა პირველი მოპასუხის მიმართ არსებული დავალიანება („ს.ბ–იდან“ აღებული სესხი), რის შემდეგაც პირველმა მოპასუხემ იმავე დღეს შემძენზე ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული მითითებულია, ასევე პირველი მოპასუხის 29.06.2022 წლის და 13.05.2022 წლის განცხადებებში. სწორედ ამ გზით სს „ს.ბ–ში“ ი.გ–ძისათვის გადასაცემად პირველი მოპასუხის მიერ აღებული სესხი დაიფარა;
3.11. როგორც პირველმა მოპასუხემ მიუთითა, მან ი.გ–ძეს აგრეთვე დახმარება გაუწია (რეკომენდაცია გასცა) სესხების მოზიდვაში, კერძოდ მეორე მოპასუხე მიკროსაფინანსო კომპანიაში, სადაც იგი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მოქმედებდა ეროვნული ბანკის შეზღუდვა თითოეულ ფიზიკურ პირზე შეზღუდული ოდენობის სესხის გაცემის თაობაზე, პირველი მოპასუხის დახმარებით “მ ”-მ ეტაპობრივად გასცა სესხები ი.გ–ძესთან (მოთხოვნის დამთმობთან) დაკავშირებულ პირებზე, დაახლოებით 14 ადამიანზე, როგორც პირველი მოპასუხისათვის ცნობილია, სესხით გათვალისწინებული თანხები რეალურად ი.გ–ძემ განკარგა, შესაბამისად სწორედ მისი მხრიდან ხდებოდა აღნიშნული სესხების დაფარვაც (იხ. დ. მ–ძის შესაგებელი, მ–ს შესაგებლები);
3.12. მტკიცებულებათა ურთიერთშეპირისპირების შედეგად სასამართლომ სარწმუნოდ და დამაჯერებლად მიიჩნია მოპასუხეთა პოზიცია, რომლებიც მიუთითებენ, რომ კანონით დაწესებული შეზღუდვიდან გამომდინარე ი.გ–ძის (მოსარჩელისათვის მოთხოვნის დამთმობის) დასახმარებლად 14 ადამიანზე გაიცა სესხი, რომელიც საბოლოო ჯამში ი.გ–ძის ინტერესებს მოხმარდა. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებაა ასევე ცალკეულ პირებზე გაცემული სესხების უზრუნველსაყოფად დატვირთული ი.გ–ძის ქონება, რაც ლოგიკური შეკითხვას ბადებს, თუკი ი.გ–ძის ინტერესებს არ ხმარდებოდა ცალკეულ პირებზე გაცემული სესხი, მაშინ რატომ დაიტვირთა უზრუნველყოფით მისი ქონება, ამ კითხვაზე მოსარჩელეს (მოთხოვნის მიმღებს) სასამართლოსათვის არ გაუცია დამაჯერებელი პასუხი. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებში ი.გ–ძემ (მოთხოვნის დამთმობმა) ფულადი თანხები საფუძვლიანად, კონკრეტული მიზნით გადაიხადა.
4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 385-ე მუხლები მოიხმო და აღნიშნა, რომ ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.
5. სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ამავე კოდექსის 986-ე მუხლის მიხედვით, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება.
6. სააპელაციო სასამართლომ საკასაციო სასამართლოს განმარტება მოიხმო, რომ ზოგადად კონდიქციური დანაწესების (სსკ-ის 976-991-ე მუხლები) გამოყენების უმთავრესი წინაპირობა მის სუბსიდიურობაში ვლინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო, მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით, დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება (მაგ: პოსესორული ან ვინდიკაციური სარჩელები (სანივთო სამართალი)), სარჩელი ვალდებულების შესრულების შესახებ (როგორც პირველადი, ისე - მეორადი მოთხოვნები) და სხვა)) - (იხ. სუსგ-ები: Nას-774-723-2017, 11.10.2017 წ.; N ას-794-794-2018, 11.09.2018; N ას-1021-2019, 20.12.2019წ.).
7. უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სამართლიანობის აღდგენა, ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე”... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, რათა უზრუნველყოს არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღება და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა.
8. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (შეადრ: სუსგ N ას-390-390-2018, 15.05.2018 წ).
9. კონდიქციური ვალდებულების არსებობისას, არ გაითვალისწინება არც კონტრაჰენტის კეთილსინდისიერება და არც ბრალეულობა. ამ ვალდებულების მიზანი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადანაცვლებულ მატერიალურ/არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეთა იმგვარად აღდგენაა, რომელიც იარსებებდა, რომ არ შექმნილიყო კონდიქციური ვალდებულების მახასიათებელი წინაპირობები. ქონებრივი წონასწორობის აღდგენის მიზნით, კანონი “განსაზღვრავს უსაფუძვლოდ გადაცემულის დაბრუნებას, რათა ხელი შეეწყოს სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას და ბრუნვის მონაწილე რომელიმე მხარე იმგვარ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, რომელსაც სამართლებრივი წინაპირობები გამდიდრების ეტაპზე არ გააჩნია“ (ახალაძე მ., უსაფუძვლო გამდიდრება 2015-2018 წლის პირველი ნახევარი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გამომცემლობა, თბილისი, 2019, 32).
10. კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე (იხ. სუსგ №ას-360-342-2015, 3.06.2015 წ.). ამასთან სსკ-ის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით (იხ. სუსგ №ას-251-2021, 11.06.2021 წ.).
11. უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის დამახასიათებელი მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე. ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა, ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით და უზრუნველყოფს არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას.
12. კონდიქციური სამართლის საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება (სუსგ №ას-1159-2021, 01.04.2022 წ.).
13. მტკიცებულებათა ურთიერთშეპირისპირების შედეგად სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას (იხ. ამ განჩინების 3.1-3.12 ქვეპუნქტები), რომ გაცილებით სარწმუნო და დამაჯერებელია მოპასუხეთა პოზიცია, რომლებიც მიუთითებენ, რომ, კანონით დაწესებული შეზღუდვიდან გამომდინარე, ი.გ–ძის (მოთხოვნის დამთმობის) დასახმარებლად 14 ადამიანზე გაიცა სესხი, რომელიც საბოლოო ჯამში მოხმარდა ი.გ–ძის ინტერესებს, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებაა ასევე ცალკეულ პირებზე გაცემული სესხების უზრუნველსაყოფად დატვირთული ი.გ–ძის ქონება. ასევე ამონაწერები ბანკიდან, სადაც ი.გ–ძეს შეაქვს თანხები სხვა პირთა სესხების დასაფარად, ხოლო სსკ-ის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.
14. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელემ/აპელანტმა (მოთხოვნის მიმღებმა) ვერ წარადგენს მტკიცებულება, რის საფუძველზე არის პირველი მოპასუხე, 175 830 აშშ დოლარის ფარგლებში, სოლიდარული მოვალე.
15. მოსარჩელის მიერ მომზადებული აუდიტორული დასკვნა რეალურად უთითებს 115 000 აშშ დოლარს (დასკვნის გვერდი 1, დ. მ–ძის კერძო ჩანაწერები პუნქტი 81-82), რაც ამავე დასკვნის შინაარსის მიხედვითაც დასტურდება, რომ სწორედ ი. გ–ძისათვის (მოთხოვნის დამთმობისთვის) იყო აღებული და პერიოდულად სწორედ ის ფარავდა. ამ თანხის თაობაზე დასკვნის 1-2 გვერდებზე მითითებულია, რომ დაფარულია ი. გ–ძის მიერ, რამდენადაც სწორედ მის სასარგებლოდ აღებული სესხი იყო. ამდენად, 115 000 აშშ დოლარის მოთხოვნაზე დაყენებული სააპელაციო პრეტენზიაც დაუსაბუთებელია და თავად მოსარჩელის/აპელანტის მიერ წარდგენილ პოზიციებსა და მტკიცებულებებთან შეუსაბამო.
16. სააპელაციო სასამართლომდაასკვნა, რომ ი.გ–ძემ, როგორც მოსარჩელისათვის მოთხოვნის დამთმობმა, ფულადი თანხები გადაიხადა არა უსაფუძვლოდ, არამედ კონკრეტული მიზნით, რეალურად მის სასარგებლოდ ცალკეულ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან გამომდინარე. შესაბამისად, სარჩელის მოპასუხეები გადაცემული თანხებით უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულან.
17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
17.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
17.2. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინების უსწორობა განპირობებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების არასრულფასოვანი შეფასებითა და არათანადო სამართლებრივი კვალიფიკაციით;
17.3. სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად მიიჩნია პირველი მოპასუხის მხრიდან ი.გ–ძის მიმართ 115 000 აშშ დოლარის ანგარიშსწორების ფაქტი, რადგან საქმეში არ მოიპოვება მსგავსი ფაქტის დამადასტურებელი რელევანტური და ავთენტური მტკიცებულება. გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულია მსჯელობა, რომ ვინაიდან ი.გ–ძის კუთვნილი ქონებით უზრუნველყოფილი იყო სხვა პირთა სესხი, ეს უკანასკენელი მისი ინტერესის საგანს წარმოადგენდა, რაც მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს კრედიტორის მოთხოვნის იპოთეკით უზრუნველყოფის შესაძლებლობას, ასევე დასაშვებად მიიჩნევს, რომ ამგვარი ურთიერთობის ფარგლებში უძრავი ქონების მესაკუთრე არ გვევლინებოდეს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირად მოვალედ. შესაბამისად, ის გარემოება, რომ ი.გ–ძის ქონებით სხვათა სესხები იყო უზრუნველყოფილი, არ გულისხმობს იმ მოცემულობას, რომ ეს სესხი პირადად ი.გ–ძეს ეკუთვნოდა;
17.4. სასამართლო ერთ შემთხვევაში განმარტავს, რომ დავით მ–ძის პირად ჩანაწერებზე დაფუძნებულ მონაცემებს ვერ მიიჩნევს დადგენილად ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების კონტექსტში, ხოლო სხვა ეპიზოდში სასამართლო მტკიცებით კონტექსტში იყენებს აღნიშნულ ჩანაწერებზე დაფუძნებულ აუდიტორულ შეფასებებს.
17.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
20. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, უპირველესად, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე მიუთითებს. ვინაიდან სსსკ-ის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს).
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორის (მოსარჩელის) მოთხოვნის საფუძვლიანობას. მოთხოვნის დამთმობის (ი.გ–ძის) მიერ თითქოსდა მოპასუხეებისთვის უსაფუძვლოდ გადაცემული თანხების უკან დაბრუნების მოთხოვნა, ანუ თანხების ვალდებულების გარეშე გადახდის ფაქტობრივი გარემოება არ არის დადგენილი სააპელაციო სასამართლოს მიერ და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, ვერ აბათილებს კასატორი. როგორც ზემოთ აღინიშნა, შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს). განსახილველ საქმეში კი ასეთი მხარე პირველი და მეორე მოპასუხეები არიან, რომელთაც კვალიფიციურად და ამომწურავად განახორციელეს შედავება მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და სასარჩელო მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი შესატყვისი მტკიცებულებებით გაამყარეს. ამის საპირისპიროდ კი კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, მოპასუთა მიერ მითითებული სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გამომრიცხველი გარემოებები არ დაუსახელებია და საკასაციო განაცხადში ასახული პრეტენზიები არ დაუმტკიცებია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი კუთვნილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში.
25. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის უნდა ვლინდებოდეს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა.
26. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, ასევე, აუცილებელია გამდიდრება სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე იზრდება.
27. სსკ-ის 976-ე მუხლი აწესრიგებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემსრულებელი ასრულებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე (შეად.სუსგ-ას №ას-479-2021, 15.10.2021 წ.). სსკ-ის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, „უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით“... (იხ. სუსგ №ას-403-2020, 18.11.2021 წ.).
28. სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში“. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად, ან განხორციელდა იგი, მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას), შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც, ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
29. სსკ-ის 986-ე მუხლის მიხედვით პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება. მითითებული ნორმის მიხედვით, სხვისი ვალის გადახდა კონდიქციური ვალდებულების საფუძველი ხდება იმის გამო, რომ უსაფუძვლოდ დაიზოგა სხვისი ქონება. იგულისხმება, რომ პირი შეგნებულად ან შეცდომით აკეთებს ამას. ორივე შემთხვევაში, ვალის გადამხდელს უფლება აქვს, მოითხოვოს უსაფუძვლოდ დაზოგილის უკან დაბრუნება (იხ. დამატებით: ბ.ზოიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მე-3, მუხლი 371, თბ., 2001, 305.)
30. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, ასევე, აუცილებელია გამდიდრება სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც, ერთი პირის ქონება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე იზრდება (იხ., მ. ახალაძე „უსაფუძვლო გამდიდრება,“ თბილისი, 2018, გვ: 16- 17).
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა შედგენილია დ. მ–ძის (ფიზიკური პირის) კერძო ჩანაწერებზე დაყრდნობით. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა კი განმარტა, რომ „დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად საქმეში სრულყოფილად არ მოიპოვება საექსპერტო კვლევისათვის საჭირო დოკუმენტაცია“. საკასაციო სასამართლო მიუთითებს პირველი მოპასუხის განმარტებაზე, რომ მან ი.გ–ძეს დახმარება გაუწია (რეკომენდაცია გასცა) სესხების მოზიდვაში, კერძოდ, პირველი მოპასუხე მიკროსაფინანსო კომპანიაში (მეორე მოპასუხე), სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო და რადგან “მ”-ს საქმიანობის რეგულაცია ეროვნული ბანკის ინსტრუქციებს ექვემდებარება, “მ”-ში მოქმედებს შეზღუდვა თითოეულ ფიზიკურ პირზე სესხის ლიმიტირებული ოდენობით გაცემის თაობაზე, შესაბამისად, პირველმა მოპასუხემ დახმარება აღმოუჩინა მოსარჩელისათვის მოთხოვნის დამთმობ პირს და “მ–მ” (მეორე მოპასუხემ) ეტაპობრივად გასცა სესხები ი.გ–ძესთან (მოთხოვნის დამთმობთან) დაკავშირებულ პირებზე, დაახლოებით 14 ადამიანზე. პირველმა მოპასუხემ ისიც მიუთითა, რომ როგორც მისთვის ცნობილია, სესხით გათვალისწინებული თანხები რეალურად ი.გ–ძემ (მოთხოვნის დამთმობმა) განკარგა, რადგან ის უზრუნველყოფდა სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხების შეტანას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დაუსაბუთებლობის გამო, მართებულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასკვნა მოპასუხეთა პოზიციის სარწმუნოობისა და დამაჯერებლობის გათვალისწინებით, მათი მტკიცების ტვირთის ეფექტურად რეალიზებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ უარყოფს შესაძლებლობას მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული იქნეს არაპირადი მოვალის ქონება, არამედ სააპელაციო სასამართლო საქმის გარემოებათა ერთობლივად შეფასების შედეგად ასკვნის, რომ ი.გ–ძე საკუთარ დავალიანებას ფარავდა, რადგან საპირპისპირო გარემოებებსა და მტკიცებულებებზე კასატორის არ მიუთითებია.
33. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური