საქმე №ას-334-2024 16 მაისი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ.ხ–ნი (მოსარჩელე, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ა–ვი (მოპასუხე, მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ვ.ა–ვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მშობლის უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ვ.ა–ვის (შემდეგში: პირველი მოსარჩელე, პირველი აპელანტი ან არასრულწლოვნის მამა) სარჩელი მ.ხ–ნის (შემდეგში: მეორე მოსარჩელე, მეორე აპელანტი, კასატორი ან არასრულწლოვნის დედა) წინააღმდეგ, არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, დაკმაყოფილდა; 2010 წლის 28 იანვარს დაბადებული ა.ა–ვის (შემდეგში: ბავშვი ან არასრულწლოვანი) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის საცხოვრებელი ადგილი;
1.1. არასრულწლოვნის დედის სარჩელი არასრულწლოვნის მამის წინააღმდეგ, არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და მშობლის უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
1.2. მეორე მოსარჩელეს უარი ეთქვა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე;
1.3. ბავშვის მამას შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობის უფლება არასრულწლოვნის პასპორტის აღებისას ნებართვის/თანხმობის გაცემის და სახელმწიფო საზღვრების კვეთის დროს თანხმობის/ნებართვის გაცემის ნაწილში და დედას მიენიჭა უფლება მამის თანხმობის გარეშე აუღოს არასრულწლოვან შვილს პასპორტი და მასთან ერთად გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი ყოველი კალენდარული წლის ივლისში, არაუმეტეს 10 დღის ვადით და 2 იანვარიდან 10 იანვრის ჩათვლით.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებით არასრულწლოვნის მშობლების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. პირველი და მეორე მოსარჩელეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2009 წლის 22 ოქტომბრიდან. თანაცხოვრების განმავლობაში მხარეებს ერთი შვილი - 2010 წლის 28 იანვარს დაბადებული ა.ა–ვი შეეძინათ;
3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით არასრულწლოვნის დედის სარჩელი დაკმაყოფილდა და არასრულწლოვნის მშობლებს შორის, 2009 წლის 22 ოქტომბერს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისნის სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი N 04200930719) შეწყდა; ბავშვის მამას, ბავშვის დედის სასარგებლოდარასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის, ყოველთვიურად ალიმენტის 120 (ას ოცი) ლარის გადახდა დაეკისრა, სარჩელის შეტანიდან 2017 წლის 9 ივნისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინების ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილებას ბავშვის მამა არასრულწლოვნის დედის 2019 წელს ჩეხეთში გამგზავრებამდე ასრულებდა;
3.3. მშობლების დაშორების შემდეგ არასრულწლოვანი დედასთან და დედის ოჯახთან ერთად ქ. სამტრედიაში ცხოვრობდა;
3.4. დედის საზღვარგარეთ გამგზავრების შემდეგ არასრულწლოვანი ცხოვრობდა ბებიასთან, დეიდასთან, ბიცოლასთან და ბიძაშვილებთან ერთად;
3.5. 2022 წლის ზაფხულის არდადეგები ბავშვმა მამასთან გაატარა, რის შემდეგაც ცხოვრებას მასთან აგრძელებს;
3.6. 2022 წლის 11 ოქტომბერს დედამ შვილს მიაკითხა სამტრედიაში წაყვანისა და სწავლის გაგრძელების მიზნით, რისთვისაც ითხოვდა პატრულის დახმარებას. ბავშვის სურვილის გათვალისწინებით, მხარეთა შეთანხმებით, დედამ ბავშვის ნახვა ერთი საათით შეძლო;
3.7. არასრულწლოვანი სწავლობდა სსიპ ქალაქ სამტრედიის #4 საჯარო სკოლის 7ბ კლასში. საცხოვრებლად თბილისში გადასვლის გამო ის სასწავლო პროცესს ვერ ესწრებოდა 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში;
3.8. მამამ სკოლას მიმართა და მისთვის შვილის საბუთების გადაცემა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო;
3.9. დედა შვილის თბილისში სასწავლებლად გადაყვანის წინააღმდეგი იყო;
3.10. მამის 2023 წლის 10 თებერვლის განცხადებისა და სსიპ ქალაქ თბილისის N127 საჯარო სკოლის 2023 წლის 10 თებერვლის მოთხოვნის საფუძველზე, 2023 წლის 13 თებერვალს, არასრულწლოვანი სსიპ - ქალაქ სამტრედიის N 4 საჯარო სკოლის მე-7 კლასიდან ამოირიცხა. ამჟამად ის თბილისის #127 საჯარო სკოლის VII კლასში სწავლობს. 2023 წლის 6 მარტის მდგომარეობით, ის ყოველდღიურად ესწრებოდა გაკვეთილებს;
3.11. რამდენიმე წელია ბავშვის დედა მეუღლესთან ერთად ჩეხეთში ცხოვრობს და მუშაობს;
3.12. ქორწინების შეწყვეტის შემდეგ მეორე მოსარჩელე (ბავშვის დედა) საქართველოდან გავიდა: 2017 წელს ერთხელ, 2018 წელს - 10 იანვრიდან 26 იანვრამდე და 25 თებერვალს ერთი დღით, 2019 წელს - 3 თებერვლიდან 9 ივნისამდე. ამის შემდეგ მან საქართველო დატოვა 2019 წლის ოქტომბერში და 2021 წლის 18 იანვარს დაბრუნდა. იგი საქართველოში 2021 წლის 1 თებერვლამდე იმყოფებოდა. შემდეგ ბავშვის დედამ საქართველოში გაატარა გარკვეული პერიოდი: 2021 წლის 25 აპრილიდან 19 მაისამდე, 28 დეკემბრიდან 2022 წლის 5 თებერვლამდე, 2022 წლის 4 ივლისიდან 24 ივლისამდე. ბოლოს საქართველოში დაბრუნდა 2022 წლის 8 ოქტომბერს და დავის მიმდინარეობის პერიოდში კვლავ დატოვა საქართველო;
3.13. საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე სადავო არ გამხდარა, რომ მეორე მოსარჩელე (ბავშვის დედა) დასაქმებულია ჩეხეთში, თავის ამჟამინდელ მეუღლესთან ერთად და აქვს ფინანსური სახსრები შვილის ყველა საჭიროების უზრუნველსაყოფად;
3.14. 2019 წლის 27 მარტის მონაცემებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული დიაგნოზი იყო ცილა-ენერგეტიკული დეფიციტი, ქონდრისკაცობა, რომელიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში, ვიტამინი D-ს დეფიციტი;
3.15. აღნიშნულთან დაკავშირებით ბავშვს დედის ინიციატივით ჩაუტარდა კვლევები და მკურნალობის კურსი, ამჟამად ბავშვის ფიზიკური განვითარება ნაწილობრივ შეესაბამება მის ასაკს (მაგ.: სიმაღლე, წონა);
3.16. ბავშვის გონებრივი და კოგნიტური განვითარება შეესაბამება მის ასაკს. იგი აცნობიერებს შექმნილ ვითარებას, შეუძლია საკუთარი აზრის მკაფიოდ დაფიქსირება, აქვს მოსმენისა და კითხვაზე ადეკვატური პასუხის დაბრუნების უნარი;
3.17. ბავშვის დედის საცხოვრებელი ერთსართულიანი კაპიტალური სახლია, სადაც კარგი საყოფაცხოვრებო პირობებია. ბავშვს აქვს საკუთარი ოთახი, რომელშიც არის შესაბამისი ავეჯი და ინვენტარი. ოჯახს აქვს თანამედროვე წარმოების საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მიეწოდებათ წყალი, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია. მოპოვებული ინფორმაციით, ბავშვის ბიოლოგიური დედის ოჯახს უკონფლიქტო და მჭიდრო ურთიერთობა აქვს ახლო მეზობლებსა და ნათესავებთან ;
3.18. ბავშვის მამის საცხოვრებელში დაცულია ყველა სახის კომუნალური და ჰიგიენური პირობები. სახლი მორგებულია ბავშვის საჭიროებებს. მას აქვს საკუთარი ოთახი და პირადი სივრცე;
3.19. პირველი მოსარჩელე (ბავშვის მამა), 2022 წლის პირველი იანვრიდან, კომპანია ,,ნ–ში“ საწყობის ოპერატორის პოზიციაზეა დასაქმებული. მისი ხელზე ასაღები ხელფასი თვეში საშუალოდ 1300 ლარია, ხოლო მისი მამა (ბავშვის ბაბუა) პერიოდულად მეწაღედ მუშაობს;
3.20. პირველ და მეორე მოსარჩელეს შორის კონფლიქტური დამოკიდებულებაა. ისინი ვერ ახერხებენ მშვიდ კომუნიკაციას;
3.21. ბავშვზე ყოველდღიურ ზრუნვას ახორციელებენ მამა, ბებია და ბაბუა. ისინი ზრუნავენ მის ჰიგიენაზე, კვებაზე, პირადი მოხმარების ნივთების შეძენასა და სხვ. სოციალური მუშაკის მიერ განხორციელებული ვიზიტისას არასრულწლოვანი იყო მოწესრიგებულ მდგომარეობაში, ასევე მის ოთახში და პირად სივრცეში დაცული იყო ჰიგიენა. სოციალური მუშაკის შეფასებით, შესაძლოა ითქვას, რომ ბავშვზე განხორციელებული ზრუნვა დამაკმაყოფილებელია. ბავშვი ყოველთვის იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ ძირითადად ბებია-ბაბუის მხრიდან, ვინაიდან მამა დასაქმებულია;
3.22. არასრულწლოვანს მამასთან ცხოვრება სურს. სასამართლომ არ გაიზიარა ბავშვის დედის პოზიცია, რომ აღნიშნული მამის ზეგავლენის შედეგია. ამ გარემოებაზე მიუთითებს როგორც სოციალური მუშაკის დასკვნებში ასახული, ისე უშუალოდ არასრულწლოვანთან გასაუბრების დროს მიღებული შემდეგი ინფორმაცია:
3.22.1. ბავშვი მამის ოჯახში თავს კარგად და კომფორტულად გრძნობს, დადებით ემოციას გამოხატავს ბებია-ბაბუის (მამის მშობლების) მიმართ, რომლებიც მათთან ერთად ცხოვრობენ. ასევე, ბავშვის მიმართ თავადაც კეთილგანწყობილები არიან. არასრულწლოვანი არ საუბრობს რაიმე სახის სირთულეზე და პრობლემაზე მამასთან ურთიერთობაში;
3.22.2. რაც შეეხება დედას, ის ქვეყნის დატოვებამდე, ოჯახის წევრებთან ერთად, ყოველდღიურად ზრუნავდა შვილზე. აღნიშნულს ბავშვიც იხსენებს და დადებითად აღწერს, თუმცა დედის წასვლის შემდეგ უსიამოვნო მოგონებები აკავშირებს მის ახლობლებთან ერთად თანაცხოვრების პერიოდზე;
3.22.3. დედა ბოლო ვიზიტისას შვილს შეპირდა საქართველოში დარჩენას და მასთან ერთად ცალკე ცხოვრებას, რაზეც ბავშვი დათანხმდა, თუმცა მისივე გადმოცემით, დედამ მოატყუა, მიატოვა და კვლავ წავიდა საზღვარგარეთ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი მოსარჩელე (მამა) არ უმხელდა შვილს აღნიშნულს, ბავშვი დედასთან ვიდეო ზარით საუბრისას ოთახის ინტერიერით მიხვდა, რომ დედა მართლაც აღარ იმყოფებოდა თბილისში;
3.22.4. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მასთან ერთად აღარ ცხოვრობს დეიდა. მას არ აქვს არც დედის მეუღლესთან და დედის მხრიდან სხვა ნათესავებთან ერთად ცხოვრების სურვილი, თუმცა განიხილავს მხოლოდ დედასთან ერთად საქართველოში ცხოვრების შესაძლებლობას;
3.22.5. ბავშვს აქვს უნდობლობა და არაკეთილგანწყობილია მამინაცვლის - ო.ზ–ოს მიმართ. სოციალური მუშაკის მიერ ამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე არასრულწლოვანი პასუხობს, რომ ო. მას დედასთან სატელეფონო კომუნიკაციისას ხშირად ეჩხუბება იმის გამო, რომ მან მამასთან ცხოვრება აირჩია;
3.22.6. არასრულწლოვანს მიაჩნია, რომ სკოლის შეცვლა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მარტივად შეუძლია გარშემომყოფებთან კომუნიკაციაში შესვლა და ფიქრობს, რომ ახალ გარემოშიც არ გაუჭირდება ადაპტირება. ნაკლებად გამოხატავს სინანულს ძველი საცხოვრებლის და სოციალური გარემოს დატოვების გამო.
4. სააპელაციო სასამართლომ დამატებით ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე:
4.1. არასრულწლოვანი მშობლების დაშორების შემდეგ ცხოვრობდა და იზრდებოდა დედასთან, ხოლო დედის საზღვარგარეთ გამგზავრების შემდეგ, არასრულწლოვანი ცხოვრობდა დედის ოჯახთან ბებიასთან, დეიდასთან, ბიცოლასთან და ბიძაშვილებთან ერთად;
4.2. 2022 წლის ზაფხულიდან არასრულწლოვანი მამასთან ცხოვრობს და თბილისის N127 საჯარო სკოლაში სწავლობს;
4.3. სოციალური მუშაკის მიერ მოძიებული ინფორმაციით, ბავშვი ამჟამად ადაპტირებულია მამის საცხოვრებელ გარემოში, სადაც ჰყავს სოციუმი და სამეგობრო;
4.4. მამის საცხოვრებელში დაცულია ყველა სახის კომუნალური და ჰიგიენური პირობები. სახლი მორგებულია ბავშვის საჭიროებებს. მას აქვს საკუთარი ოთახი და პირადი სივრცე;
4.5. არასრულწლოვნის მშობლებს შორის კონფლიქტური დამოკიდებულებაა. ისინი ვერ ახერხებენ მშვიდ კომუნიკაციას.
5. მეორე აპელანტის (ბავშვის დედის) პრეტენზია ძირითადად იმას ემყარება, რომ მამა სათანადო ყურადღებას არ იჩენს შვილის ჯანმრთელობის საკითხებზე და მამასთან ცხოვრების პერიოდში არასრულწლოვანს სამედიცინო გამოკვლევები არ ჩატარებია. მეორე აპელანტი ასევე, ყურადღებას ამახვილებს, რომ მამასთან ცხოვრების პერიოდში ბავშვის აკადემიური მოსწრება საკმაოდ დაბალია. შესაბამისად, დედის შეფასებით, მხოლოდ არასრულწლოვნის სურვილი, რომ მამასთან სურს ცხოვრება, ვერ გადაწონის მის საუკეთესო ინტერესებს და ისეთ მნიშვნელოვან უფლებებს, როგორიც განათლების და ჯანმრთელობის უფლებაა.
6. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა არასრულწლოვნის დედის არგუმენტები და განმარტა, რომ მსგავსი კატეგორიის დავების განხილვისას სასამართლოს მთავარ საკვლევ გარემოებას ბავშვის საუკეთესო ინტერესის გამოვლენა წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ ბავშვი მამის ოჯახში თავს კარგად და კომფორტულად გრძნობს, დადებით ემოციას გამოხატავს ბებია- ბაბუის (მამის მშობლების) მიმართ, რომლებიც მათთან ერთად ცხოვრობენ. ასევე, მის მიმართ თავადაც კეთილგანწყობილები არიან. არასრულწლოვანი არ საუბრობს რაიმე სახის სირთულეზე და პრობლემაზე მამასთან ურთიერთობაში. აღნიშნული დასტურდება როგორც სოციალური მუშაკების მიერ შედგენილ დასკვნაში ასახული ინფორმაციით, ასევე, უშუალოდ არასრულწლოვანთან გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაციის შეფასებით. აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე მტკიცებულებები, რომელიც საპირისპირო დასკვნის საფუძველი გახდებოდა მეორე მოსარჩელის (ბავშვის დედის) მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. ასევე, მეორე აპელანტის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც მის სააპელაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტებს გაამყარებდა, კერძოდ, არ დგინდება, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მამასთან განსაზღვრის პირობებში, არასრულწლოვანს ხელი ეშლება განათლების მიღებაში, ან არ აქვს შესაბამისი ყურადღება ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. ამ მხრივ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დადგენილ გარემოებებზე, რომ ბავშვისთვის სწავლის პროცესის ხელშეშლა განაპირობა მშობლების კონფლიქტურმა ურთიერთდამოკიდებულებამ და შეუთანხმებლობამ, რამაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეაფერხა ბავშვის სწავლის პროცესში ჩართვა, თუმცა ასევე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ დავის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ არასრულწლოვანმა სწავლა განაგრძო და ის დამატებით მეცადინეობდა მამის მატერიალური ხელშეწყობით, რათა უკეთ აეთვისებინა სკოლის სასწავლო მასალა. ბავშვის განმარტების თანახმად, მამამ მათემატიკაში შეურჩია კერძო მასწავლებელი და ემზადებოდა დამატებით (იხ. ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.11.2023წ. სხდომის ოქმი ტ. 3.) რაც შეეხება, არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობას, საქმის მასალებში წარმოდგენილია ჯანმრთელობის ცნობები, კვლევები, სამედიცინო ბარათი, თუმცა ამ ეტაპისთვის რაიმე სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებლობა არ იკვეთება, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, არ არის შეზღუდული მონაწილეობა მიიღოს მსგავსი საკითხების მოგვარებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მეორე აპელანტის მიერ მოყვანილი არგუმენტები, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არ წარმოშობს საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. ამასთან საგულისხმოა, რომ ბავშვის დედა მეუღლესთან ერთად ცხოვრობს და მუშაობს საზღვარგარეთ (ჩეხეთი), სარჩელის დაკმაყოფილების შემთხევაში კი არასრულწლოვანს ფაქტობრივად ცხოვრება მოუწევს არა დედასთან, არამედ დედის ოჯახთან (ბებია, ბიცოლა და ბიძაშვილები) ერთად, რომლებთანაც მას არცთუ სასურველი დამოკიდებულება აქვს.
7. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, სასამართლოს მსჯელობის საგანს მხარეთა, როგორც მშობლების, უფლებებთან ერთად და მათზე უპირატესად, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ კანონმდებელი ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისათვის ითვალისწინებს მისი ოჯახურ გარემოში პიროვნული განვითარების უფლებას, მის სოციალურ და კულტურულ მახასიათებლებს, მის უნარს, თავად მოახდინოს თავისი უფლებების რეალიზება და ბავშვის მოსაზრებებს. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-8 მუხლი დამატებით განამტკიცებს ბავშვის უფლებას მისი აზრის მოსმენაზე, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მოუსმინონ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც მის რომელიმე უფლებას ეხება ან გავლენას მოახდენს მის რომელიმე უფლებაზე, და გაითვალისწინონ ბავშვის მოსაზრება მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მოუსმინონ ყოველთვის, როდესაც მას აზრის გამოთქმის სურვილი აქვს, უშუალოდ, მისი ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისი მხარდაჭერით, მისთვის სასურველი და შესაძლებელი კომუნიკაციის ფორმითა და საშუალებით. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას არასრულწლოვანმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სურს მამასთან ცხოვრება. ამდენად, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემული სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის, სწორედ არასრულწლოვნის სურვილია გადამწყვეტი, რომელმაც სასამართლოს წინაშე ნათლად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა საკუთარი აზრი აღნიშნულთან დაკავშირებით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.11.2023წ. სხდომის ოქმი 16.10.11-16.22-35სთ).
8. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი. ბავშვს ასევე უფლება აქვს, მოუსმინონ მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას და გაითვალისწინონ ბავშვის მოსაზრება მისი ასაკისა და გონებრივი და ფიზიკური განვითარების შესაბამისად. ამავე კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება უზრუნველყოფს ბავშვის ყველა უფლების პატივისცემასა და ეფექტიან რეალიზებას ბავშვის მონაწილეობის, მისი საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭების, ბავშვის ღირსების პატივისცემის, უთანასწორო მოპყრობის დაუშვებლობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სახელმწიფო იღებს ყველა აუცილებელ ადმინისტრაციულ და სხვა ზომას ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უფლების რეალიზებისთვის ამ კოდექსის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, მართლმსაჯულებაზე ბავშვის უფლების რეალიზებისთვის სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შემდეგი ძირითადი გარანტიები: ა) ბავშვისთვის ინფორმაციის, კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ადაპტირებული ფორმით ხელმისაწვდომობა, მათ შორის, სატელეფონო ცხელი ხაზის, ინტერნეტგვერდებისა და სოციალური მედიის სხვა საშუალებების გამოყენებით; გ) ბავშვის უფლება, ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლოს მიერ საქმის განხილვის პროცესში მონაწილეობა მიიღოს უშუალოდ ან/და მის მიერ არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) ბავშვთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების ბავშვზე მორგებული პროცედურით აღსრულება;
9. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება აბსოლუტურ უფლებათა რიგს არ მიეკუთვნება, თუმცა, ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას თავადვე იძლევიან და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით არის გამოწვეული. ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ბავშვის უფლებათა კონვენციაშიც ასახულია. მოხმობილი საერთაშორისო- სამართლებრივი აქტები ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება უზრუნველყონ.
10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. სსკ-ის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმ ფაქტის უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას წარმოადგენს არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (სუსგ N ას- 458-440-2016, 15.07.2016 წ.).
11. სსკ-ის მე-20 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა - მეურვის საცხოვრებელი ადგილი. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით, ამავე კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი; 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.
12. ამდენად, როგორც უკვე აღინიშნა, მოცემული სახის დავის გადაწყვეტისას სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. ბავშვის ინტერესის უპირატესობას განამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენცია, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის აზრის თავისუფლებას.
13. სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R(84)4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე, რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.
14. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არსებობს ფართო კონსენსუსი, საერთაშორისო სამართლის ჩათვლით, რომ უპირველეს ყოვლისა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა უნდა იყოს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. ბავშვის ინტერესი მოიცავს ორ მხარეს. ერთი მხრივ, ის აყალიბებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან უნდა იყოს შენარჩუნებული, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახი შეფასებულია როგორც შეუფერებელი. იგულისხმება, რომ ოჯახური კავშირი შეიძლება გაწყდეს მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებებში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და, თუ შესაძლებელია, მოხდეს ოჯახის აღდგენა. მეორე მხრივ, ბავშვის ინტერესებში აუცილებლად შედის ჯანსაღ გარემოში ჩამოყალიბება და მშობელს არ შეუძლია იმ ღონისძიებების მიღება, რომელიც ავნებს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“).
15. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა არასრულწლოვანი ბავშვის ასაკი და სხვა თვისობრივი მაჩვენებლები, ასევე, ორივე მშობლის გარემო-სოციალური პირობები, სოციალური სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნები და, რაც ყველაზე მთავარია, თავად არასრულწლოვნის ნება-სურვილი (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.11.2023წ. სხდომის ოქმი 16.10.11-16.22-35 სთ). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილ გარემოებათა შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ არ არსებობს არასრულწლოვნისათვის ამჟამინდელი ფაქტობრივი ადგილსამყოფლის შეცვლის რაიმე მნიშვნელოვანი საფუძველი და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავა განხილულია სამართლებრივად სწორად, საპროცესო დარღვევების გარეშე, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით.
16. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მხარეთა მიერ სააპელაციო საჩივრებში წარმოდგენილი პრეტენზიები მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის ნაწილში. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მეორე აპელანტის (ბავშვის მამის) პრეტენზია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღრული პერიოდი არ არის საკმარისი დედასა და შვილს შორის შეწყვეტილი ურთიერთობის აღსადგენად. ასევე, საფუძველს მოკლებულია მეორე აპელანტის შეგებებული სააპელაციო საჩივრის არგუმენტი, რომ მშობლის უფლების შეზღუდვა (იხ. წინამდებარე განჩინების 1.3. ქვეპუნქტი), არ გამომდინარეობს არასრულწლოვნის ინტერესებიდან და მის სურვილებს არ შეესაბამება.
17. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას გულისხმობს. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ ბავშვის უფლებებს, უპირატესობა ბავშვის საუკეთესო ინტერესს მიენიჭოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეებზე „ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ“ (Elsholz v. Germany, N 25735/94, 2000 წლის 31 ივლისი, და „TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, (TK and KM v. UK), N 28945/95, 2001 წლის 10 მაისი).
18. სსკ-ის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ; მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. სსკ-ის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. სსკ-ის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 1205-ე მუხლის თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.
19. “საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. ხოლო, პასპორტის აღებისათვის საჭიროა ორივე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
20. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ არასრულწლოვანი დაიბადა 2010 წლის 28 იანვარს და მშობლების დაშორების შემდეგ ცხოვრობდა და იზრდებოდა დედასთან, ხოლო დედის საზღვარგარეთ გამგზავრების შემდეგ, დედის ოჯახთან - ბებიასთან, დეიდასთან, ბიცოლასთან და ბიძაშვილებთან ერთად, ხოლო, 2022 წლის ზაფხულიდან ცხოვრობს მამასთან. სასამართლოს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესად მიაჩნია დედა-შვილს შორის ახლო ურთიერთობის აღდგენა, ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რაიმე გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა დედის მიერ თავისი უფლებების ბოროტად და არამართლზომიერად გამოყენებას, არ გამოვლენილა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება მიაქცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიციას, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანია დედა-შვილს შორის აღდგეს ურთიერთობა, რაც არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის შესაბამისია. ბავშვი ცალსახად გამოხატავს სურვილს, რომ მამასთან განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მას დედასთან ჰქონდეს კარგი ურთიერთობა. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარს უჭერს დედის მოთხოვნას მშობლის უფლების შეზღუდვის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომდაასკვნა, რომ არსებობდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის საფუძველი და ამ მხრივ, მამის შეგებებული სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუსაბუთებელი, გაზიარებული ვერ იქნება. სააპელაციო სასამართლომ, ასევე არ გაიზიარა დედის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და განმარტა, დადგენილია, რომ მისი საზღვარგარეთ ცხოვრების გამო, მოცემული პერიოდისათვის დედა-შვილს შორის მჭიდრო ურთიერთობა გაწყვეტილია, ამასთან ბავშვის ასაკისა და მისი სასწავლო რეჟიმის/სასკოლო არდადეგების გათვალისწინებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პერიოდი გონივრულია და შეესაბამება მოზარდის ინტერესებს. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული პერიოდის გაზრდა სამომავლოდ დამოკიდებული იქნება დედა-შვილს შორის მჭიდრო კავშირის აღდგენასა და არასრულწლოვნის ნება-სურვილზე.
21. წინამდებარე შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით და არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიზანშეწონილობა, ბავშვის გამგზავრების მიზნით, არასრულწლოვნის პასპორტის აღებისას და ყოველი წლის ივლისში, არაუმეტეს 10 დღის ვადით, და 2 იანვარიდან 10 იანვრის ჩათვლით, საქართველოს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, მშობლის (მოცემულ შემთხვევაში მამის) კანონიერი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე.
22. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეთა სააპელაციო პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებასა და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს და სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
23. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
23.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მეორე აპელანტმა (დედამ) და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და ბავშვის მამის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
23.2. კასატორის განმარტებით, როდესაც მხარეები ერთმანეთს დაშორდნენ, ბავშვი 2 წლის იყო და მას შემდეგ ცხოვრობდა და იზრდებოდა დედასთან, იგი მხოლოდ 13 წლის ასაკში გადავიდა მამასთან საცხოვრებლად. ამ დრომდე კი, მამას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია მის აღზრდაში, არ დაინტერესებულა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით და განათლების საკითხებით, მატერიალურად არ უზრუნველყოფდა მას. არასრულწლოვანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა მამასთან გადასვლის შემდეგ არც ერთი სამედიცინო გამოკვლევა არ ჩატარებია. ამასთან, საცხოვრებლად მამასთან გადასვლის შემდეგ დაბალია ბავშვის აკადემიური მოსწრება სკოლაში. კასატორის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ის მუდმივად არ იმყოფება საქართველოში, არ უნდა გახდეს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. საქმეში წარმოდგენილი შსს მომსახურების სააგენტოს ცნობით დადგენილია, რომ კასატორი პერიოდულად მიემგზავრება საქართველოდან, შემდეგ ბრუნდება და გარკვეულ დროს საქართველოში ატარებს. დავის მიმდინარეობისას, იგი 2023 წლის იანვრის თვეში ჩამოვიდა საქართველოში და ივნისის თვეში დატოვა საქართველო. 6 თვის განმავლობაში იმყოფებოდა საქართველოში, ესწრებოდა სასამართლო პროცესებს და ურთიერთობა ჰქონდა შვილთან, რასაც დღემდე აგრძელებს, თუმცა მამის სურვილის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ხშირად ვერ ახერხებს დედასთან ურთიერთობას. ბავშვის დედის მიერ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, ფსიქოლოგმა არ მიიჩნია მიზანშეწონილად სასწავლო გარემოს ცვლილება და მიუთითა იმ რისკებზე, რომლებიც შესაძლოა განვითარებულიყო. აღნიშნული დასკვნა სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა და მიუთითა, რომ დასკვნის გაცემიდან რამდენიმე თვეა გასული და ბავშვი სკოლასა და მამის საცხოვრებელ ადგილას თავს კარგად გრძნობს;
23.3. კასატორის განმარტებით, მისი სასარჩელო მოთხოვნა იყო მამის, როგორც მშობლის, უფლების შეზღუდვა საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისა და სახელმწიფო საზღვრის კვეთის ნებართვის/თანხმობის გაცემის ნაწილში შეუზღუდავად და არა დროის კონკრეტულ მონაკვეთში;
23.4. მოცემულ შემთხვევაში, დედასა და შვილს შორის ურთიერთობა აღდგენას საჭიროებს, რაც უპირატესად ბავშვის ინტერესში შედის. კასატორი მეუღლესთან ერთდ ცხოვრობს ჩეხეთში, სადაც დასაქმებულია და აქვს შემოსავალი. დედასა და შვილს შორის შეწყვეტილ ურთიერთობას სჭირდება დრო, რისთვისაც წელიწადში რამდენიმე დღე საკმარისი არ არის.
23.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინებით არასრულწლოვნის დედის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
23.6. კასატორმა, 2024 წლის 15 აპრილს, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა და არასრულწლოვნის 2023-2024 სასაწავლო წლის აკადემიური მოსწრების შესახებ მონაცემები წარმოუდგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
25. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
27. საკასაციო სასამართლომ მეორე მოსარჩელის (ბავშვის დედის) საკასაციო პრეტენზიების დასაშვებობის განხილვის ეტაპზე, სსსკ-ის 354-ე მუხლით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იმსჯელა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობასა და კანონიერებაზე, რომელიც, უწინარესად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს (ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი) და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე გამოკვლეული მტკიცებულებების, სოციალური მუშაკის დასკვნების, არასრულწლოვნის მოსაზრების მოსმენისა და მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეულია ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასადგენად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს მიერ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.
28. საკასაციო სასამართლომ გაითვალისწინა საქმეზე დადგენილი გარემოებები და მხედველობაში მიიღო არასრულწლოვანი ბავშვის ასაკი და ორივე მშობლის გარემო-სოციალური პირობები, სოციალური სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნები, თვითონ არასრულწლოვნის ნება-სურვილი და დაასკვნა, რომ გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია და ბავშვის საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი). საკასაციო სასამართლო ასევე მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ მეორე მოსარჩელე მეუღლესთან ერთად ცხოვრობს და მუშაობს საზღვარგარეთ (ჩეხეთში), დედის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი არასრულწლოვანს ფაქტობრივად ცხოვრება მოუწევს არა დედასთან, არამედ დედის ოჯახთან (ბებია, ბიცოლა და ბიძაშვილები) ერთად, რომლებთანაც ცხოვრების პერიოდს არასრულწლოვანი არცთუ სასიამოვნოდ იხსენებს. დადგენილია, რომ ბავშვი მამის საცხოვრებელ გარემოს შეგუებულია, სკოლაში ადაპტირებულია, ჰყავს მეგობრები. სოციალური მუშაკის დასკვნების საწინააღმდეგოდ კასატორს სათანადო შედავება არ წარმოუდგენია. ერთ-ერთ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გააკრიტიკა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება ბავშვის ერთ-ერთ მშობელთან საცხოვრებლად დატოვების გამო და ბავშვის უფლებასთან არათავსებადად მიიჩნია მისი ცხოვრება იმ მშობლის საცხოვრებელ ადგილას, რომელიც პრაქტიკულად არ იმყოფებოდა საცხოვრებელ ადგილას და, სამუშაოს ხასიათის გათვალისწინებით, მხოლოდ პერიოდულად იმყოფებოდა სახლში (იხ. „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“ (G.S. v. GEORGIA) (საჩივარი N 2361/13); 21.07.2015წ.; საბოლოო გახდა 21.10.2015წ.). სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა: „...თავისთავად, ბავშვისა და მშობლის მიერ დროის ერთად გატარებით ურთიერთსიამოვნება წარმოადგენს ოჯახური თანაცხოვრების ძირეულ ელემენტს და დაცულია კონვენციის მე-8 მუხლით (იხილეთ მონორი რუმინეთისა უნგრეთის წინააღმდეგ (Monory v. Romania and Hungary) , № 71099/01, § 70, 5 აპრილი, 2005; იოსებ კარასი რუმინეთის წინააღმდეგ (Iosub Caras v Romania) , № 7198/04, §§ 28-29, 27 ივლისი, 2006; და Karrer, § 37). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელიც წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტშია ასახული და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევას ეფუძნება, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სრულად იზიარებს საკასაციო სასამართლო.
29. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მოხმობილი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1-ე მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში“ (იხ. სუსგ Nას- 458-440-2016, 15.07.2016წ.).
30. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემაში იგულისხმება არა მხოლოდ ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უფლებების დაცვა და პატივისცემა, არამედ, ცალ-ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრებს შორის კავშირის შენარჩუნებაც და ოჯახური გარემოს დაცვის ვალდებულება ისეთ შემთხვევებშიც, როგორც ეს განსახილველ საქმეშია. ეროვნული სასამართლო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ოჯახური კავშირის აღდგენასა და განმტკიცებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესითაა განპირობებული. ოჯახის გაერთიანების ცნების ქვეშ ნაგულისხმევია არა მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, არამედ, მშობლისა და შვილის მჭიდრო კავშირი, რასაც ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სასამართლომ, თუკი არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგო წინაპირობა, რადგან მშობლისა და ბავშვის ინტერესთა ბალანსის დაცვის პროცესში, სწორედ ბავშვის ინტერესია ამოსავალი და სახელმძღვანელო სასამართლოსა და ყველა ადმინისტრაციული თუ სხვა ორგანოსათვის, რაც უმეტესწილად გადასწონის მშობლის ინტერესს (შეად. სუსგ-ებს: N ას-1076-2022,23.12.2022წ; N ას-1139-2021, 29.11.2022წ; N ას-716-2021, 23.06.2022წ; N ას-43402921, 30.07.2021წ.).
31. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ბავშვის უფლებების დაცვის მომწესრიგებელი როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული კანონმდებლობის სისტემური ანალიზი იმგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა, რომ ბავშვის უფლებების უზრუნველყოფა არ გულისხმობს ერთი რომელიმე უფლების სხვა უფლებასთან შედარებით უპირატესად რეალიზების, ან დაცვის უფრო მაღალი პრივილეგიით სარგებლობის შინაარსს. ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან ყველა უფლებას სახელმწიფო გარანტიებით/ინსტრუმენტებით ერთნაირად სარგებლობის უფლება და ხარისხი აქვს, მათ შორის ბავშვისაგან განცალკევებით მცხოვრებ მშობელთან ბავშვის ურთიერთობის უფლებასაც. თუმცა, ეს უფლება აბსოლუტურ უფლებად არ შეიძლება ჩაითვალოს, მშობლისა და ბავშვის უფლებათა შეწონადობის თვალსაზრისით, ბავშვის უფლება უპირატესად ითვლება და მშობელს, გარკვეული პირობების არებობისას, შესაძლოა ჩამოერთვას კიდეც ბავშვთან ურთიერთობის უფლება (სსკ-ის 1205-1206 მუხლები). ამ უფლების შემზღუდავი სახელმწიფო ინსტრუმენტი მოქმედებს მხოლოდ მაშინ და მშობლის უფლება არარეალიზებადია, თუკი მშობლის მოვალეობის არასათანადო შესრულება წინააღმდეგობაშია ბავშვის თუნდაც ერთ რომელიმე ინტერესთან (ჯანმრთელობა, ემოციური განვითარება, სწავლა და ა.შ.), ე.ი. მშობლის ბუნებითი უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ მიიჩნევა აბსოლუტურ და შეუზღუდავ უფლებად და, ამა თუ იმ პირობების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ კონტროლს ექვემდებარება (შეად. სუსგ-ას N ას-434-2021, 30.07.2021წ.).
32. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის კანონიერება წარმოადგენს. სსკ-ის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. სსკ-ის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს; ბავშვის უფლებათა კოდექსის 24.1-ე მუხლის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის, ასევე აღნიშნული კოდექსის 78.1-ე მუხლის თანახმად, ბავშვთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებაში ბავშვს გარანტირებული აქვს შესაძლებლობა, საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისა და განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ბავშვის მოსაზრებები.
33. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება მოიცავს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას (იხ. გაეროს ბავშვთა კომიტეტის №12 ზოგადი სახელმძღვანელო კომენტარი).
34. ამავდროულად, როდესაც საკითხი უკავშირდება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უფლებას, მოუსმინონ. ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის განვითარებადი უნარები. ბავშვის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, რაც უფრო მეტი იცის ბავშვმა და მეტი გამოცდილება აქვს და მეტი ესმის, მით უფრო უნდა შეცვალონ მშობლებმა, მეურვეებმა ან ბავშვზე პასუხისმგებელმა სხვა პირებმა მითითებები და დარიგებები - შეხსენებითა და რჩევებით, მოგვიანებით, დამოკიდებულება დამყარდეს აზრთა ურთიერთგაცვლით, თანასწორ საფუძვლებზე. შესაბამისად, ბავშვის მომწიფებასთან ერთად მის მოსაზრებებს მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მისი საუკეთესო ინტერესების შეფასებისას. სიმწიფე არის გაგებისა და კონკრეტული საკითხის შეფასების უნარი და ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად დგინდება. სიმწიფის განსაზღვრა ძნელია; ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის მე-12 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ეს არის ბავშვის შესაძლებლობები გამოხატოს მოსაზრებები საკითხთან დაკავშირებით გონივრულად და დამოუკიდებლად. ამასთან, ბავშვს აქვს უფლება „თავისუფლად გამოთქვას შეხედულებები“. „თავისუფლად“ ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია აზრის გამოხატვა ზეწოლის გარეშე და ასევე ნიშნავს, რომ დაუშვებელია ბავშვით მანიპულირება ან მასზე უსაფუძვლო გავლენა ან ზეწოლა. „თავისუფლად“ შინაგანად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ მოსაზრებასთან: ბავშვს აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები და არა სხვების აზრები. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კონვენცია კონკრეტულად არ განსაზღვრავს, თუ რა მიიჩნევა ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილად. სტანდარტულად, ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობს რეალურად ბავშვი ანუ ძირითადი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მთლიანად დამოკიდებულია ბავშვზე, მის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, კონკრეტულ ადგილას ცხოვრების ხანგრძლივობაზე, მის ფსიქოემოციურ კავშირზე ამ ადგილთან, გარემოში მის ინტეგრირებაზე (იხ. სუსგ-ები: №ას-70-2022, 16.02.2022 წ.; №ას-53-51-2016, 06.07.2016 წ.).
35. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საპროცესო რეალიზაციის წესზეც. საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეების განხილვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (შემდეგში: სსსკ) ცალკე თავის სახით არის გამოყოფილი, რადგან მას ახასიათებს გარკვეული თავისებურებები. ამ თავისებურებას განაპირობებს საოჯახო ურთიერთობების სპეციფიკა, რომელიც უპირატესად ატარებს პირადულ და განგრძობად ხასიათს. ერთ-ერთ ფუნდამენტურ თავისებურებას საოჯახო-სამართლებრივი დავების განხილვისას, სხვა კატეგორიის საქმეთა განხილვისაგან განსხვავებით, წარმოადგენს ინკვიზიციურობის პრინციპის უფრო ფართოდ გამოყენება. მართალია, საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობები განეკუთვნება კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების სფეროს, მაგრამ ამ ურთიერთობების განვითარებითა და სიმტკიცით დაინტერესებულია მთელი საზოგადოება. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ სასამართლო ინარჩუნებს უფლებას, დაადგინოს ის გარემოებანი, რომელთა აუცილებლობა განაპირობებს არასრულწლოვანის ინტერესებისათვის ყველაზე კეთილსაიმედო გადაწყვეტილების მიღებას.
36. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს, რომელიც იხილავს კონკრეტულ საოჯახო-სამართლებრივ დავას, მინიჭებული აქვს უფლება, სსსკ-ის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილისა და 354-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ დასჯერდეს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და თავისი ინიციატივით განსაზღვროს იმ გარემოებათა წრე, რომელთა დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმის სწორად გადაწყვეტა (მტკიცების საგანი). მაშასადამე, სსსკ-ის 354-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დებულება არის სპეციალური ნორმა და მას უპირატესობა ენიჭება ამავე კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებულ ზოგად ნორმასთან შედარებით. ამ კატეგორიის საქმეთა განხილვისას სასამართლოს შეუძლია: ა) თავად განსაზღვროს მტკიცების საგანი, ე.ი. იმ გარემოებათა წრე, რომელთა დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმის სწორად გადაწყვეტა; ბ) თავისი ინიციატივით გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზეც მხარეებს არ მიუთითებიათ, მაგრამ აქვთ მნიშვნელობა მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დასადგენად (იხ. სუსგ №ას-173-2022, 08.07.2022წ.)
37. სამოქალაქო სამართალწარმოებით განსახილველ სხვა კატეგორიის საქმეთაგან განსხვავებით, საოჯახო-სამართლებრივი დავების განხილვა ინკვიზიციური ელემენტებითაა გაჯერებული, შესაბამისად, სსსკ-ის 354-ე მუხლის საფუძველზე კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს საქმის გარემოების დადგენას სასამართლოს ინიციატივითაც. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, როდესაც საკითხი სსკ-ის 1201-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასამართლოს პოზიტიურ ვალდებულებას შეეხება, სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვისუფლებათა კონვენციის 3.1 მუხლი). ბავშვი არ უნდა დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (ამავე კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).
38. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. შესაბამისად, აღნიშნული უფლების შეზღუდვის ან გამორიცხვის საკითხის განხილვისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს შემდეგი გარემოებები: (ა) არსებობს თუ არა საკითხის გადაწყვეტის უფრო ნაკლებად შემზღუდავი საშუალება; (ბ) არის თუ არა უფლების შესაძლო შეზღუდვა ან გამორიცხვა პროპორციული ზომა, და (გ) არის თუ არა უფლების შეზღუდვის ან გამორიცხვის აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღიარებს, რომ ბავშვის სურვილები და გრძნობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მშობელთან უერთიერთობის საკითხის გადაწყვეტისას (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 73, ECHR 2003-VIII).
39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვთან ურთიერთობის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა, შვილთან ურთიერთობა ჰქონდეს, რომელიც ეფექტიანი, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული და მის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ბავშვს არა მხოლოდ აქვს უფლება, იზრდებოდეს და ვითარდებოდეს ჯანსაღ, მასზე მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში, ამასთან, მისი უფლებაა, დაცული იქნეს ყველა ისეთი შესაძლო ქმედებისაგან, მათ შორის მშობლის ქმედებისგანაც, რომელიც ბავშვის ფსიქოემოციური განვითარებისა და მისი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ მას შეუნარჩუნდეს მისი ურთიერთობა მასთან არმცხოვრებ მშობელთანაც, მოცემულ შემთხვევაში -დედასთან, რათა გაძლიერდეს ერთჭერქვეშ არმყოფი მშობლის მონაწილეობა და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში, თუ არ არსებობს საგამონაკლისო გარემოება, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული წესით ბავშვთან ურთიერთობის შეზღუდვისათვის (შეად. სუსგ-ებს: №ას-63-59-2017, 13.11. 2018წ.; № ას-1837-2019, 16.06.2020 წ ; № ას- 440-2020, 13.04.2021 წ; № ას-434-2021, 30.07.2021წ; №ას-173-2022, 08.07.2022 წ; №ას-1635-2022, 31.03.2023 წ.).
40. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII).
41. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით არსებობს მშობლის (მოცემულ შემთხვევაში) წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის საფუძველი, რაც საკასაციო წესით არც გასაჩივრებულა, თუმცა ამ გარემოების მოხმობა მნიშვნელოვანია კასატორის (დედის) პრეტენზიის საპასუხოდ. დადგენილია, რომ არასრულწლოვნის დედის საზღვარგარეთ ცხოვრების გამო, მოცემული პერიოდისათვის დედა-შვილს შორის მჭიდრო ურთიერთობა გაწყვეტილია, ამასთან ბავშვის ასაკისა და მისი სასწავლო რეჟიმის/სასკოლო არდადეგების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული პერიოდი გონივრულია და შეესაბამება მოზარდის ინტერესებს. აღნიშნული პერიოდის გაზრდა სამომავლოდ დამოკიდებული იქნება დედა-შვილს შორის მჭიდრო კავშირის აღდგენასა და არასრულწლოვნის ნება-სურვილზე.
42. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.„ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, no. 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, no. 16034/90, 19/04/1994, §61, série A, №288,. Garcia Ruiz v. Spain [GC] no. 30544/96, 21/01/1999, §26; CEDH 1999-I; Perez v France [GC], no. 47287/99, 12/02/2004, § 81).
43. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებს, მიუთითებს მათზე და განმარტავს, რომ საქმის მასალებში არსებული სოციალური მუშაკის დასკვნების გათვალისწინებით ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და, შესაბამისად, ბავშვისა და დედის ურთიერთობის წესის დადგენა სრულად შეესაბამება ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს, რომლებიც დადგენილია არასრულწლოვანთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ხ–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: მ. ერემაძე
თ. ზამბახიძე