Facebook Twitter

საქმე №ა-300-ა-3-2024 4 ივნისი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ბაქაქური,

თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ტ.ს–ვა

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ს–ვი

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, ვ.ს–ვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინებით ვ.ს–ვის შუამდგომლობა, რუსეთის ფედერაციის, ბატიასკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს #2-627/21 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე, დაკმაყოფილდა; საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ იქნა რუსეთის ფედერაციის, ბატიასკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს #2-627/21 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ტ.ს–ვას მშობლის უფლებები შეეზღუდა არასრულწლოვანი შვილების - 2013 წლის 20 ივნისს დაბადებული ვ.ვ. ასული ს–ვას, 2015 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ე.ვ. ასული ს–ვასა და 2018 წლის 12 ნოემბერს დაბადებული ვ.ვ. ძე ს–ვის მიმართ.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2024 წლის 23 იანვარს, ტ.ს–ვას წარმომადგენელმა განცხადებით მომართა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

3. განმცხადებლის განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინების გაუქმების საფუძველი ისაა, რომ გაუქმებულია რუსეთის ფედერაციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ტ.ს–ვას მშობლის წარმომადგენლობითი უფლებები შეეზღუდა და რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ აღიარებულ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე.

4. განმცხადებლის განმარტებით, რუსეთის ფედერაციის, ბატიასკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს #2-627/21 გადაწყვეტილება გაუქმდა რუსეთის ფედერაციის, საერთო იურისდიქციის მეოთხე საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 9 აგვისტოს განჩინებით და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად. რუსეთის ფედერაციის ბატიასკის საქალაქო სასამართლომ ხელახლა იმსჯელა აღნიშნულ საქმეზე, 2022 წლის 26 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება და კვლავ დააკმაყოფილა ვ.ს–ვის სარჩელი. როსტოვის ოლქის სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 29 მაისის განჩინებით გააუქმა როსტოვის ოლქის ბატიასკის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილებით, ვ.ს–ვის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, არასრულწლოვანი ბავშვების - 2013 წლის 20 ივნისს დაბადებული ვ.ვ. ასული ს–ვას, 2015 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ე.ვ. ასული ს–ვასა და 2018 წლის 12 ნოემბერს დაბადებული ვ.ვ. ძე ს–ვის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა მამასთან - ვ. ა. ძე ს–ვთან, ტ.ს–ვას ვ.ს–ვის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდაც, ვ.ს–ვის სხვა მოთხოვნები და ტ.ს–ვას ძირითადი სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. რუსეთის ფედერაციის, საერთო იურისდიქციის მეოთხე საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით როსტოვის ოლქის სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

5. რუსეთის საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება განმცხადებელს 2023 წლის 21 დეკემბერს ჩაჰბარდა, საქმის წარმოების განახლების შესახებ შუამდგომლობა კი - საკასაციო სასამართლოში წარმოსადგენად ფოსტას 2024 წლის 15 იანვარს ჩაჰბარდა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განჩინებით ტ.ს–ვას განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინების ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, მიჩნეულ იქნა დასაშვებად. აღნიშნული განჩინება ტ.ს–ვას მიერ წარმოდგენილ განცხადების ასლთან ერთად ვ.ს–ვს გაეგზავნა მოსაზრების წარმოსადგენად.

7. ვ.ს–ვის წარმომადგნელმა საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვალს წარუდგინა წერილობითი მოსაზრება და განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციის შესაბამისად, მხარეთა შვილები ვ., ე. და ვ. ს–ვები მიჩნეულ იქნენ არამართლზომიერად გადაადგილებულად და სამშობლოში დაბრუნდნენ. ამ გადაწყვეტილების მიღებით აზრი დაეკარგა საქართველოში სხვა ნებისმიერი საქმის განხილვას მხარეთა შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მშობლის უფლების შეზღუდვის ან სხვა მოთხოვნების შესახებ და შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 სექტემბრის განჩინებით შეწყდა მხარეთა შორის სამოქალაქო სამართალწარმოება, ხოლო 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით სასამართლომ საზღვრის კვეთის შეზღუდვაც გააუქმა. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აღსრულდა და დღესდღეობით ბავშვები ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში მამასთან- ვ.ს–ვთან ერთად. არ არსებობს ბავშვების საქართველოში დაბრუნების სამართლებრივი იძულების საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობს ტ.ს–ვას განცხადების განხილვის საფუძველიც.

8. ვ.ს–ვის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოში აღარ არის წარმოებაში სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმე, რომელიც ეხება ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, მშობლის უფლების შეზღუდვას, ალიმენტის დაკისრებას, დამცავი ორდერის გამოცემას ან ბავშვებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს მხარეთა სარჩელების საფუძველზე. შესაბამისად, ტ.ს–ვას განცხადებაში მითითებული ინფორმაცია არასწორია.

9. ვ.ს–ვის წარმომადგენელი საკასაციო სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნას ინფორმაცია ვ.ს–ვის მოთხოვნაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მინიჭების პროცედურების შეწყვეტის თაობაზე.

10. ამასთან, ვ.ს–ვის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციაში გრძელდება მხარეთა შორის დავა და რუსეთის უმაღლესი სასამართლოს წარმოებაშია ამჟამად საქმე, რომელსაც ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, რასაც განმცხადებელი მალავს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს რუსეთის უმაღლესი სასამართლო უცნობია, ამიტომ ტ.ს–ვას მოთხოვნის განხილვა არც აუცილებელია და არც საჩქარო.

11. ვ.ს–ვის მოსაზრების ასლი ტ.ს–ვას წარმომადგენელს ჩაჰბარდა.

12. საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 4 მარტს განცხადებით მომართა ტ.ს–ვას წარმომადგენელმა და სასამართლო სხდომის ზეპირი მოსმენის ფორმით დანიშვნა მოითხოვა.

13. საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 18 აპრილს ტ.ს–ვას წარმომადგენელმა განცხადებით მომართა და წარმოადგინა:

13.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 იანვრის განჩინების ასლი (მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტო; დავის საგანი - ქმედების უკანონოდ ცნობა), რომლითაც არასრულწლოვნების ვ.ს–ვასა და ე.ს–ვას სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში და დასაშვებად იქნა ცნობილი; საქმეზე მოსამზადებელი სხდომა 2023 წლის 6 მარტს, 11:00 საათზე იქნა დანიშნული;

13.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მარტის განჩინების ასლი (მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტო; დავის საგანი - ქმედების უკანონოდ ცნობა, ზიანის ანაზღაურება), რომლითაც ტ.ს–ვას სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში და ცნობილ იქნა დასაშვებად; მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოდან დამატებითი მტკიცებულებების სახით გამოთხოვილი იქნა სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალა დამოწმებული ასლის სახით სრულად;

13.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 ივლისის განჩინების ასლი (მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი; დავის საგანი - ინდ. აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდ. აქტის გამოცემის დავალება), რომლითაც ვ.ს–ვას, ე.ს–ვას და ე.ს–ვის სარჩელი მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში.

14. ტ.ს–ვას მიერ 2024 წლის 18 აპრილს წარმოდგენილი განჩინებების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა.

15. ვ.ს–ვის წარმომადგენელმა, 2024 წლის 13 მაისს, განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და განმარტა, რომ მხარეთა არასრულწლოვანი შვილები რუსეთის ფედერაციაში დაბრუნდნენ, ბავშვები მამასთან ცხოვრობენ. ვ.ს–ვის წარმომადგენლის განმარტებით, მხარეთა შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მშობლის უფლების შეზღუდვის, შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის და სხვა მოთხოვნების ფარგლებში, საქართველოს სასამართლოებს საქმეთა განხილვის ტერიტორიული განსჯადობა არ აქვთ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ განიხილა ტ.ს–ვას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 421.1-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

17. ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმის დანაწესი ცხადყოფს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, ზოგიერთ შემთხვევაში, ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ასახულია სსსკ-ის 423.1-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტში (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა).

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის დანიშნულებაა მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, იგი იძენს საბოლოო, სავალდებულო და შეუქცევად ხასიათს. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება ორ პრინციპს: პირველი - „დავა გადაწყვეტილია“ (Res Juticata) და მეორე - ფაქტების პრეიუდიციას (იხ. პაატა ქათამაძე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თბილისი, 2020).

19. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება ყოველთვის ვერ გახდება ხელახალი სამართალწარმოებისათვის სამართლებრივი ბარიერი, რადგან შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმით შელახული განმცხადებლის ინტერესი აღემატებოდეს ამ გადაწყვეტილების გაუქმებით შელახულ ინტერესს. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებლისათვის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებასა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმა, გამართლებული ვერ იქნება. სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის, დანიშნულებაა მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ესაა გადაწყვეტილების თვისება, რომელსაც იგი იძენს გარკვეული, კანონით ზუსტად განსაზღვრული პირობების საფუძველზე (იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005, გვ.377).

20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ერთმანეთისაგან განასხვავებენ გადაწყვეტილების ფორმალურ და მატერიალურ კანონიერ ძალას. გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერი ძალა ესაა გადაწყვეტილების თვისება, რომლის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს. სასამართლო გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერი ძალა გათვალისწინებულია სსსკ-ის 264-ე მუხლით. „დავა გადაწყვეტილია“ პრინციპიდან გამონაკლისს ითვალისწინებს სსსკ-ის 265-ე და 421-ე მუხლები, რომლებიც ითვალისწინებენ საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.

21. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი ფუნქციური დატვირთვით, ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომლის უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის რეალურად არსებობაა. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე - ნებისმიერი სხვა პირისათვის, რომელთაც ერთმევათ უფლება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სამართლებრივი შედეგი კვლავ გახადონ სადავო (სსსკ-ის მე-10 მუხლი, XXVIII თავი). ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც დასრულებული საქმისწარმოება შესაძლოა განახლდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გზით, როგორც უკვე აღინიშნა, გათვალისწინებულია ამავე კოდექსის მე-11 კარით (საქმის წარმოების განახლება) და აღნიშნული, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ მართლმსაჯულების სხვა აქტის შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ მიმართულია მხარის უფლებაზე, კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას, როდესაც საქმისწარმოების განახლების საფუძველი განმცხადებლისათვის ობიექტურად იყო უცნობი საქმისწარმოების დასრულებამდე, არ აღმოჩნდეს არათანაბარ მდგომარეობაში. ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ ასეთი გარემოების არსებობა საკმარისი არაა და კანონმდებელი სავალდებულოდ მიიჩნევს, ერთი მხრივ, ამ გარემოების საფუძვლიანობის უტყუარად დადასტურებას.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის კვლევისათვის, უპირველესად, ყურადღებაა გასამახვილებელი კანონის იმ დანაწესზე, რომელიც საქმის წარმოების განახლების საპროცესო სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს, ხოლო შემდეგ დასადგენია ამ საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის კანონით გათვალისწინებული წანამძღვრების არსებობა.

23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსსკ-ის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსსკ-ის 423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. სსსკ-ის 423-ე მუხლის თანახმად კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დიკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა და, გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.

24. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების შესაბამისად, „არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით...“ „საბოლოო გადაწყვეტილების გაბათილების უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით ისე, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნას დაცული სამართლიანი ბალანსი სხვადასხვა ინტერესებს შორის“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მეორე სექცია, საქმე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №18156/05, სტრასბურგი, 2010 წლის 27 მაისი, საბოლოო გახდა 2010 წლის 27 აგვისტოს, § 53; § 58; იხ. აგრეთვე : Brumărescu v. Romania [GC], no.28342/95, § 61, ECHR 1999-VII; Mitrea v. Romania, no. 26105/03, § 25, 29 July 2008; Nikitin v. Russia, no. 50178/99, § 57, ECHR 2004-VIII; Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX); შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე და მხარე ასეთ მტკიცებულებას საქმის განხილვის დროს ვერ წარადგენდა მისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების გამო.

25.„ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საკითხის გადასაწყვეტად, კანონი არ მოითხოვს სასამართლოს მიერ კანონის გამოყენების სისწორის, ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების, მტკიცებულებათა შეფასების სისწორის შემოწმებას. სასამართლოს მთავარი ამოცანაა გამოარკვიოს, არსებობს თუ არა სახეზე ახლად აღმოჩენილი გარემოებები მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში და დაადგინოს, მოახდინეს თუ არა მათ გავლენა გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების სისწორეზე“ (იხ. შალვა ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბილისი, 2015 წელი, 732.). მაშასადამე, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებში იგულისხმება მხარეთა სადავო ურთიერთობისათვის სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ფაქტები; გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა ამ ფაქტების გაუთვალისწინებლად; თუ ეს ფაქტები ცნობილი იქნებოდა საქმის განმხილველი სასამართლოსათვის, მაშინ მათი გათვალისწინებით საქმეზე გამოტანილი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

26. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის მთავარი დასაბუთება, თუ რატომ უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინება და განახლდეს საქმის წარმოება, შეეხება იმას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინებით ვ.ს–ვის შუამდგომლობა, რუსეთის ფედერაციის, ბატიასკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს #2-627/21 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე, დაკმაყოფილდა, ხოლო შემდეგ მითითებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება გაუქმდა რუსეთის ფედერაციის, საერთო იურისდიქციის მეოთხე საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 9 აგვისტოს განჩინებით.

27. საკასაციო სასამართლო იზიარებს განმცხადებლის მოთხოვნას, რომ ვინაიდან ის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინებით გაუქმდა, აღარ არსებობს უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესრული სასამართლო აქტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ (ცნობილ) იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინებით, რაც, თავის მხრივ, საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ვ.ს–ვის შუამდგომლობაზე საქმის წარმოების განახლების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 264-ე, 421-ე, 423-ე, 429-ე, 374-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ტ.ს–ვას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინება საქმეზე Nა-1522-შ-44-2022 (შუამდგომლობის ავტორი - ვ.ს–ვი; მოწინააღმდეგე მხარე - ტ. ს–ვა; დავის საგანი - მშობლის უფლების შეზღუდვა) და განახლდეს საქმის წარმოება ვ.ს–ვის შუამდგომლობის, რუსეთის ფედერაციის, ბატიასკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს #2-627/21 გადაწყვეტილების ცნობის შესახებ, წარმოებაში მიღების ეტაპიდან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

თ. ზამბახიძე