საქმე №ა-1083-შ-28-2024 3 ივნისი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ბაქაქური,
თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – რუსეთის ფედერაციის, ბაშკორთოსტანის რესპუბლიკის საგზაო მოძრაობის ცენტრალური ორგანიზაცია და რუსეთის ფედერაციის, ბაშკორთოსტანის რესპუბლიკის, კარმასკალინსკის რაიონთაშორისი სასამართლო
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ყ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის, ბაშკორთოსტანის რესპუბლიკის, კარმასკალინსკის რაიონთაშორისი სასამართლოს 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსეთის ფედერაციის, ბაშკორთოსტანის რესპუბლიკის, კარმასკალინსკის რაიონთაშორისი სასამართლოს 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) რუსეთის ფედერაციის, ბაშკორთოსტანის რესპუბლიკის საგზაო მოძრაობის ცენტრალური ორგანიზაციის (შემდეგში: მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) სარჩელი ი.ყ–ის (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 514 335 რუბლის გადახდა დაეკისრა; მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 8 343.33 რუბლის გადახდა დაეკისრა.
2. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2019 წლის 19 აპრილს უფა-ინზერ-ბელორეცკის გზის 67-ე კმ-ზე მოპასუხის კუთვნილი მოძრავი სატრანსპორტო საშუალება, მერსედეს ბენც სახელმწიფო ნომრით ….., რომელსაც მართავდა მძღოლი ი. ფ–ი, დაექვემდებარა შემოწმებას (სატრანსპორტო საშუალების აწონვა მოხდა), რა დროსაც გამოვლინდა მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისათვის ნებადართული წონის გადაჭარბება და სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული ტვირთის გადატანის სპეციალური ნებართვის არაარსებობა. სატრანსპორტო საშუალების ნებადართული წონის გადაჭარბების გამო, ბაშკორთოსტანის რესპუბლიკის რეგიონალური და მუნიციპალური საერთო სარგებლობის გზებისათვის მიყენებულმა ზიანმა 514 335 რუბლი შეადგინა.
3. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოპასუხე ი.ყ–ი სათანადო წესით იქნა გაფრთხილებული მის წინააღმდეგ წარმოებული საქმის სასამართლოში განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე, თუმცა იგი არც სასამართლოში გამოცხადებულა და არც რაიმე საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. უცხო ქვეყნის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მოპასუხის მონაწილეობის გარეშე განხილვა შესაძლებელი იყო.
4. მოსარჩელემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და იძულებითი აღსრულება მოითხოვა. საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის, ბაშკორთოსტანის რესპუბლიკის, კარმასკალინსკის რაიონთაშორისი სასამართლომაც მომართა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით.
5. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 მარტის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
7. შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების ასლი, შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ასლებთან ერთად, მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა და განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში, ჰქონდა აზრის გამოთქმის უფლება, ასევე, მას შეეძლო, მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.
8. მოპასუხეს სასამართლო გზავნილი შუამდგომლობაში მითითებულ მისამართზე ორჯერ გაეგზავნა, თუმცა გზავნილი ადრესატს ვერ ჩაჰბარდა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოს მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება დაევალა.
10. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის 2024 წლის 15 მაისის მომართვით დასტურდება, რომ სასამართლო გზავნილი მოპასუხეს 2024 წლის 9 მაისს პირადად ჩაჰბარდა.
11. მოპასუხეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სასამართლოსათვის მოსაზრებით არ მოუმართავს და არც საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა მოუთხოვია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, როგორც ძირითადი თანხის, ასევე, სასამართლო ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში.
12. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხს არეგულირებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში: მინსკის კონვენცია) და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) დებულებები.
13. მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.
14. კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ კატეგორიის შუამდგომლობათა განხილვის სამართალწარმოება სპეციფიკურობით ხასიათდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოიყენება „revision au fond“-ის აკრძალვის სახელით ცნობილი პრინციპი, რომელიც კატეგორიულად უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს თუ არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (სუსგ №ა-952-შ-23-2016, 06.07.2015წ.). ცნობისა და აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. საკასაციო სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს/არბიტრაჟის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (სუსგ №ა-2761-შ-69-2016, 07.07.2017წ., პ.13).
16. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც „გათანაბრების თეორიის“ სახელით არის ცნობილი იურიდიულ დოქტრინაში. „გათანაბრების თეორიის“ საფუძველზე, უცხოური აქტი აღქმულ უნდა იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. ეს კი იმას გულისხმობს, რომ ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (იხ. ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.)
17. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის საფუძვლები მოცემულია როგორც მინსკის კონვენციის 55-ე მუხლში (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: а) ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; б) მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; в) საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; г) წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; д) არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; е) ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს), ასევე სპეციალური კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს).
18. მოცემულ შემთხვევაში უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საწინააღმდეგოდ მოპასუხეს პოზიცია არ წარმოუდგენია.
19. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, შუამდგომლობის დაკმაყოფილება სავსებით შეესაბამება მინსკის კონვენციის 51-55-ე მუხლებს და სპეციალური კანონის 68-69-ე მუხლების მოთხოვნებს.
20. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს, არ არსებობს მის ცნობაზე და აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის რაიმე საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გადაწყვეტილება მოთხოვნილ ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-55-ე მუხლებით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რუსეთის ფედერაციის, ბაშკორთოსტანის რესპუბლიკის საგზაო მოძრაობის ცენტრალური ორგანიზაციისა და რუსეთის ფედერაციის, ბაშკორთოსტანის რესპუბლიკის, კარმასკალინსკის რაიონთაშორისი სასამართლოს შუამდგომლობა, რუსეთის ფედერაციის, ბაშკორთოსტანის რესპუბლიკის, კარმასკალინსკის რაიონთაშორისი სასამართლოს 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსრულდეს რუსეთის ფედერაციის, ბაშკორთოსტანის რესპუბლიკის, კარმასკალინსკის რაიონთაშორისი სასამართლოს 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც:
2.1. ი.ყ–ს რუსეთის ფედერაციის, ბაშკორთოსტანის რესპუბლიკის საგზაო მოძრაობის ცენტრალური ორგანიზაციის სასარგებლოდ 514 335 რუბლის გადახდა დაეკისრა;
2.2. ი.ყ–ს რუსეთის ფედერაციის, ბაშკორთოსტანის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 8 343.33 რუბლის გადახდა დაეკისრა;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
თ. ზამბახიძე