საქმე №ა-5411-ა-31-2023 4 ივნისი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ბაქაქური,
თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი _ ნ.მ.(მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ რ.ა–ნი (მოსარჩელე)
განმცხადებლის მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინების ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით რ.ა–ნის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა:
1.1. რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის, კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს #2-1208/2022 დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც რ.ა–ნის სარჩელი ნ.მ–ის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა; 2016 წლის 16 ივლისს დაბადებული მ.ნ. ძე ა–თვის, დედასთან ერთად საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა კრასნოდარის მხარე, კავკაზსკი რაიონი, ქალაქი კროპოტკინი, ....... და რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის;
1.2. კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინება, რომლითაც ამავე სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს #2-1208/2022 დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა და მიეთითა მოპასუხის გვარი - მ.ნ. მ–ის ძე; რ.ა–ნის შუამდგომლობა, რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის, კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს #2-1208/2022 დაუსწრებელი გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების ნაწილში დარჩა განუხილველად.
2. ნ.მ–ის წარმომადგენელმა ნ.ა–ძემ, 2023 წლის 27 ოქტომბერს, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. განმცხადებლის განმარტებით, კრასნოდარის მხარის კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 სექტემბრის დადგენილებით ნ.მ–ის საჩივარი დაკმაყოფილდა და რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის, კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს #2-1208/2022 დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა, ბავშვის საცხოვრებელი ადგილისა და ალიმენტის განსაზღვრის ნაწილში. განმცხადებელმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 432-ე მუხლის "დ" ქვეპუნქტზე მიუთითა და განმარტა, რომ გაუქმდა უცხო ქვეყნის სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით.
3. საკასაციო სასამართლოს, 2023 წლის 27 ნოემბერს, განცხადებით მომართა ნ.მ–ის წარმომადგენელმა ნ.ა–ძემ და წარმოადგინა ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კრასნოდარის მხარის კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 სექტემბრის დადგენილებით რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის, კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს #2-1208/2022 დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა, საქმისწარმოება განახლდა და სასამართლოს შემდგომი სხდომა 2023 წლის 21 ნოემბერს 14:00 საათზე დაინიშნა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ნ.მ–ის განცხადება ცნობილ იქნა დასაშვებად. აღნიშნული განჩინება განცხადების ასლთან ერთად გაეგზავნა რ.ა–ნის წარმომადგენელ ც.მ–ძეს და 2023 წლის 18 დეკემბერს ჩაჰბარდა.
5. რ.ა–ნის წარმომადგენელს საკასაციო სასამართლოსათვის მოსაზრებით არ მოუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ განიხილა ნ.მ–ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 421.1-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
7. ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმის დანაწესი ცხადყოფს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, ზოგიერთ შემთხვევაში, ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ასახულია სსსკ-ის 423.1-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტში (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა).
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის, დანიშნულებაა მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ იძენს საბოლოო, სავალდებულო და შეუქცევად ხასიათს. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება ორ პრინციპს: პირველი - „დავა გადაწყვეტილია“ (Res Juticata) და მეორე - ფაქტების პრეიუდიციას (იხ. პაატა ქათამაძე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თბილისი, 2020).
9. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება ყოველთვის ვერ გახდება ხელახალი სამართალწარმოებისათვის სამართლებრივი ბარიერი, რადგან შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმით შელახული განმცხადებლის ინტერესი აღემატებოდეს ამ გადაწყვეტილების გაუქმებით შელახულ ინტერესს. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებლისათვის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებასა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმა, გამართლებული ვერ იქნება. სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის დანიშნულებაა მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ესაა გადაწყვეტილების თვისება, რომელსაც იგი იძენს გარკვეული, კანონით ზუსტად განსაზღვრული პირობების საფუძველზე (იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005, გვ.377).
10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ერთმანეთისაგან განასხვავებენ გადაწყვეტილების ფორმალურ და მატერიალურ კანონიერ ძალას. გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერი ძალა ესაა გადაწყვეტილების თვისება, რომლის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს. სასამართლო გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერი ძალა გათვალისწინებულია სსსკ-ის 264-ე მუხლით. „დავა გადაწყვეტილია“ პრინციპიდან გამონაკლისს ითვალისწინებს სსსკ-ის 265-ე და 421-ე მუხლები, რომლებიც ადგენენ საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
11. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი ფუნქციური დატვირთვით, ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომლის უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის რეალურად არსებობაა. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, , სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე - ნებისმიერი სხვა პირისათვის, რომელთაც ერთმევათ უფლება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სამართლებრივი შედეგი კვლავ გახადონ სადავო (სსსკ-ის მე-10 მუხლი, XXVIII თავი). ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც დასრულებული საქმისწარმოება შესაძლოა განახლდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გზით, როგორც უკვე აღინიშნა, გათვალისწინებულია ამავე კოდექსის მე-11 კარით (საქმის წარმოების განახლება) და აღნიშნული, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ მართლმსაჯულების სხვა აქტის შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ მიმართულია მხარის უფლებაზე, კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას, როდესაც საქმისწარმოების განახლების საფუძველი განმცხადებლისათვის ობიექტურად იყო უცნობი საქმისწარმოების დასრულებამდე, არ აღმოჩნდეს არათანაბარ მდგომარეობაში. ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ ასეთი გარემოების არსებობა საკმარისი არაა და კანონმდებელი სავალდებულოდ მიიჩნევს, ერთი მხრივ, ამ გარემოების საფუძვლიანობის უტყუარად დადასტურებას.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის კვლევისათვის, უპირველესად, ყურადღებაა გასამახვილებელი კანონის იმ დანაწესზე, რომელიც საქმის წარმოების განახლების საპროცესო სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს, ხოლო შემდგომ დასადგენია ამ საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის კანონით გათვალისწინებული წანამძღვრების არსებობა.
13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსსკ-ის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსსკ-ის 423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. სსსკ-ის 423-ე მუხლის თანახმად კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დიკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა და, გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.
14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების შესაბამისად, „არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით...“. „საბოლოო გადაწყვეტილების გაბათილების უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით ისე, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნას დაცული სამართლიანი ბალანსი სხვადასხვა ინტერესებს შორის“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მეორე სექცია, საქმე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №18156/05, სტრასბურგი, 2010 წლის 27 მაისი, საბოლოო გახდა 2010 წლის 27 აგვისტოს, § 53; § 58; იხ. აგრეთვე : Brumărescu v. Romania [GC], no.28342/95, § 61, ECHR 1999-VII; Mitrea v. Romania, no. 26105/03, § 25, 29 July 2008; Nikitin v. Russia, no. 50178/99, § 57, ECHR 2004-VIII; Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX); შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე და მხარე ასეთ მტკიცებულებას საქმის განხილვის დროს ვერ წარადგენდა მისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების გამო.
15. „ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საკითხის გადასაწყვეტად, კანონი არ მოითხოვს სასამართლოს მიერ კანონის გამოყენების სისწორის, ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების, მტკიცებულებათა შეფასების სისწორის შემოწმებას. სასამართლოს მთავარი ამოცანაა გამოარკვიოს, არსებობს თუ არა სახეზე ახლად აღმოჩენილი გარემოებები მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში და დაადგინოს, მოახდინეს თუ არა მათ გავლენა გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების სისწორეზე“ (იხ. შალვა ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბილისი, 2015 წელი, 732.). მაშასადამე, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებში იგულისხმება მხარეთა სადავო ურთიერთობისათვის სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ფაქტები; გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა ამ ფაქტების გაუთვალისწინებლად; თუ ეს ფაქტები ცნობილი იქნებოდა საქმის განმხილველი სასამართლოსათვის, მაშინ მათი გათვალისწინებით საქმეზე გამოტანილი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
16. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის მთავარი დასაბუთება, თუ რატომ უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინება და განახლდეს საქმის წარმოება, შეეხება იმას, რომ მითითებული განჩინებით რ.ა–ნის შუამდგომლობა, რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის, კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს #2-1208/2022 დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე, დაკმაყოფილდა. მხარემ წარმოადგინა კრასნოდარის მხარის კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 სექტემბრის დადგენილება, რომლის მიხედვით ნ.მ–ის საჩივარი დაკმაყოფილდა და რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის, კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს #2-1208/2022 დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა, ანუ გაუქმდა ის გადაწყვეტილება, რომლის ცნობაც მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე თავის მხრივ, კრასნოდარის მხარის კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 სექტემბრის დადგენილებაში მითითებულია, რომ ნ.მ–ი ჯეროვნად არ იყო ინფორმირებული სასამართლო განხილვის შესახებ, რის გამოც მისი საჩივარი დასაბუთებულად იქნა მიჩნეული.
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს განმცხადებლის მოთხოვნას, რომ გაუქმდა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ (ცნობილ) იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, შესაბამისად, აღარ არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით იქნა ცნობილი, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და რ.ა–ნის შუამდგომლობაზე საქმის წარმოების განახლების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 264-ე, 421-ე, 423-ე, 429-ე, 374-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.მ–ის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nა-3821-შ-96-2023 (შუამდგომლობის ავტორი - რ.ა–ნი; მოწინააღმდეგე მხარე - ნ.მ–ი; დავის საგანი - ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ალიმენტის დაკისრება) და განახლდეს საქმის წარმოება რ.ა–ნის შუამდგომლობის, რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის, კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს #2-1208/2022 დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის, კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინების ამავე სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს #2-1208/2022 დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე, ცნობის შესახებ, წარმოებაში მიღების ეტაპიდან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
თ. ზამბახიძე