Facebook Twitter

საქმე №ას-454-2023

31 მაისი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე.

საკასაციო საჩივრის ავტორები - ც.ა–ძე, ქ.კ–ძე, ს.მ–ძე, ს.ბ–ნი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინება

კასატორთა მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის ვადაზე ადრე შეწყვეტის კომპენსაციისა და მისი დაყოვნების კანონისმიერი პირგასამტეხლოს დაკისრება

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

შრომითი ურთიერთობის ვადაზე ადრე შეწყვეტის კომპენსაციისა და მისი დაყოვნების კანონისმიერი პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით შპს „ა“-ის (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან დამსაქმებელი) წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ც.ა–ძემ (შემდეგში - პირველი მოსარჩელე, პირველი კასატორი ან პირველი დასაქმებული), ქ.კ–ძემ (შემდეგში - მეორე მოსარჩელე, მეორე კასატორი ან მეორე დასაქმებული), ს.მ–ძემ (შემდეგში - მესამე მოსარჩელე, მესამე კასატორი ან მესამე დასაქმებული) და ს.ბ–ნმა (შემდეგში - მეოთხე მოსარჩელე, მეოთხე კასატორი ან მეოთხე დასაქმებული).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით:

პირველი დასაქმებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის, 5 125 ლარისა და ამ უკანასკნელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯის, 50 ლარის გადახდა დაეკისრა; დარჩენილ ნაწილში პირველ დასაქმებულს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა;

მეორე დასაქმებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის, 5 125 ლარისა და ამ უკანასკნელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯის, 50 ლარის გადახდა დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში მეორე დასაქმებულს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა;

მესამე დასაქმებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის, 5 125 ლარისა და ამ უკანასკნელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯის, 50 ლარის გადახდა დაეკისრა; დარჩენილ ნაწილში მესამე დასაქმებულს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა;

მეოთხე დასაქმებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დამსაქმებელს მეოთხე მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის, 7 500 ლარისა და ამ უკანასკნელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯის, 50 ლარის გადახდა დაეკისრა; დარჩენილ ნაწილში მეოთხე დასაქმებულს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის ზემომითითებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე ამავე სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის საოქმო განჩინებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ.

სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინეს დასაქმებულებმაც, გასაჩივრებულ ნაწილში ხსენებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით სააპელაციო და შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საოქმო განჩინება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დასაქმებულებმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 21 აპრილის განჩინებით, ც.ა–ძის, ქ.კ–ძის, ს.მ–ძისა და ს.ბ–ნის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

2024 წლის 29 აპრილს, კასატორებმა, ც.ა–ძემ, ქ.კ–ძემ, ს.მ–ძემ და ს.ბ–ნმა განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განმარტეს, რომ უარს აცხადებენ საკუთარ საკასაციო საჩივარზე. კასატორები ითხოვენ სათანადო განჩინების მიღებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კასატორების განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ც.ა–ძის, ქ.კ–ძის, ს.მ–ძისა და ს.ბ–ნის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მათ საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

სსსკ-ის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 399-ე მუხლების თანახმად კი საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

განსახილველ შემთხვევაში კასატორები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 374-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით

დაადგინა:

1. ც.ა–ძის, ქ.კ–ძის, ს.მ–ძისა და ს.ბ–ნის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება ც.ა–ძის, ქ.კ–ძის, ს.მ–ძისა და ს.ბ–ნის საკასაციო საჩივარზე შპს „ა–ი-ს“ მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე.

3. განემარტოს კასატორებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე