Facebook Twitter

01 მაისი, 2024 წელი,

საქმე №ას-1517-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ლ.დ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ქ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ლ.ქ–ი (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და ლ.დ–ი (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) 2013 წლის 20 ივლისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. თანაცხოვრებისას მხარეებს ერთი შვილი, 2013 წლის 21 ნოემბერს დაბადებული გ.დ–ი (შემდეგში - არასრულწლოვანი) შეეძინათ.

2. 2022 წლის 1 მარტიდან მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ, კონფლიქტურ დამოკიდებულებაში იმყოფებიან, ერთმანეთთან კომუნიკაცია არ აქვთ, მათი შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

3. არასრულწლოვანი დედასთან ერთად, ამ უკანასკნელის მშობლების ბინაში ცხოვრობს, იგი კერძო სკოლაში ირიცხება, სადაც სწავლის ღირებულება 4 000 ლარს შეადგენს.

4. მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს და მისი დარიცხული ხელფასი 1 005 ლარია.

5. მოპასუხე ქ.თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია, რომლის შემოსავალი თვეში საშუალოდ 800-1 000 ლარს შეადგენს.

6. არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ მხარეთა შორის დავა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში მიღებული სასამართლოს დროებითი განკარგულებით მოპასუხეს შვილთან ურთიერთობა 2022 წლის დეკემბრიდან აქვს.

7. ქორწინების შეწყვეტისა და არასრულწლოვნის რჩენა-აღზრდისთვის ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით ალიმენტის ანაზღაურების მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით: მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა; არასრულწლოვნის რჩენა-აღზრდისთვის მოპასუხეს ყოველთვიურად 380 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა დაეკისრა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2022 წლის 7 სექტემბრიდან - მის სრულწლოვანებამდე.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

10.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ არასრულწლოვნის ინტერესებისა და მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ მოპასუხისთვის გადასახდელად დადგენილი ალიმენტის თანხა - სარჩელის აღძვრიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე 380 ლარის ოდენობით - სამართლიანი და გონივრული ოდენობა იყო.

10.2. განჩინების სამართლებრივ საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 1197.1, 1198.1, 1198.2, 1199-ე, 1200-ე, 1202.1, 1212-ე, 1214-ე მუხლებზე მიუთითა.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა, რომლითაც სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტის 200 ლარამდე შემცირება მოითხოვა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

13. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსათვის ისინი სავალდებულოა.

15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად კანონიერია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ კასატორს ყოველთვიურად 380 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა დაეკისრა.

ამდენად, პალატის განხილვის საგანია რამდენად მართლზომიერია მოპასუხისთვის ალიმენტის სახით 380 ლარის დაკისრება.

16. განსახილველი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 1214-ე მუხლშია წარმოდგენილი, რომლის შინაარსი ასეთია: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

17. ალიმენტის დაკისრების ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული საფუძველი არაერთხელ გამხდარა საკასაციო სასამართლოს განმარტების საგანი. ამ განმარტებების ძირითადი ნაწილი შემდეგი შინაარსისაა:

კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა (იხ. სუსგ №ას-1610-1511-2012, 4.02.2013).

ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, ალიმენტის ოდენობის დადგენისას უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას (იხ. სუსგ: №ას-58-49-2011, 27.06.2011; №ას-1141-1061-2017, 17.10.2017; №ას-1355-2019, 25.02.2020; №ას-1301-2019, 13.03.2020).

18. პალატის განსჯით, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ 380 ლარის ოდენობით ალიმენტის მოპასუხისთვის დაკისრება კანონიერი და ადექვატური გადაწყვეტილებაა. კერძოდ, მხარეთა ფინასური მდგომარეობის ასევე არასრულწლოვანის სრულფასოვანი აღზრდისთვის საჭირო ხარჯების ურთიერთშეჯერების საფუძველზე განსახილველ კონკრეტულ შემთხვევაში დაკისრებული ალიმენტის მოცულობა გონივრული და სამართლიანია.

ზემომითითებული დასკვნის საფუძველი შექმნა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილმა გარემოებებმა, რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებშია აღწერილი და რომლებიც კასატორს დასაბუთებული შედავების (პრეტენზია) გზით არ გაუქარწყლებია. ამდენად, სსსკ-ის 407.2 მუხლის (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) დანაწესიდან გამომდინარე ეს გარემოებები საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

20. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.დ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ლ.დ–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება # 1708077935/GEL, გადახდის თარიღი - 16.02.2024) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე