Facebook Twitter

საქმე Nას-1371-2023

24 მაისი 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.ჯ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ნ–ი, ო.ჭ–ა (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2020 წლის 02 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მ.ნ–ის და ო.ჭ–ას წარმომადგენელმა, მოპასუხეების - მ.ჯ–ძის, გ.ჯ–ძის, ე.ჯ–ძის, ლ.ჯ–ძის, ნ.ჯ–ძის და ვ.ო–ვას მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; გამოთხოვილ იქნა მ.ჯ–ძის, გ.ჯ–ძის, ე.ჯ–ძის, ლ.ჯ–ძისა და ნ.ჯ–ძის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, ........, ს.კ .......... და ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცათ თანამესაკუთრეებს - მ.ნ–სა და ო.ჭ–ას.

3. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა გ.ჯ–ძემ.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით, გ.ჯ–ძის წარმომადგენლის გ.ჭ–ძის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გ.ჯ–ძის მიმართ წარმოდგენილი მოთხოვნის ნაწილში; მოპასუხე გ.ჯ–ძეს შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა ათი დღის ვადა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 აგვისტოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და 2023 წლის 31 მაისის განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა გ.ჯ–ძემ და ითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მ., ე., ლ. და ნ.ჯ–ძეების მიმართ; ამასთან მ. და ო.ჭ–ას სარჩელის განუხილველად დატოვება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აგვისტოს განჩინებით, გ.ჯ–ძის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 აგვისტოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და 2023 წლის 31 მაისის განჩინებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

7. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ.ჯ–ძის წარმომადგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა.

8. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მ., ლ., ე. და ნ.ჯ–ძეების მიმართ ვერ აღსრულდება, ვინაიდან იგი პრეტენზიას აცხადებს უძრავ ქონებაზე. სანამ მისი უფლებრივი მდგომარეობის საკითხი სასამართლოს მიერ არ გადაწყდება, მის ახლო ნათესავებს, მერი, ლია, ეკატერინე და ნ.ჯ–ძეებს არ უნდა აეკრძალოთ უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება ცალკეული პირების მიმართ, მაშინ, როდესაც გ.ჯ–ძის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, კანონიერად ვერ იქნება მიჩნეული.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. გ.ჯ–ძის კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომელიც შეეხება მერი, ეკატერინე, ლია და ნ.ჯ–ძეების ნაწილში გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას.

13. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებული იქნა გ., მ., ე., ლ. და ნ.ჯ–ძეების წინააღმდეგ. 2023 წლის 31 მაისის განჩინებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე გ.ჯ–ძის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა გ.ჯ–ძის მიმართ წარდგენილი მოთხოვნის ნაწილში, ხოლო მოპასუხეების მ.ჯ–ძის, ე.ჯ–ძის, ლ.ჯ–ძის და ნ.ჯ–ძის მიმართ წარმოდგენილი მოთხოვნის ნაწილში გადაწყვეტილების გაუსაჩივრებლობის გამო დარჩა უცვლელად და შესულია კანონიერ ძალაში.

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 აგვისტოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და 2023 წლის 31 მაისის განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა გ.ჯ–ძემ და ითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მ., ე., ლ. და ნ.ჯ–ძეების მიმართ.

15. სსსკ-ის 364-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

16. სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. 17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის ობიექტს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აპელანტის წინააღმდეგ არის გამოტანილი. სააპელაციო საჩივრით აპელანტი მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და ეს შედეგი მისი საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიღწევადი და მისთვის სასარგებლო უნდა იყოს.

18. სსსკ-ის მე-2 მუხლის, პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი უფლებამოსილია სასამართლოს განცხადებით, სარჩელით ან საჩივრით (სააპელაციო) მიმართოს მხოლოდ თავისი უფლების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, აპელანტისათვის სასარგებლო შედეგი დადგა, კონკრეტულ შემთხვევაში კი, ფაქტობრივად, სააპელაციო საჩივრით, აპელანტი ასაჩივრებს სხვა პირის საწინააღმდეგოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რაც ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია (შდრ. იხ. სუსგ №ას-1075-1033-2016, 03.02.17). №ას-275-2021, 07.10.2021წ).

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრის ავტორმა, რომელიც მოცემულ დავაში მოპასუხეა, ნაწილობრივ მიაღწია წარმატებულ იურიდიულ შედეგს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით გ.ჯ–ძის წარმომადგენლის გ.ჭ–ძის საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გ.ჯ–ძის მიმართ წარმოდგენილი მოთხოვნის ნაწილში და მას შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა ათი დღის ვადა.

20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). პირი, სარჩელის შეტანის გზით იცავს რა თავის უფლებას და შელახულ ინტერესებს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმავდროულად იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და, შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია. ამდენად, აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად, ვინაიდან სააპელაციო მოთხოვნიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით, აპელანტის მიმართ არ დამდგარა მისთვის არასასურველი შედეგი, ხოლო დანარჩენ მოპასუხეებს კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებიათ 2022 წლის 10 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებულია პრინციპი, რომლის თანახმად მხარეებს (ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს), შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში როგორც პირადად, აგრეთვე წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენლობა არის კანონით გარანტირებული შესაძლებლობა, მხარემ აწარმოოს საქმე სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც ასრულებს სასამართლოში მარწმუნებლის სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად ყველა იმ საპროცესო მოქმედებას, რაც გათვალისწინებულია კანონით და მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობით. სასამართლო წარმომადგენლობა დაიშვება უკლებლივ ყველა საქმეზე, რომელიც სასამართლოს ექვემდებარება უწყებრივად. ( სსსკ-ის 93-ე მუხლი) (იხ.სუსგ. №ას-517-2021 17.12.2021წ., №ას-1105-2023, 13.10.2023წ.).

22. სსსკ-ის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. თუ პირი აღძრავს სარჩელს/საჩივარს სხვა პირის უფლების დასაცავად, მაგრამ მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ იქნება გაფორმებული კანონით დადგენილი წესით (სსკ-ს 96-ე მუხლი), მაშინ საქმე გვაქვს არაუფლებამოსილ პირთან.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივარი წარადგინა გ.ჭ–ძემ, როგორც გ.ჯ–ძის წარმომადგენელმა. მას არ წარმოუდგენია დანარჩენი მოპასუხეების მიერ მის სახელზე გაცემული მინდობილობა.

განსახილველ შემთხვევაში, მ., ე., ლ. და ნ.ჯ–ძეების მიმართ გამოტანილ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრისა და სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლებამოსილება არც გ.ჯ–ძეს და არც მის წარმომადგენელს - გ.ჭ–ძეს, არ გააჩნიათ. ამავდროულად, გ.ჯ–ძე არ წარმოადგენს იმ პირს, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 მაისის განჩინება, ვინაიდან აღნიშნული განჩინებით მისი საჩივარი დაკმაყოფილდა და მის მიმართ გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ გ.ჯ–ძის სააპელაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობას, რის გამოც იგი სწორად იქნა განუხილველად დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ჯ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე