ბს-879-842(გ-06) 27 ნოემბერი, 2006წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობით: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის.
აღწერილობითი ნაწილი:
2006წ. 21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. დ-მ მოპასუხე ნოტარიუს მ. ჟ-ს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:
ა. სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის მიერ 2006წ. 7 ივნისის დადგენილების ბათილად ცნობა;
ბ. მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალება მ. დ-ს სახელზე რიცხულ ყველა სახის სამკვიდრო ქონებაზე, მათ შორის, თბილისში, ... ¹50-ში მდებარე ბინაზე.
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
2006წ. 7 ივნისს მ. დ-მ განცხადებით მიმართა ნოტარიუს მ. ჟ-ს და მოითხოვა გარდაცვლილი დედის _ მ. დ-ს სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრედ ცნობა და შესაბამისი სამკვიდრო მოწმობის გაცემა. განცხადებას თან ერთვოდა მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა მოსარჩელის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს კანონით დადგენილი წესით. მიუხედავად ამისა, ნოტარიუსმა მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადა და უარი უთხრა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. მოსარჩელის მოსაზრებით, ნოტარიუსმა უსაფუძვლოდ უთხრა უარი სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, რამდენადაც წარდგენილი საბუთები იძლეოდა საკმარის საფუძველს, რათა დადგენილიყო მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღება კანონით დადგენილი წესით და ვადაში. მოპასუხემ ნოტარიუსმა კი დადგენილი წესით სრულყოფილად არ გამოიკვლია ის გარემოებები, რაც ადასტურებდა მოსარჩელის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების გზით სამკვიდროს მიღების ფაქტს. ამდენად, ისეთი ვითარება არსებობდა, როდესაც ნოტარიუსს ჰქონდა ყველა საფუძველი სამკვიდრო მოწმობის გაცემისათვის, რის მიუხედავადაც მოვალეობის შესრულებაზე, ანუ სანოტარო მოქმედების განხორციელებაზე მან უსაფუძვლოდ თქვა უარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006წ. 26 ივნისის განჩინებით მ. დ-ს სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით, მ. დ-ს სარჩელი არ განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული წესით განსახილველ დავათა კატეგორიას. სარჩელის დავის საგანს წარმოადგენდა ნოტარიუსის მიერ მიღებული დადგენილება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნული დადგენილება კი არ განეკუთვნებოდა ადმინისტრაციულ აქტს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი. ნოტარიუსი სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ საკითხის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობდა სკ-ის შესაბამისი ნორმებით, რომლებიც ეხებოდა მემკვიდრეობითი სამართლის ინსტიტუტს. ამ შემთხვევაშიც ნოტარიუსმა მ. ჟ-მ სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების გამოტანისას იხელმძღვანელა სამოქალაქო სამართლის ნორმებით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილებოდა დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. აქედან გამომდინარე, მ. დ-ს სარჩელი განხილული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია 2006წ. 11 აგვისტოს განჩინებით არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ საქმის განსჯადობის საკითხის გადაწყვეტას და მ. დ-ს სარჩელი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
მოსარჩელე სადავოდ ხდის სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუსის დადგენილების კანონიერებას. ამასთან, მოსარჩელე ნოტარიუსის დადგენილებას სადავოდ მიიჩნევს არა მოპასუხის მიერ კერძო სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე საფუძვლების არასწორად დადგენის გამო, სკ-ის ნორმებიდან გამომდინარე, არამედ იმის გამო, რომ მან სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე და სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარი თქვა საკუთარი მოვალეობის არაჯეროვანი, ზერელე შესრულების შედეგად. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნის არსიდან გამომდინარე, სარჩელის განმხილველი სასამართლოს კვლევის საგანი უნდა გამხდარიყო არა მოსარჩელის მიერ მემკვიდრეობის კანონით დადგენილ ვადაში მიღება-არმიღების გარემოების დადგენა, რაც კერძო სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობდა, არამედ სასამართლოს უნდა დაედგინა ნოტარიუსის მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულების ფარგლებში სანოტარო მოქმედების განხორციელებაზე უარის თქმის კანონიერება, რაც გამომდინარეობდა “ნოტარიატის შესახებ” კანონის, კანონის საფუძველზე დამტკიცებული სანოტარო მოქმედების შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის და სხვა არაკერძოსამართლებრივი კანონმდებლობიდან. სასამართლოს განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მიეკუთვნებოდა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებდა საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს. “ნოტარიატის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ნოტარიუსი თავის საქმიანობაში თავისუფალი იყო და სანოტარო მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებდა უფლებამოსილებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. ამავე კანონის 55-ე მუხლის მიხედვით, პირს, რომელსაც უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, შეეძლო სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარი გაესაჩივრებინა სასამართლოში სანოტარო ბიუროს ადგილსამყოფელის მიხედვით. სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ნოტარიუსის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონიერება შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო სასამართლოში სანოტარო ბიუროს ადგილსამყოფელის მიხედვით, ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, განსჯადობის საკითხის გამორკვევის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. დ-ს სარჩელი მოპასუხე ნოტარიუს მ. ჟ-ს მიმართ განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ამოსავალია სადავო სამართალურთიერთობის შინაარსი, რის გასარკვევადაც არსებითია დავის უშუალო მატერიალურსამართლებრივი საფუძველი _ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა. ნოტარიუსის მოქმედების სადავოობის დროს სარჩელის განსჯადობის საკითხის განსაზღვრისათვის, შესაბამისად, ამოსავალია სადავო სანოტარო მოქმედების შინაარსის უშუალო მატერიალურსამართლებრივი საფუძველი _ კერძო სამართლის თუ საჯარო სამართლის კანონმდებლობა.
მოცემულ საქმეზე მ. დ-ს სარჩელის საგანია სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუსის მიერ მიღებული დადგენილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალება. ნოტარიუსის სადავო დადგენილებით სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია მხოლოდ სკ-ის ნორმები მემკვიდრეობის სამართლის შესახებ, კერძოდ, სამკვიდროს მიუღებლობა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, სკ-ის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით დადგენილი პირობების დარღვევით. ამდენად, სადავო დადგენილების კანონიერების შემოწმებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, სწორად არის თუ არა გამოყენებული და განმარტებული ნოტარიუსის მიერ მოსარჩელესთან მიმართებაში სკ-ის ზემოაღნიშნული ნორმები, რაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი სამართალწარმოების _ სამოქალაქო სამართალწარმოების მეშვეობით. სასამართლოს ამ შემთხვევაში არ სჭირდება ნოტარიუსის უარის შინაარსის შეფასება ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სამოქალაქო სამართლის კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნის არსიდან გამომდინარე, სარჩელის განმხილველი სასამართლოს კვლევის საგანი უნდა გამხდარიყო არა მოსარჩელის მიერ მემკვიდრეობის კანონით დადგენილ ვადაში მიღება-არმიღების გარემოების დადგენა, რაც კერძო სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობდა, არამედ სასამართლოს უნდა დაედგინა ნოტარიუსის მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულების ფარგლებში სანოტარო მოქმედების განხორციელებაზე უარის თქმის კანონიერება, რაც გამომდინარეობდა საჯარო სამართლის კანონმდებლობიდან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელი განხილვას ექვემდებარება მხოლოდ დავის საგნის ფარგლებში, მოცემულ შემთხვევაში კი სადავოა სწორედ გასაჩივრებული დადგენილების კანონიერება. ნოტარიუსის, როგორც საჯაროსამართლებრივი ინსტიტუტის მიერ მისი ფუნქციების შეუსრულებლობა არ არის სარჩელის დავის საგანი ან მისი უშუალო საფუძველი, აღნიშნულ საკითხზე მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ როგორც დამატებით არგუმენტზე სარჩელთან მიმართებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიზნად ისახავს თავის დაცვას ნოტარიუსისაგან არა როგორც საჯაროსამართლებრივი ინსტიტუტისაგან, არამედ მისი ინტერესია, როგორც მემკვიდრემ, სრულად განახორციელოს მემკვიდრეობის ნორმებით მინიჭებული უფლება _ სამკვიდროს მიღება ფაქტობრივი ფლობის საფუძველზე. აღნიშნული უფლების რეალიზაციაზე კი მას ნოტარიუსის მხრიდან უარი ეთქვა მხოლოდ კერძოსამართლებრივი საფუძვლით _ სკ-ის ნორმებით მემკვიდრეობის შესახებ.
ის გარემოება, რომ “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილი ნოტარიუსის დადგენილებას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ განიხილავს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რომლის კანონიერება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ განაპირობებს მოცემული დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აუცილებელია ზემოაღნიშნული ნორმის სწორი ინტერპრეტაცია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტთან ერთობლიობაში, რომელიც იძლევა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნებას. აღნიშნული მუხლის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტი. ამდენად, “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუსის მხოლოდ ის დადგენილება ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამ შემთხვევაში კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუსის დადგენილება ემყარება მხოლოდ სკ-ის შესაბამის ნორმებს და აქედან გამომდინარე, მისი კანონიერება შემოწმებას ექვემდებარება სამოქალაქო სამართალწარმოების საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მიიჩნევს, რომ სახეზეა სსკ-ის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებული სამოქალაქო საქმე, რის გამოც იგი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის მე-11 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. დ-ს სარჩელი მოპასუხე ნოტარიუს მ. ჟ-ს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.