03 ივნისი 2024 წელი №ას-418-2024 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - კ.გ–ია
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ტ.კ–ი“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „ტ.კ–მა“ მოპასუხე კ.გ–იას მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1. კ.გ–იას შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 8 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2744.13 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1504.63 ლარი, პროცენტი 536 ლარი, პირგასამტეხლო 700 ლარი და დაზღვევა 3.50 ლარი.
1.2. კ.გ–იას შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან, 2021 წლის 27 ივლისიდან, ძირ თანხაზე 1504.63 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 18% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 22.56 ლარს.
1.3. კ.გ–იას შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 2 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3706.56 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1400 ლარი, პროცენტი 1606.56 ლარი, პირგასამტეხლო 700 ლარი.
1.4. კ.გ–იას შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 6 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალინების 263.66 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 100 ლარი, საკომისიო 30 ლარი, პირგასამტეხლო 50 ლარი.
1.5. კ.გ–იას შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 16 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1226.98 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 499.95 ლარი, პროცენტი 527.03 ლარი, პირგასამტეხლო 200 ლარი.
1.6. კ.გ–იას შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ცნობის გაცემიდან, 2021 წლის 27 ივლისიდან, ძირ თანხაზე 499.95 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთიურად შეადგენს 14.99 ლარს.
1.7. კ.გ–იას შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1014.28 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 631.98 ლარი, პირგასამტეხლო 350 ლარი, საკომისიო 32.30 ლარი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ტ.კ–ის“ სარჩელი კ.გ–იას მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. 2018 წლის 8 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კ.გ–იას შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა: 2344.13 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1504.63 ლარი, პროცენტი 536 ლარი, პირგასამტეხლო 300 ლარი, დაზღვევა 3.50 ლარი; 1504.63 ლარის წლიური 18%-ის გადახდა 2021 წლის 27 ივლისიდან 2022 წლის 5 მაისამდე. 2018 წლის 2 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კ.გ–იას შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 3306.56 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1400 ლარი, პროცენტი 1606.56 ლარი, პირგასამტეხლო 300 ლარი; 2018 წლის 16 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კ.გ–იას შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1226.98 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 499.95 ლარი, პროცენტი 527.03 ლარი, პირგასამტეხლო 200 ლარი; 2017 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კ.გ–იას შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 864.48 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 631.98 ლარი, საკომისიო - 32.50 ლარი, პირგასამტეხლო 200 ლარი. შპს „ტ.კ–ის“ მოთხოვნა 2018 წლის 6 მარტის ხელშეკრულების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; შპს „ტ.კ–ის“ მოთხოვნა კ.გ–იასთვის ცნობის გაცემიდან, 2021 წლის 27 ივლისიდან, ძირ თანხაზე 499.95 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ.გ–იამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინებით კ.გ–იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ.გ–იამ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 აპრილის განჩინებით კ.გ–იას საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით, ასევე დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 509.43 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. განემარტა კასატორს, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
7. აღნიშნული განჩინება კ.გ–იას გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე _ ქ.თბილისი, ......., მაგრამ ვერ ჩაბარდა, რადგან საფოსტო განყოფილებიდან შემოსული შეტყობინების მიხედვით, სატელეფონო საუბრისას ადრესატმა განაცხადა, რომ აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს, გზავნილს კი არ მიაკითხა. აღნიშნულის შემდეგ, განჩინება გაიგზავნა საქმეში არსებულ და ადრესატის მიერ მითითებულ მეორე მისამართზე _ აბაშა, სოფელი ....., და გზავნილი 2024 წლის 01 მაისს ჩაბარდა კ.გ–იას მამას - ვ.გ–იას (იხ. ჩაბარების დასტური). სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი კასატორს არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 აპრილის განჩინებით კასატორს მიეცა 10 დღის საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
11. ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს იმის შესაძლებლობას, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში, გზავნილი ჩაბარდეს ოჯახის რომელიმე წევრს, რაც ამავე დოკუმენტის თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება (ითვლება გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად) და სასამართლოს შეუძლია, განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება.
12. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2024 წლის 01 მაისს ჩაბარდა კ.გ–იას მამას - ვ.გ–იას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ, კასატორ კ.გ–იასთვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს 2024 წლის 01 მაისს.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2024 წლის 02 მაისს და ამოიწურა 2024 წლის 13 მაისს (ვადის უკანასკნკელი დღე - 11 მაისი დაემთხვა უქმე დღეს) ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ.გ–იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი