Facebook Twitter

საქმე №ა-2557-შ-64-2024 31 მაისი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ.ა–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.კ–ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – იტალიის, ქ. ბარის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება (საქმე №1858/2023)

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. იტალიის, ქ. ბარის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის (საქმე №1858/2023) გადაწყვეტილებით, მ.ა–სა და ვ.კ–ას შორის ახალგორში 03.06.2011 წელს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

2. მ.ა–მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. იტალიის, ქ. ბარის პირველი ინსტანციის სასამართლოს ძალაში შესვლის დამადასტურებელი ცნობით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 19.12.2023 წელს.

4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილებას დაეთანხმა ორივე მხარე.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინებით, იტალიის, ქ. ბარის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის (საქმე №1858/2023) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ იტალიის, ქ. ბარის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის (საქმე №1858/2023) გადაწყვეტილებით, მ.ა–სა და ვ.კ–ას შორის ახალგორში 03.06.2011 წელს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

8. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ა–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს იტალიის, ქ. ბარის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის (საქმე №1858/2023) გადაწყვეტილება, რომლითაც მ.ა–სა და ვ.კ–ას შორის ახალგორში 03.06.2011 წელს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე