საქმე №ა-2803-შ-70-2024 31 მაისი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – დ.ბ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – პ.ბ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის ოლქის, ქ. ჟოდინოს სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის ოლქის, ქ.ჟოდინოს სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სიღნაღის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2016 წლის 2 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება №4916100351, დ.ბ–სა (დაბადებული 1983 წლის 19 ივნისს) და პ.ვ. ასულ ბ–ს (ქორწინებამდელი გვარი - ცეებ, დაბადებული 1982 წლის 19 იანვარს) შორის, შეწყდა.
2. დ.ბ–მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის ოლქის, ქ.ჟოდინოს სასამართლოს მიერ გაცემული 15.03.2022 წლის საბუთით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განჩინებით ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის ოლქის, ქ.ჟოდინოს სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის ოლქის, ქ.ჟოდინოს სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ.ბ–ი და პ.ბ–ი განქორწინდნენ.
7. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. მხარეები ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
10. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდგომში - მინსკის კონვენცია) პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
11. ბელორუსის რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ უნდა დაადგინოს დაცულია თუ არა მინსკის კონვენციით გათვალისწინებული პირობები.
12. მინსკის კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა მინსკის კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს მინსკის კონვენციის 51-ე-52-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-55-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.ბ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის ოლქის, ქ. ჟოდინოს სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სიღნაღის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2016 წლის 2 ივლისს დ.ბ–სა (დაბადებული 1983 წლის 19 ივნისს) და პ. ვ. ასულ ბ–ს (ქორწინებამდელი გვარი - ც., დაბადებული 1982 წლის 19 იანვარს) შორის რეგისტრირებული №4916100351 ქორწინება შეწყდა;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე