საქმე №ას-354-2024 16 მაისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - გ.ჩ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ.ქ–ი(მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით დ.ქ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ.ა–ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს ნ.ა–ძეს და გ.ჩ–ს მოსარჩელე დ.ქ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირი თანხის - 7 750 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება; მოპასუხეებს ნ.ა–ძეს და გ.ჩ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით - 583.57 ლარის ანაზღაურება.
2. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა გ.ჩ–მა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განჩინებით, გ.ჩ–ს სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა: ა) დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების მითითებით, რომლის საფუძველზეც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ამასთან, სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო იმდენი ასლის ოდენობით რამდენი მონაწილეცაა საქმეში; ბ) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა; გ) სააპელაციო საჩივრის ფასის განსაზღვრა; დ) სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 7 დღე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განჩინებით დადგენილ ვადაში განცხადებით მომართა აპელანტის წარმომადგენელმა, რომელმაც წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, მისი ელექტრონული ვერსია, ასევე მოითხოვა აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადავადება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მითითებით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, გ.ჩ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 310 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული დოლარის ოფიციალური კურსის შესაბამისად და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 7 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
6. 2023 წლის 4 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტმა, რომელმაც იშუამდგომლა ფინანსური მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება მინიმალურ (150 ლარი) ოდენობამდე.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 დეკემბრის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდის შემცირების თაობაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა; სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, დარჩა განუხილველად.
8. სააპელაციო პალატის მითითებით, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას. შესაბამისად, დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე შუამდგომლობა წარდგენილი ჰქონდა ჯერ კიდევ 2023 წლის 16 ოქტომბრის სააპელაციო საჩივრით, რომლის ფარგლებშიც პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, აპელანტს მიეთითა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების წინაპირობებზე და ცალსახად განემარტა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველს წარმოადგენს მხარის იმგვარი ქონებრივი მდგომარეობა, რომელიც არ იძლევა მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობას. ამასთან განემარტა, რომ აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს მხარის მიერ წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებით. მიუხედავად ზემოაღნიშნული მითითებისა, აპელანტმა იგივე შინაარსის შუამდგომლობა წარადგინა 2023 წლის 4 დეკემბერს. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოხმობილი ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის შემცირების საფუძველს წარმოადგენს მხარის იმგვარი ქონებრივი მდგომარეობა, რომელიც არ იძლევა მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობას. ასეთი ქონებრივი მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს მხარის მიერ წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებით, რაც აპელანტის მიერ არ განხორციელებულა. ამდენად, პალატამ დასკვნა, რომ არ არსებობდა კანონით გათვალისწინებულ წინაპირობები სახელმწიფო ბაჟის შემცირებისთვის. შესაბამისად, შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის შემცირების შესახებ პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.
9. სააპლაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის წარმოდგენიდან (2023 წლის 29 მაისი) ზემოაღნიშნული 2023 წლის 4 დეკემბრის შუამდგოლობის წარმოდგენამდე, რომლითაც სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება იქნა მოთხოვნილი, გასულია 6 თვე, მიუხედავად ამისა, აპელანტის მიერ არ წარდგენილა არცერთი მტკიცებულება შუამდგომლობაში აღნიშნული პოზიციის გასამყარებლად, უფრო მეტიც, შუამდგომლობაში ასახული დასაბუთება, სრულად შეესაბამება სახელმწიფო ბაჟის გადავადების მოთხოვნის თაობაზე 2023 წლის 16 ოქტომბერს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში ასახულ დასაბუთებას. გარდა ამისა, აპელანტს არც სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობა გადაუხდია. შესაბამისად, რაკი მხარეს მიუხედავად მიცემული არაერთი შესაძლებლობისა არ უჩვენებია მზაობა და მცდელობა, რომ სურს ხარვეზის აღმოფხვრა, პალატამ მიზანშეუწონლად მიიჩნია ხარვეზის შევსების მიზნით ვადის უსასრულოდ გაგრძელება.
10. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 დეკემბრის განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და განჩინების გაუქმება მოითხოვა.
11. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის შემცირებაზე, რაც არ შეესაბამება კანონს, რადგან ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე აპელანტს არ ჰქონდა ბაჟის სრულად გადახდის შესაძლებლობა. სასამართლოში გასაჩივრების უფლება ერთ-ერთი საპროცესო უფლებაა, შესაბამისად, სოციალური მდგომარეობა და თანხის უქონლობა არ შეიძლება გახდეს ამ უფლების რეალიზაციის დამაბრკოლებელი გარემოება. სასამართლოსათვის მიმართვის უფლება კონსტიტუციური უფლებაცაა და დაუშვებელია მისი რაიმე ფორმით ან საშუალებით შეზღუდვის მცდელობა. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აპელანტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმის განხილვა, რადგან ამ საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მის ფინანსურ, ქონებრივ და სამართლებრივ მდგომარეობაზე.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
15. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო. ნორმიდან გამომდინარე, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
16. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტი ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის შემცირებას 150 ლარამდე.
17. პალატა განმარტავს, რომ მხარის მიმართ გარკვეული შეღავათის გამოყენების საკითხი, კანონით იმპერატიულად განსაზღვრული წინაპირობების გარდა (სსსკ-ის 46-ე მუხლი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი), სასამართლოს შეხედულებით წყდება, რა დროსაც სასამართლო საკითხს ე.წ. „პროპორციულობის ტესტის“ გამოყენებით აფასებს. ამ დროს სასამართლო იკვლევს მხარის ქონებრივ მდგომარეობას (რომელიც პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებებს ემყარება) და დარღვეული უფლების დაცვის ინტერესს. ამგვარი საგამონაკლისო წესი დადგენილია საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, პირის უფლების შეზღუდვასა და სახელმწიფო ინტერესს შორის სამართლიან ბალანსს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (სსსკ-ის 47-ე და 48-ე მუხლები). კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში (სუსგ №ას-66-62-2017, 06.04.2017წ.).
18. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 47-ე-48-ე მუხლები არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს სასამართლო ხარჯების გადახდისგან გათავისუფლების ან მისი გადავადების საფუძველი. აღნიშნულის თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაადასტურებს.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო პროცესში შეზღუდულია სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც. სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე, საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება იმისა, რომ ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც მხედველობაშია მისაღები მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს (სუსგ №ას-1825-2018, 29.03.2019წ., №ას-1952-2018, 29.03.2019წ.).
20. სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეაფასოს მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი სწორედ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა დაასაბუთოს. გათვალისწინებულ უნდა იქნეს მომჩივნის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ყოველთვიური შემოსავალი (შდრ. სუსგ №ას-972-2019, 25.07.2019წ., №ას-284-2020, 29.09.2020წ.).
21. მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დასადასტურებლად აპელანტი უთითებდა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომლის დასადასტურებლად აპელანტს მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მითითებული გარემოება, რომელიც არ დასტურდება არცერთი მტკიცებულებით, არ აძლევს სასამართლოს იმ დასკვნის შესაძლებლობას, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის პერიოდში სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეეძლო.
22. პალატის შეფასებით, აპელანტს გონივრული ვადა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოუსწორებია. ამასთან, აპელანტს საპროცესო ვადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით გაუგრძელდა, თუმცა მას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია, რამაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.
23. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის მიხედვით შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
24. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან უდავოა სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის დანიშნულ ვადაში შეუვსებლობის ფაქტი, საკასაციო პალატას, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადების საფუძველზე, კანონიერად მიაჩნია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინება.
25. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ-ები: №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2011წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს განსაზღვრული ვადის დაცვით მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5).
27. როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები).
28. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს დაუდგინდა ვადა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისათვის, თავის მხრივ, მან არ გამოასწორა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს სწორედ სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენდა, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სსსკ-ის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.
29. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ჩ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე