საქმე №ას-1620-2023 30 აპრილი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - მ.ქ–ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ე.დ–ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - აუცილებელი გზის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ე.დ–იამ (შემდეგ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ქ–ას (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა აუცილებელი გზის დადგენა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს თავის საკუთრებაში არსებულ №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დასაკავშირებლად მიენიჭა აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება მოპასუხის საკუთრებაში არსებულ №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე იმგვარად, როგორც ეს ნაჩვენებია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 28 ივნისის №004311522 დასკვნის №1 დანართით წარდგენილ სიტუაციურ გეგმაზე მწვანე ისრით და შპს „M-ს” მიერ 2022 წლის 4 ივლისს მომზადებული პროექტის შესაბამისად.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო საჩივარით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 180-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთი არცერთ საჯარო გზას არ ესაზღვრება, შესაბამისად, მას აუცილებელი გზის მოთხოვნის უფლება, ხოლო მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს ამის თმენის ვალდებულება აქვს.
6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ექპერტის დასკვნის თანახმად, აუცილებელი გზის მოწყობა შვიდი სხვადასხვა ვარიანტით არის შესაძლებელი. ამათგან პირველი და მეორე ვარიანტები გზის მოწყობას აპელანტის კუთვნილ ნაკვეთზე ითვალისწინებს. ისინი თანაბარმნიშვნელოვანია და ამიტომ, სასამართლო ამ შესაძლებლობას დამატებით აღარ განიხილავს. მესამე და მეშვიდე ვარიანტებით აუცილებელი გზა მოსარჩელის ნაკვეთის ჩრდილოეთითა და სამხრეთ-დასავლეთით მდებარე №...... და №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთების გავლით შეიძლება მოეწყოს. ამ ნაკვეთების ზომა აპელანტის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფართობს აღემატება, თუმცა, ამავდროულად, აღემატება აუცილებელი გზით სავარაუდოდ დასატვირთი ტერიტორიის ფართობიც. გარდა ამისა, ამ ნაკვეთების გავლით მოსარჩელის კუთვნილ ნაკვეთზე მოსახვედრად საჭიროა მიმართულების შეცვლაც. მეოთხე და მეხუთე ვარიანტებით გზის მოწყობის შემთხვევაში იგი №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთს გადაკვეთს. მართალია, ამ ნაკვეთის საერთო ფართი აპელანტის კუთვნილი ნაკვეთის ფართს აღემატება, თუმცა ამ შემთხვევაშიც, მეტია აუცილებელი გზით სავარაუდოდ დასატვირთი ტერიტორიის მოცულობა. მეექვსე ვარიანტით აუცილებელი გზის მოწყობის შემთხვევაში კი, გზამ №...... და №....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ე.ი. სხვადასხვა მესაკუთრეთა კუთვნილი ნაკვეთები უნდა გადაკვეთოს, შესაბამისად, ნათელია, რომ მეექვსე ვარიანტით აუცილებელი გზის მოწყობა როგორც მოსარჩელის, ისე მეზობლების ინტერესებს მომეტებულად ზღუდავს. დანარჩენი ვარიანტებით მოწყობის შემთხვევაში კი მეზობელი ნაკვეთების მესაკუთრეთა უფლებები, მეტ-ნაკლებად, თანაბრად იზღუდება.
7. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის ნაკვეთის საჯარო კომუნიკაციებთან დასაკავშირებელი ყველაზე მოკლე გზა, სწორედ №..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ე.ი. აპელანტის (მოპასუხის) კუთვნილ ნაკვეთზე გადის, შესაბამისად, სხვადასხვა შესაძლებლობიდან მოსარჩელემ აუცილებელი გზის მოწყობის უმოკლესი და გონივრული, ე.ი. ოპტიმალური ვარიანტი აირჩია.
8. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ (აპელანტმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
10. კასატორის მითითებით, მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი სხვა ალტერნატიულ ნაკვეთებთან შედარებით, რომლებზეც ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შესაძლებელია, მოეწყოს როგორც საფეხმავლო, ისე საავტომობილო გზა, მცირე ფართისაა და სხვა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა საკუთრების უფლებასთან შედარებით არსებითად იზღუდება კასატორის საკუთრების უფლება და ადგება მას ზიანი.
11. კასატორის მითითებით, როდესაც საუბარია აუცილებელი მისასვლელი გზის დადგენაზე, არსებითია, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, რომლის სასარგებლოდაც უნდა იქნეს დადგენილი აუცილებელი გზა, ჰქონდეს ჯეროვანი მისასვლელი გზა საჯარო გზებთან არა იმის ფონზე, რომელი გზის გავლით უფრო მოკლე მანძილი დაიფარება, არამედ მესაკუთრეთა შესაძლო ზიანისა და უფლებრივი ბალანსის გათვალისწინებით. რაც შეეხება იმას, რომ სხვა მესაკუთრეთა შემთხვევაში მეტია აუცილებელი გზით სავარაუდოდ დასატვირთი მიწის ნაკვეთის მოცულობა, დაუსაბუთებელია და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს არ ემყარება, შესაბამისად, ცალსახაა, რომ სასამართლოს მიერ მესაკუთრეთა შესაძლო ზიანი შეფასდა ბუნდოვნად, როდესაც გათვალისწინდა სხვა ყველა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა უფლება, გარდა კასატორის უფლებრივი მდგომარეობისა და შესაძლო ზიანისა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170.1. მუხლის შესაბამისად, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და მესაკუთრის უფლებები – ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) ისე, რომ არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით (სსკ-ის 170.1. მუხლი: მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, თუ ხდება ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აკრძალვა. კანონით ან ხელშეკრულებით დადგენილ შემთხვევაში, მესაკუთრეს შეიძლება შეეზღუდოს ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება და დაეკისროს თმენის ვალდებულება. სწორედ ასეთი თმენის ვალდებულებაა გათვალისწინებული სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.
17. სსკ-ის 115-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. უფლების ბოროტად გამოყენებად მიიჩნევა საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. აღნიშნული მუხლის დანაწესი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, განკარგოს თავისი ნივთი შეხედულებისამებრ, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, თუმცა, ამავე მუხლით დგინდება, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და მისი შეზღუდვა კანონით დადგენილ შემთხვევაში შესაძლებელია.
18. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. ამდენად, მიუხედავად საკუთრების უფლების აღიარებისა, საქართველოს კონსტიტუცია არ გამორიცხავს მისი შეზღუდვის შესაძლებლობას, რის მაგალითსაც სსკ-ის 180-ე მუხლით რეგლამენტირებული აუცილებელი გზის უფლება წარმოადგენს.
19. სსკ-ის 247-ე და 180-ე მუხლების შედარებითი ანალიზი ცხადყოფს, რომ – თუ სერვიტუტი უკავშირდება მიწის ნაკვეთის გარკვეული უფლებით შესაძლო დატვირთვას, აუცილებელი გზა ცალსახად გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვის იმპერატიულ მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში, ობიექტურმა საჭიროებამ წარმოშვა აუცილებელი პირობა სხვისი ნივთით სარგებლობისა, რასაც კანონმდებლობა მკაფიო შედეგს – აუცილებელი გზის უფლებას უკავშირებს. სსკ-ის 180-ე მუხლით აუცილებელი გზის მხოლოდ აუცილებელ, უალტერნატივო შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, ამასთან, ამ უფლების შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში (იხ.: სუსგ №ას-102-100-2011, 24.05.2011წ.; №ას-70-68-2014, 6.04.2015წ.; №ას-870-2018, 17.05.2019წ.).
20. აუცილებელი გზის უფლების თაობაზე სარჩელი ფორმალურად გამართულია, თუკი მოსარჩელე მიუთითებს ნორმით განსაზღვრულ ყველა წინაპირობაზე: ის უნდა იყოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე; მიწის ნაკვეთს არ უნდა გააჩნდეს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან; მეზობელი ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ნივთის ფაქტობრივი მდებარეობითა და დანიშნულებისამებრ სარგებლობით; მეზობელი მიწის ნაკვეთი უნდა იყოს მიზნის მიღწევის ერთადერთი პროპორციული საშუალება. იმის მიხედვით, თუ ჩამოთვლილთაგან რომელ ფაქტებს შეედავება მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე, განისაზღვრება მტკიცების საგანი (სადავო ფაქტები) და შედავებათა პროცესუალური ხასიათიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ნაწილდება მტკიცების ტვირთი (იხ.: სუსგ №ას-1869-2018, 25.10.2019წ.; №ას-1147-2021, 31.03.2023წ.).
21. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივი მექანიზმია. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებს აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ (იხ.: სუსგ №ას-102-100-2011, 24.04., 2011წ.; №ას-70-68-2014, 6.04.2015წ.).
22. მოცემულ შემთხვევაში, კასტორის შედავების თანახმად, მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს ოპტიმალურ ვარიანტს მოსარჩელის სასარგებლოდ აუცილებელი გზის დასადგენად და სარჩელის დაკმაყოფილებს შემთხვევაში უსამართლოდ შეიზღუდება მისი საკუთრების უფლება.
23. საკასაციო პალატა კასატორის საკასაციო პრეტენზიას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად (რომელიც ეხება საკითხს - მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (ს/კ №........) აქვს თუ არა საჯარო გზასთან ჯეროვანი დაკავშირების საშუალება, რაც გულისხმობს როგორც ფეხით მისასვლელს, ისე სამანქანო გზას და თუ არ გააჩნია ასეთი გზა, როგორ არის შესაძლებელი მისი მოწყობა), საკვლევ მიწის ნაკვეთს (ს/კ №........) დღეისათვის არ გააჩნია კავშირი საჯარო გზასთან, ისე, რომ არ გადაიკვეთოს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მონაცემებიდან გამომდინარე საკვლევ მიწის ნაკვეთთან (ს/კ №......) მისასვლელი, როგორც საფეხმავლო, ასევე საავტომობილო გზა შესაძლებელია მოეწყოს შვიდი მხრიდან, კერძოდ, №1 ვარიანტით გზის მოწყობის შემთხვევაში, №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი როგორც საფეხმავლო, ასევე საავტომობილო გზა, შესაძლოა, მოეწყოს მის დასავლეთით მდებარე №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით (იხ. დანართ №1-ზე ლურჯი ფერით ნაჩვენები მიმართულება); №2 ვარიანტით გზის მოწყობის შემთხვევაში, №....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი როგორც საფეხმავლო, ასევე საავტომობილო გზა, შესაძლოა, მოეწყოს მის დასავლეთით მდებარე №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით (იხ. დანართ №1-ზე მწვანე ფერით ნაჩვენები მიმართულება); №3 ვარიანტით გზის მოწყობის შემთხვევაში, №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი როგორც საფეხმავლო, ასევე საავტომობილო გზა, შესაძლოა, მოეწყოს მის ჩრდილოეთით მდებარე №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით (იხ. დანართ №1-ზე ყვითლად ნაჩვენები მიმართულება); №4 ვარიანტით გზის მოწყობის შემთხვევაში №..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი როგორც საფეხმავლო, ასევე საავტომობილო გზა, შესაძლოა, მოეწყოს მის აღმოსავლეთით მდებარე №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით (იხ. დანართ №1-ზე ვარდისფერით ნაჩვენები მიმართულება); №5 ვარიანტით გზის მოწყობის შემთხვევაში, №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი როგორც საფეხმავლო, ასევე საავტომობილო გზა, შესაძლოა, მოეწყოს მის აღმოსავლეთით მდებარე №....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით (იხ. დანართ №1-ზე შავი ფერით ნაჩვენები მიმართულება); №6 ვარიანტით გზის მოწყობის შემთხვევაში, №......საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი როგორც საფეხმავლო, ასევე საავტომობილო გზა, შესაძლოა, მოეწყოს მის სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე №......და №......საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გავლით (იხ. დანართ №1-ზე იასამნის ფერით ნაჩვენები მიმართულება); №7 ვარიანტით გზის მოწყობის შემთხვევაში, №......საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი როგორც საფეხმავლო, ასევე საავტომობილო გზა, შესაძლოა, მოეწყოს მის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე №......საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით (იხ. დანართ №1-ზე ცისფრად ნაჩვენები მიმართულება). ზემოაღნიშნული ვარიანტებით მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობის შემთხვევაში საჭიროა, შედგენილ იქნეს შესაბამისი პროექტი, რომელიც დაზუსტებული იქნება ადგილზე (პროექტი მოიცავს გზის ფართის, მოხვევის რადიუს(ებ)ის, კონფიგურაციისა და სიგანის ზუსტ განსაზღვრას). ზემოაღნიშნული დასკვნის დანართი №1-ით წარმოდგენილ სიტუაციურ გეგმაში მწვანედ დატანებულ მიმართულებაზე შპს „M-ს” მიერ 2022 წლის 4 ივლისს მომზადდა გზის მოწყობის ტექნიკური პროექტი.
24. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნა და გზის მოწყობის პროექტი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, დააყენოს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის მისამართით. ის გარემოება, რომ არსებული მოთხოვნა ზიანის მომტანია მოპასუხისთვის და სხვა ვარიანტი უფრო ოპტიმალური იქნებოდა, მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა, თუმცა მას აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ექსპერტიზის დასკვნაში არსებული ნახაზით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ სხვა ვარიანტების შემთხვევაში აუცილებელი გზით სავარაუდოდ დასატვირთი ტერიტორიის ფართობი აღემატება მოპასუხის აუცილებელი გზით დასატვირთი გზის ფართობს (მესამე და მეშვიდე ვარიანტების შემთხვევაში მოსარჩელის კუთვნილ ნაკვეთზე მოსახვედრად საჭიროა მიმართულების შეცვლაც), ზოგერთ შემთხვევაში კი, გზამ სხვადასხვა მესაკუთრეთა კუთვნილი ნაკვეთები უნდა გადაკვეთოს, რისი გათვალისწინებითაც, მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესებს მომეტებულად შეიზღუდება. პალატა ყურადღებას ამახვილებს ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზეც, რომელმაც მიუთითა, რომ ოპტიმალურობა შეფასებითია და არ დაეთანხმა მოპასუხის პოზიციას, რომ რამდენადაც ყველაზე მცირეა მოპასუხის კუთვნილი მეზობელი მიწის ნაკვეთი, მით მეტია მიყენებული ზიანი. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, სხვადასხვა შესაძლებლობიდან მოსარჩელემ აუცილებელი გზის მოწყობის ოპტიმალური ვარიანტი აირჩია.
25. პალატის მითითებით, ნიშანდობლივია ის გარემოებაც რომ, მოდავე მხარეთა კუთვნილი ნაკვეთები, თავდაპირველად, ერთ მესაკუთრეს, მამუკა შარაშიძეს ეკუთვნოდა და ბუნებრივია, იგი ამჟამად მოსარჩელის კუთვნილ ნაკვეთს ამჟამად მოპასუხის კუთვნილი ნაკვეთის გავლით უკავშირდებოდა, რისი გათვალისწინებითაც, უპირატესობა უკვე არსებულ, მხარეთა და მათი მეზობლებისათვის ჩვეულ გზას უნდა მიენიჭოს.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ უფლების რეალიზაციის საუკეთესო საშუალება მოპასუხის მიწის გამოყენებაა, რამდენადაც, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოპასუხის უფლების შეზღუდვა მოსარჩელის ინტერესების დაცვის პროპორციული და თანაზომიერი საშუალებაა. პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნულის გაქარწყლების თვალსაზრისით, მოპასუხეს შესაბამისი მტკიცებულება არ წარუდგენია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები კი დასაბუთებულია და გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მასალების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით შეფასებიდან.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
28. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
31. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ.: სუსგები: №ას-892-2021, 22.12.2023წ.; №ას-558-2023, 30.11.2023წ.; №ას-258-2019, 30.10.2023წ.; №ას-1160-2022, 16.01.2024წ.).
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ქ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. მ.ქ–ას (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი.დ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება №6767 / გადახდის თარიღი 30.01.2023), 70% - 105 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე