Facebook Twitter

საქმე №ას-46-2024 24 აპრილი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ბ.კ–ნი (აპელანტი, მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.კ–ძე (აპელანტი, მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ბ.კ–ნის (შემდეგში მოსარჩელე, შემსრულებელი, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება (რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ მ.კ–ძის (შემდეგში მოპასუხე ან დამკვეთი) მიმართ წარდგენილი სარჩელი. ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუს დ.მ–ის მიერ 2019 წლის 28 ივნისს გაცემული №190758614 სააღსრულებო ფურცელი და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 17 500 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვრა 4 846.06 აშშ დოლარით) და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, ხოლო მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - გაუქმდა ნოტარიუს დ.მ–ის მიერ 2019 წლის 28 ივნისს გაცემული N190758614 სააღსრულებო ფურცელი და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა - 17 500 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვრა 10 315 აშშ დოლარით და 11 209.21 ლარით.

2. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები და სრულიად უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის მორიგების აქტში არსებული ჩანაწერი კონვერტაციისას დოლარის კურსის განსაზღვრის შესახებ არ საჭიროებდა განმარტებას. მშენებლობისთვის საჭირო თანხის ჩარიცხვა და დახარჯვა მოსარჩელის მიერ მშენებლობის მიზნებისთვის 2018 წლის სხვადასხვა პერიოდში ხდებოდა. შესაბამისად, მითითებულ პერიოდში დოლარის კურსი იცვლებოდა და ბევრად ჩამორჩებოდა 2019 წელს მორიგების აქტში მითითებულ კურსს.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი და სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

7.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2018 წელს გაფორმებული ზეპირი ნარდობის ხელშეკრულებით, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება დამტკიცებული საპროექტო/სამშენებლო დოკუმენტაციის შესაბამისად, მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ. თბილისი, .......... მიწის ს/კ: .....) ეწარმოებინა სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული პირობებით;

7.2. 2019 წლის 20 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა მორიგების აქტი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 190303268), რომლის 2.1 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ჩაატარებდა უკვე წარმოებული სამუშაოების აუდიტს, 2.2. პუნქტის მიხედვით კი, თუ ექსპერტიზის დასკვნით დადგინდებოდა, რომ უკვე შესრულებული სამუშაოების ღირებულება 120 800 აშშ დოლარზე ნაკლებია, დასკვნის მომზადების თარიღიდან არაუგვიანეს 1 კვირის ვადაში, მოსარჩელე სრულად აუნაზღაურებდა მოპასუხეს სხვაობას გადახდილ თანხებსა და ექსპერტიზის მიერ დადგენილ ღირებულებას შორის, ექსპერტიზის ხარჯებს, სამედიაციო და დავასთან დაკავშირებულ სხვა სანოტარო/სააღსრულებო ხარჯებს; ამასთან, ექსპერტიზის მიერ ღირებულების ლარში დადგენის შემთხვევაში კონვერტაციისათვის გამოყენებული იქნებოდა აშშ დოლარის შემდეგი კურსი 1 USD = 2.68 GEL;

7.3. მორიგების აქტის იმავე პუნქტით (2.2 პუნქტით) განისაზღვრა, რომ ვინაიდან 2019 წლის თებერვლიდან მშენებლობა შეჩერდა მშენებლის ბრალით, მოსარჩელე ამ დროიდან დასკვნის მომზადებამდე მოპასუხეს ყოველთვიურად აუნაზღაურებდა დამკვეთის მიერ მშენებლობის წარმოების მიზნით აღებული საბანკო კრედიტის ყოველთვიურ საპროცენტო გადასახადს, 1 125 აშშ დოლარს;

7.4. ამავე მორიგების აქტის 2.3 პუნქტის თანახმად, თუ ექსპერტიზის დასკვნით დადგინდებოდა, რომ უკვე შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 120 800 აშშ დოლარზე მეტია, დასკვნის მომზადებიდან არაუგვიანეს 1 კვირის ვადაში მოპასუხე მოსარჩელეს სრულად აუნაზღაურებდა სხვაობას - 120 800 აშშ დოლარსა და ექსპერტიზის მიერ დადგენილ ღირებულებას შორის, ამასთან, ექსპერტიზის მიერ ღირებულების ლარში დადგენის შემთხვევაში, კონვერტაციისათვის გამოყენებული იქნებოდა შემდეგი კურსი - 1 USD = 2.68 GEL;

7.5. მორიგების აქტის 2.4 პუნქტით, სამომავლო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი: .........);

7.6. 2019 წლის 28 ივნისს ნოტარიუსმა დ.მ–მა გასცა N190758614 სააღსრულებო ფურცელი (კრედიტორი: დამკვეთი, მოვალე: შემსრულებელი), რომლის მიხედვით, მოვალეს დაეკისრა 1) მორიგების აქტის შესაბამისად დავალიანება, 19 869 აშშ დოლარი, 2) ასანაზღაურებელი საბანკო პროცენტი, 4500 აშშ დოლარი; 3) მედიაციის, სანოტარო ხარჯი, 1818.84 ლარი; 4) ექსპერტიზის ხარჯი, 9264.83 ლარი; სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი, 125.54 ლარი; 6) სააღსრულებო ხარჯები;

7.7. 2019 წლის 28 ოქტომბერს, მოვალეს გაეგზავნა წინადადება 2019 წლის 28 ივნისის სააღსრულებო ფურცლის შესრულების შესახებ, და განემარტა, რომ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა იყო 17 500 აშშ დოლარი და 11 209.21 ლარი.

8. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე წამოშობილი დავის საგანია დამკვეთის მიერ შემსრულებლისთვის მშენებლობისთვის გადაცემულ თანხასა და ექსპერტთა დასკვნით მშენებლობისთვის გახარჯულ თანხას შორის სხვაობის განსაზღვრა.

9. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად განმარტა მორიგების აქტში არსებული ჩანაწერი კონვერტაციისას დოლარის კურსის განსაზღვრის შესახებ.

10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიუთითებს და დაამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა. ამავე კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა, მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ. სსკ 649-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ხელშეკრულების თანახმად, ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა, მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია, გადაიხადოს საზღაური. აღნიშნული ნორმა საზღაურის გადახდის ვალდებულებას უკავშირებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით სრულად შესრულებული სამუშაოს შემკვეთის მიერ მიღების ფაქტს (იხ. სუსგ საქმე №ას-1580-1579-2011, 3 მაისი, 2012 წელი).

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს (იხ. სუსგ საქმე №ას-1117-1074-2016, 6 მარტი, 2017 წელი).

12. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მის უფლებამოსილებაში არ შედის ფაქტების დადგენა, არამედ იგი ამოწმებს მხოლოდ იმას, თუ რამდენად სწორად განახორციელა ეს პროცესი სააპელაციო სასამართლომ.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასების წესი. კერძოდ, მოცემული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

14. მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

15. სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას (სუსგ №ას-839-805-2016, 2017 წლის 6 მარტი).

16. ზემოაღნიშნული განმარტებების ურთიერთშეჯერებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დარღევევით არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც, არასწორად განმარტა მორიგების აქტის შესაბამის პუნქტში არსებული ჩანაწერი კონვერტაციისას დოლარის კურსის განსაზღვრის შესახებ.

17. კასატორის პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს მორიგების აქტის სადავო, 2.3 პუნქტს, რომელშიც მითითებულია შემდეგი: „სხვაობას გადახდილ თანხებსა და ექსპერტიზის მიერ დადგენილ ღირებულებას შორის, ამასთან, ექსპერტიზის მიერ ღირებულების ლარში დადგენის შემთხვევაში, კონვერტაციისთვის გამოყენებული იქნება კურსი 1 USD დოლარი=2.68 GEL“ (იხ. ტ. 1. ს.ფ 8.). საკასაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული ჩანაწერი არ არის ბუნდოვანი, პირიქით, იგი ნათლად და არაორაზროვნად განმარტავს, თუ რა შემთხვევაში და რა კურსით დაანგარიშდება აშშ დოლარში მხარეთა მიერ გადასახდელი თუ გადახდილი თანხები (მხარეები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზა დაადგენს გადახდილ თანხასა და დადგენილ ღირებულებას შორის სხვაობას, ეს სხვაობა, ისევე, როგორც ღირებულების ლარში დაანგარიშებული თანხები, კონვერტირება აშშ დოლარში შესაბამისი კურსით - 1 აშშ დოლარი=2.68 ლარი). ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ სადავო ჩანაწერით მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება არ საჭიროებს განმარტებას. კასატორს კი არ წარუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც საწინააღმდეგოს დაადასტურებდა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს

18. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ და მხარეთა მიერ შეუდავებელ იმ გარემოებას, რომ მორიგების აქტით გათვალისწინებული 120 800 აშშ დოლარის ნაცვლად, მოსარჩელეს მოპასუხისთვის გადაცემული აქვს 114 600 აშშ დოლარი. საქმეში წარდგენილი საექსპერტო დასკვნებით დადასტურებულია ისიც, რომ შესრულებულ სამუშაოთა საერთო ღირებულებაა 279 482.12 ლარი, ხოლო გადაწყვეტილების შესრულების შესახებ 2019 წლის 28 ოქტომბრის დადგენილებით, კრედიტორის მოთხოვნა მოვალის მიმართ 17 500 აშშ დოლარი და 11 209.21 ლარია. გამომდინარე იქიდან, რომ მორიგების აქტით შეთანხმდა 1 აშშ დოლარის კონვერტირების კურსი ლართან მიმართებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, შეუსრულებელ სამუშაოთა ღირებულება უნდა დაკონვერტირებულიყო შებამისი კურსით (1 აშშ დოლარი=2.68 ლარი), რაც დაკონვერტირების შემდგომ 104 285 აშშ დოლარია (279 482.12 ლარი ზემოთმითითებული კურსით კონვერტირებისას 104 285 აშშ დოლარია), აღნიშნული თანხა უნდა გამოკლებოდა უკვე გადახდილ თანხას (114 600 აშშ დოლარს), დარჩენილი სხვაობა კი უნდა დაკისრებოდა მოსარჩელეს (114 600 აშშ დოლარ - 104 285 აშშ დოლარი=10 315 აშშ დოლარი). ამრიგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად განსაზღვრა 2019 წლის 28 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა და იგი ნაცვლად 17 500 აშშ დოლარისა, განსაზღვრა 10 315 აშშ დოლარითა და 11 209.21 ლარით.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 629-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ.კ–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ბ.კ–ნის (პ.ნ. ..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ქ.მ–ძის (პ.ნ. .......) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 793 ლარის (საგადასახადო დავალება: 7935; გადახდის თარიღი 08.01.2024;) 70% – 555.1 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე