საქმე №ას-1598-2023 20 მარტი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - სს „ს.კ.უ–ნი“ (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სუბროგაციის წესით თანხის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომში ცესკო ან მოპასუხე) სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა სს „ს.კ.უ–ნში“ (შემდგომში მზღვეველი, მოსარჩელე, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) დააზღვია ავტოსატრანსპორტო საშუალება KIA, SPORTAGE (გამოშვების წელი 2016, სარეგისტრაციო ნომერი: ....),
2. დაზღვევის პოლისის (შემდგომში პოლისი) მიხედვით, სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე. სადაზღვევო პრემიები დამზღვევს უნდა გადაეხადა გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად.
3. პოლისის მიხედვით, მზღვეველი იყო სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი;
4. სადაზღვევო რისკებს წარმოადგენდა:
· საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მიუხედავად იმისა, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა, თუ გაჩერებული იყო;
· სატრანსპორტო საშუალების ან მისი ცალკეული ნაწილების დაკარგვა (მათ მორის, ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის, გატაცების ან ქურდობის/ძარცვის ყაჩაღობის გატაცების მცდელობის შედეგად);
· ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ზემოქმედება, კერძოდ, მიწისძვრა, წყალდიდობა, დიდთოვლობა, ზვავი, გრიგალი, ქარიშხალი, ღვარცოფი, მეხის დაცემა, მეწყერი და სეტყვა ან მოულოდნელი მოვლენა, რომელმაც გამოიწვია დაზიანება და განადგურება გარეშე და აშკარა მიზეზებით;
· აალება, აფეთქება, ხანძარი, რაიმე საგნის ვარდნა/დაცემა/მოხვედრა, ვანდალიზმი; მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება;
· დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზიანება;
მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა:
· ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მე-3 პირის (გარდა მძღოლისა და მგზავრებისა) სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობის და/ან ქონებისთვის ზიანის მიყენება.
მძღოლისა და მგზავრის უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა:
· უბედური შემთხვევის შედეგად მძღოლისა ან/და მგზავრის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება.
5. პატრულ-ინსპექტორის 2022 წლის 12 აპრილის რეაგირების ოქმის მიხედვით, 2022 წლის 12 აპრილს ქ. თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიცია გამოიძახა მ.შ–მა, რომელმაც განაცხადა, რომ შენობის ეზოში გაჩერებული ჰყავდა სამსახურებრივი ავტომობილი (სარეგისტრაციო ნომრით ......., რომელიც ირიცხებოდა სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ბალანსზე). დაახლოებით 14 საათზე, ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად, ცესკოს შენობის ფასადიდან ჩამოცვივდა მოსაპირკეთებელი ფილები და დაეცა ავტომანქანას, რის შედეგადაც, დაუზიანდა სახურავი, წინა საქარე მინა, ძრავის ხუფი და პლასტმასის დეტალი ძრავთან;
6. შპს „გ.მ–ის“ მიერ შედგენილი ინვოისის (დეფექტური აქტის) მიხედვით, დაზღვეული ავტომანქანის აღსადგენად საჭირო ნაწილების და შესაბამისი მომსახურების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 2 796.60 ლარით;
7. 2022 წლის 13 მაისის სადაზღვევო შემთხვევის აქტის მიხედვით, დაზღვეული ავტომანქანისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა განისაზღვრა 2 796.60 ლარით.
8. 2022 წლის 17 მაისს მოსარჩელემ დაზღვეული ავტომანქანის აღდგენითი სამუშაოების თანხა, 2 796.60 ლარი გადაურიცხა შპს „გ. მ–სს“.
9. მოსარჩელის მოთხოვნა
9.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ცესკოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის სუბროგაციის წესით თანხის, 2 796.60 ლარის დაკისრება.
9.2. მოსარჩელის განცხადებით, მან სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანი აუნაზღაურა დამზღვევს, შესაბამისად, სსკ 832-ე მუხლის მიხედვით, მზღვეველს უფლება ჰქონდა მოეთხოვა გადახდილი სადაზღვევო თანხის ანაზღაურება. მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, რაზეც მიიღო უარი.
10. მოპასუხის პოზიცია
10.1. მოპასუხემ სარჩელზე წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ იკვეთება სსკ 832-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობა. დაზღვეული ავტომობილი დაზიანდა არა მოპასუხის კუთვნილი შენობის მოუვლელობის გამო, არამედ ძლიერი ქარის შედეგად. შენობის მდგრადობა მოწმდება პერიოდულად და თუ აღმოჩნდება რაიმე დაზიანება, კეთდება.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით წარდგენილი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
12. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
12.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
13.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.
13.3. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 832-ე, 992-ე, ამავე კოდექსის 1004-ე მუხლით და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ზიანი წარმოიშვა მოპასუხის მფლობელობაში არსებული შენობიდან მოსაპირკეთებელი ფილების ჩამოცვენით, რასაც შედეგად დაზღვეული ავტომანქანის დაზიანება მოჰყვა, შესაბამისად, გამოვლენილია დელიქტური ვალდებულების სპეციალური სახე, სსკ-ის 1004-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის თანახმად, შენობის მესაკუთრე ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც შენობის ჩამოქცევის ან მისი ცალკეული ნაწილების ჩამონგრევის შედეგად წარმოიშვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი არ არის გამოწვეული შენობის არასათანადო მოვლით ან შენობის ნაკლით. მოხმობილი ნორმა არ შეიცავს მისი განხორციელების წინაპირობების ამომწურავ ჩამონათვალს და მასში მოიაზრება მათ შორის შენობის ექსპლუატაციიდან მომდინარე ყველა ის საფრთხე, რომელთა თავიდან აცილება დასაშვებია შენობის მოვლის წესების დაცვის შემთხვევაში. ასეთ ვითარებაში პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის მნიშვნელობა არ აქვს ვალდებული პირის ბრალეულობის ელემენტს.
13.4. სასამართლოს მითითებით, არსებითია, შეფასდეს დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება რამდენად იყო გამოწვეული მოპასუხის მხრიდან შენობის არასათანადო მოვლით ან შენობის ნაკლით.
13.5. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დამდგარ ზიანსა და შენობის ნაკლს ან არასათანადო მოვლას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, რომელსაც არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულება აღნიშნულის დასადასტურებლად და შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებით, რომელიც სსსკ-ის მე-5 მუხლის საფუძველზე სამოქალაქო სამართალწარმოებაში დამკვიდრებული მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, გაქარწყლდა თანაბარმნიშვნელოვანი მტკიცებულებით - მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებით; ამასთან, მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 29 სექტემბრის ცნობა, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ შენობიდან ფილების ჩამოცვენა გამოიწვია 2022 წლის 12 აპრილს დაფიქსირებულმა საშიშმა მეტეოროლოგიურმა მოვლენამ - ძალიან ძლიერმა ქარმა (ქარიშხალმა), მაქსიმალური სიჩქარით - 27-30 კმ/წმ-ში; აღნიშნული პოზიცია ემთხვეოდა თავად მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე თანდართულ საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმის შინაარსს, საიდანაც ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა ეკიპაჟმა დააფიქსირა ძლიერი წვიმისა და ქარის გამო შენობიდან ჩამოცვენილი მოსაპირკეთებელი ფილებით დაზღვეული ავტომობილის დაზიანების ფაქტი.
13.6. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელეს არც პირველ და არც სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას, სადავოდ არ გაუხდია სადაზღვევო შემთხვევისას ძლიერი ქარის (ქარიშხლის) დაფიქსირების ფაქტი და მოპასუხის ის განმარტებაც, რომ შენობის ფასადიდან ფილები არც მანამ და არც ამ ფაქტის შემდგომ არ ჩამოცვენილა. ამასთან, მას მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულების საპირწონედ არ წარუდგენია რაიმე დოკუმენტი, რომელიც საწინააღმდეგოს დაადასტურებდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადაზღვევო შემთხვევა (ავტომანქანის დაზიანება) გამოიწვია არა მოპაუხის კუთვნილი შენობის არასათანადო მოვლამ, არამედ ძლიერმა ქარმა (ქარიშხალმა), რაც განმორიცხავდა დამდგარი ზიანისათვის მოპასუხის სამოქალაქო პასუხისმგებლობას.
14. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
14.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
14.2. კასატორის განცხადებით, სასამართლომ მხარეთა შორის არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და საქმეში წარდგენილი მხოლოდ მეტეოროლოგიური ცნობის საფუძველზე არასწორად დაასკვნა, რომ შენობიდან ფილები ჩამოცვივდა არა შენობის არასათანადო მოვლის, არამედ ძლიერი ქარის (ქარიშხლის) გამო. სასამართლოს უნდა დაედგინა, შეეძლო თუ არა 27-30 კმ/სთ სიჩქარის ქარს გამოეწვია შენობიდან ფილების ჩამოცვენა. ზიანის გამომწვევი მიზეზი და შედეგობრივი კავშირი ზიანსა და დამდგარ შედეგს შორის ვერანაირად ვერ დადგინდება მეტეოროლოგიური ცნობით, თუ არ არსებობს ზიანის გამომწვევი მიზეზის შესახებ სხვა მტკიცებულება, რომლის წარდგენის ვალდებულებაც გააჩნდა მოპასუხეს, რაც მას არ გაუკეთებია. თუ მოსარჩელე მიუთითებს ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე და დაზიანება გამოწვეულია შენობიდან ფილების ჩამოცვენით, ხოლო შენობა მოპასუხის საკუთრებაშია, სწორედ მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა, რომ ფილები ჩამოცვივდა არა შენობის მოუვლელობით (მოპასუხის ბრალეულობით), არამედ ძლიერი ქარის გამო. მოპასუხემ სათანადოდ ვერ გასწია საკუთარი მტკიცების ტვირთი და მას სასამართლოსთვის არ წარუდგენია წონადი მტკიცებულება, ასეთი კი შეიძლებოდა ყოფილიყო თუნდაც შენობაზე ბოლო დროს ჩატარებული სარემონტო სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე შემთხვევის დღეს იმავე ტერიტორიაზე სხვა შენობიდან სამშენებლო მასალის (ფილის) ჩამოგდების დამადასტურებელი ფაქტი (თუ ასეთი ფაქტი დადგეა). ამდენად, სასამართლომ მოსარჩელეს დააკისრა იმის დამტკიცების მოვალეობა, რაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელი იყო.
15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
15.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
15.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 6 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
17. საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან მიმართებით წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
18. კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და სადავო გარემოების (დაზღვეული ავტომობილის დაზიანების მიზეზის) დამტკიცების მოვალეობა ნაცვლად მოპასუხისა, მოსარჩელეს დააკისრა. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ საქმეზე წარდგენილი მეტეოროლოგიური პირობების დამადასტურებელი ცნობა (რომლის მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევის დღეს დაფიქსირდა ძალიან ძლიერი ქარი (ქარიშხალი)) არ შეიძლებოდა მოპასუხის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისა და სსსკ-ის 832-ე მუხლით განსაზღვრული უფლების (სუბროგაციის წესით თანხის ანაზღაურების მოთხოვნა) უარყოფის საკმარის საფუძვლად მიეჩნია სასამართლოს.
19. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები.
20. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. ნორმის აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს იმგვარ შემთხვევას, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით). სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან.
21. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2022 წლის 12 აპრილს ქ. თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, დაახლოებით 14:00 საათზე მოპასუხის კუთვნილი შენობიდან ჩამოვარდა სამშენებლო ფილა, რომელიც დაეცა მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარ სამსახურებრივ ავტომობილს (რომელიც ირიცხებოდა ცესკოს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ბალანსზე) და დააზიანა. ავტომობილი დაზღვეული იყო მოსარჩელის მიერ. დადგენილია ასევე, რომ მიყენებული ზიანი აანაზღაურა სადაზღვევო კომპანიამ (მოსარჩელემ), რომელიც წინამდებარე დავაში სუბროგაციის წესით ითხოვს დაზიანებული ავტომობილის შეკეთებისთვის გადახდილი თანხის მოპასუხისთვის დაკისრებას.
22. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის შესახებ, რომ ვინაიდან მოპასუხის მიერ საქმეში წარდგენილი მეტეოროლოგიური ცნობით დადასტურებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღეს ძლიერი ქარის (ქარიშხლის) არსებობა, გამოირიცხება სადაზღვევო შემთხვევის დადგომაში მოპასუხის ბრალეულობა და შესაბამისად სსკ 832-ე მუხლის გამოყენების საჭიროება.
23. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამქირავებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
24. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანზაღაურებაზე გამომდინარეობს დელიქტური პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი სპეციალური ნორმიდან - სამოქალაქო კოდექსის 1004-ე მუხლიდან, რომლის მიხედვით, შენობის მესაკუთრე ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც შენობის ჩამოქცევის ან მისი ცალკეული ნაწილების ჩამონგრევის შედეგად წარმოიშვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი არ არის გამოწვეული შენობის არასათანადო მოვლით ან შენობის ნაკლით; თუ ზიანი მიყენებულია შენობიდან საგნის გადაგდებით, გადავარდნით ან გადაღვრით, პასუხს აგებს პირი, რომელსაც დაკავებული აქვს სადგომი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზიანი დადგა დაუძლეველი ძალის მოქმედებით ან დაზარალებულის ბრალით.
25. მოხმობილი ნორმა არ შეიცავს მისი განხორციელების წინაპირობების ამომწურავ ჩამონათვალს და მასში მოიაზრება, მათ შორის, შენობის ექსპლუატაციიდან მომდინარე ყველა ის საფრთხე, რომელთა თავიდან აცილება დასაშვებია შენობის მოვლის წესების დაცვის შემთხვევაში (იხ. სუსგ საქმე №ას-600-2019, 14 ნოემბერი 2019 წელი). ასეთ ვითარებაში პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის მნიშვნელობა არ აქვს ვალდებული პირის ბრალეულობის ელემენტს.
26. სამოქალაქო კოდექსის 1004-ე მუხლით შენობის მესაკუთრის პასუხისმგებლობის განსაზღვრა უკავშირდება მესაკუთრის მიერ შენობის არასათანადო მოვლას ან საკუთრების ობიექტის ნაკლს, რაც მჭიდრო კავშირშია არა უშუალოდ ნივთის ფლობასთან და სარგებლობასთან, არამედ მესაკუთრის ვალდებულებებთან, იხმაროს ყველა ზომა არასათანადო მოვლის ან შენობის ნაკლის გამო საკუთრებიდან მომდინარე საფრთხეების თავიდან ასაცილებლად (იხ. სუსგ. საქმე №ას-1661-2019 , 25 თებერვალი, 2020 წელი).
27. ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობისა და წინამდებარე საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობისაა შეფასდეს დაზღვეული ავტომობილის დაზიანება რამდენად იყო გამოწვეული მოპასუხის კუთვნილი შენობის არასათანადო მოვლით ან შენობის ნაკლით (იხ. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების 6.7-ე, 6.8-ე პუნქტები), ხოლო, მეორე მხრივ, ვერ დაეთანხმება მითითებული საკითხის დასადასტურებლად სააპელაციო პალატის აპელირებას არა შენობის ნაკლის გამო მომდინარე საფრთხეზე, არამედ სადაზღვევო შემთხვევის დღეს მეტეოროლოგიური პირობების იმგვარად გაუარესებაზე, რაც მისივე მოსაზრებით, გამორიცხავდა სსკ-ის 832-ე მუხლის შესაბამისად მოპასუხის პასუხისმგებლობას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სააპელაციო სასამართლო დავის გადაწყვეტისას, მართებულად იშველიებს სსკ-ის 1004-ე მუხლის დისპოზიციას, რომელიც შენობის მესაკუთრეს აკისრებს შენობის არასათანადო მოვლით ან შენობის ნაკლით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, თუმცა დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან მოპასუხის გათავისუფლების საფუძლად მიუთითებს სადაზღვევო შემთხვევის დღეს დაფიქსირებულ გაუარესებულ მეტეოროლოგიურ პირობებზე - ძლიერ ქარზე (ქარიშხალზე) და არა მოპასუხის მხრიდან შენობის სათანადო მოვლის ფაქტზე.
28. საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებაშია ასახული სამოქალაქო კოდექსის 1004-ე მუხლის გამოყენების ფარგლები და მითითებულია, თუ რა შემთხვევაში ეკისრება პასუხისმგებლობა შენობის მესაკუთრეს შენობის ჩამოქცევის ან მისი ცალკეული ნაწილების ჩამონგრევისას წარმოშობილი ზიანის დადგომის დროს.
29. ერთ-ერთ საქმეში, სადაც მოსარჩელე დავობდა მოპასუხეთა კუთვნილი შენობიდან თოვლისა და ყინულის მასის ჩამოცვენით მისთვის მიყენებული ზიანის (ავტომობილის დაზიანების გამო) ანაზღაურებაზე, საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული დავა ექცეოდა სამოქალაქო კოდექსის 1004-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში და შენობის თითოეულ თანამესაკუთრეს (შენობა საზიარო საგანს წარმოადგენდა) ეკისრებოდა შენობის ექსპლუატაციიდან მომდინარე ყველა საფრთხის აღკვეთის ვალდებულება, ხოლო ნეგატიური შედეგის დადგომისას - ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს შეფასებით, ის ფაქტი, რომ დაზარალებული შემთხვევის დადგომამდე სიტყვიერად იქნა გაფრთხილებული, შეეცვალა ავტომობილის მდებარეობა, რადგან მოსალოდნელი იყო სახურავიდან თოვლის ჩამოქცევა და მისი ნივთის დაზიანება, ბუნებრივია, წარმოადგენს ზიანზე პასუხისმგებელი პირის მხრიდან საფრთხის აღკვეთის მცდელობას, თუმცა ნივთის მოვლის (სახურავის გადათოვლის) ვალდებულების დარღვევიდან, ასევე, საფრთხის აშკარა და სერიოზული ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოირიცხებოდა მოპასუხის პასუხისმგებლობა (იხ. სუსგ საქმე Nას-600-2019, 14 ნოემბერი, 2019 წელი).
30. სხვა საქმეში, სადაც სადავო იყო მოპასუხის კუთვნილი ჯიხურიდან რკინის კონტრუქციის ჩამოვარდნის გამო მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძვლიანობა, საკასაციო სასამართლო დაეთანხმა სააპელაციო პალატის მოსაზრებას მოპასუხის ბრალეულობის შესახებ და არ გაიზიარა კასატორის (მოპასუხის) პოზიცია, რომ მის მფლობელობაში არსებული ჯიხურიდან რკინის კონსტრუქციის ჩამონგრევა გამოიწვია უბედურმა შემთხვევამ, ძლიერმა ქარმა. სსკ-ის 1004-ე მუხლზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „შენობის ჩამონგრევის შედეგად ზიანის დადგომაში ბრალის გამომრიცხავი გარემოების მტკიცების ტვირთი ამ შენობის მფლობელს, მოცემულ შემთხვევაში, კასატორს ეკისრება, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ შეძლო იმის დადასტურება, რომ შენობიდან რკინის კონტრუქციის ჩამონგრევა არა შენობის ნაკლისა და მისი არასათანადო მოვლის, არამედ ძლიერი ქარის გამო მოხდა“ (იხ. სუსგ საქმე Nას-1422-2022 წელი, 30 მარტი, 2023 წელი).
31. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები). შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. სხვაგვარად შეუძლებელიცაა, რადგან საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს. ბუნებრივია, ერთი მხარე ყოველთვის შეეცდება, სასამართლოს სიტყვიერად თავის სასარგებლო პოზიციაზე მიუთითოს, ხოლო მეორემ - ეს პოზიცია უარყოს. მათი პოზიციების განხილვით ჭეშმარიტების დადგენა, რა თქმა უნდა გამორიცხულია (იხ. სუსგ საქმე №ას-1423-2019, 28.02.2020). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები კი უნდა იყოს დასაბუთებული და, იმავდროულად, უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].
32. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ამავე დროს, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რომელთა ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.
33. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს, თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი, პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა (იხ. სუსგ საქმე №ას-400-2020, 15.02.2020).
34. ზემოაღნიშნული სამართლებრივი შეფასებებისა და წინამდებარე დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის კუთვნილი შენობიდან ძლიერი ქარის გამო ჩამოვარდნილმა სამშენებლო ფილამ დააზიანა მოსარჩელის მიერ დაზღვეული ავტომობილი, ზიანის დადგომაში ბრალის გამომრიცხავი გარემოების დამტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა. სწორედ მას უნდა ემტკიცებინა, რომ შენობიდან სამშენებლო მასალის ჩამოვარდნა გამოიწვია არა შენობის სათანადო წესით მოუვლელობამ, არამედ უბედურმა შემთხვევამ, ძლიერმა ქარმა. ხოლო იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული მტკიცების ფარგლებში, სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე დოკუმენტი, რაც მის საკუთრებაში არსებული შენობის სათანადო მოვლას დაადასტურებდა (მაგ. საექსპერტო დასკვნა, რომელიც შენობის მდგრადობას დაადასტურებდა, ან უახლოეს წარსულში შენობაზე სარემონტო სამუშაოების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ), მხოლოდ მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების დამადასტურებელი ცნობა, სადაც მითითებულია, რომ შემთხვევის დადგომისას ქალაქში დაფიქსირდა 27-30მ/წმ სიჩქარის ძლიერი ქარი და არსადაა მითითება, თუ რა უარყოფითი შედეგები შეიძლებოდა გამოეწვია ამ სიჩქარით მოძრავ ქარს (მაგ. შენობების დაზიანება, შენობებიდან სამშენებლო მასალების ჩამოცვენა და სხვა) (იხ. ს.ფ 64), იგი არ შეიძლება მოპასუხის ბრალეულობის გამომრიცხავ საკმარის მტკიცებულებად ჩაითვალოს და საფუძვლად დაედოს პასუხისმგებლობისგან მის გათავისუფლებას.
35. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს გადახდილი აქვს დაზიანებული დაზღვეული ავტომანქანის აღდგენითი სამუშაოების თანხა, 2 796.60 ლარი, ხოლო ვინაიდან წინამდებარე დავაში დადასტურებულია მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა (უმოქმედობა - შენობის არასათანადო მოვლა) და დამდგარ შედეგს (ავტომანქანის დაზიანება) შორის, სახეზეა სუბროგაციის წესით სარჩელის დაკმაყოფილებისა და ზემოაღნიშნული თანხის მოპასუხისთვის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.
36. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება (რომლითაც უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის შესახებ) დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „ს.კ.უ–ნის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. სს „ს.კ.უ–ნის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიას სს „ს.კ.უ–ნის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2 796.6 ლარის გადახდა;
5. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სს „ს.კ.უ–ნის“ (ს.კ. ........) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი ბაჟის - 50 ლარის (საგადახდო დავალება N4862247, გადახდის თარიღი: 25.08.2022); მეორე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი ბაჟის - 150 ლარის (საგადახდო დავალება N5319555; გადახდის თარიღი: 21.04.2023) და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო დავალება N1701435379; გადახდის თარიღი: 01.12.2023), ჯამურად 500 ლარის გადახდა;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე