საქმე № ას-242-2023 20 დეკემბერი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - სს ,,ს–ი“ (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინასღმდეგე მხარე - შპს ,,ო-ბ.ტ.ქ-ფ–ი’’ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, აპელანტი)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2006 წლის 23 ივნისს შპს „ა.ე–სა“ (შემდგომში მომსახურების გამწევი ან მომსახურების გამწევი თავდაპირველი კომპანია) და შპს „ფ–ს“ (შემდგომში მოპასუხე, მომსახურების მიმღები ან მომსახურების მიმღები კომპანია) შორის დაიდო სატელეფონო კანალიზაციით მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც დადგინდა, რომ მომსახურების მიმღები ისარგებლებდა მომსახურების გამწევის მიერ მისთვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გასატარებლად გამოყოფილ სატელეფონო კანალიზაციაში თავისუფალი ადგილით შემდეგ ქალაქებში: ქობულეთში, ჩაქვსა და ბათუმში.
2. სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობისთვის ერთ ადგილზე, ყოველ სრულ და არასრულ 1 კმ კაბელზე (დიამეტრით 15 მმ) გადასახადი განისაზღვრა 70 ლარით.
3. მომსახურების მიმღებს ჯამურად გამოყენებული აქვს 24 230 გრძივი მეტრი კაბელი.
4. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 20 წლით და მისი შეწყვეტის, შეჩერების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ მხარეებს ერთმანეთისთვის უნდა ეცნობინებინათ წერილობით, ერთი თვით ადრე.
5. 2010 წლის 15 მარტს მომსახურების გამწევსა და სს „ს–ს“ (შემდგომში მოსარჩელე, ოფერენტი, ახალი კომპანია ან მომსახურების მიმღები ახალი კომპანია) შორის დაიდო გარიგება, რომლის თანახმად, მომსახურების გამწევმა მომსახურების მიმღებს კაპიტალში შენატანის სახით, გადასცა გარიგების დანართით გათვალისწინებული მატერიალური და არამატერიალური ქონება, მათ შორის, ლიცენზია და ქონების გადაცემა განხორციელდა საწესდებო კაპიტალში შენატანის გზით.
6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 30 აპრილის N215/19 გადაწყვეტილებით, 2010 წლის 1 მაისიდან მოპასუხისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულება დაევალა მოსარჩელეს, ასევე მას უნდა უზრუნველეყო კომისიის მითითებული გადაწყვეტილებით განსაზღვრულ შემთხვევაში განახლებული მოწვევის ოფერტების კომისიაში წარდგენა და გამოქვეყნება 2010 წლის 1 ივნისამდე, ხოლო მოწვევის ოფერტების გამოქვეყნებამდე ვალდებულების შესრულება - მოპასუხის მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტებით.
7. 2011 წლის 18 მარტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მოსარჩელის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტი) (შემდგომში შეთავაზება), რომლის 5.6. ქვეპუნქტით განიმარტა, რომ მოსარჩელის ინიციატივით მის მიერ გაწეულ მომსახურებაზე ტარიფის ცვლილება შესაძლებელი იყო ცალმხრივად, კომპანიისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე. შეტყობინება უნდა გაგზავნილიყო ცვლილების განხორციელებამდე მინიმუმ 2 კვირით ადრე მაინც. შეტყობინებას უთანაბრდებოდა კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, მხარის მიერ ტარიფების გამოქვეყნება.
8. შეთავაზების 5.7. ქვეპუნქტის თანახმად, თუ კომპანია არ ეთანხმებოდა ტარიფების ცვლილებას, ეს განხილული იქნებოდა, როგორც წინამდებარე ოფერტით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არსებითი დარღვევა და უარი მომსახურების მიღებაზე. ხოლო, თანხმობის შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებული იყო, სხვადასხვა დოკუმენტებთან ერთად, წარმოედგინა განაცხადში დაფიქსირებული დასტური (რაც დანართი N1-ის სახით ერთვის მოწვევის ოფერტს), რომ იგი გაცნობილი იყო, ეთანხმებოდა და უპირობოდ შეასრულებდა შეთავაზებაში დაფიქსირებულ ყველა პირობას (6.1. ქვეპუნქტი).
9. შეთავაზების 6.4. ქვეპუნქტით, განმცხადებელი ვალდებული იყო 7 კალენდარული დღის ვადაში მის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება უკან დაებრუნებინა მოსარჩელისთვის. თუ ამ ვადაში ხელშეკრულება არ დაბრუნდებოდა, ითვლებოდა, რომ განმცხადებელი უარს აცხადებდა შეთავაზებაზე, მოსარჩელე უფლებას იტოვებდა, დაუყოვნებლივ შეეწყვიტა მასთან ფაქტობრივი ურთიერთობები და ჩაითვლებოდა, რომ მოსარჩელეს განმცხადებელთან არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა არ აკავშირებდა.
10. მითითებული შეთავაზებით, ოფერენტის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ტარიფი აჭარის რეგიონში განისაზღვრა, 15 მმ-მდე დიამეტრი კაბელის შემთხვევაში - 70 ლარით, რაც შეესაბამებოდა 2006 წლის 23 ივნისის ხელშეკრულებით შეთანხმებულ ტარიფს.
11. 2012 წლის 8 ნოემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მოსარჩელის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების ახალი წინადადება (ახალი მოწვევის ოფერტი), რომლითაც კვლავ განიმარტა, რომ მომსახურებაზე ტარიფის ცვლილება შესაძლოა ცალმხრივად განხორციელებულიყო, რაც უთანაბრდებოდა აქცეპტანტთან გაფორმებული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანას. ოფერტის 3.4. ქვეპუნქტის თანახმად, თუ აქცეპტანტი 2 კვირის ვადაში წერილობითი ფორმით არ განაცხადებდა უარს ოფერენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებაზე, ჩაითვლებოდა, რომ აღნიშნული ცვლილება მის მიერ უპირობოდ იქნა მიღებული. გარდა ამისა, 4.5. ქვეპუნქტის თანახმად, აქცეპტანტი ვალდებული იყო 7 კალენდარული დღის ვადაში მის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება უკან დაებრუნებინა ოფერენტისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლებოდა, რომ აქცეპტანტი უარს აცხადებდა ოფერტზე და ოფერენტი უფლებას იტოვებდა დაუყოვნებლივ შეეწყვიტა მასთან ფაქტობრივი ურთიერთობები.
12. ზემოაღნიშნული ოფერტით მოსარჩელის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ტარიფი აჭარის რეგიონში განისაზღვრა 15 მმ-მდე დიამეტრი კაბელის შემთხვევაში - 266,44 ლარით. აღნიშნული ტარიფის დარიცხვა მოსარჩელემ დაიწყო 2014 წლის 1 მაისიდან.
13. 2015 წლის 22 სექტემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მოსარჩელის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადება (ახალი მოწვევის ოფერტი), რომლის თანახმად, 1 სექტემბრიდან ტარიფი განისაზღვრა, 15 მმ დიამეტრის კაბელზე - 20,81 ლარით. ოფერტის დანარჩენი პირობები ემთხვევა 2012 წლის 8 ნოემბრის ოფერტის პირობებს.
14. 2011 წლის მოწვევის ოფერტისაგან განსხვავებით, 2012 და 2015 წლების მოწვევის ოფერტების დროს მოპასუხეს ცალკე ხელშეკრულება არ გაგზავნია.
15. 2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე მოპასუხე მოსარჩელესთან ანგარიშსწორებას ახდენდა 70-ლარიანი ტარიფით.
16. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს მომსახურების გამწევი თავდაპირველი კომპანიის სამართალმემკვიდრეს და 2006 წლის 23 ივნისის ხელშეკრლებაში არ მომხდარა მის მიერ მხარის ჩანაცვლება. 2011 წლის 18 მარტიდან მოსარჩელე მოპასუხეს მომსახურებას აწვდიდა არა 2006 წლის 23 ივნისის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, არამედ მოსარჩელის 2011 წლის 18 მარტის მოწვევის ოფერტით განსაზღვრული პირობებით, აღნიშნული ოფერტის კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისა და მოპასუხისთვის ხელშეკრულების გაგზავნის საფუძველზე. მოპასუხე ინფორმირებული იყო მომსახურების ახალი პირობების შესახებ.
17. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს განემარტა, რომ მოსარჩელის მიერ 2015 წლის 22 სექტემბრის წინადადებით გათვალისწინებული მოთხოვნების უპირობოდ შეუსრულებლობის და შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა შეეწყვიტა მისთვის ელექტრონული საკანალიზაციო არხებთან დაშვების მომსახურება.
18. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 1 მარტის N125/6 გადაწყვეტილება მომსახურების მიმღებმა (ფ–მა) სასამართლოში გაასაჩივრა და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მან თავადვე თქვა სარჩელზე უარი, რის გამოც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მარტის განჩინებით მითითებულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება და გაუქმდა ქვედა ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
19. მოსარჩელის მოთხოვნა
18.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა 2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდისთვის დარიცხული დავალიანების - 52 344 ლარის მოპასუხისთვის გადახდის დაკისრება.
18.2. მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხესა და შპს „ა.ე–ს“ შორის 2006 წლის 23 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გასატარებლად გამოყოფილ სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობისთვის ერთ ადგილზე ყოველ სრულ და არასრულ 1 კმ კაბელზე, დიამეტრით 15მმ-ზე მოპასუხე იხდიდა 70 ლარს დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულების 3.5 პირობის თანახმად, ტარიფის ცვლილება უნდა მომხდარიყო მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით, რის შესახებაც მხარეები ერთმანეთს აცნობებდნენ წერილობით 30 დღით ადრე. ხელშეკრულება დაიდო 20 წლის ვადით.
18.3. 2010 წლის 15 მარტს მოსარჩელესა და შპს „ა.ე–ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, მოსარჩელეს გადაეცა შპს „ა.ე–ის“ მატერიალური და არამატერიალური აქტივები, ხოლო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 30 აპრილის 215/19 გადაწყვეტილებით, კომისიის მიერ შპს „ა.ე–ისთვის“ დაკისრებულ სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების ნაწილში იგი ჩაანაცვლა მოსარჩელემ. ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეს დაეკისრა, უზრუნველეყო საკუთარი განახლებული მოწვევის ოფერტების კომისიაში წარმოდგენა და გამოქვეყნება, ხოლო მათ გამოქვეყნებამდე - დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შესრულება შპს „ა.ე–ის“ მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტების შესაბამისად.
18.4. 2011 წლის 18 მარტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მოსარჩელის ახალი მოწვევის ოფერტიე, რომლითაც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 15მმ-მდე დიამეტრის კაბელის დაშვების ტარიფი შეადგენდა 70 ლარს დღგ-ს ჩათვლით, რაც ემთხვეოდა მანამდე მოქმედი ოფერტით გამოქვეყნებულ ტარიფებს. აღნიშნული ოფერტის დანართი N1 ითვალისწინებდა მომსახურების მიმღები ოპერატორის უპირობო აქცეპტის ვალდებულებას. ოფერტის თანახმად, მოპასუხეს გაეგზავნა მიმართვა თანდართული ხელშეკრულებით, რაზეც მას ხელი არ მოუწერია, არც შენიშვნები გაუგზავნია და მოსარჩელემ დაიწყო მომსახურების გაწევა აღნიშნული ოფერტით დადგენილი ტარიფით.
18.5. 2012 წლის 8 ნოემბერს კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მოსარჩელის ელექტრონული კანალიზაციის არხებთან დაშვების ახალი მოწვევის ოფერტი, რომლის N2 დანართის შესაბამისად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 15მმ-მდე დიამეტრის კაბელის დაშვების ტარიფი შეადგენდა 266,4 ლარს დღგ-ს გარეშე. აღნიშნული ოფერტიც ითვალისწინებდა მომსახურების მიმღები ოპერატორის უპირობო აქცეპტის ვალდებულებას, ხოლო მათი დუმილი (წერილობითი უარის არარსებობა) ითვლებოდა ახალი მოწვევის ოფერტით გათვალისწინებული პირობებზე თანხმობად.
18.6. მიუხედავად ამისა, მოპასუხე მოსარჩელესთან ანგარიშსწორებას ახდენდა მასსა და შპს „ა.ე–ს“ შორის გაფორმებული 2006 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 70-ლარიანი ტარიფით, რის გამოც, 2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის სექტემბრამდე პერიოდისთვის, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 52 344 ლარს.
20. მოპასუხის პოზიცია
19.1. მოპასუხემ სარჩელზე წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს „ა.ე–ის“ 2010 წლის 12 მარტის წერილითა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხემ განაგრძო სახელშეკრულებო ურთიერთობა მოსარჩელესთან და მომსახურების მიღება და ანგარიშსწორებაც გაგრძელდა 2006 წლის 23 ივნისის სახელშეკრულებო პირობებით. ამდენად, ხელშეკრულების ერთი მხარე (შპს „აჭარის ელექტროსისტემა“) ჩაანაცვლა მოსარჩელემ.
19.2. 2014 წლიდან მოსარჩელე მუდმივად ცდილობდა მომსახურების ღირებულების თვითნებურად, ცალმხრივად შეცვლას, რაზეც მოპასუხე წერილობით ატყობინებდა, რომ მხარეთა შორის მოქმედი ხელშეკრულებით მომსახურების ღირებულის შეცვლა ანდა ნებისმიერი ცვლილება დასაშვები იყო მხოლოდ ორმხრივი შეთანხმებით.
19.3. 2016 წლის 18 თებერვალს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა, განემარტა მოპასუხისთვის, რომ თუ სურდა ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების მომსახურების მიღების გაგრძელება, იგი ვალდებული იყო უპირობოდ დათანხმებოდა მოსარჩელის მიერ წარდგენილ ახალ მოწვევას ოფერტზე და გაეფორმებინა დაშვების ახალი ხელშეკრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შეუწყდებოდა დაშვების მომსახურების მიწოდება. კომისიის 2016 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასამართლოში.
21. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
22. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
23. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
22.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
22.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-20 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლზე და უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე იყო მომსახურების გამწევი თავდაპირველი კომპანიის უფლებამონაცვლე და ამ უკანასკნელსა და მოპასუხეს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, სახელშეკრულებო ურთიერთობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში გაგრძელდა მოპასუხესა და მომსახურების გამწევ ახალ კომპანიას (მოსარჩელეს) შორის. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან კომუნიკაცია სახელმწიფო რეგულაციებს დაქვემდებარებული სფეროა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, მოსარჩელე და მისი წინამორბედი, თავისი გადაწყვეტილებით ქმნიან სამოქალაქო კოდექსის 207-ე მუხლის შემადგენლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ მხარეთა ურთიერთთანმხვედრი ნება არ არის საკმარისი ამ სფეროში საქმიანობის განხორციელებისთვის. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 30 აპრილის 215/19 გადაწყვეტილებით სისრულეში მოვიდა მომსახურების გამწევი თავდაპირველი კომპანიისგან მოსარჩელისთვის 2006 წლის 23 ივნისის ხელშეკრულებით არსებული მოთხოვნების დათმობა სწორედ სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოს აქტის საფუძველზე (მოსარჩელეს მოპასუხისგან წარმოეშვა იმ თანხის გადახდის მოთხოვნის უფლება, რაც მანამდე გააჩნდა მოსარჩელის წინამორბედ კომპანიას). თუმცა ვინაიდან მოთხოვნის დათმობის სამართალში მოთხოვნის გადაცემის განხორციელებისთვის იმავდროულად უნდა მოხდეს სინალაგმის შენარჩუნება (ანუ მოთხოვნის გადაცემა შესრულების ვალდებულებასთან ერთად), მოსარჩელისგან მოპასუხისთვის მომსახურების გაწევის ვალდებულება სამართლებრივად უნდა შესრულდეს სსკ-ის 204-ე მუხლის (თუ ვალის გადაკისრების შესახებ შეთანხმდნენ მესამე პირი და მოვალე, მაშინ გადაკისრების ნამდვილობა დამოკიდებულია მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზე) საფუძველზე, ანუ ვალის გადაკისრების გზით.
22.3. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მომსახურების გამწევ ახალ კომპანიასთან (მოსარჩელესთან) ურთიერთობის გაგრძელებით დაეთანხმა ვალის გადაკისრებას მხოლოდ იმ პირობებით, რაც მანამდე გააჩნდა წინამორბედ კონტრაგენტთან - მომსახურების ფასზე შეთანხმებული არსებითი პირობით, ანუ მოსარჩელე წარმოადგენდა მომსახურების გამწევი თავდაპირველი კომპანიის უფლებამონაცვლეს მოპასუხესთან 2006 წლის 23 ივნისს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართალურთიერთობაში და მხარეთა შორის დავაც უნდა დარეგულირდეს არა 2012 წლის 8 ნოემბრის ოფერტზე მოწვევის, არამედ 2006 წლის 23 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე.
22.4. სააპელაციო სასამართლომ ასევე შეაფასა მხარეთა შორის არსებული სადავო საკითხი - მოსარჩელის 2012 წლის 8 ნოემბრის ოფერტზე მოპასუხის წერილობითი უარის არარსებობა უნდა ჩათვლილიყო თუ არა ოფერტით გათვალისწინებულ პირობებზე თანხმობად - აქცეპტად. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 335-ე მუხლით (თუ მეწარმე რომელსაც უცდება სხვა პირთა საქმიანი ოპერაციის შესრულება, მიიღებს ოფერტს ამგვარი საქმეების შესრულებაზე იმ პირისაგან, რომელთანაც იმყოფება საქმიან კავშირში, მაშინ იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში უპასუხოს ამ წინადადებას; მისი დუმილი ჩაითვლება აქცეპტად. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა მეწარმე იღებს ისეთ ოფერტს იმ პირისგან, რომლისგანაც იგი ითხოვდა შეკვეთებს ამგვარი საქმეების შესასრულებლად) და აღნიშნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხემ მომსახურების გამწევი ახალი კომპანიისგან (მოსარჩელისგან) მიიღო ინფორმაცია ოფერტზე მოწვევის ახალი პირობების შესახებ, თუმცა მას 2 კვირის განმავლობაში წერილობით არ დაუფიქსირებია უარი შეთავაზებაზე და ანგარიშსწორებას აგრძელებდა 2006 წლის 23 ივნისის ხელშეკრულებით შეთანხმებული ტარიფის მიხედვით (15 მმ-მდე დიამეტრის კაბელის დაშვებისთვის - 70 ლარი დღგ-ს ჩათვლით), რაც სასამართლოს მოსაზრებით, საფუძველს აცლის მოსარჩელის პოზიციას, რომ ოფერტზე მოწვევის ახალი პირობების გამოქვეყნების შემდგომ, მოპასუხემ კონკლუდენტური ქმედებით (მომსახურების უწყვეტად მიღებით) გამოხატა 2012 წლის 8 ნოემბრის ოფერტზე აქცეპტი.
22.5. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ასევე არ დგინდება დუმილით გამოხატული აქცეპტის წინაპირობების არსებობაც, ვიანიდან ხელშეკრულება სსკ-ის 335-ე მუხლის სამართლებრივ საფუძველზე (აქცეპტანტის დუმილი) დადებულად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია, ოფერენტს ჰქონდეს ობიექტური საფუძველი იმ ვარაუდისა, რომ აქცეპტანტს გააჩნდა მზაობა ხელშეკრულების შეთავაზებული შეცვლილი პირობებით დადებისადმი. ასეთ დროს, ობიექტურ ფაქტორებთან ერთად, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სუბიექტური ფაქტორები, უპირველესად კი, მხარის კეთილსინდისიერება, რათა დადგინდეს, იყო თუ არა საფუძვლიანი ოფერენტის ვარაუდი, რომ აქცეპტანტმა შეთავაზება დუმილით მიიღო. მოცემულ შემთხვევაში, 2012 წლის 8 ნოემბრის ოფერტზე მოწვევის პირობებით, მოპასუხეს მოსარჩელემ შესთავაზა ოთხჯერ გაზრდილი ფასი, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გონიერი დამკვირვებლის პოზიციიდან არ ქმნიდა იმ დასკვნის საფუძველს, რომ მოსარჩელე კეთილსინდისიერად ვარაუდობდა შეცვლილი პირობების მიმართ მოპასუხის მზაობას და მისი მხრიდან თანხმობის დუმილით გამოხატვას.
24. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
23.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
23.2. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი, ამავე კოდექსის 335.1-ე მუხლი და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსგავსი ტიპის (ქსელის ელემენტებთან დაშვების ან ურთიერთჩართვის) ხელშეკრულებები მკაცრად რეგულირდება მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტით და მხოლოდ ასეთი რეგულირების გავლის შემდეგ აქვეყნებს კომისია ტარიფს თავის ვებ-გვერდზე. მოცემულ შემთხვევაშიც, კომისიამ 2012 წლის 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ტარიფი, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ სფეროში მოქმედმა მარეგულირებელმა ორგანომ თავისი თანხმობა გამოხატა ტარიფის აღნიშნულ ოდენობაზე. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ტარიფები არა მხოლოდ თავისუფალი საბაზრო პირობების შესაბამისად ან ერთ-ერთი მხარის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, არამედ მარეგულირებელ კომისიასთან შეთანხმებითა და მისი კონტროლით დგინდება, სსკ მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის (სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი) გამოყენება დაუშვებელია. ოპერატორის კეთილსინდისიერება გამოიხატება იმაში, რომ იგი ტარიფს თვითნებურად და შეუთანხმებლად კი არ ზრდის, არამედ ამ საკითხს მარეგულირებელ უწყებასთან ათანხმებს, შესაბამისად, მას აღარ უნდა ეკისრებოდეს „კეთილსინდისიერების პრინციპთან“ ტარიფის შესაბამისობის მტკიცების ვალდებულება.
23.3. ამდენად, სასამართლოს სადავო საკითხის განხილვისას უნდა ეხელმძღვანელა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებით და არა სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონის 4.1 მუხლით დაუშვებელია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობაში ჩარევა, ამ საქმიანობის კონტროლი და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონით“, ამავე კანონის 4.3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, დამოუკიდებლობის განმსაზღვრელი ძირითადი პრინციპებია - შესაბამისი კანონით მინიჭებული საჯარო ფუნქციების (მათ შორის, ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსების ფუნქციის) სხვა ორგანოებისა და კერძო სამართლის პირებისთვის გადაცემის დაუშვებლობა.
23.4. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 198-ე და 207-ე მუხლები და არასწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელე გახდა მომსახურების გამწევი თავდაპირველი კომპანიის უფლებამონაცვლე. სინამდვილეში კი, თავდაპირველი კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოსარჩელეს დაევალა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 30 აპრილის #215/19 გადაწყვეტილებით, ანუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შესაბამისად, ამ ორ სუბიექტს შორის რაიმე შეთანხმება კი არ დაიდო, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით უფლებები და ვალდებულებები დროებით (ახალი ოფერტის გამოქვეყნებამდე) გადავიდა მოსარჩელეზე. 2011 წელს ახალი ოფერტის გამოქვეყნების შემდეგ კი, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ახალი სამართლებრივი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რაც არ გამომდინარეობდა მომსახურების გამწევ თავდაპირველ კომპანიასა და მოპასუხეს შორის მანამდე, 2006 წელს დადებული ხელშეკრულებიდან, არამედ გამომდინარეობდა მოწვევის ახალი, 2011 წელს გამოქვეყნებული ოფერტიდან.
23.5. სასამართლომ ასევე არ გამოიკვლია ის საკითხი, რომ მოპასუხე მოწვევის ოფერტებს არასოდეს პასუხობდა წერილობით. მას არც მოგვიანებით, 2015 წელს გამოქვეყნებულ ახალ ოფერტზე უპასუხია, რომლითაც მანამდე არსებული (სადავო) ტარიფი, 266.4 ლარი ჩანაცვლდა ახალი ტარიფით - 20.81 ლარით. ანუ მაშინ, როდესაც კომისიამ შეცვალა ტარიფი, მოპასუხემ „დუმილით“ განაგრძო ახალი ტარიფით ანგარიშსწორება. ამრიგად, ორი განსხვავებული ტარიფის დროს, მოპასუხის ერთსა და იმავე ქმედებასა და მათ სამართლებრივ შედეგებზე სააპელაციო სასამართლომ თავისი პოზიცია არ გამოხატა.
25. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
24.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
24.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
27. საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან მიმართებით წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
28. კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური კანონების ნაცვლად არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის ნორმები და არასწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ურთიერთობა გამომდინარეობდა არა 2012 წელს გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტიდან, არამედ 2006 წელს დადებული ხელშეკრულებიდან.
29. თავდაპირველად, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს უდავოდ დადგენილ იმ გარემოებას, რომ წინამდებარე დავა წარმოშობილია კავშირგაბმულობის სფეროში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ორ ავტორიზებულ პირს შორის. სადავო არ არის ისიც, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის სტატუსს განსაზღვრავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მის მიერვე გამოცემული ადმინისტრაციული აქტით. ასევე უდავოდ დადგენილია ის ფაქტიც, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოცემულია ადმინისტრაციული აქტი - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 1 მარტის N125/6 გადაწყვეტილება (რომლითაც დადგინდა, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს მომსახურების გამწევი თავდაპირველი კომპანიის სამართალმემკვიდრეს და 2006 წლის 23 ივნისის ხელშეკრლებაში არ მომხდარა მის მიერ მხარის ჩანაცვლება. 2011 წლის 18 მარტიდან მოსარჩელე მოპასუხეს მომსახურებას აწვდიდა არა 2006 წლის 23 ივნისის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, არამედ მოსარჩელის 2011 წლის 18 მარტის მოწვევის ოფერტით განსაზღვრული პირობებით, აღნიშნული ოფერტის კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისა და მოპასუხისთვის ხელშეკრულების გაგზავნის საფუძველზე. მოპასუხე ინფორმირებული იყო მომსახურების ახალი პირობების შესახებ. ა) შპს „ფ–ის“ მიერ სს „ს–ის“ საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების 2015 წლის 22 სექტემბრის წინადადებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისა და შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულების სს „ს–თან“ გაუფორმებლობის შემთხვევაში სს „ს–ი“ უფლებამოსილია შეწყვიტოს შპს „ფ–თან“ ელექტრონული საკანალიზაციო არხებთან დაშვების მომსახურება; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ფ–ს აქვს სს „ს–ისგან“ საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების მომსახურების მიღების სურვილი, შპს „ფ–ი“ ვალდებულია: ბ.ა. უპირობოდ დაეთანხმოს და შეასრულოს სს „ს–ის“ მოქმედი ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების 2015 წლის 22 სექტემბრის წინადადების პირობები; ბ.ა. გააფორმოს ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ხელშეკრულება სს „ს–თან“ წერილობით; 2) დაევალა შპს „ფ–ს“ 10 სამუშაო დღის ვადაში კომისიისთვის და სს „ს–ისთვის“ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სს „ს–ის“ კუთვნილ ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებში განთავსებულ იმ კაბელებთან დაკავშირებით, რომლითაც უზრუნველყოფილია ურთიერთჩართვის მომსახურების მიწოდება) ამჟამადაც ძალაშია და არ გაუქმებულა (მართალია მისი ბათილობა სასამართლო წესით მოითხოვა მომსახურების მიმღებმა (ფ–მა), თუმცა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მან თავადვე თქვა უარი სარჩელზე, რის გამოც, თბილისის სააპელაციო 2019 წლის 6 მარტის განჩინებით მითითებულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება და გაუქმდა ქვედა ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (რომლითაც ისედაც უარყოფილი იყო წარდგენილი სარჩელი (იხ. ტ. 2. ს.ფ 130-142; 169-172)).
30. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, როგორც დარგის მარეგულირებელი ორგანოს, ფუნქციებსა და კომპეტენციაზე.
31. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში სპეციალური კანონი) მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია (კანონის მე-5 მუხლი), რომლის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი (კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი).
32. კანონის მე-19 მუხლი ადგენს ავტორიზებულ პირთა ზოგად უფლებებსა და ვალდებულებებს. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია, შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
33. სპეციალური კანონის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია გამოაქვეყნოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელიც უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას: ოპერატორის ქსელის ელემენტების, მათი ფუნქციონალური რესურსებისა და თავისუფალი სიმძლავრეების, აგრეთვე დაშვებისა და ურთიერთჩართვის ტარიფების შესახებ, რათა მსურველ ავტორიზებულ პირს არ მოეთხოვოს ქსელის იმ ელემენტებისათვის, ტექნიკური საშუალებებისათვის ან ფუნქციონალური რესურსებისათვის დამატებითი საფასურის გადახდა, რომლებიც მას არ მოუთხოვია.
34. ამავე კანონით განსაზღვრულია კომისიის სპეციფიკური ვალდებულებები, რომელთაგან აღსანიშნავია, ინფორმაციის გამჭვირვალობის ვალდებულება (რომელიც ავალდებულებს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს მოწვევის ოფერტის საჯაროდ გამოქვეყნებას (სპეციალური კანონის 31-ე მუხლი)) და სატარიფო რეგულირების ვალდებულება, (რომელიც გულისხმობს იმას, რომ კომისიას დადგენილი აქვს შესაბამისი სატარიფო რეგულირების ვალდებულება (მუხლი 35)).
35. ზემოაღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერებით, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განსაზღვრული უფლებების რეალიზებასთან ერთად, ეკისრება ვალდებულება დაიცვას და შეასრულოს ყველა აუცილებელი მოქმედება, რაც კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებით არის დადგენილი (იხ. სუსგ საქმე #ბს-881 (კ-20), 7 ნოემბერი, 2022 წელი).
36. განსახილველ დავაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ „მომსახურების ბაზრის სეგმენტების - სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურებისა და სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის #656/22 გადაწყვეტილებით, შპს „ა.ე–ი“ ცნობილ იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურების ბაზრის სეგმენტზე და მას დაეკისრა სხვადასხვა სახის ვალდებულებები, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება.
37. ამავე კომისიის 2008 წლის 4 აპრილის #189/9 გადაწყვეტილებით, შპს „ა.ე–ისთვის“ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება 2010 წლის 1 მაისიდან დაეკისრა მომსახურების გამწევ ახალ კომპანიას, მოსარჩელეს. კომისიის 2009 წლის 13 ნოემბრის #610/9 გადაწყვეტილებით კი, მასვე დაევალა უზრუნველეყო განახლებული მოწვევის ოფერტების კომისიაში წარმოდგენა და გამოქვეყნება 2010 წლის 1 ივნისამდე, ხოლო მოწვევის ოფერტების გამოქვეყნებამდე ვალდებულებების შესრულება შპს „ა.ე–ის“ მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტებით.
38. მხარეები არ დავობენ, რომ მოსარჩელის წინამორბედ, მომსახურების გამწევ თავადაპირველ კომპანიასა და მოპასუხეს შორის 2006 წლის 23 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით, ასევე, კომისიის მიერ 2012 წლამდე გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტებით, აჭარაში სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობისთვის ერთ ადგილზე, ყოველ სრულ და არასრულ 1 კმ კაბელზე (დიამეტრით 15 მმ) მომსახურების ტარიფი განსაზღვრული იყო 70 ლარით (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო 2012 წლის შემდგომ მოსარჩელის მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტებით წინა ოფერტებით განსაზღვრული ტარიფი შეიცვალა ორჯერ. კერძოდ, 2012 წლის 8 ნოემბრის მოწვევის ოფერტით ტარიფი აჭარის რეგიონში განისაზღვრა 15 მმ-მდე დიამეტრი კაბელის შემთხვევაში - 266,44 ლარით (და ტარიფის დარიცხვა მოსარჩელემ დაიწყო 2014 წლის 1 მაისიდან), ხოლო 2015 წლის 22 სექტემბერს კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტით იმავე წლის 1 სექტემბრიდან - 20,81 ლარით.
39. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა 2014 წლის 1 მაისიდან (2012 წლის 8 ნოემბრის ოფერტის პირობების ამოქმედებიდან) 2015 წლის 1 სექტემბრამდე მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის გაწეული მომსახურების ღირებულებისა და ამ პერიოდში არსებული ტარიფის ოდენობა.
40. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ ვინაიდან მოპასუხემ კონტრაჰენტთან ანგარიშსწორება 2012 წლის 8 ნოემბრის შემდგომაც (მოსარჩელის მიერ მოწვევის ახალი ოფერტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ) კვლავ 2006 წლის 23 ივნისის ხელშეკრულებით შეთანხმებული ტარიფის (15 მმ-მდე დიამეტრის კაბელის დაშვებისთვის 70 ლარი, დღგ-ს ჩათვლით) შესაბამისად განაგრძო, აღნიშნული გამორიცხავდა შეთავაზებული ოფერტის მოპასუხის მხრიდან კონკლუდენტური ქმედებით (მომსახურების უწყვეტად მიღებით) აქცეპტირებას.
41. ამ დასკვნას, პირველ რიგში, აქარწყლებს თავად სადავო ურთიერთობის შინაარსი და ის გარემოება, რომ მოსარჩელე წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის სუბიექტს, რაც გულისხმობს კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებით მის შებოჭვას - მოწვევის ოფერტის საჯაროდ გამოქვეყნებისა და სატარიფო რეგულირების ვალდებულებას.
42. საკასაციო სასამართლო, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სპეციალური კანონით განსაზღვრულია ოფერტის საჯაროდ გამოქვეყნების იმგვარი წესი, რომ ეს გამოქვეყნება ექვემდებარება კომუნიკაციების კომისიის მკაცრ კონტროლსა და ზედამხედველობას – მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ შეთავაზებულ და რეგულირებას დაქვემდებარებული მომსახურებების ყველა სახის ოფერტი თანხმდება კომისიასთან და შემდეგ კომისია აქვეყნებს აღნიშნულ ოფერტებს მისივე ვებ-გვერდზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ოფერტის რომელიმე პირობა არ არის შესაბამისობაში კანონმდებლობის მოთხოვნებთან ან/და კომისიის მარეგულირებელ გადაწყვეტილებებთან, კომისია აღნიშნულ ოფერტს უბრუნებს ავტორიზებულ პირს, სთხოვს მისი პირობების შესაბამოსობაში მოყვანას კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ პირობებთან და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ აქვეყნებს ვებ-გვერდზე. მეტიც, დადგენილ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიას შეუძლია მოითხოვოს ოპერატორის საჯაროდ გამოქვეყნებულ მოწვევის ოფერტში ცვლილების ან დამატებების შეტანაც (სპეციალური კანონის 32-ე მუხლი).
43. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ არც 2012 წლის 8 ნოემბერს და არც მოგვიანებით, 2015 წელს გამოქვეყნებულ ოფერტზე, კომისიას ხარვეზი არ დაუდგენია, ოფერტში ასახული პირობები არ მიუჩნევია კანონსაწინააღმდეგოდ. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ტარიფები არა მხოლოდ თავისუფალი საბაზრო პირობების შესაბამისად ან ერთ-ერთი მხარის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, არამედ მარეგულირებელ კომისიასთან შეთანხმებითა და მისი კონტროლით დგინდება, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის (მოსარჩელის) მოსაზრებას მითითებულ ურთიერთობაზე სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის (სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი) გამოყენების დაუშვებლობის შესახებ და თვლის, რომ ტარიფის მარეგულირებელ უწყებასთან შეთანხმება მომსახურების გამწევ კომპანიას აღარ უნდა აკისრებდეს „კეთილსინდისიერების პრინციპთან“ ტარიფის შესაბამისობის მტკიცების ვალდებულებას.
44. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებით დადგენილ იმ უდავო გარემოებას, რომ მართალია, 2012 წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნებული გაზრდილი ტარიფის ამოქმედების შემდგომ, მოპასუხე წერილობით არ დაეთანხმა ტარიფის ცვლილებას და კვლავ ძველი ტარიფით ახდენდა ანგარიშსწორებას, თუმცა 2015 წელს, როდესაც ტარიფი საგრძნობლად შემცირდა (და განისაზღვრა 20.81 ლარით), მოპასუხეს არც მაშინ გამოუთქვამს წერილობითი დასტური ტარიფის ცვლილებაზე და ანგარიშსწორება განაგრძო შემცირებული ტარიფით. შესაბამისად, ეს გარემოება, დამატებით, უსაფუძვლოს ხდის მის პრეტენზიას, რომ 2014-2015 წლებში კვლავ მოქმედებდა 2006 წლის 23 ივნისის ხელშეკრულებით განსაზღვრული ტარიფი. ამ ლოგიკით, 2006 წლის ხელშეკრულებაში ასახული ტარიფი, ასევე, უნდა გავრცელებულიყო 2015 წლის შემდგომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებულ ურთიერთობებზე, რასაც თავისვე მოქმედებით (2015 წლის შემდგომ განახლებული ტარიფის გადახდით) შეეწინააღმდეგა მოპასუხე.
45. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმასაც, რომ არა მხოლოდ სპეციალური კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, არამედ მოსარჩელის მიერ გაცემული ოფერტის პირობებიც ადგენდა მოპასუხის მხრიდან წერილობითი უარის მიუღებლობის შემთხვევაში, ოფერტზე დათანხმების ვალდებულებას. ანუ ოფერტზე დუმილით დათანხმება ამავე ოფერტით უკვე გახდა სახელშეკრულებო დათქმა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმების მიხედვითაც იძლეოდა დუმილის თანხმობად მიჩნევის შესაძლებლობას („დუმილი გარიგების დადებაზე თანხმობად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როცა გარიგების მხარეები წინასწარ იყვნენ შეთანხმებული, რომ მათ მიერ განსაზღვრულ სიტუაციაში დუმილი ჩაითვლება თანხმობად (იხ. სუსგ საქმე №ას-1030-2019,17 ივლისი, 2020 წელი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის ელ.ვერსია, მუხლი 51).
46. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2012 წლის მოწვევის ოფერტის 3.2 მუხლში მითითებულია შემდეგი: „ოფერენტის“ ინიციატივით მის მიერ განხორციელებულ მომსახურებაზე შესაძლებელია ტარიფის ცვლილება ცალმხრივად, „ოფერენტის“ მიმართ კანონმდებლობითა და სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ვალებულებების გათვალისწინებით „აქცეპტანტისთვის“ წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე. შეტყობინება უნდა გაიგზავნოს ცვლილების განხორციელებამდე მინიმუმ 2 (ორი) კვირით ადრე მაინც. შეტყობინებას უთანაბრდება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში მხარის მიერ ტარიფების გამოქვეყნება კომისიის ვებ-გვერდზე. ამავე ოფერტის 3.4 მუხლში კი მითითებულია, რომ თუ წინამდებარე ოფერტის 3.2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში „აქცეპტანტი“ წერილობითი ფორმით არ განაცხადებს უარს ოფერენტის მიერ განსახორციელებელ ცვლილებაზე, ჩაითვლება, რომ აღნიშნული ცვლილება „აქცეპტანტმა“ მიიღო უპირობოდ (იხ. ტ. 1. ს.ფ 98)
47. 2011 წლის მოწვევის ოფერტის 5.6 მუხლში კი აღნიშნულია: მომსახურების გამწევი კომპანიის ინიციატივით მის მიერ გაწეულ მომსახურებაზე ტარიფის ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს ცალმხრივად, კომპანიისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე. შეტყობინება უნდა გაიგზავნოს ცვლილების განხორციელების ვადამდე მინიმუმ 2 კვირით ადრე მაინც. შეტყობინებას უთანაბრდება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, მხარის მიერ ტარიფების გამოქვეყნება (იხ. ტ. 1. ს.ფ 89).
48. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი მსჯელობის ერთობლივად შეფასებით, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ 2012 წლის 8 ნოემბერს მოწვევის ოფერტზე მოპასუხის მხრიდან დუმილით განხორციელებული აქცეპტის საფუძველზე მხარეთა შორის წარმოიშვა სსკ-ის 316-317-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა ახალი სახელშეკრულებო პირობებით, მათ შორის, ახალი ტარიფით, რის საფუძველზეც მხარეებმა იკისრეს კონკრეტული ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ, მათ შორის მომსახურების საფასურის სრულად და ჯეროვნად გადახდის ვალდებულება.
49. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (იხ. სუსგ საქმე №ას-696-696-2018, 06.07.2018წ.; საქმე №ას-1747-2019, 28.05.2020წ.; საქმე №ას-1768-2019, 29.05.2020წ.). სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე. დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს დარღვეული უფლების დაცვა (იხ. მ.თოდუა/ჰ.ვილემსი, ვალდებულებითი სამართალი, თბილისი, 2006, 37).
50. ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულებისადმი ინტერესი შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის მოვალეობა ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება მოეთხოვება. შეიძლება ითქვას, რომ შესრულება ჯეროვანია, როცა შესრულება ხდება დათქმულ დროს, დათქმულ ადგილას, უფლებამოსილი პირის მიმართ, ვალდებული და უფლებამოსილი პირის მიერ და ვალდებულების შესრულების საგნით ანუ, ვალდებულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების საგნისათვის წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად, მაგალითად, შეთანხმებული ხარისხის ნივთის გადაცემით, მომსახურების გაწევით, სამუშაოს შესრულებით და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წელი).
51. ამასთან, მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი, არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს.
52. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ჯეროვნად არ შეასრულა მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულება და არასრულად და არაჯეროვნად დაფარა მომსახურების საფასური. კერძოდ, სადავო პერიოდში (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე) მოპასუხე მომსახურების საფასურს ნაცვლად ახალი მოწვევის ოფერტით (2012 წლის 8 ნოემბერს გამოცემული ოფერტით) განსაზღვრული 266.44 ლარისა, იხდიდა 70 ლარს.
53. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო პერიოდში მოპასუხეს ჯამურად გამოყენებული აქვს 24 230 გრძივი მეტრი კაბელი, ხოლო ვინაიდან სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობისთვის ერთ ადგილზე, ყოველ სრულ და არასრულ 1 კმ კაბელზე (დიამეტრით 15 მმ) 2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე მას უნდა გადაეხადა 266.44 ლარი, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს დაუფარავი საფასურის - 52 344 ლარის გადახდა.
54. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
55. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „ს–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს „ო-ბ.ტ.ქ-ფ–ს“ სს „ს–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 52 344 ლარის გადახდა;
3. შპს „ო-ბ.ტ.ქ-ფ–ს“ (......) სს „ს–ის“ (.......) სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციაში ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 6 281.28 ლარი;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე