Facebook Twitter

საქმე №ას-1488-2022 29 ნოემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე–მა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შემსყიდველი“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი (სარჩელით მოთხოვნილი იყო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 173 250 ლარის გადახდის დაკისრება) შპს „ე–მას“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მიმწოდებელი“) მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 20.03.2018წ. N202 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა შემცირებული პირგასატეხლოს 17 325 ლარის გადახდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მხარეთა შორის 2018 წლის 20 მარტს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N202 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შესყიდვის საგანს წარმოადგენდა უბნის ინსპექტორის პერანგები.

2.2. ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 770 000 ლარს.

2.3. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა მოკლე სახელოებით პერანგების შემთხვევაში შეადგენდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 კალენდარულ დღეს, 22 000 ცალი ერთეული, 374 000 ლარის ჯამური ღირებულებით; ხოლო, გრძელი სახელოებით პერანგების მიწოდების ვადად განისაზღვრა 140 კალენდარული დღე, 22 000 ცალი ერთეული, ღირებულებით ჯამში 396 000 ლარი.

2.4. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა ხელშეკრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით; ხოლო, ხელშეკრულების 9.3 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის, გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით.

2.5. უბნის ინსპექტორის პერანგები მოკლე სახელოთი, ნაცვლად 2018 წლის 08 ივნისისა, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 09 ივლისს, 31 კალენდარული დღის დაგვიანებით. ხოლო, პერანგები გრძელი სახელოთი, ნაცვლად 2018 წლის 07 აგვისტოსა, მიწოდებულ იქნა 2019 წლის 07 თებერვალს, 184 კალენდარული დღის დაგვიანებით.

2.6. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისა და არაჯეროვანი შესრულებისათვის მოპასუხემ, ხელშეკრულების 10.5 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელესთან ცალმხრივად შეწყვიტა 2018 წლის 20 მარტის ხელშეკრულება. ასევე, მოპასუხეს დაერიცხა პირგამატეხლო ჯამში 173 250 ლარის ოდენობით.

3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით, მხედველობაში მიიღო საქმის კონკრეტული გარემოებები, კერძოდ, შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობითა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა დარღვევების გათვალისწინებით და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების და არა შესასრულებელი ვალდებულების 0,1%-ის ოდენობით, მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში დათქმული პირობის მიუხედავად, არაგონივრულია, მაღალია და ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების სტანდარტს. სააპელაციო სასამართლომ ასევე შეუსაბამოდ მაღალ და არაგონივრულ ოდენობად მიიჩნია პირგასამტეხლო ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში 1%-ის ოდენობით.

4. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

9. საკასაციო საჩივრის თანახმად:

9.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მეწარმე სუბიექტი წინასწარ, გაცნობიერებულად დათანხმდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს. მას შეეძლო აღნიშნულ პირობაზე ეთქვა უარი, თუმცა ხელშეკრულების დადების ეტაპზე პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს; ასევე, ის გარემოება, რომ მოსარჩელე სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისად დადებულ ხელშეკრულებებში პირგასამტეხლოს ითვალისწინებს არა სადამსჯელო ფუნქციით, არამედ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად;

9.2. უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, შემცირებას ექვემდებარება პირგასამტეხლო, რომელიც გონივრულობის ფარგლებს სცდება. მოცემულ შემთხვევაში მხარეს 6 თვის განმავლობაში (184 დღე) ვალდებულება საერთოდ არ შეუსრულებია;

9.3. 0,1%-ის ოდენობით პირგასამტეხლო შეესაბამება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

11. ამდენად, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ასეთ დროს სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ასევე, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიც არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1560-1463-2012, 28 დეკემბერი, 2012 წელი; Nას-1200-1145-2013, 16 მაისი, 2014 წელი; Nას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; Nას-1511-2018, 26 მარტი, 2019 წელი; Nას-183-2021, 29 ნოემბერი, 2022 წელი).

12. საკასაციო სასამართლო აგრეთვე განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იყოს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს (იხ. სუსგ საქმე Nას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი).

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე Nას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი).

14. მოცემულ შემთხვევაში დარღვეული ვალდებულების ხასიათისა (სადავო არაა ხელშეკრულების შესრულების ხარისხი, არამედ დარღვეულია მხოლოდ სამუშაოს შესრულების ვადა) და მოცულობის, ხელშეკრულების საერთო ღირებულების (770 000 ლარი), დარღვევით გამოწვეული შესაძლო ზიანისა და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის (ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,1%, ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1%, ჯამში 173 250 ლარი) გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა (17 325) გონივრულ და სამართლიან ოდენობას წარმოადგენს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შესაბამისობაშია პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1164-2019, 22 ნოემბერი, 2019 წელი; Nას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი; Nას-1288-2020, 11 ივნისი, 2021 წელი; Nას-603-2021, 14 დეკემბერი, 2021 წელი), ხოლო კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. კასატორმა ვერ დაადასტურა პირგასამტეხლოს შემცირების არამართლზომიერება და საკასაციო პალატა ვერ დაარწმუნა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობების არსებობაში.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

17. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი