საქმე №ას-1305-2021 18 აპრილი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.ბ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ს–ვი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ი.ბ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ს–ვის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს შპს „G“-ის სასარგებლოდ დაეკისრა სალაროს ნაშთის - 12 844 ლარისა და საქონლის ნაშთის - 115 214.84 ლარის გადახდა; მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის, როგორც შპს „G“-ის, ისე პარტნიორის - მოსარჩელის სასარგებლოდ 568015 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. შპს „G.“ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია (რეგისტრაციის თარიღი - 24.10.2012წ.), რომლის პარტნიორები არიან აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - მოსარჩელე (70% წილის მესაკუთრე პარტნიორი) და მოპასუხე (30% წილის მესაკუთრე პარტნიორი). საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას ახორციელებდა 30% წილის მესაკუთრე, დირექტორი - მოპასუხე;
2.2. საზოგადოების ძირითადი საქმიანობის საგნად განისაზღვრა საქონლის იმპორტი და დისტრიბუცია. საწარმოს იურიდიულ მისამართად რეგისტრირებულია - საქართველო, ქ. თბილისი, .....;
2.3. შპს „G.“-ის მისამართად მითითებული უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, ........, ს/კ ........, მესაკუთრეა მოპასუხე;
2.4. 2013 წლის 29 აპრილს მოპასუხისა და ი.თ–ვას 50-50% წილობრივი მონაწილეობით დაარსდა შპს „Ph.“, რომლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობასაც ახორციელებდა მოპასუხე. საწარმოს იურიდიულ მისამართად რეგისტრირებულია - საქართველო, ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, .....;
2.5. ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ........ რეგისტრირებულია ასევე მეწარმე სუბიექტი - შპს „ს.ა–ნი“, რომლის 100% წილის მესაკუთრე და ამავდროულად დირექტორია ი.თ–ვა;
2.6. შპს „Ph.“ და შპს „ს.ა–ნი“, შპს „G.“-ის მსგავსად, დაკავებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკის რეალიზაციით. ამასთან, კონკრეტული საწარმოები ახორციელებენ საქონლის საცალო რეალიზაციას განსხვავებით შპს „G.“- ისა, რომელიც დაკავებული იყო პროდუქციის საბითუმო მიწოდებით;
2.7. შპს „ს.ა–ნი“ უშუალო სახელშეკრულებო ურთიერთობაში იყო შპს „G.“-თან, რომლისგანაც პერიოდულად ყიდულობდა საყოფაცხოვრებო ტექნიკას და შეძენილი საქონლის ღირებულების ანაზღაურებას ახორციელებდა ეტაპობრივად რეალიზაციის შესაბამისად;
2.8. 2014 წლის 30 მარტის შედარების აქტის შესაბამისად, 01.01.2013-30.03.2014 შესადარებელ პერიოდზე შპს „ს.ა–ნის“ დავალიანება შპს „G.“-ის მიმართ შეადგენდა 64 956 ლარს, რაც აღიარებულია მოვალე სუბიექტის მიერ;
2.9. შპს „G.“-ის პარტნიორებმა - მოსარჩელემ და მოპასუხემ 2015 წლის 13 იანვრის პარტნიორთა კრებაზე მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება შეეძინათ შპს „რ–ოს“ 30% წილი;
2.10. პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 2015 წლის 13 იანვარს შპს „G.“-მა ს.ქ–თან ერთად შეიძინა შპს „რ–გან“ შპს „რ–ოს“ 100% წილი, კერძოდ, კონკრეტული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „რ–ოს“ 70% წილი საკუთრებაში გადაეცა ს.ქ., ხოლო 30% წილი შპს „G.“-ს. ამავე ხელშეკრულებაში გაცხადდა, რომ ნასყიდობის საგანი არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით, კერძოდ, შპს „რ–ს“ ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 173 841.22 ლარის ოდენობით. წილის ნასყიდობის გაფორმებისა და პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „რ–ოს“ დირექტორად დაინიშნა მოპასუხე;
2.11. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა ნდობით აღჭურვილი ურთიერთობა, რასაც მოწმობს 2015 წლის 7 ნოემბერს მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე მინდობილობის გაცემა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელემ გამოავლინა ნება, მისი როგორც შპს „G.“-ის 70% წილის მესაკუთრის სახელით მოპასუხეს მონაწილეობა მიეღო შპს „G.“-ისა და შპს „რ–ოს“ პარტნიორთა კრებებზე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება შპს „რ–ოს“ კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონებისა და შპს „რ–ოში“ შპს „G.“-ის კუთვნილი 30%-იანი წილის მართვასა და განკარგვას;
2.12. 2016 წლის 23 მაისს შპს „რ–ოს“ პარტნიორებს შპს „G.“-ს (წარმოდგენილი მოპასუხის სახით) და ს.ქ. შორის დაიდო წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, შპს „G.“-მა კუთვნილი 30% წილი საკუთრებაში გადასცა ს.ქ., რის შედეგადაც მის საკუთრებაში აღირიცხა შპს „რ–ოს“ 100% წილი;
2.13. შპს „G.“-ის პარტნიორებს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოიშვა გაუგებრობა საწარმოს საქმიანობასა და შემოსავლებთან დაკავშირებით, რამაც განაპირობა მხარეთა დაპირისპირება;
2.14. 2016 წლის 7 დეკემბერს მოსარჩელემ წერილობით მიმართა იმ დროისთვის საწარმოს დირექტორს - მოპასუხეს და განუმარტა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, შპს „G.“-ის მართვისა და კომერციული საქმიანობის წარმართვისას, დირექტორის მიერ დაშვებულია დარღვევები, რაც შესაძლოა გახდეს სამართალდამცავი ორგანოების მსჯელობის საგანი. ამას გარდა, მოსარჩელემ აღნიშნა მისი პრეტენზია მოგების განაწილებასა და დირექტორის მიერ ინტერესთა კონფლიქტის დარღვევასთან მიმართებით, რაც ზიანის მომტანია საზოგადოებისა და მისთვის, როგორც პარტნიორისათვის. წერილის ფარგლებში, მოსარჩელემ მიუთითა საწარმოს წესდების 3.2 პუნქტზე და მოითხოვა პარტნიორთა საერთო კრების მოწვევა, რომლის დღის წესრიგის განსახილველ საკითხად მიუთითა - დირექტორის გამოწვევა და ახალი დირექტორის დანიშვნა, თანახმად წესდების 3.6 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა. ამავე წერილით შპს „G.“-ის 70% წილის მესაკუთრემ აცნობა პარტნიორთა საერთო კრების ჩატარების თარიღი და ადგილი;
2.15. 2016 წლის 7 დეკემბერს მოსარჩელემ მოპასუხეს ასევე წერილობით მოსთხოვა საწარმოს დოკუმენტაციის გაცნობა მისი წარმომადგენლების თანდასწრებით და განუსაზღვრა ვადა მითითებულ მოთხოვნასთან მიმართებით შესაბამისი რეაგირებისათვის;
2.16. 2016 წლის 13 დეკემბერს, მას შემდგომ, რაც გავიდა პასუხის მისაღებად დათქმული ვადა, მოსარჩელემ კვლავ მიმართა მოპასუხეს საწარმოს დოკუმენტაციის გაცნობის მოთხოვნით, ამასთან, განუმარტა, რომ მის მიერ გაფორმებულია მომსახურების ხელშეკრულება აუდიტორულ კომპანიასთან, რათა მისი მეშვეობით შეფასდეს საწარმოს საქმიანობა;
2.17. 2016 წლის 15 დეკემბერს გაიმართა შპს „G.“-ის დამფუძნებელ პარტნიორთა კრება, რომელსაც ესწრებოდა მხოლოდ 70% წილის მესაკუთრე მოსარჩელე. კრებაზე განსახილველ საკითხს შეადგენდა საწარმოს დირექტორის გამოწვევა და ახალი დირექტორის დანიშვნა, თუმცა შპს „G.“-ის 30%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის კრებაზე გამოუცხადებლობის გამო გადაიდო პარტნიორთა კრება და განისაზღვრა ახალი თარიღის ცნობების ვალდებულება გამოუცხადებელი პარტნიორისათვის;
2.18. 2016 წლის 16 დეკემბერს მოსარჩელემ დამატებით მიმართა წერილობით მოპასუხეს და აცნობა საწარმოს პარტნიორთა კრების ახალი თარიღი, რომელზე განსახილველ საკითხს კვლავ შეადგენდა დირექტორის გამოწვევა და ახალი დირექტორის დანიშვნა;
2.19. 2016 წლის 27 დეკემბერს გაიმართა შპს „G.“-ის მორიგი სხდომა, რომელსაც კვლავ ესწრებოდა მხოლოდ 70% წილის მესაკუთრე პარტნიორი მოსარჩელე, სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით შპს „G.“-ის დირექტორობიდან გათავისუფლდა მოპასუხე და მის ნაცვლად დაინიშნა 70% წილის მესაკუთრე - მოსარჩელე;
2.20. 2017 წლის 20 თებერვალს მოპასუხემ წერილობით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენლებს მათ მიერ მოთხოვნილი საწარმოს დოკუმენტაციის მიწოდებასთან მიმართებით და აცნობა, რომ უახლოეს მომავალში მიაწოდებდა საწარმოს სრულ დოკუმენტაციას;
2.21. 2017 წლის 19 მარტს მოპასუხემ ელ-ფოსტის მეშვეობით, დ.ბ–ძეს (Mail: d.b....@gmail.com) გაუგზავნა შპს „G.“-ის საბუღალტრო დოკუმენტები ფაილის სახით.
3. სააპელაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენდა საწარმოს დირექტორის მიერ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების შედეგად საწარმოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა.
4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დერივაციული სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე გამოდის საწარმოს წარმომადგენლად. სარჩელის აღძვრისას იგი არ ყოფილა საწარმოს დირექტორი, ხოლო 2017 წლის იანვრიდან იგი წარმოადგენს კონკრეტული საწარმოს დირექტორს, შესაბამისად, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს საწარმოს სასარგებლოდ ვალდებულების შესრულება არა მხოლოდ როგორც პარტნიორმა დერივაციული სარჩელის ფარგლებში, არამედ ედავოს ყოფილ დირექტორსა და საწარმოს მოქმედ პარტნიორს, როგორც ამჟამინდელმა დირექტორმა და, შესაბამისად, საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა.
5. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ აუდიტორული კომპანია - „ბ. და კ–იის“ 2018 წლის 12 აპრილის დასკვნას და ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოპასუხე მხარის განმარტებაზე, რომ აუდიტორული დასკვნა არასრულად და არაზუსტად ასახავს კომპანიის ფინანსურ მონაცემებს და იგი შედგენილია მოსარჩელის დაკვეთით და მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რის გამოც აღნიშნული დასკვნის საფუძველზე მოპასუხეს არ უნდა დაკისრებოდა არარსებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, მით უფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ თავად დასკვნის შემდგენი პირის განმარტების შესაბამისადაც, დასკვნა ვერ ასახავს ზუსტ მონაცემებს.
6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ზემოაღნიშნული დასკვნა მომზადებულია შპს „G.“-ის დირექტორის - მოსარჩელის დაკვეთით და მის მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით, კერძოდ, საფინანსო-ეკონომიკური ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით დამკვეთმა წარადგინა: ა) შპს „G.“-ის მიერ განხორციელებულ იმპორტირებულ საქონელზე გამოწერილი 7 ერთეული საბაჟო დეკლარაცია; ბ) ელექტრონულ ვებ-პორტალ „RS.GE“-ზე შპს „G.“-ის გვერდზე წვდომის უფლება; გ) შპს „G.“-ის საბანკო ანგარიშების ამონაწერები არსებულ ანგარიშებზე EXCEL-ის ფორმატით დაარსების დღიდან 2018 წლის 11 აპრილამდე. საფინანსო-ეკონომიკური ექსპერტიზის წინაშე დაისვა 7 შეკითხვა და, შესაბამისად, აუდიტორული დასკვნით შეფასდა საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, საბაჟო დეკლარაციებისა და ვებ-პორტალ „RS.GE“-ს შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ: I - შპს „G.“-ის მიერ დაარსების დღიდან 2017 წლის 3 იანვრამდე იმპორტირებული და ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლის ღირებულება შეადგენს 739 115.79 ლარს [დასკვნას თან ერთვის დანართის სახით (დანართი N1) დეტალური ინფორმაცია იმპორტირებული და ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლის დასახელებებისა და რაოდენობის შესახებ]; II - ორგანიზაციის დაარსების დღიდან - 2017 წლის 3 იანვრამდე რეალიზებულია 756 616.4 ლარი [დასკვნას თან ერთვის (დანართი N2) დეტალური ინფორმაცია რეალიზებული საქონლის დასახელებების და რაოდენობის შესახებ, ცხრილის სახით]; III - შპს „G.“-ის საბანკო ანგარიშების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ დაარსების დღიდან 2017 წლის 3 იანვრამდე საქონლის რეალიზაციის შედეგად შესულია 302 311 ლარი; IV - საკონტროლო სალარო აპარატის მეშვეობით საქონლის რეალიზაციის შედეგად დაარსების დღიდან 2017 წლის 3 იანვრამდე შესულია 14 115 ლარი [შესულ თანხებთან მიმართებით ინფორმაცია „RS.GE“-ზე არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ცხრილის სახით თან ახლავს დასკვნას (დანართი N4)]; V - აუდიტორულ დასკვნაში აღინიშნა, რომ წარდგენილი დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე სალაროს ნაშთი 2017 წლის 3 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 12 844 ლარს; VI - წარდგენილი დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე, კერძოდ, საბანკო ამონაწერების, ვებ-პორტალ „RS.GE“-ზე არსებული ინფორმაციის დამუშავებით 2017 წლის 3 იანვრის მდგომარეობით გამოვლინდა დებიტორული დავალიანება 568 015 ლარის ოდენობით [დასკვნას თან ერთვის დეტალური ინფორმაცია კონკრეტული დებიტორული დავალიანების შესახებ ცხრილის სახით (დანართი N5)]; VII - წარდგენილი დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე განისაზღვრა არსებული სასაქონლო ნაშთები 2017 წლის 3 იანვრის მდგომარეობით, როგორც რაოდენობრივი, ასევე თანხობრივი მაჩვენებლებით და თანხობრივი ჯამური მაჩვენებელი სარეალიზაციო ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს 115 214.84 ლარს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა აერთიანებდა მითითებული აუდიტორული დასკვნის V-VII ნაწილში არსებულ მოთხოვნებს, კერძოდ, მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეს საწარმოს სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა ჯამში - 696 074 ლარი, რაც მოიცავდა: ა) 12 844 ლარის ოდენობით სალაროს ნაშთს; ბ) 568 015 ლარის ოდენობით დებიტორულ დავალიანებასა და გ) 115 214.84 ლარის ოდენობით სასაქონლო ნაშთის თანხობრივ მაჩვენებელს.
7. სააპელაციო პალატა გაეცნო რა წარდგენილი აუდიტორული დასკვნის მონაცემებს, შეისწავლა თანდართული მასალა და უშუალოდ დასკვნითი ნაწილი, გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია მოპასუხის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან მიმართებით, კერძოდ, საწარმოს ფინანსურ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით იკვეთება ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირის მიერ მასზე დაკისრებული ფიდუციური მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნა არ არის გაბათილებული შესაბამისი წონადი მტკიცებულებით (ალტერნატიული დასკვნით), რომელიც ასახავდა იმ მონაცემებს, რასთან მიმართებითაც მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილია პრეტენზია. ასევე, დასკვნის ფარგლებში შესასწავლ პერიოდში მოპასუხე წარმოადგენდა საწარმოს დირექტორს და, შესაბამისად, მას სრული წვდომა ჰქონდა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას არსებულ ფინანსურ მონაცემებთან. სასამართლოს დასკვნით, იმ ვითარებაში, როდესაც მხარე სადავოდ ხდის დასკვნის მართებულობას, არასრულ და არაზუსტ მონაცემებზე მითითებით, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მას ევალებოდა ალტერნატიული აუდიტორული დასკვნის წარმოდგენა და ამ გზით სადავო დასკვნაში ასახული მონაცემების გაბათილება, რაც ვერ ჩანაცვლდება მხოლოდ ზეპირი განმარტებებით.
8. სააპელაციო პალატის მითითებით, სასამართლო სხდომაზე მოწვეული სპეციალისტის მიერ ზოგადი განმარტებები ვერ გახდება წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის გამაბათილებელი, რამეთუ დასკვნით შეფასებულია საწარმოს ფინანსური დოკუმენტები და იგი შეიცავს კონკრეტულ მონაცემებს საწარმოსთან მიმართებით, შესაბამისად, სპეციალისტის ზოგადი განმარტება ვერ გახდება დასკვნაში მითითებული კონკრეტული თანხების გამაქარწყლებელი. თუ მხარე რეალურად დაინტერესებული იყო სრული და ჭეშმარიტი მონაცემების მიღებით, უპირველესად მის ინტერესს წარმოადგენდა მიეწოდებინა აუდიტორისათვის ყველა დოკუმენტი, ან ჩაეტარებინა ალტერნატიული აუდიტორული შემოწმება, რის საფუძველზეც სასამართლოს შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მიეცემოდა შესაძლებლობა შეეფასებინა და ერთმანეთთან შეპირისპირების შედეგად გაეზიარებინა მათგან უფრო სრული და სარწმუნო მტკიცებულება, რაც მხარეს არ განუხორციელებია.
9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის, როგორც საწარმოს დირექტორის, არაკეთილსინდისიერება დასტურდება არაერთი გარემოებით. კერძოდ, მოპასუხისათვის მიუღებელი აღმოჩნდა მოსარჩელის ინიციატივა აუდიტორული დასკვნის მომზადებასთან მიმართებით, ასევე მოპასუხე გარკვეული დროის მანძილზე არ აწვდიდა საწარმოს ფინანსურ დოკუმენტაციას 70% წილის მესაკუთრე პარტნიორს, რაც მის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენდა. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ამყარებს ეჭვს კონკრეტული სუბიექტის არაკეთილსინდისიერებასთან მიმართებით, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე, როგორც თვითონ აღნიშნავს, ყველა გადაწყვეტილებას მოსარჩელესთან ერთად იღებდა, მაშინ მას საწინააღმდეგო აუდიტორულ შემოწმებასა და დოკუმენტაციის მიწოდებასთან მიმართებით არ უნდა ჰქონოდა, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში მას, როგორც საწარმოს დირექტორს, ევალებოდა მიეწოდებინა საწარმოს ფინანსური დოკუმენტაცია პარტნიორისათვის, რომელიც, თავის მხრივ, უფლებამოსილია კონტროლი გაუწიოს საწარმოს საქმიანობას, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.10 და 46.4 მუხლების თანახმად.
10. ამასთან, პალატის შეფასებით, შპს „ს.ა–ნთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა წარმოშობდა მოპასუხის არაკეთილსინდისიერად მიჩნევის საფუძველს, რამეთუ კონკრეტული საწარმო რეგისტრირებულია იმ საწარმოს იურიდიულ მისამართზე, რომლის 50% წილის მესაკუთრეა მოპასუხე, ამავდროულად, კონკრეტული საწარმოს 100% წილის მესაკუთრე ი.თ–ვა მოპასუხესთან ერთად ფლობს მეორე კომპანიას, რაც წარმოშობს მათ დაკავშირებულ სუბიექტებად მიჩნევის საფუძველს. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო მითითებული კავშირების შესახებ. შესაბამისად, მოპასუხე მეორე პარტნიორთან შეუთანხმებლად ახორციელებდა მსგავსი ტიპის სამეწარმეო საქმიანობას, რაც ეწინააღმდეგება საწარმოს ინტერესებს და საზიანოა 70% წილის მესაკუთრე პარტნიორისათვის.
11. სასამართლოს მითითებით, მოპასუხე აპელირებდა იმ გარემოებებზე, რომ მას კარგი ურთიერთობა აკავშირებდა მოსარჩელესთან და საქართველოში სტუმრობისას თვითონ უზრუნველყოფდა მოსარჩელის გამასპინძლებისათვის, მათ შორის, კვებისა და სასტუმროში განთავსებისათვის საჭირო თანხებს, რის დასტურადაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ფოტოსურათების ასლები, რაც, სასამართლოს შეფასებით, ვერ უზრუნველყოფს მითითებული ფაქტის დადასტურებას და აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელეს შეეძლო წარმოედგინა შესაბამისი ქვითრები, თუმცა, მითითებულ გარემოებაზე აპელირება არარელევანტურია და ვერ გახდება მოთხოვნის გამომრიცხველი საფუძველი, რამეთუ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სწევდა დიდ თანხებს საწარმოს ხარჯზე, აღნიშნული უნდა ყოფილიყო ცნობილი მოსარჩელისათვის, რათა თვითონ გადაეწყვიტა, მისაღები იყო თუ არა საწარმოს სახსრების ამგვარი ხარჯვა.
12. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აუდიტორულ დასკვნაში არსებულ მონაცემებს ვერ გააბათილებს ვერც საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები:
12.1. მოწმე გ.ს–ძემ განმარტა, რომ მოპასუხე მისი ბავშვობის მეგობარია, იგი ასევე იცნობს მოსარჩელეს, როგორც შპს „G.“-ის პარტნიორს. მითითებულ საწარმოს გ.ს–ძე უწევდა ბუღალტრულ დახმარებას, იგი არ ყოფილა დასაქმებული და მხოლოდ არაოფიციალურად ეხმარებოდა მის მეგობარს - მოპასუხეს, უშუალოდ დოკუმენტაციას ხელს არ აწერდა. მოწმის მითითებით, საწარმო, როგორც საქართველოში მოქმედი სხვა საწარმოები, მუშაობდა კონსიგნაციის წესით. კომპანია პერიოდულად ახდენდა საქონლის მიწოდებას სხვადასხვა სუბიექტისათვის, რომლებიც ასევე პერიოდულად ახორციელებდნენ მიღებული საქონლის ღირებულების ანაზღაურებას. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხე პერიოდულად ახდენდა ინვესტიციას, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე. მოწმეს გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურება არ მიუღია;
12.2. მოწმე ლ.რ–ის ჩვენებით, ის და მოპასუხე იყვნენ პარტნიორები, ეწეოდნენ სამშენებლო სამუშაოებს. შპს „G.“-ის დაარსებისას მოპასუხემ მას შესთავაზა სამეწარმეო საქმიანობის ერთობლივად განხორციელება და იგი ეხმარებოდა კონკრეტულ საწარმოს დისტრიბუციაში. მოწმის მითითებით, კომპანიიდან მოსარჩელესა და მოპასუხესთან შეუთანხმებლად საქონელი არ იყიდებოდა. ი.თ–ვასთან მიმართებით მოწმემ განმარტა, რომ მოსარჩელე იცნობდა კონკრეტულ პირს. ლ.რ–ის განმარტებით, იგი შეთანხმებული იყო, რომ ფიქსირებული ხელფასი დაერიცხებოდა მას შემდგომ, რაც აეწყობოდა საქმიანობა, მან დაახლოებით 6-7 თვე იმუშავა კონკრეტულ საწარმოში.
13. სააპელაციო პალატის შეფასებით, საქმეზე დაკითხულ ორივე მოწმეს, უპირველესად, ნაცნობობა აკავშირებდა მოპასუხესთან, კერძოდ, გ.ს–ძე, რომელიც ბუღალტრულ დახმარებას უწევდა საწარმოს სრულიად უსასყიდლოდ, არის მოპასუხის ბავშვობის მეგობარი, ხოლო ლ.რ–ის განმარტების შესაბამისად, ის და მოპასუხე სხვა საწარმოში იყვნენ პარტნიორები, რაც ამ თვალსაზრისით კონკრეტული პირების ჩვენებებს სუბიექტურს ხდის და რეალურად არ წარმოაჩენს არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად, გამორიცხავს მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებების გაზიარების შესაძლებლობას. ამასთანავე, მითითებული პირების ჩვენებები ვერ აბათილებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნას დავალიანების ოდენობასთან მიმართებით და ასევე ვერ წარმოშობს მოპასუხის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საკმარის საფუძველს. კერძოდ, მოწმეთა ჩვენებით არ დგინდება მოპასუხის კეთილსინდისიერება და მისი, როგორც საწარმოს დირექტორის, მხრიდან დაკისრებული ფიდუციური მოვალეობების გულისხმიერი შესრულება, რასაც შეეძლო გამოეწვია მისი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება, საწარმოში არსებული ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად.
14. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეზე დამდგარ შედეგს არ ცვლის S. S.A. OGLU-ს მიერ პროდუქციის გატანა აზერბაიჯანში, რაზეც აპელირებდა მოპასუხე მხარე საქმის განხილვისას, რადგან აღნიშნული გათვალისწინებულია აუდიტორულ დასკვნაში, კერძოდ, დებიტორულ ვალდებულებებში. ამ ნაწილში კი სარჩელი არ დაკმაყოფილებულა და, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არც გასაჩივრებულა. ამასთან, მითითებული გარემოება ვერ გამოდგება ვერც დასკვნაში ასახული სხვა გარემოებების გამაბათილებელ არგუმენტად და ვერც წარმოდგენილი დასკვნის უზუსტობის დასტურად.
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
18. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
19. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
20. საკასაციო საჩივრის თანახმად:
20.1. „ბ-ი და კ–იის“ მიერ გაცემული აუდიტის დასკვნა არ იყო სარწმუნო და ობიექტური, რაც დასტურდება თავად აუდიტორის განმარტებით, რომ მას ადგილზე რაიმე ფაქტები არ შეუმოწმებია და არც სრულყოფილად მიუღია მასალები, იგი მხოლოდ იმ მასალებს დაეყრდნო, რომლებიც მასთან წარადგინა მოსარჩელემ. მოსარჩელის წარმომადგენელმა კი სასამართლო სხდომაზე პირდაპირ განაცხადა, რომ აუდიტის დასკვნა არ იყო სრულყოფილი. მხარეს სადავოდ არ გაუხდია, რომ აუდიტორს არ შეუმოწმებია ჩეკთან გათანაბრებული სალაროს გასავლის ორდერები;
20.2. მოპასუხეს სასამართლომ დააკისრა თანხები, რომლებიც, ერთი მხრივ, ადგილზე არარსებული მატერიალური ფასეულობის ღირებულებას წარმოადგენდა და, მეორე მხრივ, სალაროში არარსებულ თანხებს. თუ აუდიტორს ადგილზე არ შეუმოწმებია, იყო თუ არა საქონელი ან სალაროში იყო თუ არა თანხები, როგორ მიხვდა, რომ სახეზე იყო დანაკლისი ან სალაროში არ იყო თანხები. აუდიტის საწინააღმდეგო შემოწმების ჩატარებას აზრი არ ჰქონდა, რადგან შემოწმება ჩატარდა მოპასუხის თანამდებობიდან გადაყენების შემდგომ და, როგორც მოპასუხისთვის ცნობილია, მოსარჩელემ გაიტანა საწარმოდან დარჩენილი მატერიალური საქონელიც და თანხებიც. სასამართლოს ყოველგვარი განსჯის გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ჩატარდა შემოწმება აუდიტის საწინააღმდეგო დასკვნის მისაღებად, არ უნდა გაეზიარებინა აუდიტის დასკვნის შინაარსი;
20.3. ამასთან, სასამართლომ ვრცლად იმსჯელა მოპასუხის მხრიდან ფიდუციური მოვალეობების დარღვევის შესახებ, რომელსაც არავინ ასაჩივრებდა, თუმცა საერთოდ არ გაუმახვილებია ყურადღება, რომ თავად 70%-იანი წილის მფლობელმა მოსარჩელემ კომპანიიდან უკანონოდ გაიტანა 29 000 აშშ დოლარის მატერიალური ფასეულობები და თანხებს დებიტორული დავალიანების სახით მოპასუხეს ედავებოდა.
21. საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია კომპანიის ყოფილი დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი კომპანიის მიმართ ფიდუციური მოვალეობის დარღვევისათვის.
22. კომპანიის წინაშე დირექტორის პირადი პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.6. მუხლი [დირექტორები „საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ“], ასევე სსკ-ის 709-ე მუხლი [დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე], 712-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები [რწმუნებული მოვალეა შეასრულოს მარწმუნებლის მითითებები. რწმუნებულს შეუძლია გადაუხვიოს მარწმუნებლის მითითებებს, თუ, გარემოებებიდან გამომდინარე, მას შეუძლია ივარაუდოს, რომ მარწმუნებელი საქმის ვითარების ცოდნის შემთხვევაში მოიწონებდა ასეთ გადახვევას. რწმუნებული მოვალეა მითითებებისაგან გადახვევამდე შეატყობინოს მარწმუნებელს და დაელოდოს მის გადაწყვეტილებას, თუკი დაყოვნებით მარწმუნებელს არ შეექმნება ზიანის მიყენების საფრთხე], 394.1 [მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება] და 408.1 [იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება] მუხლები.
23. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.6 მუხლით განსაზღვრული მოვალეობები არის დირექტორის ფიდუციური მოვალეობები (იხ. სუსგ საქმე №ას-1307-1245-2014, 6 მაისი, 2015 წელი; სუსგ საქმე №ას-457-436-2015, 6 ივნისი, 2016 წელი; სუსგ საქმე №ას-687-658-2016, 6 ნოემბერი, 2018 წელი; სუსგ საქმე №ას-370-344-2017, 18 აპრილი, 2019 წელი), რომელთა დარღვევის გამოც კომპანიის დირექტორი პასუხს აგებს კომპანიის წინაშე. „ფიდუციური მოვალეობები, კერძოდ, ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობა, დირექტორს გააჩნია საზოგადოების წინაშე, შესაბამისად, ამ მოვალეობების დარღვევისათვის მისი პასუხისმგებლობა დგება საზოგადოების, და არა საზოგადოების პარტნიორების ან რომელიმე პარტნიორის მიმართ“ (იხ. სუსგ საქმე №ას-457-436-2015, 6 ივნისი, 2016 წელი).
24. საკასაციო სასამართლომ დირექტორის პასუხისმგებლობის შესახებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში განმარტა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.6 მუხლის შესაბამისად, „კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები, და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალეობას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“)…“ (იხ. სუსგ საქმე №ას-1307-1245-2014, 6 მაისი, 2015 წელი; სუსგ საქმე №ას-1158-1104-2014, 6 მაისი, 2015 წელი).
25. მიუხედავად იმისა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამის გამიჯვნას არ აკეთებს, მისი მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის დანაწესი “ზრუნვის მოვალეობასთან” ერთად (რომელსაც სხვაგვარად ასევე „გულისხმიერების მოვალეობას“ ან „გულმოდგინების მოვალებასაც“ უწოდებენ) თავის თავში მოიცავს დირექტორის ფიდუციური მოვალეობების კიდევ ერთ სახეს - “ერთგულების მოვალეობას”.
26. ერთგულების მოვალეობა დირექტორს ავალდებულებს კორპორაციის ინტერესების უპირატესად დაცვას ნებისმიერ პირად ინტერესთან შედარებით, რაც სხვასთან ერთად გულისხმობს პირადი გამორჩენის მიზნით თანამდებობის გამოყენების დაუშვებლობას და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დირექტორი რაიმე მიზეზით პირადად დაინტერესებულია კომპანიის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებით ან გარიგების დადებით (იხ. სუსგ საქმე №ას-766-766-2018, 10 ივნისი, 2019 წელი).
27. მიუხედავად იმისა, რომ ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობა ერთი და იმავე საფუძვლიდან მომდინარეობს, მათი ერთმანეთისაგან გამიჯვნა მნიშვნელოვანია კომპანიის ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ დავებში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილების თვალსაზრისით, რადგან ზრუნვის (გულისხმიერების/გულმოდგინების) მოვალეობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვისას მოქმედებს ე.წ. „სამეწარმეო გადაწყვეტილების თავისუფლების წესი“, სხვაგვარად „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის პრეზუმფცია”, ხოლო ერთგულების მოვალეობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვისას ასეთი პრეზუმფცია არ მოქმედებს (იხ. სუსგ საქმე №ას-766-766-2018, 10 ივნისი, 2019 წელი).
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზრუნვის მოვალეობის დარღვევის შესახებ სარჩელის განხილვისას დირექტორს საწარმოსათვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილების გამო პასუხისმგებლობისაგან იცავს ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის პრეზუმფცია. იგი წარმოადგენს დაშვებას, რომ გადაწყვეტილების მიღებისას კომპანიის დირექტორი იყო სათანადოდ ინფორმირებული და მოქმედებდა კეთილსინდისიერად, იმ რწმენით, რომ განხორციელებული მოქმედება კომპანიის საუკეთესო ინტერესებში იყო. ასეთ საქმეებში მოსარჩელეს ეკისრება ზემოაღნიშნული დაშვების გაბათილების ტვირთი, რადგან სასამართლოს არ შეუძლია ეჭვი შეიტანოს დირექტორის გადაწყვეტილების სისწორეში, თუ ის რაციონალური პროცესის შედეგად იქნა მიღებული და დირექტორი ყველა მნიშვნელოვან და გონივრულად ხელმისაწვდომ ინფორმაციას ფლობდა.
29. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ „ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორისაგან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმიებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან“ (იხ. სუსგ საქმე №ას-1307-1245-2014, 6 მაისი, 2015 წელი; სუსგ საქმე №ას-1158-1104-2014, 6 მაისი, 2015 წელი).
30. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აუდიტორული კომპანია - „ბ–ი და კ–იის“ 2018 წლის 12 აპრილის დასკვნის თანახმად, წარდგენილი დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე სალაროს ნაშთი 2017 წლის 3 იანვრის მდგომარეობით შეადგენდა 12 844 ლარს, ხოლო არსებული სასაქონლო ნაშთები 2017 წლის 3 იანვრის მდგომარეობით, როგორც რაოდენობრივი, ასევე თანხობრივი მაჩვენებლებით და თანხობრივი ჯამური მაჩვენებელი სარეალიზაციო ღირებულების გათვალისწინებით შეადგენდა 115 214.84 ლარს.
31. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულების წარდგენით მოსარჩელემ შეძლო დაეძლია „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფცია, რისი გაქარწყლების ვალდებულებაც მას ჰქონდა. შედეგად, მტკიცების ტვირთი ბრუნდება მოპასუხე დირექტორისაკენ, რომელმაც უნდა ამტკიცოს, რომ იგი მოქმედებდა კომპანიის საუკეთესო ინტერესებში და მისი მოქმედება სამართლიანი იყო კომპანიისათვის. აღნიშნული ტვირთი კი მან ვერ დაძლია საკუთარი ზეპირი ახსნა-განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებებით. მას აუდიტორული დასკვნის საწინააღმდეგოდ სასამართლოსთვის არ წარუდგენია რელევანტური და სათანადო მტკიცებულებები. ამასთან, არც საკასაციო საჩივარი შეიცავს რაიმე არსებით შედავებას აღნიშნული მტკიცებულების საწინააღმდეგოდ.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია და კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
33. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის 70% – 4200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ი.ბ–ძეს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს ც.მ–ძის (პ/ნ ........) მიერ 2022 წლის 20 იანვარს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის 70% – 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი