საქმე №ას-1298-2020 08 აპრილი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ი...“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 05 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 05 აგვისტოს განჩინებით შპს „ი...“-ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ე.ბ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე კომპანია“) სარჩელი მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 342 442.22 ლარის გადახდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2014 წლის 12 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შემსრულებელი კისრულობს ვალდებულებას დამკვეთის მიერ მითითებულ ობიექტზე: ქ. თბილისი, ......... 3500 კვ.მ. სახურავის სპილენძით გადახურვისათვის განახორციელოს დანართი №1-ში გაწერილი სამუშაო და ჩააბაროს მისი შედეგები დამკვეთს, ხოლო დამკვეთი ვალდებულია მიიღოს შესრულებული სამუშაო და გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური. სამუშაოების ხანგრძლივობა განისაზღვრა შემსრულებლის ანგარიშზე საავანსო თანხის გადარიცხვის შემდეგ სავარაუდოდ 12 თვით. ამავე ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 985 009 ლარს დ.ღ.გ.-ს ჩათვლით. სამუშაოს ფასის ზუსტი ოდენობა განისაზღვრება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი ფორმა №2-ის შესაბამისად, რაც დაფიქსირდება მიღება-ჩაბარების აქტში (ტომი 1, ს.ფ. 17-20);
2.2. ხელშეკრულების 3.2 პუნქტის მიხედვით, ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე დამკვეთი შემსრულებელს ავანსის სახით ჩაურიცხავს 3.1. პუნქტში გაწერილი თანხის მინიმუმ 50%-ს, მეორე ეტაპზე - ხელშეკრულების 3.1 პუნქტში გაწერილი თანხის მინიმუმ 30%-ს - სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე, ხოლო მესამე ეტაპზე ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული მთლიანი სამუშაოს ღირებულების დარჩენილი 20%-ის ანაზღაურება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერიდან 10 სამუშაო დღის ვადაში (ტომი 1, ს.ფ. 17-20);
2.3. სპილენძის გადახურვის შეთავაზების პროექტის თანახმად, სამუშაოების საერთო მოცულობა და ღირებულება განისაზღვრა შემდეგნაირად: საერთო რაოდენობა - 3500 კვ.მ., საერთო თანხა - 985 009 ლარი (ტომი 1, ს.ფ. 21);
2.4. 2015 წლის 03 დეკემბერს მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმად ცვლილება შევიდა მხარეებს შორის 2014 წლის 12 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების 1.3. პუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „სამუშაოები უნდა შესრულდეს არაუგვიანეს 2016 წლის 28 მარტისა“ (ტომი 1, ს.ფ. 27);
2.5. 10.03.2016 წლის საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის მიერ სპილენძის სახურავის დამზადების მონტაჟი მომსახურების ღირებულების - 348 411,75 ლარის ოდენობით (ტომი 1, ს.ფ. 306);
2.6. 2016 წლის 26 მარტს მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმად ცვლილება შევიდა მხარეებს შორის 2014 წლის 12 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების 1.3. პუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „სამუშაოები უნდა შესრულდეს არაუგვიანეს 2017 წლის 28 თებერვლისა“ (ტომი 1, ს.ფ. 25);
2.7. 28.11.2016 წლის №ელ-0275679163 სასაქონლო ზედნადების თანახმად, მოსარჩელემ განახორციელა სპილენძის მოქლონი 4*10, 1000.0000 რაოდენობის, სასაქონლო ფასით 200. 0000 ტრანსპორტირება (ტომი 1, ს.ფ. 93);
2.8. შპს „ო.ჯ–ის“ 2018 წლის 27 სექტემბრის ინსპექტირების ანგარიშის თანახმად, ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 985009,0 ლარს დღგ-ის ჩათვლით. შესრულებული სამუშაოების აქტის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 852114,45 ლარს დღგ-ს ჩათვლით. ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე, შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება შეადგენს 834 946,72 ლარს დღგ-ის ჩათვლით. სხვაობა შესრულებული სამუშაოების აქტის მონაცემებსა და ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებას შორის შეადგენს 17167.73 ლარს დღგ-ის ჩათვლით (ტომი 1, ს.ფ. 36);
2.9. მოპასუხის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად, შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 985 009 ლარს (ტომი 1, ს.ფ. 325);
2.10. მოსარჩელის 05.10.2018 წლის წერილის თანახმად, მოპასუხეს გაეგზავნა ........ გამზ. №7/...... ქუჩა №18-ში მდებარე შენობის სპილენძით გადახურვის სამუშაოების ინსპექტირების ანგარიში, რომლითაც ეცნობა, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 834 946.72 ლარი. ამასთან, მოსარჩელემ ითხოვა წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი №2-ის დადასტურება და 342 442.22 ლარის ანგარიშსწორების განხორციელება, მოპასუხის მიერ უკვე ანაზღაურებული 492 504,50 ლარის გათვალისწინებით (ტომი 1, ს.ფ. 307);
2.11. 01.11.2018 წელს მოსარჩელემ განმეორებით მიმართა წერილით მოპასუხეს და ითხოვა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და სამუშაოების ინსპექტირების ანგარიშის შესაბამისად ანგარიშსწორების განხორციელება.
3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ ერთი კვ.მ. ფართის სამუშაოს ღირებულება შეადგენს 248.43 ლარს. ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნია მისი განმარტება, რომ სასამართლომ 1238 კვ.მ. სახურავის სპილენძით გადახურვის ღირებულებად, რომელიც 3500 კვ.მ.-ის ნახევარიც არ არის, ჩათვალა თითქმის იმდენი, რაც ხელშეკრულებით იქნა მიახლოებითი ღირებულების სახით შეთანხმებული.
4. სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 12 ნოემბრის ხელშეკრულების 1.1. და 3.1. პუნქტების შესაბამისად და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნია, რომ შესასრულებელი სამუშაოების საერთო რაოდენობის 3500 კვ.მ.-ისა და შესრულებული სამუშაოს მიახლოებითი ღირებულების - 985 009 ლარის შესაბამისად, შესასრულებელი სამუშაოს ერთი კვ.მ.-ის ღირებულება 281.43. ლარს შეადგენს. ამასთან, უდავოა, რომ მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მენარდემ ჩააბარა შემკვეთს სპილენძის სახურავის დამზადება და მონტაჟი - 1238 კვ.მ.-ის ოდენობით, რომლის ღირებულება განისაზღვრა 348 411,75 ლარის ოდენობით. თუმცა ზემოაღნიშნული შესრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ მოსარჩელემ დამატებით შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებების და შპს „ო.ჯ–ის“ 2018 წლის 27 სექტემბრის ინსპექტირების ანგარიშის თანახმად. აღნიშნულით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება შეადგენს 834 946,72 ლარს (დღგ-ს ჩათვლით).
5. სასამართლომ მიუთითა მხარეთა მიერ ხელმოწერილ მიღება-ჩაბარების აქტზე, რომლის თანახმად, მენარდემ N913 შეკვეთის საფუძველზე შეასრულა და ჩააბარა შემკვეთს შემდეგი სამუშაო: სპილენძის სახურავის დამზადება და მონტაჟი - 1238 კვ.მ. (ტომი 1, ს.ფ. 26). სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი არის შუალედური და არ წარმოადგენს სრულად შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტს. პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის შემდეგ კვლავ გრძელდებოდა გადახურვის სამუშაოები, გაგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ხელშეკრულების მოქმედება დასრულდა 2017 წლის 28 თებერვალს. სპილენძის გადახურვის შეთავაზების პროექტის თანახმად, გადახურვა გულისხმობდა ფარფლიან, სწორ და პარაპეტების გადახურვას. დასტურდება, რომ შენობა გადახურულია სრულად და საპირისპირო გარემოებაზე მოპასუხეს არ მიუთითებია. ასევე, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 985 009 ლარს დ.ღ.გ.-ს ჩათვლით. სამუშაოს ფასის ზუსტი ოდენობა განისაზღვრება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი ფორმა №2-ის შესაბამისად, რაც დაფიქსირდება მიღება-ჩაბარების აქტში. საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოწერილია 2016 წლის 10 მარტს. გამომდინარე აქედან, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერითა და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით დადგინდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ოდენობა კვადრატულ მეტრებში და შესაბამისად, მოსარჩელის კუთვნილი თანხის დაანგარიშება/გაქვითვა. სასამართლომ მიუთითა ხელშეკრულების 3.2 პუნქტზე, რომლის თანახმად, პირველ ეტაპზე დამკვეთი შემსრულებელს ავანსის სახით ჩაურიცხავს 3.1 პუნქტში გაწერილი თანხის მინიმუმ 50%-ს, მეორე ეტაპზე - მინიმუმ 30%-ს, ხოლო მესამე ეტაპზე - დარჩენილ 20%-ს. უდავოა, რომ დამკვეთისაგან გადახდილია ავანსი 492 504 ლარის ოდენობით, რაც ხელშეკრულების თანახმად იყო შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 50%. თავად მოპასუხის მიერ წარდგენილ შესაგებელზე დართული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით სულ სარეალიზაციო ფასი არის 985 009 ლარი. მითითებული მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით დამზადებულია სახურავი 1238 კვადრატული მეტრი, არ მოიცავს სრულად შესრულებულ სამუშაოს. პალატის მითითებით, სააპელაციო სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე აღნიშნული აქტის გამოკვლევისას თავად მოპასუხის დირექტორმა აღნიშნა, რომ შესრულებული სამუშაო იყო 1200მ2-ზე მეტი და მნიშვნელოვნად აღემატებოდა მას. სასამართლოს დასკვნით, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებებიდან და წარდგენილი მტკიცებულებებიდან არ დგინდება, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულება და მისი შეთანხმებული ფასი იყო 348 411 ლარი.
6. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ საქმეზე წარდგენილია შპს „ო.ჯ–ის“ მიერ შესრულებული ინსპექტირების ანგარიში, რომელიც შედგენილია, როგორც დამკვეთის მიერ გადაცემული დოკუმენტების, ისე ობიექტის ინსპექტირების შედეგების ანალიზის საფუძველზე. როგორც ინსპექტირების აქტშია აღნიშნული, მათი შესწავლის საგანი იყო საპროექტო დოკუმენტაცია, შესრულებული სამუშაოს აქტები, ხარჯების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია, დეკლარაციები, სასაქონლო ზედნადებები, ანგარიშფაქტურები. ანგარიშისა და მითითებული დოკუმენტების მიხედვით სამუშაოები შესრულებულია 2015, 2016 და 2017 წლებში. შესაბამისად, არ დგინდება მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება, რომ სამუშაოები დასრულდა 2016 წელს და ანგარიშფაქტურა, რომელიც გამოწერილი და დადასტურებულია 2016 წლის 10 მარტს, ასახავს შესრულებული სამუშაოს სრულ ფასს. სასამართლომ აღნიშნა, რომ ანგარიშს ერთვის შესრულებული სამუშაოს ფოტოფიქსაციის მასალები, რომლის თანახმად, შენობა გადახურულია სრულად, როგორც ფარფლიანი, ისე სწორი გადახურვით. დასკვნის თანახმად, შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 834 946 ლარს.
7. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე კომპანიამ არაერთხელ მიმართა მოპასუხე კომპანიას მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანგარიშსწორების განხორციელების მოთხოვნით, მაგრამ მოპასუხეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 342 442.22 ლარი არ აუნაზღაურებია. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა შესრულებულ სამუშაოთა საზღაურის ანაზღაურების ვალდებულება 342 442.22 ლარის ოდენობით.
8. სააპელაციო პალატამ მიუთითა მოპასუხის განმარტებაზე, რომ მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა 3500 კვ.მ.-ის გადახურვა, თუმცა მან მხოლოდ 1238 კვ.მ. გადახურა. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საქმის მასალებით არ დგინდებოდა. პალატამ მიუთითა ხელშეკრულების მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, სამუშაოების ფასის ზუსტი მოცულობა და ღირებულება შემდეგში უნდა დაზუსტებულიყო, უნდა განხორციელებულიყო შენობის სრულად გადახურვა წინასწარ განსაზღვრული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, შენობა გადახურულია სრულად (ს.ფ 301-305) და გადახურვის რეალური ღირებულება წინასწარ განსაზღვრულ ხარჯთაღრიცხვაზე ნაკლებია. საწინააღმდეგო მტკიცებულებები საქმეში წარდგენილი არ არის.
9. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ წარადგინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, კერძოდ: სასაქონლო ზედნადებები და შპს „ო.ჯ–ის“ 2018 წლის 27 სექტემბრის ინსპექტირების ანგარიში, საიდანაც დასტურდება მხარეთა მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ სამუშაოების შესრულება, ხოლო მოპასუხემ ვერ წარადგინა საწინააღმდეგო მტკიცებულებები და ვერ დაადასტურა გარემოება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი იყო არა შუალედური, არამედ - საბოლოო და მენარდემ შემკვეთს ჩააბარა სპილენძის სახურავის დამზადება და მონტაჟი მხოლოდ 1238 კვ.მ.-ის ოდენობით.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
13. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
15. საკასაციო საჩივრის თანახმად:
15.1. სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა;
15.2. მოპასუხე როგორც შესაგებელში, ასევე საქმის განხილვის ყველა ეტაპზე სადავოდ ხდიდა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობას და აპელირებდა იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს მოცულობაზე გაცილებით ნაკლები სამუშაო, რომლის ღირებულებაც ანაზღაურდა საავანსოდ ჩარიცხული თანხიდან და, რომ მოსარჩელე მხარეს, პირიქით, უკან ჰქონდა თანხა დასაბრუნებელი. მოპასუხე ასევე მიუთითებდა, რომ შენობა-ნაგებობაზე რეალურად არსებული მოცულობების გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო მოსარჩელეს განეხორციელებინა 834 946.72 ლარის ღირებულების სამუშაო;
15.3. მართალია, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 12 ნოემბრის ხელშეკრულების შესაბამისად 1 კვ.მ. მოცულობის სამუშაოს ღირებულება 281,43 ლარს შეადგენდა, თუმცა სასამართლომ არ დაადგინა არც შესრულებული სამუშაოს მოცულობა და არც იმ სამუშაოების ცალკეული ჩამონათვალი, რაც მოსარჩელის მიერ იქნა შესრულებული. შესრულებული სამუშაოს დასახელებები და ზუსტი მოცულობა არც მოსარჩელის მიერ ყოფილა სარჩელში მითითებული. სასამართლოებმა ისე გაიზიარეს მოსარჩელის მიერ წარდგენილ ინსპექტირების ანგარიშში მითითებული შესრულებული სამუშაოს ღირებულება, რომ არც ამ ანგარიშის საფუძვლად არსებული პირველადი დოკუმენტების საფუძვლიანი გამოკვლევა და არც ინსპექტირების განმახორციელებელი პირების დაკითხვა მომხდარა სასამართლო სხდომაზე. სასამართლოებმა უგულებელყვეს სსსკ-ის 203-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები და არ განახორციელეს საჭირო მოქმედებები საქმის არსებით სხდომაზე განსახილველად მოსამზადებლად. უფრო მეტიც, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსამზადებელი სხდომა მთავარ სხდომაში გადაზარდა იმავე სასამართლო სხდომაზე, რომელზეც განიხილა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარი. სასამართლომ არათუ საქმე მოამზადა არსებითად განსახილველად, არამედ მხარეებს წინასწარ მიუთითა, რომ იგი ვერ მიიღებდა შუამდგომლობას სასამართლო სხდომის მომზადებისათვის საქმის განხილვის გადადების თაობაზე (იხ. 12.12.2019 წლის სხდომის ოქმი 13:38:08 საათი);
15.4. მართალია, სააპელაციო სასამართლო მხარეებისათვის შეკითხვების მიცემით შეეცადა სამუშაოს მოცულობის დადგენას, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა ვერ მიუთითეს შესრულებული სამუშაოს ზუსტი მოცულობა, არ მიიღო ზომები საქმის გადაწყვეტისათვის ამ მნიშვნელოვანი გარემოების დასადგენად. საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს (სსსკ-ის მე-4 მუხლი). სსსკ-ის 103.1. მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მხარეებს არ შესთავაზა შესაბამისი მასალების წარდგენა და არ მიიღო გადაწყვეტილება ინსპექტირების ანგარიშის გამცემი პირების დაკითხვის თაობაზე. ამასთან, შესრულებული სამუშაოს მოცულობის დადგენა საჭიროებდა სპეციალურ ცოდნას და სამუშაოს მოცულობის დადგენის მიზნით არ იქნა დანიშნული შესაბამისი ექსპერტიზა;
15.5. შპს "ო.ჯ–ის" დასკვნის დანართის თანახმად, „სხვა სამუშაოების“ ჩამონათვალში მესამე პოზიციაზე მითითებულია სამუშაო - „ხარაჩოს აწყობა-დაშლა ხის მასალით“, ღირებულებით 86 668.80 ლარი. 2020 წლის 30 ივლისის სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ ხარაჩოს მოწყობის სამუშაოები განახორციელა თავად მან და ეს სამუშაო მოსარჩელეს არ განუხორციელებია. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია ის გარემოება, რომ ხარაჩოს აწყობა-დაშლა არ შედიოდა 2014 წლის 12 ნოემბრის ხელშეკრულებით მოსარჩელის მიერ ნაკისრ ვალდებულებაში. აღნიშნული სამუშაო არ არის მითითებული 2014 წლის 12 ნოემბრის ხელშეკრულების დანართად წარდგენილ მოსარჩელის სახელშეკრულებო წინადადებაშიც (იხ. ტომი 1, ს.ფ 21). 2014 წლის 12 ნოემბრის ხელშეკრულების 2.2.1 პუნქტის თანახმად, დამკვეთი ანუ მოპასუხე ვალდებულია დროულად მოახდინოს ობიექტის მომზადება იმ კონდიციამდე, რაც აუცილებელია შემსრულებლისათვის წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს სრულფასოვნად და შეუფერხებლად შესრულებისათვის. აღნიშნული ვალდებულების შესაბამისად, ხარაჩო ააწყო და დაშალა მოპასუხემ, რის დასტურადაც წარმოადგინა ხარაჩოს მასალის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ობიექტზე მოწყობილი ხარაჩოს ფოტოსურათები (იხ. დანართი 4, 5). ინსპექტირების ანგარიშში არ არის წარმოდგენილი ხარაჩოს აწყობა-დაშლის პირველადი დოკუმენტაცია, შესაბამისად, მოპასუხისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე იქნა ეს სამუშაო მითითებული შპს "ო.ჯ–ის" მიერ შედგენილ სამუშაოთა ჩამონათვალში;
15.6. მოსარჩელეს სარჩელში არ მიუთითებია და არც სასამართლოს დაუდგენია, სახელშეკრულებო წინადადებაში მითითებული რომელი სამუშაოს შესრულება ევალებოდა მოსარჩელეს და კონკრეტულად რომელი სამუშაო იქნა შესრულებული;
15.7. მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული სამუშაოს ღირებულება - 834 946 ლარი არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც დასტურდება პროექტის ავტორის - შპს „გ. და ა. ქ–ბის სტუდია „დ–ას“ მიერ წარდგენილი წერილით და საპროექტო დოკუმენტაციით. აღნიშნული დოკუმენტების მიხედვით, შპს "ო.ჯ–ის" ინსპექტირების ანგარიშში მითითებული სამუშაოების მოცულობა ჯამში შეადგენს 1709,13 კვ.მ.-ს (იხ. დანართი 1);
15.8. სასამართლომ არ გამოიკვლია ინსპექტირების ანგარიშზე დართული სასაქონლო ზედნადებები, რომლებიც ადასტურებს მასში მითითებული საქონლის ქ. თბილისში, ......., ასევე, ......... N118-ში ტრანსპორტირების ფაქტს და არა - ამ მასალის ქ. თბილისში, ......... მდებარე ობიექტზე მათი გამოყენების ფაქტს. აღნიშნული ზედნადებების ნაწილი გამოწერილია მხარეთა შორის ხელშეკრულების დადებამდე. ასევე არ იქნა გამოკვლეული ინსპექტირების ანგარიშის N5 დანართად წარდგენილი მასალების ტრანსპორტირების რეესტრი და მასში მითითებული სასაქონლო ზედნადებები. ამასთან, ინსპექტირების ანგარიშში წარდგენილი შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულების N1 ანგარიშის მიხედვით, სადაც თითოეულ სამუშაოში გამოყენებული მასალის დასახელება და მოცულობაა მითითებული, ზედნადებებში მითითებული მასალის უმეტესი ნაწილი არ არის გამოყენებული;
15.9. ინსპექტირების ანგარიშით განისაზღვრა ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულება (834 946,72 ლარი), მაშინ როდესაც მხარეთა შეთანხმების მიხედვით ანაზღაურება უნდა მომხდარიყო შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით, კვადრატულ მეტრებში. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილია, რომ ერთი კვ.მ.-ის ღირებულება 281.43 ლარს შეადგენს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ინსპექტირების ანგარიშში მითითებული ღირებულების ერთი კვადრატული მეტრის ღირებულებაზე გაყოფით მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა გამოდის 2966,80 კვ.მ (834 946,72:281.43), რაც შეუძლებელია რომ მოსარჩელეს შეესრულებინა, ვინაიდან ობიექტზე მოსარჩელის მიერ შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა 2000 კვ.მ.-ს არ აღემატება და საპროექტო დოკუმენტების მიხედვითაც მხოლოდ 1709,13 კვ.მ.-ს შეადგენს. თუკი ინსპექტირების ანგარიშში მითითებული სამუშაოს ღირებულება რეალობას შეესაბამება და მოსარჩელემ მართლაც ამ ღირებულების სამუშაო შეასრულა, მაშინ გამოდის, რომ მან ერთი კვადრატული მეტრის მოცულობის სამუშაო შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღირებულებაზე (281.43 ლარი) გაცილებით ძვირად, რის თაობაზეც მას უნდა ეცნობებინა დამკვეთისათვის. მოსარჩელეს დამკვეთისათვის არ უცნობებია მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გადაჭარბების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 631.1. მუხლის საწინააღმდეგოდ დააკმაყოფილა მოსარჩელის სარჩელი და მოპასუხეს დააკისრა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ღირებულებაზე ორჯერ მეტი ღირებულების ანაზღაურება.
16. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე კომპანიის სარჩელი აღძრულია ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით [სსკ-ის 629-ე მუხლი: ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური].
17. ნარდობა თავისი ბუნებით ორმხრივ მავალდებულებელი, სასყიდლიანი და კონსენსუალური ხელშეკრულებაა. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სსკ-ის 361.2. მუხლი), ხოლო შემკვეთის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს, მიიღოს შესრულებული სამუშაო და გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარე არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს №2 მიღება-ჩაბარების აქტს, ღირებულებით 342 442,22 ლარი. საკასაციო პალატის განმარტებით, ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა (განსახილველ საქმეში მოპასუხის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე უარი), იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი (იხ. სუსგ საქმე №ას-323-307-2011, 1 დეკემბერი, 2011 წელი).
19. განსახილველ შემთხვევაში კასატორს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ აქვს წარმოდგენილი იმ ფაქტის საწინააღმდეგოდ, რომ მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მენარდემ ჩააბარა შემკვეთს სპილენძის სახურავის დამზადება და მონტაჟი - 1238 კვ.მ.-ის ოდენობით, რომლის ღირებულება განისაზღვრა 348 411,75 ლარით. თუმცა ზემოაღნიშნული შესრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ მოსარჩელემ დამატებით შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებებისა და შპს „ო.ჯ–ის“ 2018 წლის 27 სექტემბრის ინსპექტირების ანგარიშის თანახმად. აღნიშნულით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება შეადგენს 834 946,72 ლარს (დღგ-ს ჩათვლით) (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი).
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი ზემოაღნიშნული სასაქონლო ზედნადებებისა და შპს „ო.ჯ–ის“ 2018 წლის 27 სექტემბრის ინსპექტირების ანგარიშის საწინააღმდეგოდ საკასაციო საჩივარში უთითებს ახალ გარემოებებზე (მაგ., ხარაჩოს მოწყობის სამუშაოებზე) და მათ სამტკიცებლად წარდგენილ ახალ მტკიცებულებებზე, რომელთა შესახებ მას არ მიუთითებია პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში.
21. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები [სსსკ-ის 4.1. მუხლი].
22. საკასაციო სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ მხარეთა მიერ ფაქტების მითითებისა და მტკიცებულებების წარდგენის პროცედურა მკაცრად ფორმალიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია ფაქტები და მტკიცებულებები სასამართლოს კანონით დადგენილი წესითა და პროცედურის დაცვით წარედგინოს.
23. სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს [სსსკ-ის 178.1. მუხლის „ე“ ქვეპუნქტი]. მოპასუხის წერილობით პასუხში მითითებული უნდა იყოს, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, რა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ [სსსკ-ის 201.2. მუხლის „დ“ ქვეპუნქტი]. პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს [სსსკ-ის 201.4 მუხლი]. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა [სსსკ-ის 201.5 მუხლი]. მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული [სსსკ-ის 219.1. მუხლი].
24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ დაშვებული შეცდომა ფაქტების მითითების დროს შეიძლება გამოიხატოს იმით, რომ „მათ არ მიუთითეს ყველა იმ ფაქტიურ გარემოებაზე, რომელსაც აქვს მნიშვნელობა საქმისათვის, სწორი გადაწყვეტილების გამოტანისათვის. მხარეთა მიერ დაშვებულ ამ შეცდომას სასამართლო ვერ გამოასწორებს: სასამართლო ვერ „გაამდიდრებს“, ვერ შეავსებს მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, რადგან მხოლოდ მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს“ (იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 215).
25. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის სარჩელს თან ჰქონდა დართული შპს „ო.ჯ–ის“ 2018 წლის 27 სექტემბრის ინსპექტირების ანგარიში და ზედნადებები, თუმცა, აღნიშნულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით მოპასუხეს შესაგებელში პრეტენზია არ გამოუთქვამს. გამომდინარე აქედან, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში წარდგენილ ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს.
26. ასევე უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საპროცესო დარღვევის თაობაზე. კასატორი დავობს, რომ სასამართლომ არ განახორციელა საჭირო მოქმედებები საქმის არსებით სხდომაზე განსახილველად მოსამზადებლად. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსამზადებელი სხდომა მთავარ სხდომაში გადაზარდა იმავე სასამართლო სხდომაზე, რომელზეც განიხილა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.
27. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებელი წარადგინა 2018 წლის 28 დეკემბერს (იხ. ტ. 1. ს.ფ. 315). სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2019 წლის 23 იანვარს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 5). 2019 წლის 18 თებერვალს გაიმართა მეორე მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო (იხ. ტ. 2, ს.ფ. 29-31). 2019 წლის 12 ივნისს გამართულ სხდომაზე პირველი ინსტანციის სასამართლომ გააუქმა მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაიწყო საქმის არსებითი განხილვა. ამდენად, მოპასუხეს სულ ცოტა 1 თვე და 2 კვირა ჰქონდა მეორე მოსამზადებელ სხდომაზე კვალიფიციური შესაგებლის წარსადგენად, ხოლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის განხილვამდე პერიოდიც (4 თვე) შეეძლო გამოეყენებინა შესაგებლის დასაზუსტებლად, რაც მას არ განუხორციელებია. გამომდინარე იქედან, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის თანახმად, სწორედ მხარეა ვალდებული აქტიურად იმოქმედოს საკუთარი საპროცესო უფლებების რეალიზებისთვის და სსსკ-ის 205-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით [თუ წარმოდგენილი წერილობითი მასალები მოსამართლეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლება მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ, მოპასუხემ ცნოს სარჩელი ან მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, აგრეთვე თუ, მოსამართლის აზრით, სასამართლო განხილვისათვის საქმის სათანადოდ მომზადების ინტერესები ამას მოითხოვს, მოსამართლე უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა ან მხარეებთან სატელეფონო გასაუბრება ან ვიდეოკონფერენცია, რის შესახებაც განჩინების მიღებიდან 3 დღის ვადაში ეცნობებათ მხარეებს. თუ არსებობს სასამართლოს მთავარი სხდომის გამართვის წინაპირობები, მოსამართლე უფლებამოსილია მოსამზადებელი სხდომა გადაზარდოს მთავარ სხდომაში], სასამართლოს მიერ მოსამზადებელი სხდომის დანიშვნა წარმოადგენს არა მის ვალდებულებას, არამედ - უფლებას, კასატორის პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საპროცესო დარღვევის თაობაზე, ვერ იქნება გაზიარებული.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
29. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.
30. რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 407.1. მუხლზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამავე კოდექსის 104.1. მუხლის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ი...“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „ი...“-ს (ს.ნ. ..........) დაუბრუნდეს თ.ს–ის (პ.ნ .......) მიერ 2020 წლის 01 დეკემბერს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 (რვა ათასი) ლარის 70% – 5600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
3. შპს „ი...“-ს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (გ. და ა. ქ–ბის სტუდია „დ–ას“ 09.11.2020წ. წერილი; საპროექტო დოკუმენტაცია; ინგლისურ ენაზე შედგენილი ფართობის გაანგარიშების დოკუმენტები ნოტარიულად დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად; №ეა-06 8692093 საგადასახადო ანგარიშფაქტურა; შემოსავლების სამსახურის 14.07.2014წ. №2339297 შეტყობინება; უცხოენოვანი №CS20140363X, №NL/14/PTI/04260 და №NL/14/PTI/04259 ინვოისები; დოკუმენტი სახელწოდებით „ჩანჩა ხიანჯა მეტალ მატერიალ ტრედინგ 14.07.2014 ინვოისით“; 14.07.2014წ. №C40623 დეკლარაცია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტი; 11.07.2014წ. №D 34483 მოწმობა; ფოტოსურათები; შპს „ი...“-ის დირექტორის 01.11.2018წ. წერილი და მისი გაგზავნის რეესტრი; ცხრილი), მთლიანობაში „33“ ფურცლად (ტ. III, ს.ფ. 191-223);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი