საქმე №ას-1237-2020 8 აპრილი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „F.H.“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „ქ.“, გ.დ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „F.H.“-ის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოსარჩელე კომპანია“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა 2016 წლის 11 ივლისის N02/170 ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 247 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ქ–ს“ (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „მოპასუხე კომპანია“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 11 ივლისის N02/170 ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 247 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2016 წლის 23 ივნისს მოსარჩელე კომპანიას (გამქირავებელი), მოპასუხე კომპანიას (დამქირავებელი) და გ.დ–ძეს (დამქირავებელთან ერთად პასუხისმგებელი პირი) (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) შორის გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხე კომპანიას ქირით გადასცა 125 ცალი სამშენებლო მასალა - ფანერა დაწებებული ფირით. ერთი ცალი ფანერის ქირის ფასი განისაზღვრა 15 ლარით. ხელშეკრულება დაიდო 20 დღის ვადით. დამქირავებელმა აიღო ვალდებულება გადაეხადა გამქირავებლისათვის დათქმული ქირა ელექტრონულად მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე (1.2. პუნქტი). თუ დამქირავებელი ქირავნობის ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელეს არ დაუბრუნებდა ქირავნობის საგანს, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელებულად ჩაითვლებოდა და დამქირავებელი ვალდებული იქნებოდა ქირა გადაეხადა ქირავნობის საგნის სრულ დაბრუნებამდე (5.2. პუნქტი) (იხ.ტომი1,ს/ფ 3-27);
2.2. 2016 წლის 11 ივლისს მოსარჩელე კომპანიას (გამქირავებელი), მოპასუხე კომპანიას (დამქირავებელი) და მეორე მოპასუხეს (დამქირავებელთან ერთად პასუხისმგებელი პირი) შორის გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხე კომპანიას 1 თვის ვადით ქირით გადასცა 205 ცალი სამშენებლო ლითონის სამშენებლო დგარი, ქირის თანხა ერთ ცალზე შეადგენდა 4,30 ლარს. დამქირავებელმა აიღო ვალდებულება გადაეხადა გამქირავებლისათვის დათქმული ქირა ელექტრონულად მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე (1.1.2. პუნქტი) (იხ. ტომი 1, ს/ფ 61-65);
2.3. 26.06.2016წ. და 11.07.2016წ. ქირავნობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ქირავნობის საგნები გადაეცა მოპასუხე კომპანიას. ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულებები ქირავნობის საგნების დაბრუნების დროისათვის მათი ჩაბარების რაიმე განსაკუთრებულ წესს არ ითვალისწინებდა.
3. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ მოპასუხე დამქირავებელს, 23.06.2016წ. ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მისთვის არ დაუბრუნებია 104 ცალი სამშენებლო მასალა - ფანერა დაწებებული ფირით, რის საფუძველზეც ითხოვდა მათი ღირებულების 12 480 ლარის მოპასუხეზე დაკისრებას. სასამართლოს მითითებით, აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად, მოსარჩელეს, გარდა მისი ახსნა-განმარტებისა, სასამართლოსათვის სათანადო მტკიცებულება არ წარუდგენია. ამის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო პალატამ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმე ა. ქ–ის განმარტებაზე, რომლიდანაც ირკვევა, რომ მან განახორციელა სამშენებლო მასალების - 125 ცალი ფანერის დაწებებულით ფირით და 205 ლითონის სამშენებლო დგარის ტრანსპორტირება ბათუმიდან ბეშუმში, შემდეგ კი მან დააბრუნა აღნიშნული სამშენებლო მასალები. მასალების ჩამოტანის დროს მიღება-ჩაბარების აქტი არ შემდგარა, რადგან ფანერები იყო დახვრეტილი. მას, როგორც მძღოლს, ჰქონდა სათანადო წესით შედგენილი ორი ინვოისი.
4. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხე კომპანიამ დადგენილ ვადაში უკან დაუბრუნა მოსარჩელეს სადავო ნივთები, რაც გამორიცხავდა მისი ღირებულებისა და ქირის მოპასუხეზე დაკისრებას. ხოლო იმ გარემოებას, თუ რამდენად სათანადო მდგომარეობაში დააბრუნა მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთები, ამ დავის განხილვისათვის არსებითი მნიშვნელობა ვერ ექნებოდა. აღნიშნული გარემოება, შესაძლოა, მხარეთა შორის ცალკე დავის საგანი ყოფილიყო.
5. რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას 11.07.2016წ. მხარეთა შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ქირის დავალიანების - 247 ლარის მოპასუხეზე დაკისრების თაობაზე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე კომპანიას (მოვალე) სარჩელში მითითებული 247 ლარის გადახდის მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა მოსარჩელის მიმართ (კრედიტორი) ქირავნობის ხელშეკრულების ფარგლებში ამ ოდენობით თანხის გადახდის ფაქტს, არ წარუდგენია, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
9. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
11. საკასაციო საჩივრის თანახმად:
11.1. მხარეთა შორის დადებულია ქირავნობის ხელშეკრულება, შესაბამისად, საქონლის ჩამოტანას არ სჭირდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა,არამედ უნდა გამოწერილიყო ზედნადები;
11.2. სასამართლოს მოწმის ჩვენება მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადასტურებლად საკმარის მტკიცებულებად არ უნდა მიეჩნია. საქმის მასალებში არ არის ისეთი უტყუარი მტკიცებულება, როგორიცაა სავალო საბუთი, საბანკო გადახდის ქვითარი ან სხვა წერილობითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სადავო თანხის მოსარჩელისათვის დაბრუნების ფაქტს. გამომდინარე აქედან, მოპასუხეს უნდა დაეკისროს თანხის გადახდა.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს საკასაციო საჩივრით არაკვალიფიციური შედავება აქვს წარმოდგენილი. კერძოდ, სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე კომპანიისა და მეორე მოპასუხისთვის სოლიდარულად თანხის გადახდის დაკისრებას იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე მხარეს არ დაუბრუნებია ქირავნობის საგანი სრულად. შესაბამისად, იგი მოპასუხეებისგან ითხოვს ქირავნობის საგნის ღირებულებისა და ქირის გადახდას (23.06.2016 წლის ქირავნობის ხელშეკრულების 5.2. პუნქტი: თუ დამქირავებელი ქირავნობის ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელეს არ დაუბრუნებს ქირავნობის საგანს, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელებულად ჩაითვლება და დამქირავებელი ვალდებული იქნება ქირა გადაიხადოს ქირავნობის საგნის სრულ დაბრუნებამდე (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1. ქვეპუნქტი)).
13. გამომდინარე აქედან, მოსარჩელის ძირითადი საკასაციო პრეტენზია, რომ მოწმის ჩვენებით ვერ დადასტურდება მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტი, არარელევანტურია, რადგან მოცემულ შემთხვევაში მისი სასარჩელო მოთხოვნის წარუმატებლობას განსაზღვრავს მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში ქირავნობის საგნის სრულად დაბრუნების ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურება.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
15. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი „affirmanti, non negati, incumbit probatio“ - „მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.
16. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრებოდა მოპასუხისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირავნობის საგნების გადაცემის, ხოლო მოპასუხეს - ქირავნობის საგნების სრულად და შეთანხმებულ ვადაში დაბრუნების ფაქტის დადასტურების ვალდებულება.
17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილ ინვოისსა (15.07.2016) და მოწმე ა.ქ–ძის ჩვენებაზე, რომელთა ერთობლივი ანალიზის შედეგად დასტურდება 23.06.2016 წლის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მიერ ქირავნობის საგნების დადგენილ ვადაში დაბრუნების ფაქტი, რაც გამორიცხავს მათი ღირებულებისა და ქირის გადახდის მოპასუხეზე დაკისრებას.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
19. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 690 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 53,4 ლარი და დარჩენილი 636,6 ლარის 70% – 445,62 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „F.H.“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „F.H.“-ს (ს/კ: .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2020 წლის 14 ოქტომბერს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 690 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 53,4 ლარი და დარჩენილი 636,6 ლარის 70% – 445,62 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი