საქმე №ას-986-2022 20 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ.ჯ–ია“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 მაისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი შპს „დ.ჯ–იას“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მიმწოდებელი“) მიმართ პირგსამტეხლოს დაკისრების თაობაზე (სარჩელით მოთხოვნილი იყო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 11 742 ლარის გადახდის დაკისრება), დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 871 ლარის გადახდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მხარეთა შორის 2020 წლის 22 ოქტომბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N422 ხელშეკრულება ღირებულებით 618 000 ლარი, რომლის საგანს წარმოადგენდა მოსარჩელის მეხანძრე-მაშველის ყოველდღიური უნიფორმის შესყიდვა. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 120 კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 2021 წლის 19 თებერვლისა.
2.2. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ვადაგადაცილებით - 19 დღის დაგვიანებით, 2021 წლის 10 მარტს.
2.3. მოპასუხემ დაარღვია აღნიშნული ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მოთხოვნა, რის გამოც, ამავე ხელშეკრულების 8.3 პუნქტის შესაბამისად, მას დაერიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 618 ლარი), რაც შეადგენს 11 742 ლარს.
2.4. მოსარჩელის 01.04.2021წ. N803876 წერილით და სატელეფონო კომუნიკაციით მოპასუხეს ეცნობა დაკისრებული პირგასამტეხლოს და გადახდის ერთთვიანი ვადის განსაზღვრის შესახებ, თუმცა მას დაკისრებული პირგასამტეხლო არ გადაუხდია.
3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 420-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ, მართალია, მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადა, თუმცა აპელანტი არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო ინსტანციაში უთითებდა ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებით გამოწვეული ზიანის არსებობზე. მოპასუხეს პრეტენზია არ განუცხადებია მიღებული ნასყიდობის საგნების ხარისხთან მიმართებით. ამასთან, ვადაგადაცილებამ შეადგინა 19 დღე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმგვარ უხეშ დარღვევად, რაც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობას გაამართლებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობასა და მხარეთა თანასწორობის პრინციპს, შესაბამისად, ნაცვლად ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 0,1%-ისა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების 0,05%-ის ოდენობით.
4. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, უნდა შესრულებულიყო ეტაპობრივად. პირგასამტეხლოს შემცირების მიზნებისათვის სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ პირგასამტეხლო დარიცხულ იქნა არა ვადაგადაცილებული ვალდებულების მოცულობის, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების გათვალისწინებით. სასამართლოს მითითებით, საქმეში მოსარჩელის მიერ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებიდან დგინდება, რომ მიმწოდებელმა შემკვეთს: 2020 წლის 25 დეკემბერს მიაწოდა 1 100 ლარის ღირებულების საქონელი; 2020 წლის 31 დეკემბერს - 11 200 ლარის ღირებულების საქონელი; 2021 წლის 16 თებერვალს - 146 300 ლარის ღირებულების საქონელი; 2021 წლის 17 თებერვალს - 169 400 ლარის ღირებულების საქონელი; ხოლო, 2021 წლის 10 მარტს - 290 000 ლარის ღირებულების საქონელი. აღნიშნულიდან დგინდება, რომ მიმწოდებლის მიერ 328 000 ლარის ღირებულების საქონელი მიწოდებულია ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, ხოლო ვადაგადაცილებით მიწოდებულია 290 000 ლარის ღირებულების საქონელი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება იმ თანხის შესაბამისად, რომლის ფარგლებშიც ვალდებულება ჯეროვნად იქნა შესრულებული, ეწინააღმდეგება ყველა კერძოსამართლებრივ პრინციპს, კანონის დანაწესს და საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, მოვალეს პირგასამტეხლო ვერ დაეკისრება იმ ვალდებულებიდან გამომდინარე, რაც მას ჯეროვნად აქვს შესრულებული.
5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვადაგადაცილებული ვალდებულების ღირებულებამ შეადგინა 290 000 ლარი, შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე არ შეამცირებდა, 19 ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს ოდენობა გამოვიდოდა 5 510 ლარი, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულ ოდენობაზე ნაკლებია. ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 384-ე დანაწესებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებულ პირგასამტეხლოს ოდენობას ვერ შეამცირებს. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდას, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ოდენობაზე მეტი თანხის მოპასუხისათვის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.
13. საკასაციო საჩივრის თანახმად, პირგასამტეხლოზე შეთანხმება მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგია. სასამართლოს უფლებამოსილება - შეაფასოს პირგასამტეხლოს გონივრულობა, უმთავრესად ობიექტური გარემოებების შესწავლას გულისხმობს. კერძოდ, უნდა შეფასდეს დარღვევის ხასიათი, ხანგრძლივობა, მხარის ინტერესი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. პირგასამტეხლო მოვალის წახალისების საშუალებას წარმოადგენს, რომ მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. აღნიშნული მიზანი უგულებელყოფილია სააპელაციო სასამართლოს მიერ, როდესაც ის მხოლოდ ზოგადი მსჯელობით შემოიფარგლება და დაუსაბუთებლად ანახევრებს პირგასამტეხლოს ოდენობას; არარეალურია, პირგასამტეხლო 5 871 ლარის ოდენობით რაიმე სახის პრევენციულ, ვალდებულების მასტიმულირებელ ან/და მიყენებული ზიანის კომპენსირების საშუალებას წარმოადგენდეს ხელშეკრულებასთან მიმართებით, რომლის საერთო ღირებულებაც 618 000 ლარია; მოსარჩელისათვის მნიშვნელოვანი იყო ვალდებულების დროული შესრულება. შესაბამისად, ამ პირობებში პირგასამტეხლოს შემცირება აზრს უკარგავს პირგასამტეხლოს ფუნქციას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს და იმავდროულად აიძულოს მოვალე ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
15. ამდენად, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ასეთ დროს სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ასევე, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიც არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1560-1463-2012, 28 დეკემბერი, 2012 წელი; Nას-1200-1145-2013, 16 მაისი, 2014 წელი; Nას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; Nას-1511-2018, 26 მარტი, 2019 წელი; Nას-183-2021, 29 ნოემბერი, 2022 წელი).
16. საკასაციო სასამართლო აგრეთვე განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იყოს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს (იხ. სუსგ საქმე Nას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი).
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე Nას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი).
18. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შესაბამისობაშია პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-349-2019, 11 ივნისი, 2019 წელი; Nას-1164-2019, 22 ნოემბერი, 2019 წელი; Nას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი; Nას-1716-2019, 19 თებერვალი, 2021 წელი; Nას-1007-2021, 13 აპრილი, 2022 წელი; Nას-213-2022, 06 ივნისი, 2022 წელი; Nას-1435-2018, 08 მაისი, 2020 წელი; Nას-473-2022, 07 ივლისი, 2022 წელი; Nას-183-2021, 29 ნოემბერი, 2022 წელი; Nას-56-2023, 28 სექტემბერი, 2023 წელი), ხოლო კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არის არაკვალიფიციური და დაუსაბუთებელი. კასატორმა ვერ დაადასტურა პირგასამტეხლოს შემცირების არამართლზომიერება და საკასაციო პალატა ვერ დაარწმუნა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობების არსებობაში.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
20. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი