Facebook Twitter

საქმე №ას-364-2022 7 ივლისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.ტ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ტ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება (თავდაპირველ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.ტ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ხოლო, თ.ტ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხის შეგებებული სარჩელი (შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი იყო მოსარჩელისათვის 17 752 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; შეგებებული სარჩელის თანახმად, მოპასუხემ, როგორც თავდებმა, მსესხებლის, მოსარჩელის ნაცვლად გადაიხადა სესხზე 17 752 აშშ დოლარი, რაც ამ უკანასკნელს არ დაუბრუნებია) არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 147 248 აშშ დოლარის გადახდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერისა და საკადასტრო გეგმის შესაბამისად, მიწის ნაკვეთი, მდებარე: გარდაბანი, სოფელი ......, ს.კ. ........, ეკუთვნოდა მოპასუხეს და 2014 წლამდე მონაცემებით მიწის ნაკვეთზე რაიმე შენობა-ნაგებობა (ფერმა ან სხვა) არ ფიქსირდება.

2.2. 20.02.2014წ. N000305530 საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეზე გაიცა შეღავათიანი აგროკრედიტი 165 000 აშშ დოლარის ოდენობით; კრედიტის აღების მიზანს წარმოადგენდა: მეცხოველეობის ფერმის მშენებლობა, ელ. ენერგიის მიყვანა და ფერმაში საჭირო ინვენტარის შეძენა, 20 მეწველი ძროხის შეძენა; ხელშეკრულების დანართი N1-ის მიხედვით, განისაზღვრა სესხის ტრანშად გაცემის გრაფიკი და ოდენობა; შეღავათიანი აგროკრედიტის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა: ა) მოსარჩელის კუთვნილი შპს ,,ბ–ას“ საკუთრებაში არსებული კომერციული ფართი, ს.კ. ....... (ბანკის შეფასებით, მითითებული ფართის საკვალიფიკაციო ღირებულებამ შეადგინა ჯამში 225 000 აშშ დოლარი) და ბ) მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები: ს.კ. N......; N.......; N.......; N........(რომელთა სალიკვიდაციო თანხამ, ბანკის შეფასებით, შეადგინა ჯამში 16 000 აშშ დოლარი).

2.3. მოპასუხის დაკვეთით მიწის ნაკვეთზე, მდებარე: გარდაბანი, სოფელი ......, ს.კ. ..... წელს შპს ,,ხ–ის” მიერ მომზადდა სამშენებლო დოკუმენტაციის პროექტი აგროფერმის ასაშენებლად 40 სულ მსხვილფეხა პირუტყვზე. პროექტი შეთანხმდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურთან.

2.4. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 06.02.2014წ. N140 ბრძანების შესაბამისად, გაიცა ფერმის მშენებლობის ნებართვა სოფელ ......... მოპასუხის საკუთრებაში არსებულ 1000,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ს.კ. N.........

2.5. ფერმის მშენებლობა მიმდინარეობდა ბიზნეს-გეგმის შესაბამისად, სესხად აღებული თანხები (IV ტრანში - 46 000 აშშ დოლარი) გახარჯულია მიზნობრივად.

2.6. მოპასუხემ ტრანშების გაცემის დასრულების პერიოდში მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, მდებარე: გარდაბნის რაიონი, სოფელი ......, ს.კ. ......., შეიტანა შპს ,,ს“-ის საწესდებო კაპიტალში.

2.7. სს ,,თ.ბ–ის” 12.09.2019წ. ამონაწერის მიხედვით, 20.02.2014წ. N000305530 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბანკში გადახდილია ძირი თანხა ჯამში - 113 405,18 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო გრაფიკის შესაბამისად, ძირი თანხის სახით დასაფარი დარჩა 51 594,82 აშშ დოლარი.

2.8. მოპასუხემ 20.02.2014წ. N000305530 საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად ბანკში გადაიხადა ჯამში 17 752 აშშ დოლარი.

2.9. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა ერთობლივი საქმიანობის შესახებ ზეპირსიტყვიერი შეთანხმება მეცხოველეობის ფერმის მშენებლობის შესახებ და ამ შეთანხმების განსახორციელებლად მხარეებმა ბანკიდან აიღეს აგროკრედიტი. მშენებლობა უნდა განხორციელებულიყო მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე: ს.კ. ...... მხარეთა შეთანხმებით ფერმის მოგებით მიღებული შემოსავალი უნდა განაწილებულიყო თანაბრად. სესხის თანხა გაიხარჯა მეცხოველეობის ფერმის მშენებლობის მიზნებისათვის.

3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის სადავოა - არსებობდა თუ არა ერთობლივი საქმიანობის შესახებ ზეპირსიტყვიერი შეთანხმება და 2014 წლის 20 თებერვალს მათ მიერ აგროსესხის აღების მთავარი მიზანი იყო თუ არა მეცხოველეობის ფერმის მშენებლობა. ამასთან, ბანკის მიერ ტრანშებად გაცემული თანხები მოხმარდა თუ არა ფერმის მშენებლობას.

4. სააპელაციო პალატის განმარტებით, 2014 წლის 27 თებერვალს ბანკი და მსესხებელი შეთანხმდნენ, რომ 20.02.2014წ. ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის - 165 000 აშშ დოლარის მსესხებელზე გაცემა უნდა განხორციელებულიყო ნაწილ-ნაწილ, ტრანშებად. კერძოდ, პირველი ტრანში - 33 000 აშშ დოლარი გაიცა 27 თებერვალს, ხოლო მეორე, მესამე (33 000-33 000 აშშ დოლარი), მეოთხე (46 000 აშშ დოლარი) და მეხუთე (20 000 აშშ დოლარი) ტრანშები კი გაიცემოდა მას შემდეგ, რაც მოხდებოდა მონიტორინგის ჩატარება მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად; განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით, კერძოდ, სესხის მიზნობრივად გახარჯვის მონიტორინგის ფორმით დასტურდება პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ტრანშის გაცემის ფაქტი; ამასთან, დასტურდება ის გარემოებაც, რომ კრედიტის აღების ძირითადი მიზანი (იპოთეკის ხელშეკრულების 4.1.5 პუნქტი) - ფერმის მშენებლობა, ელ.ენერგიის მიყვანა და ფერმაში საჭირო ინვენტარის შეძენა, ხორციელდებოდა ეტაპობრივად; 2015 წლის 01 ივნისს ბანკის თანამშრომლების (საცალო მომსახურების ოფიცრის და ფილიალის მმართველის) მიერ სესხის მიზნობრივად გახარჯვის შესამოწმებლად განხორციელდა მონიტორინგი. მათ შეამოწმეს მეოთხე ტრანშით - 46 000 აშშ დოლარით კლიენტის (მსესხებელი - მოსარჩელე, თავდები - მოპასუხე) მიერ შესრულებული სამუშაოები, რის შედეგადაც გაიცა რეკომენდაცია, რომ თანხა (მეოთხე ტრანში) გახარჯული იყო მიზნობრივად.

5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე, 931.1 მუხლებით და ზემოაღნიშნულ, ასევე, წინამდებარე განჩინების 2.1-2.4 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა ერთობლივი საქმიანობის შესახებ ზეპირი ფორმით დადებული ხელშეკრულება, რომლის მიზანიც იყო მეცხოველეობის ფერმის მშენებლობა; აღნიშნული მიზნის განსახორცილებლად მხარეებმა ბანკიდან აიღეს აგროსესხი, რაც ფერმის მშენებლობას მოხმარდა.

6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებმა ერთობლივი საქმიანობისათვის და საერთო სარგებლის მისაღებად აიღეს სესხი, რომელიც შემდგომში თანაბრად უნდა გაენაწილებინათ, თუმცა მოპასუხემ სესხის ტრანშების გაცემის დასრულების პერიოდში მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, მდებარე: გარდაბნის რაიონი, სოფელი ......, ს.კ. ........, შეიტანა შპს ,,ს“-ის საწესდებო კაპიტალში. აღნიშნულით მან ფაქტობრივად შპს „ს”-ის მეშვეობით დამოუკიდებლად გააგრძელა საქმიანობა და შეწყვიტა ერთობლივი საქმიანობის შესახებ შეთანხმება, რის გამოც, მთელი სარგებელი მანვე მიიღო. ხოლო, მოსარჩელე იძულებულია გადაიხადოს (გადაიხადა) ის ყოველთვიური გადასახადი, რაც განსაზღვრულია სესხზე თანდართული გრაფიკით. სარჩელის აღძვრამდე მოსარჩელეს ჯამში სესხზე ძირი თანხის სახით გადახდილი აქვს 113 405,18 აშშ დოლარი, საიდანაც 17 752 აშშ დოლარი გადახდილია მოპასუხის მიერ, ხოლო გადასახდელი ძირი თანხის ოდენობა შეადგენს 51 594,82 აშშ დოლარს. შესაბამისად, ვინაიდან ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე სარგებელი მიიღო მხოლოდ მოპასუხემ, სახეზეა მოსარჩელის მიერ გადახდილი (გადასახდელი) თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის სსკ-ის 352-ე, 394.1 და 407-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძველი.

7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 932-ე, 938-ე, 939.2.გ, 940-ე, 407-ე, 408-ე, 409-ე, 412-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის შედეგად მოსარჩელეს წარმოეშვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, შესაბამისად, სახეზეა მოპასუხისათვის 147 248 აშშ დოლარის დაკისრების საფუძველი.

8. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოპასუხემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს საკუთარი ბიზნესის განახლება სურდა და სწორედ ამ მიზნით აიღო ბანკიდან აგროსესხი (აღნიშნული მხარემ მიუთითა სასამართლო სხდომაზე). ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოპასუხის მიერ არაკვალიფიციური (დაუსაბუთებელი) შესაგებლის წარდგენა მხარისათვის უარყოფით საპროცესო-სამართლებრივ შედეგებს იწვევს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ მის მიერ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა კონკრეტულ გარემოებებზე არ მიუთითებია.

9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ შეგებებული სარჩელი დააკმაყოფილა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის საფუძვლით, რაც გაუმართლებელია, ვინაიდან შეგებებული სარჩელით მოპასუხეს არც შესაგებლით და არც საქმის ზეპირი განხილვის ეტაპზე უცვნია შეგებებული სარჩელი. ის გარემოება, რომ მოსარჩელემ დაადასტურა 17 752 აშშ დოლარის მოპასუხის მიერ გაღების ფაქტი, არ ნიშნავს, რომ მოსარჩელემ შეგებებული სარჩელი ცნო. მან აღნიშნულის მიხედვით დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა 147 248 აშშ დოლარის დაკისრება (165 000 – 17 752), შესაბამისად, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და დამატებით 17 752 აშშ დოლარით სასარჩელო მოთხოვნის შემცირება დაუსაბუთებელია.

10. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

16. საკასაციო საჩივრის თანახმად:

16.1. საკასაციო სასამართლომ არასათანადოდ გამოიკვლია და შეაფასა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები. საქმეში წარდგენილი საბანკო ამონაწერებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ მსესხებელი არის მოსარჩელე, ხოლო თავდები მოპასუხე;

16.2. სასამართლო საუბრობს ზიანზე, რომელიც ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარეობს. ერთობლივი საქმიანობა კი გულისხმობს თავდაპირველ ეტაპზე შენატანთა თანაბრობის, ხოლო ასეთი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, ვალდებულებების თანაბრად გაყოფის პრინციპს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხემ მისი ქმედებით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და ამით მოსარჩელეს ზიანი მიაყენა, ზიანის ოდენობად კი განსაზღვრა სესხის როგორც გადახდილი, ისე გადაუხდელი ნაწილი. საქმეში არ არის წარდგენილი მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის სესხის თანხის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება;

16.3. ის გარემოება, რომ მოპასუხემ არ უარყო ფერმის მშენებლობის ფაქტი, არ გულისხმობს იმას, რომ მოპასუხე ეთანხმება ერთობლივი საქმიანობის არსებობას. ფერმა მოპასუხემ თავისი სახსრებით ააშენა;

16.4. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ 46 000 აშშ დოლარი მიზნობრივად გაიხარჯა და ფერმის მშენებლობას მოხმარდა. მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მდებარე ფერმის შემოწმების აქტი რეალურ მონაცემებს არ შეიცავს. აღნიშნული მონიტორინგის აქტი ცალმხრივი დოკუმენტია, რომელიც გარდა ბანკის თანამშრომლის მიერ მითითებული ინფორმაციისა და ხელმოწერისა, სხვა ინფორმაციას არ შეიცავს. აქტი შედგენილია 2015 წლის ივნისში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ტერიტორიაზე იდგა მოპასუხის სახსრებით აშენებული შენობა, რომელიც იყო არამუშა მდგომარეობაში, ასევე, არ იყო შეძენილი საქონელი. ფერმა სესხის თანხით არ აშენებულა, ხოლო მოსარჩელემ მიღებული სესხი თვითნებურად, პირადი მიზნებისთვის განკარგა.

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.

18. აღნიშნული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების თავისებურებას წარმოადგენს მხარეთა სურვილი, საკუთარი ქონების, გამოცდილებისა თუ პროფესიული უნარ-ჩვევების გაერთიანებით, ერთობლივად იმოქმედონ გარკვეული მიზნების მისაღწევად. ამასთან, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების აუცილებელი წინაპირობაა, რომ ამხანაგობა ყალიბდება იურიდიული პირის შეუქმნელად. ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო კოდექსი არ აზუსტებს ხელშეკრულების ამ ტიპისათვის განსაზღვრული მიზნის შინაარსს, ამდენად, გარიგების მხარეთა ინტერესს შესაძლებელია, წარმოადგენდეს კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი მიზანი, მათ შორის, გარკვეული მოგების მიღების სურვილი. საერთო მიზნის არსებობა გარიგების მთავარი წინაპირობაა, ამიტომ ამხანაგობის თითოეული წევრი მონაწილეობს, როგორც გარიგების დამოუკიდებელი მხარე (იხ. სუსგ საქმე Nას-866-808-2017, 17 ოქტომბერი, 2017 წელი). ერთობლივი საქმიანობა ეფუძნება მონაწილეთა შენატანებს, შენატანები კი შეიძლება იყოს, როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ასევე, დასაშვებია შენატანი მომსახურების გაწევით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 931-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს წერილობით ან ზეპირად.

19. ამდენად, იმისათვის, რომ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება დადებულად იქნეს ცნობილი, საჭიროა სახეზე იყოს შემდეგი წინაპირობები: ორი ან მეტი პირის წერილობითი, ან ზეპირი ფორმით დადებული ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება, სადაც გამოხატული იქნება მისი წევრების ვალდებულება ერთობლივად იმოქმედონ საერთო სამეურნეო, ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით; მონაწილეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესატანების შეტანის ფაქტი.

20. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა მხარეთა შორის ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადების ფაქტი, რომლის მიზანსაც მეცხოველეობის ფერმის მშენებლობა წარმოადგენდა.

21. კერძოდ, წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ 20.02.2014წ. N000305530 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელეზე გაიცა შეღავათიანი აგროკრედიტი 165 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა: მეცხოველეობის ფერმის მშენებლობა, ელ. ენერგიის მიყვანა, ფერმაში საჭირო ინვენტარისა და 20 მეწველი ძროხის შეძენა; აღნიშნული სესხი უზრუნველყოფილი იყო როგორც იპოთეკით, ისე მოპასუხის თავდებობით; ამასთან, ფერმის მშენებლობა ამ უკანასკნელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე: ს.კ. ......, უნდა განხორციელებულიყო; ფერმის ასაშენებლად სამშენებლო დოკუმენტაციის პროექტი მომზადდა მოპასუხის დაკვეთით, პროექტი შეთანხმდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურთან და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 06.02.2014წ. N140 ბრძანებით გაიცა ფერმის მშენებლობის ნებართვა მოპასუხის კუთვნილ ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე; დადგენილია ასევე, რომ ფერმის მშენებლობა მიმდინარეობდა ბიზნეს-გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად და სესხად აღებული თანხები გახარჯულია მიზნობრივად. კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო სამართლებრივად ვარგისი პრეტენზია არ წარმოუდგენია. სესხის მიზნობრივად გახარჯვასთან დაკავშირებით მისი პრეტენზია ზოგადი და დაუსაბუთებელია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მას ვერ გაიზიარებს.

22. ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შინაარსიდან იკვეთება მხარეთა ნება ერთობლივად ემოქმედათ საერთო სამეურნეო მიზნის მისაღწევად - აეშენებინათ მეცხოველეობის ფერმა, რისთვისაც მათ ბანკიდან აიღეს აგროსესხი, რომელიც ფერმის მშენებლობას მოხმარდა.

23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 938-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ ხელშეკრულება პირდაპირ არ განსაზღვრავს ერთობლივი საქმიანობის ვადას, ყოველ მონაწილეს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობაზე. ხელშეკრულებიდან გასვლა დაუშვებელია ისეთ დროს ან ისეთ გარემოებაში, რომელიც საზიანო იქნება ერთობლივი საქმიანობისათვის; თუ მონაწილეთა შეთანხმებით განსაზღვრულია ერთობლივი საქმიანობის ვადა, ხელშეკრულებიდან გასვლა დაიშვება მხოლოდ პატივსადები მიზეზების არსებობისას. იმავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.

24. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მოპასუხემ შეწყვიტა მხარეთა შორის დადებული ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება. კერძოდ, მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი: ს.კ. ....., რომელზეც აშენდა ფერმა, შეიტანა შპს ,,სამგორი 7“-ის საწესდებო კაპიტალში, რომლის 100% წილის მფლობელი პარტნიორი და დირექტორიც თავად არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სახეზეა მოსარჩელისათვის აგროსესხზე მის მიერ გადახდილი და გრაფიკის შესაბამისად გადასახდელი თანხის, როგორც მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობები.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

27. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6 000 ლარის 70% – 4 200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა.ტ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს ა.ტ–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2022 წლის 12 აპრილს №13046719446 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6 000 (ექვსი ათასი) ლარის 70% – 4 200 (ოთხი ათას ორასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი