საქმე №ას-301-2024 04 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – სს „თ.ბ–ი“ (საარბიტრაჟო მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - შპს „ბ-გ–ი“, შპს „ლ–ს“, ქ.ს–ძე (საარბიტრაჟო მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრისა და იმავე სასამართლოს 2024 წლის 14 თებერვლის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება
დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „თ.ბ–მა“ (შემდგომში - „განმცხადებელი“, „ბანკი“, „საარბიტრაჟო მოსარჩელე“, „მოსარჩელე“ ან „საჩივრის ავტორი“) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ქ.ს–ძისათვის მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, .........., ს.კ. ......., გასხვისებისა და სანივთო-სამართლებრივი უფლებით დატვირთვის აკრძალვა.
2. განმცხადებლის განმარტებით, ბანკსა და შპს „ბ-გ–ს“ (შემდგომში - „მსესხებელი“) შორის 30.11.2021 წელს გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N0007.7621808.001 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მსესხებელთან 30.11.2021 წელს გაფორმდა N7621808-11719159 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, კრედიტის თანხა შეადგენდა - 700 000 აშშ დოლარს. ხელშეკრულებით განისაზღვრა საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი; გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა შპს „ლ–სა“ და ქ.ს–ძის სოლიდარული თავდებობით. თითოეულ შემთხვევაში პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 1 000 000 აშშ დოლარით; საკრედიტო ვალდებულება უნდა შესრულებულიყო საკრედიტო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, თუმცა მოპასუხეებს აღნიშნული ვალდებულება არ შეუსრულებიათ; მოპასუხეებს ვალდებულების შესასრულებლად განესაზღვრათ დამატებითი ვადა, თუმცა უშედეგოდ; შესაბამისად, ბანკმა ცალმხრივად შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულება 31.07.2023 წელს; საკრედიტო დავალიანების ოდენობა შეადგენს ჯამში 232 135,15 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 185 209,31 აშშ დოლარი, სარგებელი - 37 309,30 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 9 616,54 აშშ დოლარი.
3. შესაბამისად, მოსარჩელე საარბიტრაჟო სარჩელით ითხოვს მოპასუხეთათვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 232 135,15 აშშ დოლარის გადახდის სოლიდარულად დაკისრებას, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა 185 209,31 აშშ დოლარი, პროცენტი 37 309,30 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 9 616,54 აშშ დოლარი; მოპასუხეებისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით, სესხის ძირითადი თანხის - 185 209,31 აშშ დოლარის წლიური 13,37%-ის გადახდის სოლიდარულად დაკისრებას 07.11.2023 წლიდან 12 თვის განმავლობაში, რაც ჯამურად 24 423,27 აშშ დოლარს შეადგენს და პირგასამტეხლოს გადახდის სოლიდარულად დაკისრებას ყოველდღიურად სესხის ძირითადი თანხის - 185 209,31 აშშ დოლარის 0,1%-ის ოდენობით 07.11.2023 წლიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 8 904,39 აშშ დოლარისა; თავდების პირების პასუხისმგებლობის ზღვარი განსაზღვრულია თითოეულ შემთხვევაზე 1 000 000 აშშ დოლარით; მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხეთათვის საარბიტრაჟო მოსაკრებლის, ჯამში - 10 761,20 ლარის, უზრუნველყოფის ღონისძიების საფასურის - 50 ლარისა და აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 26 ლარის გადახდის სოლიდარულად დაკისრებას.
4. განმცხადებლის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნა არ არის უზრუნველყოფილი, სასამართლო წარმოება კი დაკავშირებულია ხანგრძლივ დროსთან, რა პერიოდშიც მოპასუხემ შესაძლოა გაასხვისოს ან უფლებრივად დატვირთოს მის საკუთრებაში არსებული ქონება. ამდენად, მოსარჩელეს, ერთი მხრივ, წაერთმევა უფლება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა მოვალის კუთვნილი ქონებიდან, ხოლო, მეორე მხრივ, შესაძლოა ქონების ღირებულება იმდენად შემცირდეს, რომ კრედიტორისათვის შეუძლებელი გახდეს მოთხოვნის მოვალის ქონების მეშვეობით დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განცხადებაზე თანდართულია გარიგებები, რომლითაც განმცხადებელი მიზნად ისახავს დაადასტუროს მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტი. ამასთან, 30.11.2021წ. გაფორმებული N76221808-11719159 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, რომ კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია, როგორც თავდებობებით, ასევე, იპოთეკით, რაც, თავის მხრივ, უარყოფს განცხადებაში მითითებულ მოტივაციას (რომ კრედიტორის მოთხოვნა არ არის უზრუნველყოფილი). ამასთან, საქმეში არ მოიპოვება იპოთეკით დატვირთული ქონების სავარაუდო საბაზრო ღირებულების დამდგენი რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობასთან მიმართებით მისი ღირებულების შეუსაბამობას.
7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191.1, 35612.1, 35612.2, 35618.1, 35618.2 მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაუსაბუთებლად მიიჩნია.
8. საარბიტრაჟო მოსარჩელემ ზემოაღნიშნულ განჩინებაზე წარადგინა საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.
9. საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
9.1. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში სესხზე დავალიანებამ შეადგინა 688 272,30 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი დავალიანება იყო 641 346,46 აშშ დოლარი, პროცენტი - 37 309,30 აშშ დოლარი და ჯარიმა - 9 616,54 აშშ დოლარი. საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ განხორციელდა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ერთადერთი უძრავი ქონების, მდებარე: გუდაური, ......., ს.კ. ......, შეთანხმების შესაბამისად სპეციალისტის მიერ ორგანიზებულ აუქციონზე რეალიზაცია. რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით 2023 წლის 24 ოქტომბერს განხორციელდა საკრედიტო ხელშეკრულების ნაწილობრივ დაფარვა, კერძოდ, დაიფარა ჯამში - 456 137,15 აშშ დოლარი, რის შემდგომაც სესხზე დარჩა არაუზრუნველყოფილი დავალიანება ჯამში 232 135,15 აშშ დოლარის ოდენობით;
9.2. საკრედიტო ხელშეკრულების დამატებით პირობებში მითითებული ქონება არასდროს ყოფილა ბანკის იპოთეკის საგანი (არ დატვირთულა იპოთეკით). განცხადებით სასამართლოსთვის მომართვის მომენტში სესხი ნამდვილად იყო და არის არაუზრუნველყოფილი, რეალიზებულია ერთადერთი უზრუნველყოფის საგანი, რის შემდგომაც გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება იძლევა დარჩენილ არაუზრუნველყოფილ ნაშთზე წარმოების გაგრძელების შესაძლებლობას (გენერალური ხელშეკრულების 9.3-9.5 პუნქტები, თავდებობის ხელშეკრულების 2.1, 2.3 პუნქტები);
9.3. საქმეში წარდგენილი არცერთი მტკიცებულებით დასტურდება, რომ სესხი უზრუნველყოფილია იპოთეკით;
9.4. სესხი რომც იყოს უზრუნველყოფილი, ზემოაღნიშნული ნორმები ერთობლიობაში ცხადყოფს, რომ ბანკს მიუხედავად იმისა არის თუ არა რეალიზებული იპოთეკის საგანი, აქვს უფლება განახორციელოს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თავდები პირისა და მსესხებლის სხვა ქონების (გარდა იპოთეკის საგნისა) რეალიზაცია.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განჩინება და საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, მხარეს არ წარუდგენია იპოთეკის ხელშეკრულება, თუმცა 30.11.2021წ. გაფორმებული N76221808-11719159 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან დგინდება, რომ კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია, როგორც თავდებობებით, ასევე, იპოთეკით (იხ. ხელშეკრულების 2.20 პუნქტი). აღნიშნული, თავის მხრივ, უარყოფს საჩივრის ავტორის მსჯელობას, რომ საქმეში წარმდგენილი არცერთი მტკიცებულებით დასტურდება იპოთეკით სესხის უზრუნველყოფის ფაქტი.
12. სააპელაციო პალატის განმარტებით, საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ განხორციელდა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ერთადერთი უძრავი ქონების რეალიზაცია, რის შედეგადაც ამონაგები თანხით განხორციელდა საკრედიტო ხელშეკრულების ნაწილობრივ დაფარვა. მითითებული გარემოების მტკიცების მიზნით, საჩივრის ავტორმა წარადგინა 2023 წლის 12 ოქტომბრით დათარიღებული N M 1431 განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ. მითითებული დოკუმენტის თანახმად, უძრავი ნივთი (ს.კ. ......) აუქციონზე შეიძინა ბანკმა, ხოლო რეალიზებული ქონების ყოფილ მესაკუთრეს წარმოადგენდა შპს „ბ-გ–ი“; იპოთეკის ხელშეკრულება: N 1231232921781, თარიღი: 31.12.2021; სასესხო დავალიანების ოდენობა: 688 272,30 აშშ დოლარი. ამდენად, მითითებული მტკიცებულებით დგინდება მხოლოდ ის გარემოება, რომ შპს „ბ-გ–თან“ არსებული გარკვეული ურთიერთობიდან წარმოშობილი ბანკის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით აუქციონზე განხორციელდა მოვალის ქონების რეალიზაცია. ამასთან, საქმეში წარდგენილი არცერთი მტკიცებულებით დგინდება, კონკრეტულად რომელი სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით განხორციელდა აღნიშნული. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პოზიცია, რომ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ განხორციელდა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ერთადერთი უძრავი ქონების რეალიზაცია, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს, რომ მისი მოთხოვნა არ არის უზრუნველყოფილი ან/და უზრუნველყოფის საშუალება არ არის საკმარისი მოთხოვნის სრული მოცულობით დასაკმაყოფილებლად. კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული იყო ისეთი საშუალება, როგორიცაა იპოთეკა. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ან სავარაუდო საბაზრო ღირებულების დამდგენი რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობასთან მიმართებით ღირებულების შეუსაბამობას. შესაბამისად, მხარემ სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რაც, თავის მხრივ, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
17. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განჩინების მართლზომიერება, რომლითაც განმცხადებელს/ბანკს უარი ეთქვა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.
18. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ „არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება, ასევე, უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე, გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
20. დასახელებული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის (მათ შორის, საარბიტრაჟო სარჩელის) უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ.
21. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დასაბუთება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
22. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.
23. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი, ასევე, უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს (იხ. სუსგ საქმე Nას-459-438-2015, 17 ივნისი, 2015 წელი; Nას-754-722-2016, 13 სექტემბერი, 2016 წელი). უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის დამოკიდებული სარჩელის საბოლოო ბედზე და მისი გამოყენება ემყარება მხოლოდ სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს(იხ. სუსგ საქმე Nას-942-2019, 01 აგვისტო, 2019 წელი).
24. განსახილველ შემთხვევაში განცხადებაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ საარბიტრაჟო სარჩელით მიმართა არბიტრაჟს - შპს „თ.ს.ი–ს“ მოპასუხეთა მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით; არბიტრაჟის 10.11.2023წ. დადგენილებით საარბიტრაჟო სარჩელი მიღებულ იქნა განსახილველად; განმცხადებელი წარმოდგენილი განცხადებით საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ითხოვს ერთ-ერთი თავდების უძრავ ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას. კერძოდ, ქ.ს–ძისათვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ........., ს.კ. ......., გასხვისებისა და სანივთო-სამართლებრივი უფლებით დატვირთვის აკრძალვას. განმცხადებლის განმარტებით, ბანკის მოთხოვნა არ არის უზრუნველყოფილი. ამასთან, საჩივრის ავტორი საჩივარში ადასტურებს, რომ სესხი თავდაპირველად იყო უზრუნველყოფილი იპოთეკით, თუმცა იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი მოპასუხეთა ვალდებულების სრულად დასაფარად, რის შემდგომაც სესხზე დარჩა არაუზრუნველყოფილი დავალიანება ჯამში 232 135,15 აშშ დოლარის ოდენობით (დეტ. იხ. წინამდებარე განჩინების 9.1 პუნქტი).
25. ზემოაღნიშნული გარემოებების დადასტურების მიზნით საჩივრის ავტორმა საჩივარს დაურთო აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ 12.10.2023წ. N M 1431 განკარგულება, საიდანაც ირკვევა, რომ კრედიტორის - ბანკის განცხადების საფუძველზე, უზრუნველყოფილი საკრედიტო მოთხოვნის (სასესხო დავალიანების ოდენობა 688 272,30 აშშ დოლარი) დაკმაყოფილების მიზნით, აუქციონზე რეალიზებულ იქნა შპს „ბ-გ–ის“ კუთვნილი იპოთეკით დატვირთული (იპოთეკის ხლშეკრულება N1231232921781; თარიღი: 31.12.2021) უძრავი ქონება, მდებარე: დუშეთის რაიონი, სოფელი ......, ს.კ. ...... (იხ. ს.ფ. 109-110). თუმცა, აღნიშნული განკარგულებიდან არ დასტურდება ის გარემოება, რომ ქონების აუქციონზე რეალიზაცია სწორედ N7621808-11719159 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეთა დავალიანების დასაფარად განხორციელდა. განმცხადებელს/საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია განკარგულებაში აღნიშნული 31.12.2021წ. N1231232921781 იპოთეკის ხელშეკრულება, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა იმ გარემოების გამორკვევა, კონკრეტულად რა ვალდებულების უზრუნველსაყოფად იქნა იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმებული.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ N7621808-11719159 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.20 პუნქტის თანახმად, საბანკო კრედიტი უზრუნველყოფილია იპოთეკითა და თავდებობით (იხ. ს.ფ. 27), შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საჩივრის ავტორმა დაადასტურა აღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების იპოთეკით უზრუნველყოფის ფაქტი, მასვე სარწმუნოდ უნდა დაედასტურებინა ის გარემოება, რომ იპოთეკის საგანს სწორედ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენდა, რომლის რეალიზაციაც 12.10.2023წ. N M 1431 განკარგულების შესაბამისად განხორციელდა. მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორმა აღნიშნულის სათანადოდ დადასტურება ვერ შეძლო. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელმა ვერ დაასაბუთა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება. საკასაციო სასამართლოს წარდგენილი განცხადების/საჩივრისა და მათზე დართული მტკიცებულებების გაცნობის შედეგად, არ შეექმნა რწმენა მოცემულ შემთხვევაში უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „თ.ბ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრისა და იმავე სასამართლოს 2024 წლის 14 თებერვლის განჩინებები დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი