Facebook Twitter

საქმე №ას-369-2024 24 მაისი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ჯ–ძე (მპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ჯ–ძე (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები - გ. ჯ–ძე, დ. ჯ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრება, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით ს. ჯ–ძის სარჩელი გ., მ. და დ. ჯ–ძეების წინააღმდეგ, უსაფუძვლო გამდიდრებისა და თანხის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გ. ჯ–ძეს ს. ჯ–ძის სასარგებლოდ 16 328.6 ლარის გადახდა დაეკისრა; დ. ჯ–ძისა და მ. ჯ–ძის მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ჯ–ძემ სააპელაციო საჩივრით ნაწილობრივ გაასაჩივრა მისი ნაწილობრივ გაუქმებისა და გ. ჯ–ძის მიმართ სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინებით მ. ჯ–ძის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინებით მ. ჯ–ძის სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

5. სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებს და მათ წარმომადგენლებს, შეამოწმა და შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ მ. ჯ–ძის სააპელაციო საჩივარი, შემდეგ გარემოებათა გამო, განუხილველად უნდა დარჩენილიყო:

5.1. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, 2019 წლის 21 ოქტომბერს, ს. ჯ–ძემ მოპასუხეების: გ. ჯ–ძის, მ. ჯ–ძის და დ. ჯ–ძის მიმართ, უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის დაკისრების მოთხოვნით სარჩელი აღძრა;

5.2. დაბა მესტიაში, ......, მდებარე უძრავი ნივთი ს/კ ........ ეკუთვნით გ. ჯ–ძეს, დ. ჯ–ძესა და მ. ჯ–ძეს, თითოეულს - 1/3 ნაწილი;

5.3. მოსარჩელის განმარტებით, მან სარჩელში აღნიშნული ნივთის სარემონტო სამუშაოებისათვის თანხა გაიღო, რის შედეგადაც მოპასუხეები უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ;

5.4. მოპასუხე გ. ჯ–ძემ დაადასტურა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ცნო მის მიმართ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა, რის საფუძველზეც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. ჯ–ძეს ს. ჯ–ძის სასარგებლოდ 16 328,6 ლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო დ. ჯ–ძისა და მ. ჯ–ძის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა, უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა;

5.5. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოგებულმა მხარემ - ერთ-ერთმა მოპასუხემ, მ. ჯ–ძემ, მოწინააღმდეგე მხარეებად მოპასუხე გ. ჯ–ძე და მოსარჩელე ს. ჯ–ძე დაასახელა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა, ვინაიდან მოპასუხე გ. ჯ–ძესა და მოსარჩელეს შორის არსებობდა შეთანხმება, რითაც განპირობებული იყო გ. ჯ–ძის მიერ სარჩელის ცნობა, ხოლო მის მიერ დადასტურებული ფაქტები არავითარ კავშირში არ იყო ობიექტურობასთან, ვინაიდან მოსარჩელის მიერ ხარჯის გაწევა არ დადასტურდა მ. და დ. ჯ–ძეების მიმართ მოთხოვნის ნაწილში (2/3 ნაწილში) და შესაბამისად, არ უნდა ჩაითვალოს დადასტურებლად გ. ჯ–ძის მიმართ მოთხოვნის ნაწილშიც (1/3 ნაწილში) (სააპელაციო სასამართლოს 26.10.2023 წლის სხდომის ოქმი, 14:12:36-14:13:01);

5.6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის ს. ჯ–ძის წარმომადგენელმა მ. ჯ–ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მოითხოვა. მიუთითა, რომ აპელანტი (მოგებული მხარე) პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს ასაჩივრებს, რომელიც მის კანონიერ ინტერესებს არ ეხება, რაც დაუშვებელია;

5.7. აპელანტი მიიჩნევს, რომ გ. ჯ–ძის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით მას, როგორც ქონების თანამესაკუთრეს, ადგება ზიანი, ვინაიდან გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში გასხვისდება ქონება, რომლის ნაწილზე მას საკუთრების, ხოლო ნაწილზე - უპირატესი შესყიდვის უფლება აქვს;

5.8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 364-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში;

5.9. სსსკ-ის 364-ე მუხლი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლების მქონე პირთა წრეს, ესენი არიან: ა) დავის მხარეები და ბ) დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირები. აღნიშნული ნორმა არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ მათ შორის მხარეს უფლება აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება. კანონმდებლის მიზანს წარმოადგენს მხოლოდ იმ მხარის უფლების დაცვა, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია გადაწყვეტილება. შესაბამისად, დაინტერესებულ პირს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია, თუ იგი მის წინააღმდეგ არის მიღებული ან რაიმე ფორმით მის კანონიერ ინტერესს შეეხება. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ პირს შეუძლია სასამართლო წესით დაიცვას მხოლოდ საკუთარი კანონიერი ინტერესები და იდავოს თავისი უფლებების დარღვევის ფაქტზე;

5.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარე უფლებამოსილია სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც უარი ეთქვა ამა თუ იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მხარეს არ შეუძლია სადავოდ გახადოს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება;

5.11. სსსკ-ით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (სსსკ-ის 264-ე მუხლი) და მატერიალური (სსსკ-ის 266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც, პირველ შემთხვევაში, გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც;

5.12. სსსკ-ის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს, არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი;

5.13. მითითებული ნორმის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება მისი სარეზოლუციო ნაწილით მომჩივნის საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილება;

5.14. სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრინციპებისა და დანაწესების ერთობლიობაში განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე, რომელიც სარჩელზე პირდაპირ და ზუსტ პასუხს წარმოადგენს. იმისათვის, რომ აპელანტის პრეტენზია დასაშვები იყოს, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას მის მიმართ სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;

5.15. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, თავისი არსით, წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. მოპასუხის მიმართ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, იმავდროულად, იწვევს მოპასუხის პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან შედავებული უფლება მოპასუხის სასარგებლოდაა გადაწყვეტილი, შესაბამისად, მოპასუხის იურიდიული ინტერესი, შედავებული უფლების შეუცვლელად დატოვების შესახებ დაკმაყოფილებულია. მოსარჩელის დარღვეული უფლების ობიექტური არსებობა, სსსკ-ის მე-2 მუხლის სავალდებულო წინაპირობაა. აღნიშნული ნორმა მოიცავს ასევე, მოპასუხის უფლებას, წარადგინოს სააპელაციო თუ საკასაციო საჩივრები ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში. პირი სარჩელის შეტანის გზით იცავს რა თავის უფლებას და შელახულ ინტერესებს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, იმავდროულად, იწვევს მოსარჩელის პრეტენზიის აღმოფხვრას, სარჩელის დაუკმაყოფილებლობა კი მოპასუხის პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის - მოპასუხის სასარგებლოდაა დაცული და შესაბამისად, მოპასუხე მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია;

5.16. სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინებაში განვითარებული მსჯელობა შესაბამისობაშია იმავე ტიპის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 16 დეკემბრის №ას-1088-1025-2015 განჩინებასთან.

6. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინება მ. ჯ–ძემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მისი სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.

7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ს. და გ. ჯ–ძეები შეთანხმდნენ უძრავი ქონების მოსარჩელისათვის გადაცემის თაობაზე, რის გამოც გ. ჯ–ძის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით მ. ჯ–ძეს, როგორც ქონების თანამესაკუთრეს, ადგება ზიანი, ვინაიდან გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში გასხვისდება ქონება, რომლის ნაწილზეც მას აქვს საკუთრების, ხოლო ნაწილზე - უპირატესი შესყიდვის უფლება.

8. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ მას, როგორც იმ პირს, რომლის ინტერესებსაც გადაწყვეტილება შეეხება, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 აპრილის განჩინებით მ. ჯ–ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჯ–ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს, წინამდებარე განჩინების 5.1-5.16 ქვეპუნქტებში ასახული, ფაქტობრივ-სამართლებრივი მსჯელობა დასაბუთებულია და სსსკ-ის მოწესრიგებას შეესაბამება.

12.საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 364-ე მუხლზე, რომლითაც რეგულირებულია სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ დაინტერესებულ პირს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია, თუ იგი მის წინააღმდეგ არის მიღებული ან, რაიმე ფორმით მის კანონიერ ინტერესს შეეხება.

13.მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით ს. ჯ–ძის სარჩელი მ. ჯ–ძის მიმართ არ დაკმაყოფილდა, ხოლო იმ მოპასუხის ნაცვლად, ვის წინააღდეგაც გამოტანილია გადაწყვეტილება, სხვა მოპასუხე გადაწყვეტილებას სადავოდ ვერ გახდის.

14.დადგენილია ასევე, რომ ზუგდიდის რაიონულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე გ. ჯ–ძემ ცნო სარჩელი (იხ. ამ განჩინების 5.4 ქვეპუნქტი), მის ნაცვლად კი მ. ჯ–ძე სააპელაციო საჩივარს ვერ წარადგენს. სსსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად სამოქალაქო სამართალში მოქმედებს დისპოზიციურობის პრინციპი, რაც უზრუნველყოფს მხარეთა უფლებას თავად დაიწყონ დავა, მორიგდნენ, უარი თქვან სარჩელზე ან ცნონ სარჩელი. აქედან გამომდინარე, თითოეულ მხარეს თავისი საპროცესო სტატუსი და მოქმედების ფარგლები აქვს.

15.ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, არ არსებობს სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ჯ–ძის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე