Facebook Twitter

საქმე №ას-409-2024 24 მაისი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ.ო–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.კ–ძე, ლ.კ–ი, ი.ბ–ძე, ო.ძ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით რ.ო–ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ნ.კ–ძის, ლ.კ–ის, ი.ბ–ძისა და ო.ძ–ის წინააღმდეგ, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის სამი თვით გადავადების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; აპელანტს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა: 1) სახელმწიფო ბაჟის 5 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი; 2) დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი; 3) წერილობითი დადასტურებული ნება, რომ აპელანტი სააპელაციო საჩივარს ეთანხმება.

4. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინება აპელანტს ორჯერ -2023 წლის 1 სექტემბერს და იმავე წლის 26 ოქტომბერს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე ქ. თბილისი, ....., ტელ: .... (იხ. ს.ფ.302-305). გზავნილი ადრესატს ვერ ჩაჰბარდა, ფოსტის კურიერის განმარტებით ადრესატს ტელეფონზე ვერ დაუკავშირდა (ადრესატი ტელეფონს არ პასუხობდა);

4.1. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე, 2023 წლის 18 დეკემბერს, დაუკავშირდა აპელანტის საკონტაქტო პირს ვ.გ–ძეს საქმეში მითითებულ ნომერზე: ...... სატელეფონო საუბრისას მოსამართლის თანაშემწემ მიიღო დასტური, რომ ვ.გ–ძეს ესაუბრებოდა. თანაშემწემ ვ.გ–ძეს აცნობა, რომ აპელანტს ხარვეზი ჰქონდა დადგენილი სააპელაციო საჩივარზე და მისთვის განჩინების ასლის ჩაბარება ვერ ხერხდებოდა. ვ.გ–ძემ მოსამართლის თანაშემწეს აცნობა, რომ აპელანტი თბილისში აღარ ცხოვრობს, იგი დააზუსტებდა მისამართს და სასამართლოს შეატყობინებდა (იხ. აქტი, ს.ფ. 306);

4.2. სააპელაციო სასამართლოს, 2023 წლის 20 დეკემბერს, ვ.გ–ძემ განცხადებით მიმართა, რომლითაც მიაწოდა აპელანტის დაზუსტებული მისამართი და ტელეფონის ნომერი - სიღნაღის რაიონი, სოფელი ....., ტელ: ......;

4.3. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინების ასლი აპელანტს სიღნაღში, სოფელ ....... გაეგზავნა. ფოსტის კურიერის განმარტებით, ადრესატი ტელეფონს არ პასუხობს, მისამართზე ვერ მოიძებნა, საკრებულოში არ იციან (იხ. ს.ფ. 309);

4.4. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე, 2024 წლის 22 იანვარს, დაუკავშირდა აპელანტს ნომერზე - ......, რის შედეგადაც მიიღო დასტური, რომ ესაუბრებოდა რ.ო–ს (იხ. აქტი, ს.ფ. 310). მოსამართლის თანაშემწემ აპელანტს აცნობა, რომ მის სააპელაციო საჩივარს ხარვეზი დაუდგინდა, ხოლო განჩინების მისთვის ჩაბარებას ვერ ახერხებდნენ. მოსამართლის თანაშემწემ აპელანტს სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი წაუკითხა და განუმარტა ხარვეზის ვადაში გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგები. აპელანტმა სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ გასაჩივრების თაობაზე მისთვის არაფერი იყო ცნობილი და, სავარაუდოდ, სააპელაციო საჩივარი შეიტანეს იმ პირებმა, რომლებიც მას პირველი ინსტანციის სასამართლოში სამართლებრივ დახმარებას უწევდნენ. აპელანტმა ასევე განაცხადა, რომ ამ ოდენობის სახელმწიფო ბაჟის გადახდას ვერ შეძლებდა, თუმცა დაუკავშირდებოდა მის წარმომადგენლებს და იმის მიხედვით გადაწყვეტდა სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების საკითხს.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, ხარვეზის გამოუსწორებლობის საფუძვლით.

6. სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 4.1-4.4 ქვეპუნქტებში მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით, 2024 წლის 22 იანვარს, აპელანტისათვის ჩაბარებულად მიიჩნია ხარვეზის შესახებ განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-60.2 მუხლის თანახმად აღნიშნა, რომ ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა 2024 წლის 23 იანვრიდან დაიწყო და 2024 წლის 22 თებერვალს ამოიწურა. აპელანტს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია, რამაც სსსკ-ის 59-ე, 63-ე მუხლების თანახმად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.

7. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების ასლი აპელანტს პირადად ჩაჰბარდა, 2024 წლის 11 მარტს, მისამართზე - სიღნაღი, სოფელი ......

8. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 4 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა მისი გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის განხილვის მოთხოვნით.

9. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ის 83 წლის ხანდაზმული ადამიანია, მისთვის ძნელია გადაადგილება, ამიტომ მის ახლობლებს მინდობილობა მიანიჭა, თუმცა მათ აპელანტის ნაცვლად სასამართლო პროცესზე გამოცხადება არ შეეძლოთ, რადგან ადვოკატები არ არიან. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისთვის არავის დაურეკავს და ხარვეზის თაობაზე არ უცნობებია. იგი მხოლოდ იმ გარემოებას ადასტურებს, რომ სასამართლოდან დაურეკეს და ჰკითხეს, ჩაჰბარდა თუ არა ხარვეზის შესახებ განჩინება, რაზეც უპასუხა, რომ - არა, საუბარი კი აღარ გაგრძელებულა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება წარმოადგენს.

13. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

14. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო.

15. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის თაობაზე 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი აპელანტს სატელეფონო შეტყობინებით 2024 წლის 22 იანვარს ჩაჰბარდა (სსსკ-ის 70.3-ე მუხლი). აპელანტს განემარტა დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგის შესახებ, საქმის მასალებშია სასამართლო მოხელის შესაბამისი აქტი.

16. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

17. სსსკ-ის 59.1-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველად დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

18. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინების მე-6 პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტს სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინება 2024 წლის 22 იანვარს ჩაჰბარდა, შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების ვადა 2024 წლის 23 იანვარს დაიწყო და 2024 წლის 22 თებერვალს (ხუთშაბათი) ამოიწურა. ამ დროის განმავლობაში აპელანტს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რამაც სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ სასამართლომ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება გამოიყენა, რათა მხარისათვის კანონით დადგენილი წესით ჩაებარებინა მტკიცებულება. სააპელაციო სასამართლომ პირველად 2023 წლის 1 სექტემბერს გაუგზავნა აპელანტს განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე, რაც მორიგი არაერთი მცდელობის შემდეგ 2024 წლის 22 იანვარს ჩაჰბარდა ადრესატს (თითქმის ხუთი თვე დასჭირდა სასამართლოს მხარისათვის შესაბამისი განჩინების ჩასაბარებლად). საპროცესო უფლებები და მოვალეობები კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის საფუძველზეა გადანაწილებული და მხარეთა მიერ საკუთარი მატერიალური უფლების ეფექტურად განკარგვა საპროცესო ნორმების მეშვეობით ხდება.

19. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი ემსახურება თითოეული პირის უფლებას, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ-ები: №ას-851-817-2016, 4.11.2016წ; №ას-1615-2019, 14.01.2020წ).

20. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, გარანტირებულია პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით კი, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით, სახელმწიფო რეგულირებას ექვემდებარება. რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ.: Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებებით (იხ. სუსგ Nას-1615-2019, 14.01.2020წ).

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 65-ე მუხლი. საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული (შეად. სუსგ-ას Nას-366-366-2018, 18.05.2018წ). საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას. ასეთ გარემოებაზე მითითების ვალდებულება შესაბამისი ვადის გამშვებ პირს აკისრია, რომელმაც, პირველ რიგში უნდა იშუამდგომლოს გაშვებული ვადის აღდგენის თაობაზე და ამასთან, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადოდ უნდა დაადასტუროს ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობა (შეად. სუსგ-ას Nას-1023-2019 , 25.09.2019 წ).

22. სსსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა. სსსკ-ის 64-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

23. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის ფარგლებში განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ მას სატელეფონო საუბრისას მხოლოდ ის ჰკითხეს ჩაჰბარდა თუ არა ხარვეზის განჩინება და არ განუმარტეს არც სარეზოლუციო ნაწილი და არც სამართლებრივი შედეგები, გაზიარებული ვერ იქნება და სასამართლო მოხელის მიერ შედგენილ აქტს ვერ გააბათილებს.

24. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სსსკ-ის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. იმ ვითარებაში, როდესაც უდავოა, რომ თავად მხარემ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, სასამართლოს განსჯით, მის მიმართ მართლზომიერად შეიზღუდა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, რაც სასამართლოს მხრიდან ამ უფლების დარღვეულად მიჩნევას გამორიცხავს.

25. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.ო–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20234 წლის 4 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე